ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: აინინა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
18 ოქტომბერი, 2018


ახალი თარგმანი-ისლანდიელი ნობელიანტი მწერლის ჰალდორ ლაქსნესის ლირიკული რომანი „თევზის კონცერტი“

  ახლახან ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა ისლანდიელი ნობელიანტი მწერლის ჰალდორ ლაქსნესის ლირიკული რომანი „თევზის კონცერტი“, რომელიც გერმანულიდან თარგმნეს რუსუდან ღვინეფაძემ და მანანა პაიჭაძემ. რომანი დაიწერა და გამოიცა 1957 წ. და მასში ასახულია XIX ს. ისლანდიელი ხალხის  ცხოვრება.  ეს რომანი  თანამედროვე  ისლანდიური საგაა, რომელშიც მწერალი მოგვითხრობს  ბავშვობისდროინდელი მოგონებებით გამითოსებულ სამყაროზე, უცნაური, გამორჩეული პერსონაჟებისა და მათი ღრმა სულიერი ცხოვრების  შესახებ; ესაა  წიგნი კეთილშობილებაზე, სიკეთეზე, სიწმინდეზე,  წიგნი-მალამო ჩვენი წახდენილი ზნეობის, დარღვეული სულიერების სამკურნალოდ.
      წიგნზე საუბარი იმით მინდა დავიწყო, რომ ძალიან საინტერესოდ იკითხება. მწერალი-მთხრობელი ჯერ იდუმალებით მოსავს რომანის მთავარ გმირს- „მომღერალ თევზს“, გარდარ ჰოლმს, შემდეგ კი  ნელ-ნელა ხსნის  ამ იდუმალების საბურველს, რის გამოც სიუჟეტი მორევივით  ითრევს და თავის ტალღებში აყურყუმელავებს მკითხველს. კითხვას დაამთავრებ და მაშინვე გიჩნდება სურვილი, ისევ მიუბრუნდე  ამ ტალღებს, ახლა უკვე ალაგ-ალაგ ჩაყვინთო, მოჩხრიკო, მოიძიო, რაც გამოგრჩა, რაც ვერ გაიაზრე.
  ახლა იმაზე ვისაუბროთ, კიდევ რით შეიძლება რომანმა დააინტერესოს  მკითხველი.

  ბრუკეკოტი,რეიკიავიკის გარეუბანი, სადაც წიგნში აღწერილი მოქმედება ხდება, უფლის მადლის მატარებელი ადგილია.  ბიორნ ბრეკუკოტელის სახლში  შორეული ადგილებიდანაც კი  მოდიან ადამიანები, რათა აქ გაატარონ სიბერის წლები,  ან უკურნებელი სენით დაავადებულნი მშვიდად გარდაიცვალონ, სანდო ადამიანების გვერდით; აქ მოჰყავს ქმარს უცნაური კარმული სენით დაავადებული მზეთუნახავი ცოლი, რომელიც საშინელი ტკივილებისგან იტანჯება და ვერავინ შველის. სწორედ აქ ჰპოვებს განკურნებას ჭაბუკ  ალფრგრიმურის ბიოდენების საშუალებით.  ამ მატერიალურად ღატაკ მხარეში ადამიანებს იზიდავთ ის ღირებულებები, რაც მათ სულს მალამოდ ედება და მშობლიურ  გარემოს უქმნით.
      სულ მესმოდა, რომ რუსთველმა „ვეფხისტყაოსანში“ ტარიელისა და ასმათის ურთიერთობით დაგვიხატა მსოფლიო ლიტერატურისთვის უჩვეულო, უნიკალური მეგობრობა მამაკაცსა და ქალს შორის, გამორჩეული თავისი სიწმინდითა და სიფაქიზით. და, უცებ  ამ წიგნში აღმოვაჩინე, რომ აქ,  ბრუკეკოტის  პატარა ფერმაში,  ერთ სახლში რომ ცხოვრობდა უკვე მოხუცი ცოლ-ქმარი, თურმე სულაც არ ყოფილან ცოლ-ქმარნი, ვინაიდან ეს ქალი იმ ქალის დაა, რომელიც ბიორნ ბრეკუკოტელს ახალგაზრდობაში უყვარდა და სიკვდილმა ისე წაართვა, დაქორწინებაც კი ვერ მოასწრო. როცა მისი საყვარელი ქალის დას ჯერ სათითაოდ დახოცვია შვილები, შემდეგ ქმარიც და მარტოდ დარჩენილა, ბიორნს შეუთავაზებია მასთან გადასულიყო საცხოვრებლად (რადგან მარტოხელა ქალი მეურნეობას ვერ უძღვებოდა). სწორედ ამ „ცოლ-ქმარმა“ იშვილა რომანის მთავარი გმირი და მთხრობელი, როცა ამერიკაში გასამგზავრებლად მიმავალმა დედამისმა გემის ჩამოდგომამდე გააჩინა იგი მოხუცების სახლში, რომელიც უფასო თავშესაფარი ყოფილა  ყველასთვის, ვისაც დასჭირდებოდა. დედის დარქმეულ სახელს- ალფურს ბებიამ  გრიმური დაამატა და მშობლისგან  მიტოვებული ბიჭი თავად გაზარდა პაპასთან ერთად. პაპამ მოგვიანებით გაუმხილა ალფგრიმურს, რომ ქალზე, რომელსაც ყველა მის ცოლად იცნობდა და რომელთან ერთადაც 40 წლის განმავლობაში ერთ სახლში ცხოვრობდა, არასოდეს დაქორწინებულა. მოულოდნელი და ცოტა არ იყოს ცინიკური ფრაზა რომანის დასაწყისში-„ერთ ჭკვიან კაცს უთქვამს, დედის დაკარგვას თუ არ ჩავთვლით, არაფერია ბავშვისთვის ისე სასარგებლო, როგორც მამის დაკარგვაო“ -გასაგები ხდება რომანის ბოლოს, რადგან ვხვდებით, რომ ბიჭს მშობლების დაკარგვა სასარგებლოდ მიაჩნია, რადგან სხვაგვარად ვერ გაზრდიდნენ ეს მოხუცები, ამ სიტყვებით კი მხოლოდ მადლიერებას გამოხატავს მათ მიმართ.
    როცა ბებია და პაპა სასწავლებლად აცილებენ  შვილიშვილს, გემიდან გადმოჰყურებს ალფგრიმური და  ამ უცნაური ადამიანების ურთიერთობის  სიწმინდის, ბავშვური სისუფთავის ძნელად დასავიწყებელ სურათ-ხატს გვიტოვებს რომანის დასასრულს: „ ჯერ კიდევ ვხედავდი როგორ მიდიოდნენ ხელიხელჩაკიდებულნი შინისკენ, ჩვენი მბრუნავი ჯვრისკენ ბრეკუკოტში....მიდიოდნენ ხელჩაკიდებულნი, როგორც ბავშვები“.
    პაპა ბიორნი, ყველასგან პატივცემული მეთევზე ბრეკუკოტში, ისეთი ღირსებების მატარებელია, მხოლოდ რომანტიზმის პერიოდის ადმიანებისთვის რომ იყო დამახასიათებელი, ზოგჯერ ღიმილის მომგვრელიც. ალფგრიმური გვიყვება, როგორ მოუტანა პაპას უკან ქურდმა  მოპარული ერთი ტომარა ტორფი, სინდისის ქენჯნით შეწუხებულმა. პაპამ, მართალია,  გვერდით მოისვა ქურდი,  გაუმასპინძლდა , მაგრამ როცა მან შენდობა სთხოვა, მიახალა, ღმერთი არ გაპატიებს ასეთ დანაშაულსო, მერე კი დარცხვენილ-დაზაფრული გზიდან მიაბრუნა და მიაძახა: ჰო, მართლა, ეს ტომარა წაიღე, ეგ მე არც გამამდიდრებს და არც გამაღარიბებსო;  სხვაგან ბიჭი გვიყვება,  როგორ მოუყვანა მაკე ძროხა თავის  ბაბტისტ მეგობრს, რათა მის  მიერ ნაჩუქარი „ნამდვილი“ ბიბლიის გამო მადლიერება გამოეხატა. პაპას ნანახი ჰქონდა  თავისი  თვალით მე-15 საუკუნის ეპისკოპოს გუდბრანდურის მიერ გამოცემული  ერთი ძროხის ფასად შეფასებული ნამდვილი ბიბლია, ამიტომ არ სურდა  ნახევარი  ქათმის ფასის წმინდა წიგნი ჰქონოდა  სახლში. როცა ბაპტისტმა ძროხა არ მიიღო, პაპამ ბიჭი დაადევნა და ბიბლია უკან დააბრუნებინა; პაპა სულ ერთ ფასში ჰყიდდა თავის დაჭერილ თევზს, ზუსტად  იმდენად, რამდენიც სჭირდებოდა, ზოგჯერ მისი ფასი ბევრად იაფი იყო საბაზრო ფასთან შედარებით,  ზოგჯერ ძვირიც, როცა თევზი ბევრი იყო და ყველა აიაფებდა, თუმცა გაუყიდავი არასოდეს რჩებოდა, ერთგული კლიენტები, მაინც პაპისგან ყიდულობდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ მისი დაჭერილი თევზი განსაკუთრებით გემრიელი იყო.
   
    ალფგრიმური იხსენებს ზედამხედველ იონას,ბებიას შორეულ ნათესავს, რომელიც , რაც თავი ახსოვდა, მათ სახლში ცხოვრობდა. მას ყველა ზედამხედველს ეძახდა და ბიჭს ეგონა, რომ მთელი ქალაქისა და მთელი სამყაროს ზედამხედველი იყო, სინამდვილეში კი პორტის საპირფარეშოს ზედამხედველი ყოფილა თურმე. მსოფლიოში სახელგანთქმულ მომღერალს სამარცხვინოდ  ეჩვენება ეს „საზიზღარი საქმიანობა“ იმ ადამიანისთვის, რომლის ხამლის თასმების შეკვრის ღირსადაც კი არ მიაჩნია საკუთარი თავი.იოანეს ქრისტესთვის ნათქვამი ეს სიტყვები ცოტა მოულოდნელად ჟღერს აქ, მაგრამ მალე ყველაფერი ნათელი გახდება, როცა იონა უხსნის ჰოლმს, რომ უფლის გამოწვევით მოუკიდია ამ საქმისთვის ხელი: „მე ერთი მოწოდება მივიღე ღმერთისგან, მოწოდება , რომ ეს საზოგადოებრივი დაწესებულება ზღვის პირას ისეთივე სუფთა და სურნელოვანი გამეხადა, როგორც დანიელი მიქაელ ლუნდის აფთიაქია. მთელი ჩემი ქონება გავყიდე,  რათა ამ მოწოდებას მივყოლოდი......საქმიანობა, რომლისკენაც კეთილმა ღმერთმა მომიწოდა, არ შეიძლება იყოს საზიზღარი. არსებობს მხოლოდ ერთი სამუშაო, რომელიც საზიზღარია, ესაა ცუდად შესრულებული სამუშაო“.  ტექსტში რეალური მიზეზიც უძღვის ღვთის მოწოდებას. მან რეიკიავიკში ჩამოსვლისას ნახა, რომ დაწესებულება, რომელსაც  დანიელი უძღვებოდა, სარკესავით კრიალებდა, საპირფარეშო კი, რომელსაც ისლანდიელი მეთვალყურეობდა, საშინლად იყო დაბინძურებული. იმასაც აღნიშნავს, რომ ისლანდიელისათვის იმაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს, თუ დანიელს უწოდებენ. ასე რომ,  აქედან გამომდინარე ჩანს, პატრიოტული გრძნობის შელახვასაც დიდი როლი მიუძღვის ამ დიდი ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღებაში.  ვფიქრობ, ზედამხედველის სახე ჩვენთვის, კუდაბზიკა ქართველებისთვის, განსაკუთრებით საყურადღებოა. მსგავსი პერსონაჟი ჩვენს ლიტერატურას არ ჰყავს, არადა როგორ გვჭირდება!

  როცა იონას საყვედურობს გარდარ ჰოლმი, რომ იგი  ცხოვრობს როგორც უკანასკნელი უკანასკნელთა შორის“, წამოტივტივდება სახარებისეული ფრაზა „ ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი, რადგან წვეული ბევრია, რჩეული კი-ცოტა“. იონა უფლის რჩეულია, უკანასკნელი აქ,  პირველი-იქ,  ისლანდიელი დონ-კიხოტი, რომელმაც  გაყიდა თავისი მამული, თევზსაჭერი მოწყობილობით, ხელი აიღო საკმაოდ სარფიან საქმიანობაზე, სასაკლაოსთვის ცხვრების მოშენებაზე და დასახლდა  ბრეკუკოტში, რათა აკეთოს თითქოს უმნიშვნელო, სხვებისთვის სამარცხვინო, ყველაზე ბინძური, მდაბიოებისთვის განკუთვნილი სამუშაო, ისე როგორც გამორჩეულად თავმდაბალი ბერები  კისრულობდნენ ხოლმე ყველაზე მძიმე და ღირსების შემლახველ საქმეს მადლის მოსაპოვებლად. მან ასეთი სამუშაო აირჩია, ვინაიდან ცხოვრებამ ასწავლა, რომ გმირი და უბრალო ადამიანი, დიდი და მცირე მოვლენა არ უნდა განასხვავოს“, რომ შუათითი ნეკაზე დიდი არ გამოჩნდება, თუ თითებს მუშტად შევკრავთ“; რომ ის, „ვინც  მთაზე მუხლიჩოქვით ადის და ის, მოოქრულ სასახლეში მთის მწვერვალზე რომ ცხოვრობს, ერთი და იგივე ადამიანია“.

  იონას მიზნად დაუსახავს  ადამიანების დახმარება, რათა იცხოვრონ ისე, როგორც სურთ, სანამ  სხვას არ შეუშლიან  ხელს;  „დაუჭიროს უზანგი,  როცა კაცი ცხენზე ჯდება“, რათა იქით წავიდეს, საითაც უნდა, რადგან მას სწამს, რომ ყველა იმსახურებს დახმარებას, ვისაც რაიმე მიზანი დაუსახავს ცხოვრებაში. ამიტომაც  უგზავნის თითქმის მთელ თავის ხელფასს სასწავლებლად წასულ „თაგუნიებს“: ჯერ გარდარ ჰოლმს, მერე ალფრგრიმურს.
        ბრეტუკოტის სახლის მუდმივი მდგმურია  ასევე  რუნოლფურ იონსონი, ყოფილი მეზღვაური, (ლოთი, რომელიც არასოდეს ჩნდება სახლში, როცა სვამს, ვინაიდან ლოთობა ყველაზე სამარცხვინოდ ითვლება ბრეკუკოტში და მასპინძლების მიმართ პატივისცემას იჩენს). საქმიანობა მასაც „სამარცხვინო“ აქვს, თუმცა ისეთი,  უკანასკნელობით პირველობის მოპოვების შანსს რომ აძლევს ადამიანს- ფეკალიებისგან ცლის ორმოებს.
    კაპიტანი ჰოგენსენი, დანიური საზღვაო ფლოტის ოფიცერი, რომელსაც , როგორც ზემოთ ვთქვით, მთელი ქონება გაუყიდია, რათა სიბერე ბიორნ ბრეკუკოტელის ღარიბულ, მაგრამ მადლიან სახლში გაეტარებინა. იგი ყოველ წელს თავის  მოვალეობად მიიჩნევს კაპიტნის სამხედრო ფორმაში გამოწკეპილი ესტუმროს  მინისტრს სახლში, რათა ახალი წელი მიულოცოს და დანიის მეფე კრისტიან მე-9 შეუთვალოს, კიდევ ერთხელ შეახსენოს „თავისი წინასწარმეტყველება“, რომ ისლანდიას გაუკაცრიელება ემუქრება, ვინაიდან ინგლისელებს, ფერარის კუნძულების მცხოვრებთ და გუდმუდსენს თევზაობის ნება დართეს აქ, ადგილობრივ ყურეებში.
      ბრეკუკოტის იდილიას  უპირისპირდება რომანში  ვაჭარ გუდმუნდსენის სამყარო. ამ სამყაროში ყველაფრის საზომი ფულია, ამიტომ აქ ისეთს არაფერს აკეთებენ , საიდანაც მოგებას არ გამოელიან. თუმცა ძალიან მოსწონთ  ყველაფერი ბაფთებით მორთონ, და ამით შეალამაზონ, დაფარონ თავიანთი ანგარიშიანი ცხოვრება.  თავისი ვირთევზა რომ სარფიანად გაეყიდა მსოფლიო ბაზარზე, გოდმუსენს სჭირდება ბაფთა- საერთაშორისო მნიშვნელობის მომღერალი ჰყავდეს მის ქალაქს, რათა დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ „ვირთევზებს  სიმღერა შეუძლიათ“, ამიტომ ძალისხმევას არ იშურებს  ხელი შუწყოს კულტურის განვითარებას, მაგრამ იუდას ანგარებიანი ხელი, რასაც ეხება, ყველაფერს ანგრევს. სწორედ აქ იმალება ერთ- ერთი მთავარი პერსონაჟის, გარდარ ჰოლმის, ტრაგედიის მიზეზი.
      ალფგრიმური წერს, რომ მათი ქალაქის ჰაერი  მსოფლიოში ცნობილი  მომღერლის, გარდარ ჰოლმის, იდუმალი სახელით იყო გაჟღენთილი. იგი  იყო ბებიას ნათესავი ქალის კრისტინას ვაჟი, გეორგ ჰანსონი, მნათეს სახლიდან. ალფგრიმურმა პატარაობიდანვე აღმოაჩინა ქალაქის რამდენიმე სახლში ჰოლმის შთამბეჭდავი ფოტოსურათი, მაგრამ ისიც შენიშნა, რომ მომღერალზე, ასეთი  აღტაცებით  რომ ასხამდნენ ხოტბას უცხოები, შინაურები  ლაპარაკს ერიდებოდნენ. მხოლოდ ნაწარმოების დასარულს ვწვდებით გარდარ ჰოლმის საიდუმლოს. ნიჭიერებით გამორჩეული ბიჭი, რომელიც „სუფთა ტონის“ პოვნას ცდილობდა  ცხოვრებაშიც და სიმღერაშიც პასტორ იოჰანის დახმარებით, გოდმუნსენმა იყიდა 5 წლით სიმღერის  სწავლების დაფინანსებით და შემდეგ თავისი ნასუფრალიდან გადაყრილი ნამცეცებით.  გოდმუსენი არაფერს იშურებდა გარდარ ჰოლმის ლეგენდარული სახელი მსოფლიოში რომ გაევრცელებინა, რათა მის ბიზნესს შესაფერისი  ბაფთა ჰქონოდა. გარდარ ჰოლმი მალე მიხვდა, რომ მისი „სუფთა ტონი“ არავის აინტერესებდა ახალ სამყაროში. გერმანულ-სკანდინავიური კაპელას შავფრაკიან მომღერლებთან ერთად მის  მიერ ჰეროიკული ტენორით შესრულებული პასტორალი ხარხარს იწვევს ამერიკელებში, როლებიც შავ ფრაკს მიცვალებულებს აცმევენ მხოლოდ. და როცა დარწმუნდა, რომ მისი, როგორც მომღერლის კარიერას წერტილი დაესვა, ვეღარ თქვა უარი ცნობილი იმპრესარიოს შეთავაზებაზე ,  კლოუნებთან  ერთად მოეარა ამერიკა კომიკური სიმღერებითა და  „ტავისი განუმეორებელი ისლანდიური თვალების ტრიალით“, ასე მოირგო სევდიანი კლოუნის  როლი კაცმა, რომელიც ოცნებობდა მსოფლიო დაეპყრო როგორც  „სუფთა ტონის“ მომღერალს. ასე გაიყიდა კეთილდღეობასა და ფულზე „სუფთა ტონი“ და თვითნაბადი ნიჭი. ბოლოს გარდარ ჰოლმი ერთ ჩვეულებრივ შარლატანად გვევლინება, რომელიც დანიშნავს კონცერტს მშობლიურ ქალაქში, და მერე მიიპარება, ვითომ უმნიშვნელოვანეს საქმეზე, ვინაიდან მას სიმღერა აღარ შეუძლია, ერთადერთხელ იმღერა გარდარ ჰოლმმა, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით ეძვირფასებოდა-დედისა და ალფგრიმურის წინაშე.  აი რას მოგვითხრობს ამ „კონცერტის“ შესახებ ავტორი: „არავის მოუსმენია მსგავსი სიმღერა, როგორიც მე მოვისმინე ყველაზე მიგდებულ ტაძარში...დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი ადამიანი, ვინც მოისმენდა, ვეღარ დარჩებოდა ისეთი, როგორიც იქამდე იყო....შესაძლოა, მე ერთადერთხელ მოვისმინე სიმღერა ჩემს ცხოვრებაში, რადგან ეს სიმღერა ისეთი ნამდვილი იყო, რომ მასთან  ყველა სხვა ხელოვნური და ყალბი ჩანდა,ყველა სხვა მომღერალი-მატყუარა. და არა მარტო მომღერლები, არამედ მეც და ჩვენ ყველანი.... შესაძლოა ეს ის მელოდია იყო, სახედარი და ხარი ანგელოზებს რომ უმღეროდნენ შობის ღამეს“. „კონცერტი“ კი იმით დამთავრდა, რომ სიმღერის დაწყებიდან სულ მალე გარდარ ჰოლმს ხველა აუტყდა, კრუნჩხვებისგან სახე დაეღრიჯა და სულს ვერ ითქვამდა. ყელიდან ერთი ბგერაც არ ამოსდიოდა, დედის ფერხთით ჩაიკეცა და სახე მის კალთაში ჩარგო. ცხადია, გარდარ ჰოლმს სიმღერა აღარ შეუძლია, მაგრამ დიდებას ნაზიარები ვერ ეგუება ამას და ყველანაირად ცდილობს ძველი  შარავანდედის შენარჩუნებას. აღმოჩნდა, რომ დანიის იმ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობდა ოფიციალურად, ისლანდიელს იცნობდნენ მხოლოდ  გეორგ ჰანსონს, რომელიც დაქორწინებული იყო პატარა მაღაზიის მფლობელ დანიელ ქალზე, ხშირად  ტოვებდა დანიას და  დაქირავებულ მუშად მუშაობდა ისლანდიურ გემებზე. მერე კი გოდმუდსენის ინფორმაციით, ცოლსაც გამოექცა, რომელიც 10 წლის განმავლობაში ინახავდა. მოხუცი იონისის ფოსტით გაგზავნილი ფულით ითქვამს სულს  და გოდმუდსენს რომ არ შეეშალა ხელი, ალბათ მისი სქელუა ქალიშვილის სისულელითა თუ სიყვარულითაც ისარგებლებდა. როცა გარდარ ჰოლმის თვითმკვლელობის შემდეგ, მის ჩემოდნებს გახსნიან, ნახავენ, რომ რამდენიმე ძვირადღირებული  ჩემოდნით იგი თივაში გახვეულ აგურებს დაატარებდა.

      გარდარ ჰოლმი გადაკვრით აღიარებს ალფგრიმურის წინაშე, რომ იგი დააღრჩო იმ ზღვა შემოსავლმა, რომელიც ბანკებში მით უფრო იზრდებოდა, რაც მეტს ხარჯავდა, მსგავსად  ჯადოქარის შეგირდისა, რომელმაც მოძღვრის დავალება რომ შეესრულებინა, აევსო კასრი წყლით,( რაკი დაეზარა თავის შეწუხება თავად მოეტანა წყალი) შელოცვა წარმოთქვა და სათლი თავად დადიოდა წყაროზე და იცლებოდა კასრში. სათლმა მას შემდეგაც გააგრძელა წყლის მოტანა, რაც კასრი გაივსო, წყალი გადმოდიოდა სავსე კასრიდან და მალე მთელი ქვეყანა ჩაიძირა წყალში. ჯადოქარი კი ამ დროს მოკუნტული იჯდა ხელგაწვდილი კიბის საფეხურზე. ჯადოქარი ის არის, ვინც მონაგებს ხელს არ ახლებს. მან კი ვერ თქვა უარი ესარგებლა დაუმსახურებელი  მონაგებით- დიდებით, ბრეკუკოტში გაზრდილი კაცისთვის კი ეს დიდი ცოდვა იყო, ამიტომაც ისჯება. დამარცხებული სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს.
    პასტორ იოჰანს  გარდარ ჰოლმის წესის აგებისას  მიცვალებულის სახელი არ უხსენებია, ილაპარაკა ადამიანებზე, რომელთაც სახე არა აქვთ, ადამიანებზე, რომლებიც უფალს ყველაზე მეტად უყვარს, ცოდვილნი, უსახელონი, მაწანწალები, ვისთვისაც  წესის აგება ყველაზე მეტად მოსწონდა, ვის დასაფლავებისასაც მღეროდა პატარაობიდანვე ალფგრიმური და აქ პოულობდა თავისი ცხოვრებისა და სიმღერის „სუფთა ტონებს“, ვინაიდან  მაწანწალისთვის შეწირული სიმღერა, უფლისთვის შეწირვის ტოლფასია, ვინაიდან „ღმერთს მხოლოდ ეს ტონი ესმის“.
  გარდარ ჰოლმი ალფგრიმურის ალტერ ეგოა. ალფგრიმურის შესახებ ხშირად ამბობს გარდარ ჰოლმი: „ მომეჩვენა, რომ ეს თავად მე ვიყავი“, „ის მე ვარ, როგორიც ვარ სინამდვილეში“.ქალაქში ხშირად ვერეოდით ერთმანეთშიო, წერს მთხრობელი.ისინი ნათესავები არიან, ერთნაირი შესაძლებლობებით, ნიჭით. ერთი მხრივ, გარდარ ჰოლმი ცდილობს ბრეკუკოტის სამოთხე დაათმობინოს ბიჭს,თუმცა თავისი ცხოვრების მაგალითზე აფრთხილებს, რასაც უნდა ელოდოს,  თუ მასავით მომღერლის კარიერას აირჩევს. მაგრამ ბიჭს საშიშროება არ ემუქრება, რადგან მას  მფარველად ჰყავს ბრეკუკოტელი ანგელოზები-ბებია და პაპა. ბებია ურჩევს ალფგრიმურს  ცეცხლში კი არ ჩააგდოს, დაუბრუნოს გოდმუნდსენს წერილი, რომელშიც იგი სთავაზობს  განათლების დაფინანსებას დანიაში და უთხრას, რომ არ სჭირდება, რადგან პაპას სურს, რასაც ისწავლის, მისი ფულით ისწავლოს.პაპამ გაყიდა  ბრეკუკოტის მიწა, რომელიც აქამდე არ ეთმობოდა, რათა ბიჭის განათლებისთვის მოეხმარებინა.
  დასავლურმა სამყარომ მაინც მოახერხა ბრეკუკოტი- სიწმინდისა და ზნეობრიობის, სიყვარულის ეს ოაზისიც გაენადგურებინა. პაპა ბრეკუკოტს იმიტომაც ყიდის, რომ იძულებული გახადეს:  ყურეში თევზი იმდენად შემცირდა, რომ წვრილ მეთევზეთათვის შეუძლებელი გახდა ამ საქმიანობით თავის რჩენა. ბრეკუკოტის მიწა  გოდმუდსენმა შეიძინა, რათა იქ ახალი დასავლური კეთილმოწყობილი სასახლე ააგოს. ბრეკუკოტის იდილია განადგურდა, მაგრამ ალფგრიმურის მეშვეობით იგი შემორჩა ამ წიგნს, რათა დროდადრო მაინც გაგვახსენოს ის ღირებულებანი, რაც უკვე დავკარგეთ და რაც ჯერ  კიდევ შემოგვრჩენია, გავუფრთხილდეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები