ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: გუზგუზა
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2018


ყასაბი

„მაინც რას მიპირებთ სერ - ალბათ რაიმე პროცედურა უნდა ჩამიტაროთ
„არაფერი მსგავსი“ - მეუბნება - კარგს გაჭმევთ , კარგს გასმევთ ,
მერე ფილმებსაც განახვებთ „

„ამ დროს თოხლიც შემიტანეს ძმებო -  კარგა მოზრდილი ნაჭერი ხორცი , ზეთში შემწვარი კარტოფილი ბლომად , რაღაც საწებელი , მშვენიერი ნამცხვარი და ნაღდი ჩაისფერი ჩაი“

ენტონი ბერჯესი - „მექანიკური ფორთოხალი“

***

***

      “ღმერთმა მოგვცა ღორი, ხოლო ეშმაკმა – ყასაბი”
      ეს ნახევრად იუმორნარევი წარწერა, რომელსაც ხშირად უმეორებდა ცხონებული მამამისი, ამშვენებდა ყასბის პატარა ხორცის მაღაზიას და, საბოლოოდ, ამდაგვარი შთაგონებებით აღსავსემ, მთელ თბილისში გაითქვა სახელი.
იგი უკვე დიდი ხანია უძღვებოდა თავის პატარა მაღაზიას, რომელიც წინაპარმა დაუტოვა მემკვიდრეობით, წინაპარს კიდევ – მისმა წინაპარმა და ასე შემდეგ .

***

დილით ყასაბი დამწვარი ხორცის სუნმა გამოაღვიძა.
      – გადაატრიალე, დაგეწვა, დაგეწვა, შე უპატრონო… – უცაბედად წამოიყვირა და მხარი იცვალა საწოლზე. უნდოდა, ძილი გაეგრძელებინა, მაგრამ აშკარად რაღაცამ ძალიან შეაწუხა. ეს ისევ ის დამწვრის სუნი იყო, რომლითაც ოთახი ივსებოდა ნელ-ნელა. „იქნება მე დამრჩა ხორცი ტაფაზე, ესე ხომ ცეცხლი მოედება მთელ სახლს.”
შეშინებული წამოხტა, თვალდახუჭული მივიდა კარამდე, თან ერთი აზრი უტრიალებდა: „ვინც არ უნდა იყოს სამზარეულოში, მაგრად ვაგინებ”.
ნაბახუსევზე თვალის გახელა და სინათლესთან შეგუება უჭირდა, გადაწყვიტა, ბრმად გაეღო კარი, მაგრამ სახელურის ვერ მიაგნო. თავი აიძულა ცალი თვალით შეეთვალიერებინა კარი, რომელიც აშკარად მისი ოთახისა არ იყო და არც სახელური ჰქონდა.
კარი მკვეთრი წითელი ფერით იყო შეღებილი, დაბლა მხოლოდ პატარა ოთკუთხედი ღრიჭო ჰქონდა. სწორედ ისეთი, ციხის კარებს რომ აქვს, პატიმრებს საჭმელი რომ მიაწოდონ; დამწვარი ხორცის სუნი სწორედ ამ ჭრილიდან შემოდიოდა.
„რა ჯანდაბაა, ალბათ ისევ მძინავს” – გაიფიქრა ყასაბმა, შემდეგ წოლისგან დაბუჟებული ხელი სახეზე მაგრად მოისვა და ოთახისკენ შემოტრიალდა.
არა, ყასაბი მართლა არ ცდებოდა, თავისი მოუწესრიგებელი ოთახის მაგივრად მდიდრული და ლამაზად მოპირკეთებულ სახლში იყო. მის შუაგულში ძალიან დიდი ზომის მაგიდა იდგა, სადაც საჭმლის ხორაგი ეყარა : სენდვიჩები, მოხარშული კანჭი, ღორის ბეკონით დამზადებული უამრავი საჭმელი, ნაირნაირი ბურგერი, თითქმის ყველანაირი, რაზეც კი ოდესმე სმენია (მოკლედ, მაგიდაზე ყველა ის სწრაფი კვების საჭმელი ეყარა, რაც კი ოდესმე აბრაზე ან სატელევიზიო რეკლამაში უნახავს).
„შევჭამო, არ შევჭამო? შევჭამო, არ შევჭამო?“ – მიხვდა, მიუხედავად იმისა, რომ გაურკვევლობაში იყო, ჭამა და მერე ფიქრი არ აწყენდა.
შიმშილმა თავისი გაიტანა, მთლიან საჭმელს დააძღა, თან ყველაფერი ისეთი გემრიელი იყო, უმაღლესი ღორის ხორცისგან იყო დამზადებული. ასეთი გემრიელი ხორცი არასოდეს არ უგემია. მთელი ცხოვრება ამ საქმეს შეალია და ახლა უკვე დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ ბაბუის ფერმაში ასეთი გემრიელი ხორცის მქონე ღორი არასოდეს გაზრდილა.
საჭმლისგან კუჭი რომ მაგრად ამოივსო, მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, ოთახის თითეული კუნჭული კარგად დაეთვალიერებინა.
კედლებზე უამრავი ადამიანის პორტრეტი ეკიდა, რომლებიც მადიანად შეექცეოდნენ ჰამბურგერებს, ზოგი ცდილობდა ხინკლიდან წვენი არ გადმოქცეოდა და ფრთხილად ჭამდა, ზოგი ქაბაბს აგემოვნებდა, ზოგი მოხარშულ და წითლად შემწვარ ღორის ხორცს აკრატუნებდა.
ოთახში რამდენიმე სავინტილაციოს ჭრილი იყო, კუთხეში კი – მოსასაქმებელი, რომელიც სრულებით არ იყო იზოლირებული. მას არ ჰქონდა ფანჯრები, მაგრამ ერთი ასეთი ხელოვნურად კედელზე მიეხატათ , საიდანაც მომღიმარი ქალი იყურებოდა, რომელსაც ხორცის ღვეზელები ეკავა ხელში.
უცებ ყასაბმა შეამჩნია, რომ მიხატულ ფანჯარასთან ფარდაში გახვეული ძალიან დიდი გაურკვეველი მასა ეგდო.
ყასაბი ფრთხილად მივიდა და ფეხით მიაწვა მძიმე მასას, რომელიც შეირხა.
– რა იყო, მაცალეთ ძილი. – დაიძახა ფარდებში გახვეულმა არსებამ.
– ვინ ხარ? – იკითხა ყასაბმა, თან მეტი სიფრთხილისთვის უკან დაიხია.
ზეწრებში გახვეული გროვა ამოძრავდა და თავისი კოტიტა მსუქანი თითებით ფარდა სახიდან მოიცილა.
ეს დაახლოებით 24-26 წლის ახალგაზრდა კაცი იყო, მაგრამ ახალგაზრდობისა არაფერი ეტყობოდა, სახეზე ღაბაბი ჰქონდა ჩამოწელილი და ლოყები სიმსუქნისგან სადაცაა დაუსკდებოდა, თვალები მის მრგვალ და მსუქან სახეში ძლივს მოჩანდა…
რის ვაივაგლახით და ხვნეშით წამოჯდა, ეტყობოდა, ჯერ სული უნდა მოეთქვა, რადგან მთელი ძალები ამ მარტივ მოქმედებას შეალია. კოტიტა მსუქანი თითებით გვერდზე გასრესილი კარტოფილი აიღო, რომელზეც თვითონ იწვა, საწებელში ამოავლო და პირში ჩაიტენა.
ყასაბს ამხელა კაცი პირველად ენახა, თავისი მახვილი თვალით წონა გამოითვალა და ეს კაცი არანაკლებ 400 კილო იქნებაო, დაასკვნა.
– ვინ ვარ?
– დიახ, ვინ ხართ?
მსუქანმა ჰაერის დიდი მასა შეიყნოსა, თითქოს ძალ-ღონე უნდა მოიკრიბოსო, ოდნავ წამოიწია და ფარდის პატარა ნაგლეჯი ბარძაყიდან გამოაცურა და ყასაბს გაუწოდა:
– რა გამხდარი ხარ, ნეკნებს დაგითვლის კაცი, ჯობია ტანზე მოიხვიო, შენც, როგორც მე პირველ დღეს, შიშველი ხარ.
მხოლოდ ახლა მიხვდა ყასაბი, რომ დედიშობილა იდგა. მსუქანს ფარდა გამოართვა და გამხდარი ტანი დაიფარა.
– ესე იგი – თქვა მსუქანმა და სწორედ ამ დროს, როცა მას კითხვებზე უნდა ეპასუხა, სავინტილაციო ჭრილებიდან ნაცრისფერი კვამლი შემოვიდა, ყასაბს ძილი მოერია და საჭმელში უგონოდ დაენარცხა.

***     

თვე პირველი. 55 კგ.

      ყასაბი ნელ-ნელა გონს მოვიდა. თავში უამრავი კითხვა ერეოდა და ერთადერთი ადამიანი, ვისაც პასუხები ეცოდინებოდა, უკვე ოთახში აღარ იყო. დიახ, ის მსუქანი ადამიანი, რომელიც ფარდებში იყო გახვეული, მის წინ აღარ ეგდო. ყასაბმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ დაეთვალიერებინა ოთახი. . .

თვე მეოთხე. 100 კგ.

      აწუხებდა მარტოსულობა, ენატრებოდა თავისი ბავშვები. ზოგჯერ ღრიალებდა, წიოდა, იხვეწებოდა, რომ გამოეშვათ ოთახიდან, მაგრამ დღის ბოლოს (ესე ჩათვალა ყასაბმა) სავინტილაციო ჭრილებიდან ნაცრისფერი მასა გამოძვრებოდა, ოთახს მოიცავდა, ყასაბს კვლავ ჩაეძინებოდა და დილას ფხიზლად ისევ ისეთი საჭმელი დახვდებოდა მაგიდაზე, რომ ჭამით ვერ ძღებოდა.

თვე მეექვსე. 200 კგ.

      ერთ დღესაც, როდესაც ჩვეული პროცესი განვითარდა და გამოეღვიძა, ყასაბმა შეამჩნია, რომ კარებთან სასწორი იდო. ყასაბი მივიდა სასწორთან და აიწონა. სანამ ამ გაუგებრობაში მოხვდებოდა, მაქსიმუმ 55 კილოს იწონიდა (ამაზე ხშირად ეჩხუბებოდა ჯერ დედა, შემდეგ კი მეუღლე, რომ ცოტა უნდა გასუქებულიყო). აშკარად თავისი უახლოესი ნათესავების სურვილს ასრულებდა ნელ-ნელა. სასწორმა 200 კილო აჩვენა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან აწუხებდა, მაგრამ კომპლექსები ცოტა ხნით გვერდზე გადაწია. ნუ, რა კომპლექსები უნდა ჰქონოდა, ოთახში 6 თვეა, არავინ შემოსულა და არც არავის მოუკითხავს.

თვე მერვე. 300 კგ.

      ხშირად ახსენდებოდა თავისი პატარა მაღაზია და თავისი ორი შვილი (რომლებიც მამასთან შედარებით, ასაკთან შეუფერებლად მსუქნები იყვნენ). მეუღლეს, რომელზეც ვერავინ იტყოდა, გამხდარიაო, კარგად ჩაკუპატებული ბარძაყები ამშვენებდა. ერთადერთი ღირებული (და მართლა რისი გულისთვისაც იგი ცოლად მოიყვანა), ბარაქიანი მკერდი გახლდათ. როგორც მამამისს, ისე ბაბუამისს დიდი მკერდი იზიდავდა. რადგან ყველაფერი გენეტიკურია – გაიფიქრა ყასაბმა, როცა სკოლის მასწავლებელმა პირველად გენეტიკაზე დაიწყო საუბარი – ალბათ მეც დიდძუძუებიან ქალს მოვიყვან ცოლად...

თვე მეცხრე. 400 კგ.

      მშვენიერი სახლი, მშვენიერი მეუღლე, ორი შვილი და პატარა მაღაზია. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ამაზე კარგი – ფიქრობდა, თან თვალს ოთახში დამაგრებული საათისკენ აპარებდა (რომლის სათვალავი უკვე არეოდა. არც ის იცოდა, როდის იყო დღე და როდის ღამე). – რა დავაშავე? რატომ ვარ აქ?.. – ნუ, ყოველ შემთხვევაში, არც ისე ცუდად მექცევიან, მაქვს საჭმელი, სასმელი, ვსუქდები. – რატომ ვარ? – იქნება ფარულ კამერაში ვიღებ მონაწილეობას და ოთახში რომ დამაწვინეს, ყველაფერი დამავიწყდა. ცოტა წათვლიმა. ხმაურმა გააღვიძა, წინ გამხდარი შიშველი ქალი იდგა, რომელიც საჭმელს მადიანად შეექცეოდა. სავინტილაციო ჭრილიდან კვამლმა გამოჟონა... მაგრამ ყასაბს უკვე იქ აღარ გაღვიძებია, სადაც 9 თვის განმავლობაში ეღვიძებოდა.

***

      – ღმერთო, რა ხდება, ხელი გამიშვით!!!!! – ღრიალებდა ყასაბი, მაგრამ მისი სიტყვები არავის ესმოდა, თავზე ორი მოზრდილი ღორი ადგა, რომლებიც ორ ფეხზე იდგნენ და დაჰყურებდნენ. ერთ-ერთს, შედარებით პატარადინგიანს, წინსაფარი ჰქონდა ჩამოფარებული, რომელზეც სისხლის ლაქები იყო შერჩენული.
ყასაბს ხელ-ფეხი ერთმანეთზე ჰქონდა გადაბმული პატარა ბაწრით.
ერთ-ერთი ღორი გასუქებული ყასბისკენ წამოვიდა და ღაბაბთან ფეხით მოფხანა. ყასაბს ესიამოვნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყვირილი არ შეუწყვეტია. იგრძნო, სხეულის ყველა ნაწილში ცივმა ოფლმა როგორ დაასხა.
შემდეგ კაბაში ჩაცმული დიდი თორმეტძუძუიანი ღორი გამოვიდა (რა თქმა უნდა, ისიც ორ ფეხზე იდგა). ამ ორს რაღაც დაუღრუტუნა, ტაშტიდან სისხლნარევი წყალი გადააქცია და ისევ სახლში შებრუნდა.
უფრო დიდდინგიანმა ბაწარს, რომლითაც ხელები ჰქონდა ყასაბს შეკრული, ჩლიქი ჩაავლო და გაათრია.
ყასაბი ყვიროდა, ღრიალებდა, მაგრამ მის ყვირილის ყურადღებას არავინ აქცევდა.
ტალახში გაათრიეს.
უცებ ყასაბმა დაინახა ის მსუქანი კაცი, რომელიც პირველ დღეს გაიცნო (ამას თუ გაცნობას დავარქმევდით), მაგრამ საწყალი კაცის მარტო თავი იყო ჩამოკიდებული ნელ ცეცხლთან, გვერდზე კი სავარაუდოდ მისი ხორცი, რომელიც ვიჩინად გამოეყენებინათ ღორებს.
ყასაბი სახლის უკან გაათრიეს. უცებ პატარა გოჭი გამოვიდა, რომელსაც დიდი ნაჭერი ტყემალამოვლებული ადამიანის ხორცი ეკავა ხელში და აკნატუნებდა.
დიდდინგიანმა გოჭს ხმამაღლა დაუღრუტუნა, მერე ვიღაცას დაუძახა. ისევ ის თრომეტძუძუანი დედაღორი გამოვიდა სახლიდან, გოჭს ყური აუწია და თვალებზე ხელი ააფარა.
პატარადინგიანმა მოულოდნელად გულში ჩაარტყა ყასაბს დანა და ტრიალ მინდორში მიაგდო.

***

– კარგი ნაჭრები შემინახე, საღამოს ჩემი ცოლი შემოგივლის.
– არაა პრობლემა.
– ახალ წელს სად ხვდები?
– ჯერ სახლში და მერე შენთან ამოვალ და დავლიოთ.
– კარგი, აჰა, ფული დაიტოვე, თორე მერე დამეხარჯება, ხო ვიცი ჩემი ამბავი.
– კარგი. კმაყოფილმა ფული ჯიბეში ჩაიტენა და ხორცის დანაწევრებას შეუდგა. – ამ ახალ წელს ბევრ ფულს ვიშოვნი – გაიფიქრა. დროდადრო სიამაყით მზერას გააპარებდა თავის მაღაზიას და მასზე გამოკიდებულ აბრას:

“ღმერთმა მოგვცა ადამიანები, ხოლო ეშმაკმა – ყასაბი”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები