ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ანი ქავთარაძე
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2018


შენ რომ შემიყვარო

შენ რომ შემიყვარო, ეს იგივეა, თავი მიუძღვნა უსასრულო ნუგეშის ცემას.
მე შეიძლება სულ არ მიჭირდეს, ჩემს ხასიათსაც არა უშავდეს, მაგრამ სიჩუმემ დამირღვიოს სულის სიმშვიდე და მე საკუთარი სიჩუმე მოვსპო ისე, რომ შენიც თან მივაყოლო.

შენ რომ შემიყვარო, ეს იქნება ისეთივე გაუსაძლისი, როგორიცაა ჩემი ბუნება. მე შეიძლება კარგად ვიყო, მაგრამ ცუდად ყოფნას მიჩვეულმა შენც ჩაგითრიო სევდის მორევში, მერე დავსხდეთ და ერთად ვიტიროთ... მე იმაზე, რომ მარტო არ ვარ ასეთ მომენტში, შენ კი იმაზე, რომ შეგიყვარდი და ამიტომ ვერ მტოვებ მარტოს, რომ როგორც წესი, ცალკე გადავიტანო ნაუცბათევი დეპრესიის შემოტევები.

მაინც როგორ უნდა შეგიყვარდე ნახევრად მშვიდი ფსიქოპატი, ნერვოზული გამოხტომებით... ან როგორ უნდა ამიტანო, საათობით ფანჯრებთან მდგარი, ან მძიმე სუნთქვით ავსებული ოთახის სუნი როგორღა უნდა აიტანო... როგორ უნდა გაუძლო თეთრ ფურცლებზე, გრაფიტის ფანქრების წრიული ხეტიალის უხეშ ხმებს, ან ფორტეპიანოს სუბკონტროქტავის ნოტების რყევას ...

არ მესმის შენი, საერთოდ არ მესმის... როგორ ან რაზე  უნდა მელაპარაკო... ან ხელი როგორ უნდა ჩამკიდო უგრძნობ ხელებზე.... ან როგორ უნდა მოგენატროს ჩემი ცივი ხმა, ან რომელმა მუსიკამ უნდა  გაგახსენოს ჩემი თავი... არ ვიცი, მე საერთოდ არ მესმის შენი.

ისიც კი არ მესმის, შენ როგორ გესმის სრული სიზუსტით ვერ ნათქვამი  ჩემი სიტყვები.

შენ რომ შემიყვარო, სად, ან როგორ უნდა მეძებო, როცა ყველასგან შორს წავალ და კვალსაც არ დავტოვ. შენ როგორ უნდა მომაკვლიო, ვის უნდა ჰკითხო ჩემი სახელი, ვინღა მიცნობს, ასე გამოცვლილს... ასე მდუმარეს და უარესად სახეგაბადრულს...
შენ რომ შეგიყვარდე, მე ხელოვნურად ვიზრუნებ შენზე და წასვლისას ლექსებს დაგიტოვ, რომ მათში მაინც მომძებნო და ასე იპოვო დაკარგული ჩემი სახება სტრიქონებს შორის.

შენ რომ შემიყვარო, შენ იქნები ჩემსავით მარტო, ნახევრად მშვიდი და ნახევრად ხმაურიანი, ქაოსით სავსე ფიქრებით და მშვიდი თვალებით. შენ რომ შეგიყვარდე, შენ რომ შეგიყვარდე, ჩვენ ვერ გავიმეტებთ ერთმანეთს სასიკვდილოდ და მალულად მოვიკლავთ თავებს...

და მაინც, შენ რომ შემიყვარო, მე ვიქნები ოდნავ უკეთესად, რადგან მინდა,რომ შეგიყვარდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები