ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2018


ჩოპრას ღვინო

  ბინდი იდგა და მოყინულ გზას ფეხით მიუყვებოდა. რამდენჯერმე შებარბაცდა, ფეხი დაუსხლტა და წონასწორობა ძლივს  შეინარჩუნა. 
  კარგად დალიეს, მშვენიერი ღვინო იყო, სუფთა, აშკარად არ იყო ნამაიმუნარი.
„ყოჩაღ ჩოპრა, კარგი ღვინის დაყენება გცოდნია,“- გულში შეაქო მეგობარი.
  სიცივე აჭერდა ძვლებს, მაგრამ გურამი ვერ გრძნობდა. ქურთუკი გაეღეღა და შუა გზაზე მიბოდიალობდა.
  „ახლა ასე 3 კი იქნება უკვე. კარგად შემოვრჩით. კარგი ქალი მოუყვანია ჩოპრას, ვენაცვალე მაგის ქალობას,  ღიმილით გაგვიწყო სუფრა. ჩვენ კიდევ, ხომ ვიბოდიალეთ ამდენი და ხომ მივედეთ და მოვედეთ სისულელეებს, ხომ ვლაპარაკობდით, მაგრამ არ შედრკა, წარბი არ შეიხარა, ყოჩაღ, მართლა კარგი ქალი ყოფილა. აბა ის იყო კაცო, მანუჩარას ცოლმა რა ქნა, ბიჭო, ეგ მეორე ცხოვრებაშიც რომ მოვიდე, მაინც არ დამავიწყდება:
  ზაფხულია, კაცო, აგვისტო, მაშინ ჯერ ისევ ახალგაზრდები ვართ. არა, ახლაც კი ახალგაზრდა ვარ, მაგრამ მაშინ უფრო ახალგაზრდები ვიყავით. სტადიონზე შევიკრიბეთ, ფეხბურთი ვითამაშეთ, მოვიქანცეთ. ეს მანუჩარა ატყდა, ახლა ჩემთან მივდივართო. არ გვინდა რა ეს ნაოფლები, გასავათებულები, უარზე ვდგავართ. ეწყინა, გაგულისდა. არ მკადრულობთო. აგვიყოლია. ხორცი მაქვს, ხელად მწვადს შევწვავთ მაყალზეო და მოკლედ, თითქმის ძალით ჩაგვტენა მანქანაში. მივდივართ, კარგ ხასიათზეა ეს მანუჩარა, საჭისთვის ხელები ჩაუბღუჯავს და ადგილზე ცმუკავს. მა რის ძმები ვართო, არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთიო, სულ თქვენთან რომ დავდივარ, ახლა მეც მინდა პატივი გცეთო, ჩემს ოჯახშიც ხომ უნდა აიწიოს ჭიაქაო და იმდენი ილაპარაკა, რაღაც ისე ვართ, თითქოს გვრცხვენია, ამ კარგ კაცს ასე რატომ ვაწყენინეთო, ხშირად უნდა ვესტუმროთ, თორე კაცი გულნატკენია, სწყინს თურმე. ისე მართალია, სულ ერთად ვართ  და ამ კაცთან ერთხელაც არ ვყოფილვართ.
  გოგამ მაღაზიასთან მიაჩერებინა, სიგარეტს ვიყიდიო, ჩვენც გადავხტით, საფულეები მოვიჩხრიკეთ და 2 ბოთლი შამპანური და შოკოლადი ვიყიდეთ. უხერხულია ოჯახში მივიდვართ, ამდენი წელია არ ვყოფილვართ და ასე ხომ არ მივალთ?! გვისაყვედურა, რას მაიმუნობთო, თავი ვიმართლეთ, რა იყო, ბიჭო, ერთ შოკოლადზე ნუ დაგვხოცავო.
    მანუჩარამ კმაყოფილი სახით ჩააგრიალა თავისი ლურჯი მერსედესი ორღობეში და საღებავგადაცლილ მწვანე ღობეს მიადგა. გადმოდით ბიჭებოო, რაღაც გაჯგიმული მეჩვენა, გაამაყებული. გადავედით და ეზოში შევლაგდით დაბარებულებივით. შევედით, ბიჭო, და იქვე, სახლის წინ, მანუჩარას ცოლი ზის და ყავას სვამს. წამოდგა, წამოდგა და ჩვენკენ წამოვიდა. გავიჭიმეთ, სახეზე ღიმილები გვახატია, დიასახლისს ვხვდებით, ძმაკაცის მეუღლე უნდა გავიცნოთ, მთელი მოწიწება და სათნოება გვინდა გადმოვალაგოთ. მოდის ჩვენკენ მტკიცე და ჩქარი ნაბიჯით და  აფთრის თვალებით გვიყურებს ხან ჩვენ, ხან -მანუჩარს. რაღაც არ მომეწონა.  ვფიქრობ, ეს ქალი ნეტა ასეთია  თუ ჩვენი ცოცხლად შეჭმა უნდა-მეთქი. ბიჭებს გავხედე, არც ერთს ფერი არ ადევთ სახეზე.  ვცდილობ არ შევიმჩნიო ეს გარემოება და ნაბიჯს ვდგამ ალქაჯისკენ.
-გამარჯობა, ქალბატონო,- ხელს ვუწვდი და თან შოკლადსა და შამპანურს ვაჩეჩებ.
-გაგიმარჯოს, - ყინულივით ცივი ხმა აქვს. საჩუქარს მართმევს და იქვე, ჩვენ თვალწინ  ამოწმებს რა მოვუტანეთ.
აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, წესით უნდა გაგვეცნოს, სახლში მიგვიპატიჟოს. ის კი ქალი არაა, ნამდვილი აფთარია, მსხვერპლს დადარაჯებული. მის მზერას თვალს ვაყოლებ და აჰა, სავარაუდოდ მანუჩარის სისხლის წყურვილით ჩასწითლებია ეს გადმოკარკლული თვალები. ძმაკაცს თვალი შევავლე, მეუცნაურა, ეს დევივით ვაჟკაცი, დაპატარავებული, მოკუნტული, გასაცოდავებული მეჩვენა.
  ნერწყვის გადაყლაპვა მინდა, ამასაც ვერ ვახერხებ, სიტყვასთან ერთად გამშრალა და აღარ ვიცი, რა მოვიმოქმედო. მახსენდება ბავშვობის ნატვრა, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი უჩინ-მაჩინის ქუდი მქონოდა. ამ ქუდით უხილავი გავხდებოდი და „პოსლიკა“ კაცებს კისერში წამოვცხებდი ალიყურს. ჰა, ჰა, ჰაა,  რომ წარმოვიდგენდი,  ქუჩაში მიდის მსუქანი, შარვალ-კოსტუმიანი კაცი, მელოტი თავი აქვს და ისე გასუქებულა, ლოყები და კისერი გაერთიანებია,  მიდის ქუჩაში, გამვლელებს მხარს ჰკრავს და ბოდიშსაც არ იხდის და მე უცბათ, ჩემი შავი, წოწლოპინა ქუდით, რომელიც უჩინარს მხდის, მივეპარები, ნელი, ფრთხილი ნაბიჯით წამოვეწევი და მთელი ძალით წამოვუტყაპუნებ გაპრიალებულ თავზე. კაცი შეკრთება და აქეთ-იქით იხედება, რა ქნას და რა მოიმოქმედოს ვერ გაუგია. აღარ იცის, ვინ დაადანაშაულოს. ეს უზრდელი! ამდენ ხალხში გადააფურთხებს და კარგა გულიან გინებასაც მიაყოლებს. გაბრაზებული ახლა ტრაკში ამოვუჭერ წიხლს. ბაშვობაში ამის წარმოდგენა ყველაზე კარგ ხასიათზე მაყენებდა და ახლა აქ, მანუჩარას ეზოში, გახიდულს, ისევ ის ბავშვი ჩამისახლდა სხეულში და მთელი გულით ვნატრობ: ღმერთო, შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ, ხომ შეგიძლია ახლა ერთი წოწლოპინა, შავი ქუდი მომცე, რომ დავიფარო და აქედან გავქრე. ნეტა წეღან, სტადიონზე წავქცეულიყავი და ფეხი მომეტეხა, სადაც გინდა ვიყო, ოღონდ ახლა ამ აგვისტოს ხვატში სირცხვილი და სიბრაზე არ მიჭერდეს ყელში ხელებს და დახრჩობას არ მიპირებდეს კატუაანთ მანუჩარას ეზოში.
-სად დაეთრევი, რომ დაგირეკე  მოდი-მეთქი ვერ გაიგე?- ხორხიდან ისეთი ხმა ამოსდის დიასახლისს, სისხლი მეყინება. 
-ჩვენ წავალთ,- ძლივს ამოღერღა გოგამ.
-იცით კარი  სადაცაა, - შემოგვღრინა მანუჩარას ცოლმა.
  უხმაუროდ გავიძურწეთ ეზოდან და, ასევე, უხმაუროდ ავუყევით ორღობეს. არც დავმშვიდობებივართ ერთმანეთს, ისე დავადექით ჩვენი სახლისაკენ მიმავალ აგვისტოს მზეში გამომშრალს გზას.
  მთელი ღამე არ დამეძინა, ვიწექი და ბრაზი და შეურაცხყოფა არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას.
  აბა, ისიც ქალი იყო და ჩოპრას ცოლიც? აუჰ, რა ქალი ყოფილა, ვენაცვალე მის ქალობას, მის ქართველობას, მის დედობას. ყოჩაღ, ჩემო ჩოპრა, კარგი კაცი ხარ, კარგი ღვინოც გაქვს და კარგი ცოლიც გიმშვენებს გვერდს!  თანასწორი ძალით ეწევით  ცხოვრების ჭაპანს. ისეთი ქალია,  სახლში დაღლილი რომ მიხვალ, ერთს შემოგღიმებს და მთელი დარდი და ვარამი ერთად გეხსნება გულიდან.  უჭირს, საწყალს, ეხუმრები შენ 4 შვილის გაზრდასა და შენახვას? უჭირს, მაგრამ ის სადილი,  წინა დღის რუხი პურისა და წვნიანისგან რომ შედგება, გემრიელი და ალალი იქნება.
  კი შევთვერი, კარგად ვიჭუკჭუკეთ და მომერია ეს დალოცვილი. მერე რა, მთვრალი კაცი- კარგი კაცი. ვის რას ვუშავებ, მივალ ახლა და მივეგდები ჩემს გაყინულ საწოლში. არა, სიმართლე რომ ვთქვა, მაინც შევცდი, უნდა მომეყვანა ცოლი. სახლი მაქვს, მანქანა მაქვს, სამსახური მაქვს, ფულიც, ახლა რომ ვთქვა, არც მოჭარბებული მაქვს და არც ძალიან მაკლია. მყოფნის საჩემოთ, მაგრამ ასე შემთვრალი, საუბრის ხასიათზე მოსული, რომ მიხვალ სახლში და ცარიელ კედლებს რომ უნდა შეაფარო თავი, რაღაც არაა მაინცდამაინც სასიამოვნო ამბავი.  საწყალი დედაჩემი სულ ამას მეხვეწება, მოიყვანე,  შვილო, ცოლი, მარტო ნუ დარჩები, რაც დრო გავა უფრო და უფრო გაგიჭირდებაო. მიჭირს რა, შევეჩვიე კიდევაც, მაგრამ რაღაც წლები რომ მემატება, სულ უფრო მოწყენილი ვარ და მოწყენით იწყება მგონი სიბერე.
  არა, ა, ის ქალი უნდა მოვიყვანო ჩოპრას მეზობელს რომ შემოჰყვა, მგონი ლამარას ბიძაშვილი ყოფილა. კარგი ქალი ჩანდა. მოხდენილი. მგონი  გათხოვილა და მერე, მალევე გაშორებია ქმარს, ლოთი გამოდგაო. ხო, ხო, ზუსტად მახსოვს, ასე ეუბნებოდა ჩოპრას ცოლს. მე ლოთი არა ვარ, ახლა კი ვარ მთვრალი, მაგრამ ლოთი ხომ არ ვარ, კაცო?! მოვუვლი, საჭმელ-სასმელს არ მოვაკლებ, ისიც დალაგებულ სახლს დამახვედრებს, სუფთა ტანსაცმელს და ცხელ კერძს, რა სჯობია ამას. უნდა მივბრუნდე, შეიძლება ისევ ჩოპრასთან იყოს, ყოჩაღი ქალი ჩანდა, მიეხმარებოდა ნაზის სუფრის ალაგებაში. მა როგორ, ქალი უნდა იყოს ყოჩაღი, ცქრიალა, დაუზარელი. მეგრელი ვარო იმ ქალმა, დაიცა გავიხსეონ რა ჰქვია? მგონი მაგული თუ რაღაც ეგეთი, არა, სახელი არ მომწონს, უნდა შევუცვალო, დავარქმევ ვარდოს, ვარდივით ლოყები აქვს. ხოდა მეგრელი თუა, კარგი ელარჯის გაკეთება ეცოდინება. ხვალვე მოვუტან ყველს, ჩავირბენ ბაზარში და საუკეთესო ყველს ამოვუტან. უნდა ვნახო, ერთი, როგორი ხელი აქვს, როგორ სადილებს ამზადებს.
  აჰაა, რამდენი ვიარე, ფეხები დამაწყდა, თან ამ თოვლში ჭირს, კაცო, სიარული, ფეხი ცურავს. ამ საქორწილო კაცმა ახლა ფეხი არ მოვიტეხო და ჩემს ვარდოს არ ვათქმევინო, მომვლელად მომიყვანაო. მოვსულვარ კიდევაც, ეზოში შევალ, შევიხედები ერთი,  რა ხდება. აი, ჩოპრა, კი მიგდებულხარ და ხვრინავ კარგად, დაგათვრე თუ არა? ყოჩაღ, გურამ, ყოჩაღ! მაგარი კაცი ხარ რა, ვერავინ ვერ გიძლებს. შენ ხმელ ტახტზე მიგაძინე და მე აგერ დავქორწინდები ამაღამ. ....
  გენაცვალე, რა თეძოები ჰქონია. აჰა, მშვენივრად დაგოგმანებს, ეხმარება ნაზის. . . კარქი, ქალო, გამოდი ახლა, გეყოფა, გავიყინე, ცოტა ნაზისაც დაუტოვე, ის გამოგვის და გამოასუფთავებს აქაურობას.
  როგორ გავახარებ დედაჩემს, ქალს დაუბრუნდება ცხოვრების აზრი, სულ მაგას მეხვეწება, მემუდარება, შენს შვილებს მომასწარიო. მივალ და ვეტყვი, დედა, ოცნება და ნატვრა აგიხდინე-მეთქი! გაბრწინდება და განათდება ქალი. მა როგორ, აბა? როდემდე ვიწვე გაყინულ ლოგონში, მეც ხომ ცოდო ვარ, ხმის გამცემი ხომ მჭირდება.
  გამოდის, გამოდის, არ დამინახოს ნაზიმ მის ეზოში ქურდულად შემოპარული, სირცხვილია, რას იტყვის ქალი. აი, ეზოს იქით დავიმალები. ფუუ, შენი დედაც, აქ რა უნდა თხრილს? სველი და ტალახიანი ფეხით მოვიყვანო ცოლი? არა უშავს, ამაღამ მაინც გვიანია, ვერ დაინახავს და დილაზე ისე გამოვეწყო, ხომ მაქვს შარვალ-კოსტუმი?  კი, მაქვს აბა არა?! ნაცრისფერი, ზოლებიანი.  ჩავიცვამ და ჩემს ვარდოს გულს გავუნათებ. 
  დაემშვიდობა და მიდის ფრთხილი ნაბიჯით. ავედევნები, ხელს წავაშველებ, ერთ-ორ ტკბილ სიტყვას ვეტყვი.
  -ვარდო, გენაცვალე, აბა, მომიცადე!... რას შეკრთი, ქალო, მე ვარ გურამი, ჩოპრას მეგობარი... წავედი? წავედი და ვერც წავედი, შენმა სილამაზემ არ გამიშვა, ჩემო ვარდო.... კარგი, გენაცვალე, მერე რა რომ ვარდო არ გქვია, ჩემთვის მაინც ვარდო ხარ.  მე შენ დღეიდან ხელს ვეღარ გაგიშვებ, არ წაიქცე, ქალო, არაფერი იტკინო, შენი მფარველი უნდა ვიყო, შენი გზის გამკვლევი.
  ...... აჰა, დაგვათენდეს ლამის, რამდენი მახვეწნინე ვარდო, რამდენი დაიფასე თავი, სანამ ამხელა კაცმა არ დაგიჩოქე, მანამდე არ დამთანხმდი. აი, ესეც ჩემი ეზო და კარი. მოვედით. დაიცაა, ახლა ნახავ შენ დედამთილი როგორ დაგხვდეს.
-დედააა, დე დააა, დე, გამოდი, დე, შენს ჭაღარას ვენაცვალე, ცოლი მოვიყვანე, უნდა გაგახარო, დედა,- განწირული ვყვიროდი, მეგონა დედა გამოვიდოდა, დანაოჭებულ ლოყებზე ცრემელები ჩამოუვიდოდა სიხარულით და მე და ვარდოს გულში ჩაგვიკრავდა, მაგრამ მთელი ოჯახი გამოეწყო ეზოში და მერე სახეში მამაჩემის ნაჯაფი მუშტი რომ მომხვდა, გონება ლამის დავკარგე, თვალებიდან ნაპერწკლები გადმომცვივდა. ეზოს კართან მიჩეხილმა თვალი რომ გავახილე, ჩემი ცოლი, ჩემი თამუნა, თავზე მადგას და კუბოში მეათასედ მდებს და მიღებს, ბავშები ტირიან, არ მოკვდე მამაო, დედაჩემს კი ვარდო დაუთრევია თმებით და სულ ბოზო, ბოზოს ძახილით მიათრევს კარისკენ.
  ..... ყოჩაღ, ჩოპრა! კაციც შენ ყოფილხარ, მართლა მაგარი ღვინის დაყენება გცოდინია, მაგრამ, ჩემდა თავად, ვინც კიდე შენთან ერთად დალიოს, იმის კეთილები....



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები