ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2018


ალუჩები

ან ალუჩები რა შუაშია ანდა მაისი?!
აყვავებული აღარ ეთქმის უკვე გარემომს.
დღეს სივრცეებმა შესატყვისი ფერი წაისვეს -
შენი წუხილის!  ალბათ ასეც უნდა გამეგო,

რომ განუწყვეტლივ დაწყვეტილი გული კი არა,
საღსალამათი არტერიაც სადღაც გაწყდება!
ვინც შეიყვარე (უნებურად) განზე იაროს,
შენ კი ხელახლა შეეცადო იმის დაწყებას,

რაც  იყო უკვე - ალუჩების ათასი  ტოტი...
ძირში მოჭრილი იმედი კი ჭრიალით დაწვა.
შენც მზენაკლული, ნაზამთრალი, როდესაც მოტყდი
ჩემი ხელების სიჯიუტე მიწამდე დაგწვდა!

და არის ასე, ვაღიარებ, რომ უნდა გძულდე!
რომ ტკივილების სანაცვლოდაც არის რეცეპტი.
ვინც უტკბესია ალუჩების ყვავილის სულზე,
სწორედ ის ერთი შეესწრება როგორ ეცემი.

მაგრამ ხელები, უმოწყალოდ დიდხანს იცადეს...
და როგორც დაჭრილ ქალ მეომარს მიგიყვან სანგარს.
იქ მიგასვენებ ომგამოვლილ  გულის ფიცარზე
და მერე ისევ, მეათასედ, ამ გულში დაგრგავ,

რომ გაიხარო არნახულად და იყვავილო!
რომ მაგ ფესვებით, კიდევ ერთხელ,  მობღოჭო გული.
მერე წაიქცე ხელახლა და ეჰ, საყვარელო,
ამ დათხრილ განცდებს შენს მაგიერ სხვა ვეღარ უვლის.

კვლავ დაყრის ფიფქებს ყვავილისას ნედლი ალუჩა,
თმის ხვეულებში გამოგირევს ალბათ ნიავი.
და თუ ამ გულში უშენობა კიდევ დამირჩა,
ნატვრის ნაჭრებად, ჩემი ხსოვნა ტოტებს მიაბი!

2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები