ნაწარმოებები



ავტორი: ბო-ბი
ჟანრი: პროზა
10 ნოემბერი, 2018


ბობი (სახლში დაბრუნება)

  ფიქრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ცუდი ფიქრები. წარმოვიდგინე როგორ მოაჭრეს რალფს დარჩენილი სამი თათი, როგორ დააკალბასეს. მერე გამახსენდა ისტორიები ებრაელების გენოციდზე. საპონი და კიდევ უფრო შემზიზღდა ბანაობა, რასაც ის ნაბიჭვარი ვაჟა მაიძულებდა ხოლმე. უცებ კი, წითურის მონაყოლმა, ყველაფერი უფრო გაართულა. რალფი ვიღაც წითელთავა გოგომ წაიყვანა.. ჩემი ძმაკაცი ტყვედ ჩავარდა ვიღაც ირლანდიელის ხელში. პანიკამ მომიცვა. ნახმარი კურტკასავით სხეულზე მომიცვა პანიკამ. ამის დედაც..

  აცრებისთვის მე და წითური გალიებიდან გამოგვიყვანეს. წინასწარ შემუშავებული გეგმით სახე ჩამოვუღეთ მსუქან დეიდას და გავიქეცით. მეგონა დიდხანს დაგვედევნებოდნენ, მაგრამ სულ წიხლზე დაგვიკიდეს. პირველ რიგში ნაგავსაყრელისკენ გავემართეთ ჩვენიანების მოსაძებნად. სიხარულისგან კუდს ვეღარ ვაჩერებდი, როცა თამილა და კნუტები დავინახე. მუნიციპალურმა ძველ ადგილას ჩამოგვყარა ისევო. გამიკვირდა, როგორ არ დააკატლეტეს მეთქი. თურმე თამილასთვის სტერილიზაცია უნდა გაეკეთებინათ. მაგაზე კი ბევრი ვიცინეთ. სტერილური თამილას გასტერილება. მგონი ამ თემაზე პირველად ვიცინოდით ყველანი ერთად.. ხალისი წამში დამეკარგე, როცა თვალი კარდონის ყუთს შევავლე, რომელშიც რალფი აღარ იწვა. კარდონის არა, მუყაოს ყუთია. ზევიდან რაღაც ხმამ ჩამომძახა. კატა მური მუყაოს ყუთს იტყოდაო.. ავიხედე და რაღაც უცნაურად ლამაზი არსება დამყურებდა თავზე. ჯერ ყური დავიბერტყე თათით, მერე თვალები დავაჭყიტე ინტერესით. შენ ვინ ხარ ან ეგ მურიანი ვინაა მეთქი.
–მურიანი კი არა მური. კატა მური. შენ რა არაფერს კითხულობ? მე კი თოლია ვარ, თოლია ჯონათანი.
  ჯონათანი რატომღაც ბიჭის სახელი მეგონა მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ხმა აღარ ამომიღია ამ თემაზე. არ ეწყინოს ქალბატონ ჯონათანს. ზოგადად დიდი ახვარი ვინმე ვარ, მაგრამ ქალბატონების განაწყენება არ მიყვარს. ფიქრებში ძალიან გავატრაკე, ერთიანად დამღალა ურალფობამ, კატორღამ და არც ჩიტების თავი მქონდა. მითუმეტეს ქალების.. კუდი შევაქციე და დასაწოლად წავედი.
–შენ ბობი ხარ ხომ? ძაღლის მეგობარი კატა.
  ვერ მივხვდი დამცინოდა თუ დამცინოდა. გაბრაზების თავი მაინც არ მქონდა.
–გაფრინდი ჩიტო. სანამ გავიხსენე, რომ კატები ჩიტუნებს ვჭამთ.
–არადა მინდოდა მეთქვა სად წაიყვანეს მოხუცი რალფი, მაგრამ თუ არ გინდა.. –ფრთები გასაფრენად მოამზადა. ისეთი ლამაზი იყო იმ მომენტში.. თვალები საუზმის მომლოდინე კნუტივით დავიმრგვალე. ოღონდ ამჯერად, გემრიელი ლუკმა ის ამბავი იყო, რაც ამ თეთრ ჩიტს უნდა მოეყოლა.
  ბევრი თხოვნის მერე მისამართიც ვიცოდით და ნაგავსაყრელის ოჯახი რალფისკენ გავეშურეთ. კნუტები წინ პირველები მიდიოდნენ და თან ყველა გამვლელის დანახვისას, წამში თამილას კუდს ეფარებოდნენ.. შემდეგ ისევ უშიშარი რაინდებივით წინ მიიწევდნენ..
  როგორც იქნა დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ. დიდი ეზო იყო. ფერადი ღობით. ძლივს შევეტიე პატარა ჭრილში. უკნიდან წითური ისე მაწვებოდა ტრაკი სულ დამიკაწრა და მგონი ბეწვიც გამცვივდა.. პატარა ხის სახლს მოვკარი თვალი. ასეთი "ტომი და ჯერი''–ში მქონდა ნანახი. ძაღლს ეძინა ხოლმე იქ.. მისკენ გავეშურე და სურპრიზი, ჩემს ძმაკაცს იქ ეძინა.
–რალფ, რალფ, შე სამთათავ.. –ზურგზე დავახტი და ლამის სიხარულისგან ავკრუტუდნი. ახლავე დაგიხსნი მეთქი გიჟივით ვიმეორებდი და ჯაჭვებს ვეძებდი, რომ გამეგლიჯა.
–დამშვიდდი ბობი, მეგობარო.. –თათი მომხვია და გულზე მიმიხუტა. უცნაურად თბილია ძაღლის გული.
  რალფმა თავის ახალი ისტორია მიამბო. წითური გოგო სულაც არ აღმოჩნდა ირლანდიელი დამპყრობელი. მან რალფი იშვილა. სახლი მისცა, საჭმელი და სითბო. ვერ გავერკვიე ვბრაზობდი თუ მიხაროდა, მაგრამ რალფმა ამიხსნა, რომ აქ უნდა დარჩეს, რომ თუ ის დაიკარგება, წითელთავა მოიწყენს. ძალიან კეთილიაო.
–მაგრამ მეგობარო, შენ ხომ ამბობდი, რომ ადამიანები იქამდე უნდა გვიყვარდნენ სანამ გვაქვს ოთხი თათი?
–მეგონა ყველა ადამიანი ჩემს ძველ პატრონს ჰგავდა. იცი ბობ, მე ვცდებოდი და ეს შენც დაგაჯერე. შენ ამას ალბათ კნუტებს მოუყვებოდი, ისინი სხვა კატებს და ასე გაჩნდებოდა ჯაჭვი ადამიანების სიძულვილის.. მაპატიე მეგობარო, არსებობენ ტკივილები, რომლებიც  ცხოვრებას ფერს უკარგავენ, მაგრამ არსებობენ ადამიანები – ფერები. მე მინდა კნუტებს ამ ფერებზე მოუყვე..
–რალფ, მაგრამ, როგორ დავაჯერო კნუტებს ადამიანები – ფერები, როცა შეიძლება ქუჩაში ვიღაც ნაბიჭვარმა წიხლი ამოარტყას?
–ან შეიძლება ვიღაც წითელთავამ გულში ჩაიხუტოს და სახლი აჩუქოს.
–შენ ისედაც გქონდა სახლი, ჩვენი ნაგავსაყრელი, შენი სახლი აღარაა?
  რალფმა თავი დამნაშავესავით დახარა. ვიგრძენი, გადაწყვეტილი ჰქონდა აქ დარჩენა.. ბრაზისგან თვალები წითლად მიელავდა, ყურები უკან  გადავწიე და კუდსაც, წუთების წინ მოუსვენრად რომ ვათამაშებდი მიწაზე მოვათრევდი ახლა. ზურგი ვაქციე და ჩემიანებისკენ წავედი.
–ბობ, ერთ დღეს გამიგებ მეგობარო.
–იცი რალფ? შენ ნამდვილი ძაღლი ხარ, ახლა არა, ახლა ვერ გაგიგებ. ჯერ მენატრები და როცა იმ მუყაოს ყუთს უშენოდ მივეჩვევი. მერე გაპატიებ. ჯერ უშენობას ვერ ვღებულობ. –ვერ მოვითმინე და კიდევ ერთხელ ჩავიხუტე ძველი მეგობარი. . ეზოს სანამ გადავკვეთდი ვფიქრობდი რა მომეყოლა ბინადრებისთვის.. სათქმელი ბევრი არაფერი მქონდა. უბრალოდ, რალფი აღარ გვყავდა, ან მე ვაჭარბებდი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები