ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: საბავშვო
22 ოქტომბერი, 2018


ყვავის მეგობარი

  ქრისტეს ბიჭი ბებიაჩემმა შერქვა, ეკლესიის გვერდით ორსართულიანი სახლი  რომ დგას მაგათია. მამამისი დურგალია. სახლის მარცხნივ ჩარღვეული ღობიდან  თუ შეიჭყიტავ  ეზოში,  ფიცრის „ნახერხის მთებს“  დაინახავ, ზოგი წვრილი ნახერხია, ზოგი - მსხვილი.  როცა კი მიშვებენ მასთან სათამაშოდ,  შევხსნი ხოლმე თუ არა ჭიშკარს, პირდაპირ  ნახერხის მთებისკენ გავრბივარ და გავკოტრიალდები, ამოვისვრები, ამოვიგანგლები და  მერე თმაში, ტასნაცმელზე, ყველგან დახერხილი ხის მტვერი და სუნი ამდის.  ქრისტეს ბიჭი კი იცინიის, იცინიის.... არ ვიცი ეკლესიის გვერდით რომ ცხოვრობს მაგიტომ,  თუ მამა რომ ჰყავს დურგალი  მაგიტომ შეარქვა ბებიაჩემმა ქრისტეს ბიჭი?! ისე, სხვა ყველა დურგლის ბიჭს  ეძახის. 
    მარჯვენა მხარეს მათ სახლსა და ეკლესიას საერთო ქვის ღობე აქვს. შაბათ-კვირას  გამოიყვანს ხოლმე დედამისი ეტლით და დასვამს ღობის ძირას, მყუდროში. ფეხებზე ყოველთვის გადაფარებული აქვს ფოჩიანი შალის ნაცრისფერ-წითელი კუბოკრული პლედი. არც ფეხსაცმელი დამინახავს არასდროს მისი. ტანს ზემოთ კი ჩვეულებრივი ბიჭია, ისეთი როგორიც მაგალითად ლუკა. თუმცა არა, ჩვეულებრივ ბიჭებს კომპიუტერული თამაშების, ფეხბურთის და დაჭერობანას გარდა არაფერი აინტერესებთ, ქრისტეს, იგივე დურგლის ბიჭი კი უფრო ჭკვიანია და უცნაურიც. სათვალეც  იმიტომ უკეთია, რომ კითხვა უყვარს და თვალი ხშირად ეღლება, თუმცა მარტო კითხვა - არა,  თავის გარშემო ყველაფერს აკვირდება.
  აი, მაგალითად, გაზაფხულის ერთ მზიან დღეს როდესაც დედამისმა გამოიყვანა მყუდროში, მაშინვე წამოიძახა, - შეხედეთ, მერცხლები უკვე მოფრენილანო! მერცხლებიც სულ მგონია ხოლმე რომ თბილი ქვეყნებიდან პირდაპირ მათი  აივნის ქვეშ მოფრიანდებიან და  პირველად მათ ეზოში იწყებენ ჭიკჭიკს. ციყვიც  კი ეკლესიის ეზოდან ფიჭვის ხის ტოტის გავლით გადმოცუნცულდება მათი კაკლის ხეზე და მერე ისევ უკან გადაცუნცულდება ხოლმე. არც ციყვი უფრთხის. და მტრედები? ნამცეცები ყრია თუ არა, არა აქვს მნიშვნელობა,  მის სიახლოვეს სულ იმათი ღუღუნი ისმის.
ერთ-ერთ სტუმრობისას იცით რა მკითხა?
-აბა, თუ იცი, ღმერთს როგორი სუნი აქვსო?
-საიდან უნდა ვიცოდე მეთქი, როგორ  შეკითხვებს მისვამ, გავბრაზდი!
-მე ვიციო, აი, ახლა წირვის დროს დადგება მისი სუნიო.
მერე მივხვდი,  საკმეველის სუნზე მეუბნებოდა. ეცოდინება ღმერთის სუნი აბა რა,  ერთი ხელის გაწვდენაზეა მისი სახლიდან ღმერთი, ჩემი სახლიდან კი უნდა იარო, იარო, იაროო....     
  ჰო, წირვის განმავლობაში რომ ეკლესიის ზარებს რეკენ, უსმინეთ, ღმერთის ხმააო! - წამოიძახა დურგლის ბიჭმა, მოკლედ, დიდი უცნაური ბიჭია. სკოლაში კი, როდესაც გაკვეთილის ბოლოს ზარი ირეკება, მიჩურჩულებს ხოლმე,  ვაშა, დასვენების ხმა ისმისო.
    შემოდგომაც არ მიყვარდა, მან შემაყვარა.  ხელოვნების მასწავლებელმა გაკვეთილზე აგვიხსნა თბილი და ცივი ფერები. მან მითხრა ყველა თბილი ფერი  ნათელია და მხიარული, ამიტომ შემოდგომა უნდა გიყვარდეს სინათლისა და მხიარული ფერის ფოთოლების გამოო. გადავწყვიტეთ ადრეული შემოდგომა აღარ გვედარდა, თუმცა მერე მე კი მაინც მიჭერდა ხოლმე გულზე  ფოთოლცვენა, მქრქალი, უფერო, შესუსხული ჰაერიცა  და გაშიშვლებული ხეების სევდაც. მას მგონი - არა, ყოველ შემთხვევაში არაფერს იმჩნევდა.
    ერთ დღეს, როცა ჩვეულებრივ,  მის ეზოში ვისხედით და მტრედებს ვაჭმევდით, ყვავი შემოჯდა კაკლის ხეზე და დაიყრანტალა.
-რა ლამაზი ხმა აქვს, არა? - გაიღიმა.
-რას აქვს ლამაზი ხმა - მეთქი, ბიჭო, ყვავს? ყვავს როგორ შეიძლება ლამაზი ხმა  ჰქონდეს, ყვავია და  ჩხავის.
-ოო, ეგ უფროსების მოგონილია, ნუ უსმენო. ყვავიც ისევე ალამაზებს ამ სამყაროს, როგორც შენო. -აჰ, ჩემსავით ალამაზებს არა- მეთქი? ავდექი და წამოვედი, იმის მერე  თითქმის ერთი თვე, მეტიც  ხმა არ გამიცია, არც გაკვეთილზე ვიმჩნევდი, თვალს ვარიდებდი ხოლმე, აღარც სტუმრად დავდიოდი მასთან.
თუ კარგია თვითონ იყოს ყვავი და თავად ალამაზოს ქვეყნიერება!
      ერთხელ უფროსების საუბარს მოვკარი ყური, ამ დაავადებით ბავშვები დიდხანს ვერ ცოცხლობენო.
    მაშინვე გავიქეცი მასთან ყვირილით: - ქრისტეს, თუ დურგლის ბიჭო, ყვავები ხომ მოგწონს, შენც ყვავად გადაიქეცი, გთხოვ, გადაიქეცი ყვავად და ერთად ვალამაზოთ ქვეყნიერება- მეთქი.
გამიღიმა.
მეც გავუღიმე.
შევრიგდით.
მერე ჩუმად  ამოვარჩიე ერთი ყვავი, დავარქვი  დურგლის, იგივე ქრისტეს  ბიჭის სახელი და ასე გავხდი ყვავის  მეგობარიც.
ყვავები ხომ დიდხანს ცოცხლობენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები