ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2018


შენ რა იცი

შენ რა იცი რა ფრთები,
რა ძალა აქვთ ქაღალდებს,
თითზე გრამი მაწონის,
გამშრალ ყელში ჩაწობას,
ზოგს ცბიერი ნაკვთები,
ვით ბავშვური სახადი,
ორი კილო კაცობით,
ექცა ტონა კაცობად.

ბევრი გუნდა გადადნა,
იმ გალეულ ზამთრებში,
ხეებს როცა ფიფქები,
ტოტზე დაეკოტავათ,
ჩვენ ვიდექით კარდაკარ,
გვქონდა მზერა დამრეცი,
და - ,,ერთმანეთს ვჭირდებით"
ფრაზაც კი გვეცოტავა,

რადგან მეფე, მეფეა,
და მეფობენ წამები,
გულში დაგუბებული,
იმ ცრემლებად, იმ ტბებად,
ბედს რომ ძაღლი არ ყეფს და,
ღამეს არ ვეწამებით,
სადაც ასე უაზროდ,
ერთმანეთს არ ვჭირდებით,

რადგან ტონა კაცობა
ერთი კილო კაცობით,
გაშეშებულ სასწორზე
ისე არ იწონება,
რადგან ჩვენი არცოდნა,
შეიწირავს არცოდნის,
ჩვენს ტვინებში გაწურულ,
ჩამოლექილ გონებას...

შენ რა იცი რა ფრთები,
რა ძალა აქვთ თეთრ რითმებს,
ყველა დროის ოდროო,
უმახვილო მოლაშქრეს,
ჩვენ კი ბოლოს გავქრებით,
_საკუთარ თავს შევითრევთ,
ჩვენი თავის მყუდრო და
სარემონტო ოთახში.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები