ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2018


ლოცვა უსირცხვილობისათვის

ნინო დარბაისელი

ლოცვა უსირცხვილობისათვის
- - - -

ღმერთო, უშველე იმ გოგონას,
გამხდარს,
გალეულს,
რაღაც, ირიბად  რომ იარება,
დახედე, ღმერთო,
როგორ მოხრილა მხრებში,
როგორ ამობურცულა, ლამის დამხობილ ფიალასავით,
სკოლიოზისგან კი არა და,
რომ იღლიებქვეშ შეიმალოს
ადრეულა, მკვახე ლეღვივით გამოსული ძუძუკოები.

ისიც არ ვიცი,
რა საშველი მოგეძევება
მისთვის, ვინც თამაშ-თამაშობით,
ბწკენა-ბწკენობით,
შეიტყუეს ვითომ თავისმა,
ვითომ, ვითომ...
ამქვეყნად ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა,
და დაიამეს საკუთარი სარცხვინელი,
სარცხვენალი თუ სარცხვინალი
და პირზე შიშის კლიტე დაჰკიდეს
და გასაღები  ადიდებულ მდინარეში გადაუძახეს.

მას არასოდეს გაუგია სიტყვა ,,ინცესტი”,
მაგრამ მან უკვე კარგად იცის,
როგორია,
როცა ყველაზე საყვარელი ადამიანი,
ყველაზე სანდო,
უცებ ყველაზე საზიზღრად და უნდოდ გაგწირავს,
თან თავს გაწირვად არც ჩაუთვლის...
ხოლო რაც მოხდა,
როგორც მოხდა,
დედის ყურსაც კი არ ეგება,
რადგან დედასაც,
დედის დედასაც,
და დედის დედის...
ძირისძირამდე
ჩაულურსმნეს, 
ჩაუქვავეს,
ჩაუცემენტეს,
რომ
ნეტარება სუსტს კი არა, ძლიერს ერგება
და მსხვერპლი  - მუდამ დამნაშავეა
და რაც შინ ხდება, შინ უნდა დარჩეს!

ხოლო სირცხვილის იმ საუკუნო ხის ტოტებზე
ზეწრით ან ბაწრით  თავჩამომხრჩვალებს 
ღამღამობით  მოჩიფჩიფე ქარი აქანებს
და სიბნელეში მონოტონური ჭრიალი ისმის:

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

ეს გოგონაა ქვეყნად რამდენ ქალში მტირალი,
მუდმივი შიშით მიკუნტული ერთ ბნელ კუთხეში,
გულჩათხრობილი,
ხმაგაკმედილი.
რა უყოს ქალმა,
ტუჩდაკბენილ იმ გოგონას რა უსაშველოს
ვის რა მოჰკითხოს ან ვის რაღა მოეკითხება!

ქალთა ღიმილი ზოგჯერ რამდენ გაუმხელს ფარავს,
სირცხვილის კომბლით  რომ დასდგომიან,
ვით ცხვრების ფარას,
რადგან დამკარგავს ამტყუნებენ, არა - მომპარავს,
ღმერთო, უშველე გოგოებს და ქალებს უშველე,
ღმერთო, არიდე გვერდით - მხეცი და ფიქრი - ბეცი,
მიეცი ძალი, გაარჩიოს მართლისგან ცილი,
ღმერთო,
მიეცი უსირცხვილობა თავისი წილი!
რაკი ძლიერთა  გულწრფელობა - უტიფრობაა,
ეს იყოს მისი არა - ხმალი, არამედ ფარი.
დე, იყოს იგი უსირცხვილო და უტიფარი,
აღარასოდეს არ დაფაროს არდასაფარი!

ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები