ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
25 ოქტომბერი, 2018


მისი წილი შემოდგომა

ნახევარი საათია, დიდ ჩანთას ხვნეშით უვლის გარშემო, მაგიდაზე შეგროვებულ სანოვაგეს ჩანთაში აწყობს, მაგრამ
ვერაფრით ჩაატია:  კარალიოკები , ბროწეულები და ყურძნის აკიდოები ძალიან აწვალებს და ვერაფერი მოუხერხა.
მაცივრიდან წინა საღამოს გამზადებული ქათამი გამოიღო, გზაში რომ არ გაფუჭებულიყო, წინასწარ გაყინა. ჯერ იფიქრა,
მოვხარშავო, მაგრამ მერე გადაიფიქრა, იქნებ შემწვარი ურჩევნია..
ერთხელ  შეღებილი  ქათამი უყიდია და მის მერე ნაყიდს ვერ იტანს, ან რა ასატანია, გაშავებული აქვს ძვლები, რამდენი ხნის
დაკლულია, ვინ იცის...ეს კი ქარვასავითაა  და მსუქანიც.
- ჩემმა ბიჭმა ჩემი გაზრდილი ქათამი მინდა ჭამოს - უხარია მოხუცს.
ღვინოსაც  უგზავნის. სუფთა წვენია, წყალმაჭარა კი არა, ასეთი ღვინო ყოველდღე ერთი ჭიქა სასარგებლოცაა.
კი იცის, ამას სულმოუთქმელად დალევენ მისი მეგობრები და შეიძლება მისი სადღეგრძელოც დალიონ, მაგრამ განა ამისთვის უგზავნის?
- რაღა დროს ჩემი სადღეგრძელოა, მალე იმ ქვეყნად მომიწევს დღეგრძელობა - ეცინება  მწარედ,_ თუმცა ჯერ  არაფერი ტკივა.
მერე რა თუ სახსრები  ჩაეკეტა და მოძრაობა უჭირს.

- ჩემს ბიჭს, ღმერთმა თუ დამაცადა, კიდევ დიდხანს უნდა ვუგზავნო ჩემი ხელით გაკეთებული ჩურჩხელა და ტკბილიკვერი.
სხვა ვინ ყავს, მაგას შემოევლოს ბებია, დედა მაგას არ ყავს და მამა, მიწა გოუწყრეს მამამისს, მისი მიტოვებისთვის...
ცელოფანში საგანგებოდ დამცხვარი ხაჭაპურები ჩადო და ჩანთაში ზემოდან ფრთხილად დაადო, რომ არ დაისრისოს,

ჯიბიდან ქმრის უჩუმრად პენსიის ნახევარს იღებს, წინასწარ ქაღალდში გამოკრულს , ჩუმად დებს აჯიკის ბოთლის გვერდით,
მერე საჩქაროდ ზმეიკას კრავს და ხვნეშით სწორდება. ფული ვის მოჭარბებია, თუ არა, კი არ უთხოვია, ბებია ენაცვალოს.
უბრალოდ, უნდა და უგზავნის, აბა კი არ უჭირს . ცოლშვილს მშვენივრად ინახავს, შემოევლოს ბებოს სიცოცხლეო.

- ქალო, ჩამეივლის აწი და კიდო არ გაქ მზად? - გამოსძახის ქმარი.
-  ჩემთვის გოუჩენია დედამისს თემური, როცა არ უნდა თხოვო, უარს არასდროს მეუბნება, თუ გინდა ორი ჩანთა გამატანეო.
ორის გასავსები რაღა მაქვს, შვილო, მაგოდენი კი აღარ შემიძლია  თქო რო ვეტყვი - ეცინება.
- ჯერ სჭირდები ყველას, მარო ბებოოო, ჯანზეც კაათ ხარო - ვითომ გამახალისა და გამახარა, თვარა, რომ აღარ შემიძლია, ჩემზე კარგად იცის მაგან? ღამე რომ დავწვები, სახსრები დილამდე რომ მჭამს და არ მაძინებს და საცხა, დილით რომ ჩამეძინება, ეგაა კარგად ყოფნა?  მარა რა თემურის ბრალაა, ავად რომ ვარ, რომ პირში მივახალო, კაი ბიჭია, ღმერთმა კარგად უმყოფოს მის მშობლებს.

თემურისთვისაც ცალკე გადააწყო ჩურჩხელა და ტკბილკვერი.

თემომ ეს "ტვირთი" მარტომ უნდა ზიდოს და ბიჭს  სანოვაგე საავადმყოფოში შეუგზავნოს.
იცის ბაბუამ, ბიჭი რომ ავადაა და მკურნალობს...
არ ეუბნება ბებიას...

ისედაც ქალს  ბოლო დროს ფეხები ისევ დაუსივდა და ვერც თავისუფლად მოძრაობს...

მეზობელმა უთხრა, მარო ბებო,მაგი არაა სახუმარო,  გულის ბრალი იქნებაო...
- გულისო ? -  არ გაკვირვებია ქალს - აქამდე რომ ამ გამისკდა, ეგ უფრო გასაკვირიაო.

_ახლა შემოდგომაა და, ბიჭს შემოდგომის ნობათი რომ არ შევახვედრო, დედამისს რანაირად შევხედო იმ ქვეყნად თვალებში, როცა კიდევ შეხვდებით ერთმანეთსო. 

აპირებს, კი აპირებს ექიმთან წასვლას, როცა ცოტა ხელს მოიწყობს,აბა ასე საჩქაროდ სად ცალია ექიმისა და წამლისათვის.

- შენ როცა მოიცლი, მერე ჭაბუკთაზე მოგიწევს წამოწოლა, ორი მეტრით დაბლაო - ქილიკით უთხრა კაცმა.
- ნეტავ შენც რომ არ მოგწყინდა ეგრე ლაპარაკი, მომიწევს და მომიწიოს, ჩემი შვილის მერე კაი ხანია იქ უნდა ვიწვე,
სამართალი რომ ყოფილიყოო - მაინც წამოაცდინა  ღმერთის აუგი.

მისი ხელით გაზრდილი ბიჭისთვის არაფერი ენანება, ჩანთაში სითბოები ჩაალაგა,  ბებიის ხელის მადლი გააყოლა და ხვნეშით გაატანა მანქანას.
დარდობს ბაბუა, მაგრამ არ იმჩნევს. კიდევ რამდენიმე თვე აქვს ბებიას დარჩენილი და იქნებ ბიჭმა  გამზრდელი ბებიის ნახვა
მოაწროს.
გულით ავადმყოფი ადამიანი ისედაც ცალი თვალითაა საყურებელი.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები