ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 ოქტომბერი, 2018


გვიყვარდეს ერთმანეთი ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს

ამ ბოლო დროს ხშირად მეფიქრება სიკვდილზე. არა, სიკვდილზე არა... გარდაცვალებაზე. ხშირად ვფიქრობ უფალთან ნაადრევად და ნაგვიანევად წასულ ადამიანებზე.

1994 წელს შვიდი წლით უმცროსი ძმა წამართვა უფალმა, 18 წლის შემდეგ მშობელი დედის სული მიიბარა. დედის შემდეგ, დეიდაშვილი გამომეცალა ხელიდან, შემდეგ ბებია, შემდეგ მეორე ბებია, შემდეგ ბაბუა, შემდეგ უსაყვარლესი პედაგოგი - მანანა სიმონიშვილი.

რამდენიმე ნაცნობი ლიტერატორის თავიც წამართვა უფალმა. 2014 წელს ოთარ გურგენიშვილი გარდაიცვალა, შემდეგ ასევე შესანიშნავი ადამიანი და მწერალი - თამაზ ექვთიმიშვილი დავკარგეთ, შემდეგ პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელი.

რამდენიმე დღის წინ ნინო ნეკერიშვილი გამოგვეცალა ხელიდან. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ლიტერატურის დიდი მოყვარული და თავადაც კარგი ლექსების ავტორი. ნაცნობები მას ,,ნეკერას“ ვეძახდით, არ სწყინდა.

მახსოვს როგორი გახარებული იყო, ეს ლექსი რომ დავუწერე:

ნეკერ...

მითხარ, ნეკერ, საით მიდის
ეს პატარა სამყარო,
ჩამტყდარია შუა ხიდი,
დამშრალია ცხრაწყარო.

სხვისი არ ვიცი და... ჩვენ კი
ვცოცხლობთ უფლის იმედით,
ჩვენი ძმების გულებამდე
სიყვარულით მივედით.

მან იკითხოს - ვინც ქართველებს
სირცხვილით თვალს გვარიდებს
და ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ -
თავისი გზით წავიდეს.

კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.

სახსოვრად ფოტოები და ის ლიტერატურული საღამოები დამრჩა, ერთად რომ ვმონაწილეობდით.

ნეკერას შემდეგ, ანა ლაშხელმა დაგვტოვა... საოცარი გოგო იყო ანა, საოცარი ხელწერაც ჰქონდა. მისი მოთხრობა ,,აკვანი“ რომ წავიკითხე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

ანას უყვარდა სიცოცხლე, უყვარდა ადამიანები, უყვარდა საკუთარი მოყვასი.

გვიყვარდეს ერთმანეთი ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს, ნუ ვატკენთ გულებს ერთმანეთს. უფალმა დიდხანს გვაცოცხლოს ჩვენგან წასულთა სულების უკვდავსაყოფად. ისე გვაცოცხლოს უფალმა, ,,რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!“

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები