ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ენ გეითს
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2018


უკანასკნელად ვწერ ...

ბნელა.
დაკვირვებული ვარ, ბოლო 32 წელია, ყოველ ღამე სიბნელე დგება.
დღესაც,  ჩვეულებისამებრ დავბრუნდი სამსახურიდან. საკუთარ თავს, „ხელი შევავლე“. ფეხმოყანყალებულ, სიძველისგან აჭრაჭუნებულ ხის მაგიდას რომ სჭირდება ხელის შევლება, ლურსმნით გამაგრება, დაახლოებით ასე გავიმაგრე თავი, ჩემითვე, კარაქში კარგად შებრაწული კარტოფილით  (ვფიქრობ, ამაზე გემრიელი არაფერი შეუქმნია ღმერთს თუ მშრომელ ადამიანს). თმა, რომელსაც თითქმის არასოდეს ვიკრავ და უაზროდ უცნაური ტვინით, ვფიქრობ თავისუფლებას ვანიჭებ, არეულად ავიწიე, “messy bun” უფრო კარგად აღწერს  ხსენებულს.
ამ საღამოს, მე არ ვიყავი მშვიდი,  მოწყალე, არც კეთილი. ამ საღამოს, ჩემში დაბუდებული მეორე პიროვნება მთხოვდა გახსენებას, გახსენებას იმისა, რაც უკვე ნელ-ნელა მავიწყდება. არა, დავიწყებას ვერ დავარქმევ,  უფრო მივეჩვიე და დღის მანძილზე, დგება მომენტები, როცა ჩემი თავი ცარიელია ტკივილისგან. დილიდანვე გადავწყვიტე რომ კიდევ ერთხელ მიმეძღვნა ფიქრი  მოგონებებისთვის. აღნიშნული, არ ითვალისწინებდა  ჩემს ფიზიკურ თუ სულიერ კომფორტს.
ეს არის თემა, რომელიც  ყველაზე მტკივნეულია და როცა  მას ვეხები, ვგრძნობ როგორ ინგრევა ჩემში „ხელმეასედ“ ყველაფერი, როგორ იხლართება ყველა ძვალი ერთმანეთში და მამტვრევს,  როგორ შლიან ატომები მოლეკულებს, როგორ მეყინება სისხლი და მისი უძრაობით გამოწვეული მდგომარეობა, გულს მიქვავებს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა,  ეს არის აგონია, რომელიც სიცოცხლეშივე, მრავალ ათეულჯერ გამოვცადე. არ ვიცი, რატომ ვაიძულებ თავს ვიფიქრო იმაზე, რაც მანადგურებს, მაგრამ რაც გონება მომეკითხება, ასეთი ვარ, ყოველთვის ვცდილობ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, უფრო დრამატული გავხადო გარემო. ჰოროსკოპის არ მჯერა, მაგრამ მეუბნებიან, თხის რქისთვის დამახიასიათებელიაო და მეც ამით ვმშვიდდები, ჰოროსკოპს ვაბრალებ და თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ.
საწოლზე ჩამოვჯექი,  სარკეში საკუთარ თავს მივაშტერდი. ცარიელმა და ჩამქრალმა თვალებმა  შემაშინეს. ასეთ მომენტებში საკუთარი თავი მაშინებს. მკვლელს ვგავარ, რომელსაც შეუძლია ხელის აუკანკალებლად მოკლას ნებისმიერი და მათ შორის, ჩემი ფიზიკური „მეც“. დაახლოებით 10 წუთი ვუყურებდით ერთმანეთს, ვიგრძენი როგორ გამომაცალა სიცოცხლის ძალა და ნახევარი საათით გავითიშე. ჩამეძინა. სიცივემ გამაღვიძა. გაბრუებული გავლასლასდი სამზარეულოში ცხელი ყავის გასაკეთებლად. არა იმიტომ, რომ ყავა კომფორტისთვის მჭირდებოდა, მხოლოდ იმიტომ რომ ციოდა, ციოდა სახლში, გარეთ და ჩემში.
აივნისკენ გავეშურე. თან ფუმფულა პლედი, ლეპტოპი, ყურსასმენი, სიგარეტი და ყავა გავიყოლე. დავჯექი და ჩვეული პოზა მოვირგე, ოღონდ ამჯერად პლედში გავეხვიე, მუხლებზე ლეპტოპი დავიდე და  ყურსამენებში „Clint Mansell“-ის„ death is the road to ave“ ჩავრთე. ეს მუსიკა ერთ-ერთი ფილმის (The Fountain) „საუნდტრეკია“, ფილმისა, რომლის მთავარ გმირთანაც ყოველთვის საკუთარ თავს ვაიგივებდი. ჰიუ ჯეკმანის გმირი, რომლის მეუღლესაც სიმსივნე ებრძვის, ცდილობს იპოვოს უკვდავების წყარო-სიცოცხლის ხე. ეს არის ისტორია, სადაც გენიალურად და არაამქვეყნიურადაა გადმოცემული გრძნობები, ხოლო კლინტ მანსელის მუსიკას, მართლა სრულყოფილებამდე მიჰყავს პარალელურ სამყაროებში  განვითარებული მოვლენები.
წერა დავიწყე. თუნდაც სისულელის, სისულელის რომელმაც ჩემი ინტერესები, სურვილები თუ ოცნებები სამუდამოდ წაშალა და ერთი უზარმაზარი ტკივილი გადააწერა თავზე.
ქარიანი ღამე იყოთქო,  ვერ ვიტყვი, უბრალოდ ციოდა. ციოდა და ბნელოდა. ვინ იცის, რამდენჯერ მაქვს გამოცვლილი ნათურა და ყოველ ჯერზე, საღამოს გადამწვარი მხვდება. ვერ იტანს ჩემი ბედკრული აივანი ვერაფერს, რასაც სიცოცხლე და ნათელი მოაქვს, მხოლოდ მე... ჰოდა, მეც დავნებდი და ბოლო „აფეთქების“ მერე, აღარ შევწინააღმდეგებივარ  მის სურვილს. სინამდვილეში, სიბნელე მეც ისევე მიყვარს, როგორც მას, თუმცაღა  არარსებული მონსტრების შიში, დღემდე ფობიასავით მომყვება.
თვალები დავხუჭე და წამის მეათასედიც არ დასჭირდა ჩემს ქვეცნობიერს იმისთვის, რომ თვალწინ, კადრებად გადმოელაგებინა განვილილი. უკუსვლას ჰგავდა, პატარაობიდან დიდობამდე, წამიერად  ერთმანეთზე მიყრილი ფერადი მოგონებებით, დაუწევლად აჩქარებული მომენტებით, ერთმანეთში არეული და ადღლამუზებული ლამაზი წამებით, რაც საბოლოო ჯამში, აუტანელ რეალობას ჰქმნიდა.
და ადამიანი...
მთელი ცხოვრება მეგონა, მხოლოდ იმისთვის  გავჩნდი, რომ ამქვეყნად მისი არსებობა გამელამაზებინა, მისი ჩრდილის ქვეშ მეარსება და მისივე ნათელით მეკვება ჩემი ბნელი. ის ფაქტორი, რომ ჩემზე 7 წლით უმცროსი იყო, არ იძლეოდა არანაირ საბაბს, მასზე დიდი მგონებოდა თავი. ერთად ვიზრდებოდით, ვვითარდებოდით, გვტკიოდა, გვიხაროდა, გვიყვარდა, გვძულდა. ერთი ცხოვრება გვქონდა თითქოს... ჩემს მშობლებს, რომლებსაც სიყვარულის ნაცვლად, სიძულვილი აკავშირებდათ, არასოდეს უფიქრიათ მეორე შვილის გაჩენა. მეც, შემთხვევით გავარდნილი მაშხალასავით ვარ. შესაბამისად, ის ადამიანი იქცა ჩემი სულის ნაწილად.
ბოლო რამდენიმე თვე, რაც მის სიახლოვეთან ასოცირდება, „მედიქლაბის“კიბეზე გავატარე. ის კიბე იყო ჩემი სახლიც, კომფორტის ზონაც, ეკლესიაც, სამშობლოც, ბედნიერების თუ უბედურების მომასწაველებლი ადგილიც.  მეძინა კიბეზე, საავადმყოფოს შესასვლელთან... ხანდახან, როცა კლინიკის ხელმძღვანელობა ღამით შენობას ტოვებდა, უფლებას მაძლევდნენ დამეძინა მოსაცდელშიც. კიბიდან რამდენიმე მეტრში ის იწვა, რეანიმაციაში, რეზინის მილებზე მიერთებული.
5 აგვისტოს იქ არ დავრჩენილვარ, 5 აგვისტოს კიბეზე არ მიძინია. იმ დღეს ონკოლოგებმა განაცხადეს, რომ მისი უმძიმესი მდგომარეობა, შედარებით დასტაბილურდა და ყველას უიმედო იმედი გაგვიჩნდა რაღაც უკეთესის... არადა, უკეთესი რა უნდა მომხდარიყო, როცა ადამიანის ტვინში იტოტება სიმსივნე, ავთვისებიანი, მეორედან -წამებში მეოთხე სტადიაში გადამხტარი, არაოპერირებადი და პაციენტი რომელიც, ბოლო 3 თვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა, იმედის ამბავი ხომ იცით?  ადამიანის ტვინიც ისეა მოწყობილი, სანამ რეალობას თვალს არ გაუსწორებ, საშუალებას გაძლევს, იცხოვრო ფუჭი იმედებით.
იმ ღამეს წავედი, დავტოვე კიბეც და ისიც...
თორმეტს უკვე გადაცილებული იყო, დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი უაზროდ უსაფუძვლო იმედები,იმედებად რჩებოდა და ყველაფერი იმაზე ცუდად იყო, ვიდრე თავს ვირწმუნებდი. არ მახსოვს როგორ გადაინაცვლა ჩემმა უსარგებლო სხეულმა, სახლის საწოლიდან „მედიქლაბის„  კიბემდე, მაგრამ როგორც იქ აღმოვჩნდი, შინაგანი სიმშვიდე დამეუფლა. მეგონა, ვინაიდან დისლოკაციის ადგილს დავუბრუნდი, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ჩადგებოდა, თუმცა ამაოდ...
ეხლა ვფიქრობ, რამხელა ეგოიზმი იყო ჩემში.როგორ შემეძლო მეფიქრა მხოლოდ საკუთარ თავზე და სულიერი სიმშვიდის გამო, მეოცნება მის გადარჩენაზე, იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მაშინ იყო. ადამიანი, რომელმაც სამყაროს თავი, სიკეთით, სილამაზით და სიცილის საოცარი ნიჭით დაამახსოვრა, დღეს უკვე, ერთი დიდი სევდის და ტკივილის წყაროდ იქცა.
ხანდახან მავიწყდებოდა ადრე როგორი იყო, ისეთი სევდიანი და უსიტყვოც ზუსტად ისე შევიყვარე, როგორც ჩემი ბავშვობის დროინდელი მიყვარდა. ხანდახან, როცა მისი, „ძველის“ მონატრება მომეძალებოდა, მომენტალურად, სინდისის ქენჯნა მაწუხებდა, მეორე, „ახლის“ მიმართ და მეჩვენებოდა რომ ვღალატობდი. იმ პერიოდში ვისწავლე ტკივილის მრავალი ნაირსახეობა, როგორი და რამდენნაირი უმწარესი ტკივილიც არსებობს დედამიწაზე, მგონი ყველა გამოვცადე.
ექიმებმა უფლება მომცეს, რეანიმაციასთან ახლოს დამედო სამუდამო მოგონებების ბინა. ყვითელი ავტობუსის მგზავრებივით, მე და მისი სიცოცხლის მათხოვრები, კიბეზე გადავნაწილდით. მგონი სუნთქვასაც ვიკავებდით, რომ უკეთ გაგვეგო, როგორ იძლეოდა მართვითი სუნთქვის აპარატი სიგნალს, მისი ამქვეყნად არსებობის შესახებ, ჯერ ჩვეულ რიტმში: „ტუ, ტუ, ტუ“... მერე, ნელ-ნელა აჩქარდა, შემდეგ უფრო მეტად და როდესაც „ტუ“-ებს შორის ინტერვალის გაგონება უფრო და უფრო რთული გახდა, ჩემი 350 გრამიანი გული, 300 კილოიანად გადაიქცა და ისე გამეჩხირა ყელში, დღემდე ვერ ამოვისუნთქე. ბოლო სიგნალმა, რომელიც დაუსრულებლად გრძელი და უწყვეტი იყო, საბოლოოდ გახლიჩა ჩემი და მისი გზები ორად და სამუდამოდ მიმაჯაჭვა ყველა იმ მოგონებას, რაც გამაჩნდა.
მერე იყო ყველაზე საშინელი კადრები, სხეულისა და სულის სამუდამოდ განშორება. მხოლოდ მისი არა, ჩემიც. იმ მომენტში ყველამ ჩვენი წილი ადამიანობა დავკარგეთ. არ მახსოვს, როგორ აღმოჩნდა ჩემი უსულო სხეული ლიფტში ჩაკეტილი, იატაკზე მჯდარი და მუხლებზე ხელებშემოხვეულლი. ჩემი გონება, დღემდე იმ ლიფტშია და ვერაფრით პოულობს გზებს უკან, რეალობაში...
სხეული კი, ისევ აქაა,  აივანზე.
შემცივდა, გაყინული თითები მუშტის ფორმაზე მოვკეცე  და ტუჩებით, თბილი ჰაერის სუნთქვა დავიწყე, არ გამათბო. ცხელი ყავის ჭიქა, სულ მთლად გაყინულიყო. სიგარეტს მოვუკიდე, ფილტვები გამითბო. მარცხენა ხელის გულით ცხვირის გათბობას შევეცადე, ხელები ყინვაშიც სულ თბილი მაქვს... თვალები დავხუჭე და ქუჩის ხმას ყური ვუგდე. რამდენ რამეს ყვიროდა ღამე. გამეღიმა, თვალები გავახილე და გამარჯვებულის მზერით, შევხედე შუქნიშნის წითელ ნათურას, რომელსაც მანქანები უსიტყვოდ ემორჩილებიოდნენ. და მისი სიმსივნე რატომ არ დაემორჩილა ჩემს სურვილს? 
რაც შეეხება ეჭვებს, იმის თაობაზე, რომ დამავიწყდა, უსაფუძვლო აღმოჩნდა. სიმშვიდე ვიგრძენი, რადგან ბოლომდე ვიპოვე ის ტკივილი, რაც დროს, აქა-იქ მიმოეფანტა. მოღალატეობის შეგრძნებაც გაქრა. იმდენად მივეჩვიე დანაკარგებით ცხოვრებას, ალბათ რაღაც კოსმიურად კარგი რომ მოხდეს, ვერ მივიღებ.
სიცარიელეს აღარ ვგრძნობდი, ტკივილმა ისე გაიდგა ფესვები ჩემს არარსებულ არსებობაში, რომ ამავსო, იმდენად ამავსო, ახალი ტკივილებისთვის ადგილი აღარ დამიტოვა.
თუმცა ვერ ვიტყვი, რომ უბედური ვარ. ეს შემთხვევა უბრალოდ ბედნიერების უფლებას არ მაძლევს. აიწონა-დაიწონაზე, ერთი ასაკის ბავშვები რომ დაჯდებიან და ვერც ერთი ძლევს, მეორეს თუ ფეხები და ხელები არ მიაშველა, ასე ვარ, უბრალოდ ბრძოლა გადარჩენისთვის, დიდი ხნის წინ დავასრულე. გადავრჩი თუ დავრჩი, მაგას ალბათ ბოლოს გავიგებ...
ეხლა კი ავდგები, მივატოვებ ჩემს მესაიდუმლეს და ხვალ საღამომდე, მარტო დავტოვებ, საკუთარ თავთან. იფიქროს! მოუხდება! ხომ შეუძლია ხანდახან მაინც გამცეს ხოლმე ხმა, მარტოობის შეგრძნება რომ გამიფანტოს?!
წავალ, კანიდან მდუღარე წყლით ჩამოვირეცხავ დღევანდელ დღეს და უშფოთველად დამეძინება.
გარეთ ბნელა, მე კი ჩემი მხრიდან,  თვალს ვუსწორებ არსებულს, ვაგრძელებ ცხოვრებას და არავითარ შემთხვევაში, არ ვითხოვ თანაგრძნობას.

და თუ ვინმე მკითხავს, მყავს თუ არა და ან ძმა,  ვუპახუსებ:
„მე და მყავდა, ის ჩემი დეიდაშვილი იყო“!

ბნელა.
ალბათ ხვალაც დაბნელდება.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები