ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2018


როცა უკეთ ხარ...

წვიმიან ფანჯრებს ცუდ ამინდში თვალს რომ არიდებ,
ნუთუ გგონია, ცა შუბლს გახსნის შენი სურვილით?
შენს რწმენას ჩრჩილმა შეულახა მყარი მუნდირი,
რა შუაშია ეს ფიქრები თუმცა ამინდთან?
გადაგიზამთრდა, მერე ისევ გაგიზაფხულდა,
კალენდრის ფურცლებს შეაყვითლდნენ შენი განცდები,
წონასწორობის ჩარჩოს მიღმა, თუკი არ ვცდები,
ბოთლში ჩამწყვდეულ ჯინს მაინც ხდი ზოგჯერ სახურავს...
ნელა მიჰყვები შენს ხერხემალს კიბე-მალებით,
ახვალ შუამდე, დაგორდები ისევ ფეხებთან,
იცი, რომ შენს მეტს ეს ტკივილი არც ვის ეხება,
რადგან ცხოვრება ისწავლება მხოლოდ წვალებით...
შენს თავს მუსიკას უჩვეულო რიტმზე უკვეთავ,
დრომ ჩამოფერთხა შენს ცნობიერს ფუჭი სნობიზმი,
ახლა შენს თავთან შეხვედრა გაქვს, ისე, ცნობისთვის,
და სავიზიტო ბარათს ჰქვია - "როცა უკეთ ხარ"...
26.10.18

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები