ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: აფციაური666
ჟანრი: პროზა
31 ოქტომბერი, 2018


პანაცეა (I)

საუკუნეების წინ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ეძებდნენ პანაცეას.
სწამდათ, რომ შესაძლებელი იყო ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება, ან უფრო მეტი, უკვდავყოფა.
რაც უკვდავია და დიფუზიით არასდროს შეერევა ბინძურ ჰაერს, არის იდეა.
 

თავი 1

წარმოიდგინეთ, ღრუბლების სქელი ფენა, რომელიც არცერთ სხივს არ ატარებს. შეიგრძნობს ბედნიერებას ყველა ასპეტქში. მზის სხივებს შთანთქავს, ყლაპავს, სუნთქავს, გარდაქმნის და დედამიწაზე გზავნის წვეთების სახით. ორთქლის ფენებიდან წამოსული პატარა ცივი ცრემლები, ისეთი ფსიქოაქტიურია, რომ შეიძლება დეპრესიულ ფიქრებამდე თვითონვე მიგაცილოს. თუ სწორად აღიქვი რა სიტუაციაც დავხატე, მაშინ  შენს წარმოსახვაშიც ნაცრისფერი დომინირებს, შორიდან დავიწყე, მაგრამ უკვე გამარტივდება. ასეთ ნაცრისფერ და სადა ოთახში ვცხოვრობ, ან ვცხოვრობდი. კაქტუსები, გუსმანიები და გვიმრები მგონი ყველა კუთხეშია. ერთის გარდა. შავისა და თეთრის იდეალური შერწყმით ვიღებთ ბუნებრივ სევდას, მწუხარებას და ნაცრისფერს, რომელიც რეაქციაში შედის მცენარეულ მწვანესთან. ასე ვიღებთ ესთეტიკურ ასაფეთქებელს.
„საშინელებაა“ ოთახს ხმამაღლა ველაპარაკები და წიგნების ყუთში ცარიელ ბლოკნოტს ვეძებ „უკვე გამაღიზიანებელია, იცი რომ ბევრი აღარაფერი მახსოვს?!“
ყველაფერი ბნელდება და ქრება, როგორც სიკვდილია, ზუსტად ეგრე.
თუმცა, ეს ჰიპოქსიაა, ჟანგბადის უკმარისობა. რაიმე მყარ სხეულს ჩამოეყრდნობი და სამი წამი არ გადაადგამ ნაბიჯს, ჰაერს შეისუნთქავ, ფილტვებიდან ალვეოლების საშუალებით ოთახის სურნელი ერითროციტებს შეერევა და ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის მცირე წრეს მოივლის, შემდეგ დიდ წრეს. ეს, ალბათ, ყველამ იცით. ან უნდა იცოდეთ მაინც.
ექიმმა მითხრა ბლოკნოტი დისმნეზიასთვის იდეალურია და ძალიან გაგიმართლა ამნეზია, რომ არ არისო.
თუმცა, ორივე შემთხვევაში რთულია აკონტროლო პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა. და ჯანდაბაშიც წასულა ორივე. ერთ შემთხვევაში სრულად კარგავ მეხსიერებას, მეორეში - უბრალოდ გისუსტდება უნარი, მაგრამ გამონაკლისები ყველგან და ყველაფერშია.
  ოთახის ცენტრში გასაშლელი სკამი დავდგი და ჩავეშვი ემოციებისგან დამძიმებული.
ჩავეშვი ზუსტი შესატყვისი არაა, მაგრამ ახლა ეგ მახსენდება.
ვიგრძენი ფსკერისკენ დასალექად გაშვებული დაღლილობის ნარჩენები.
ირგვლივ მხოლოდ მუყაოს ყუთებია. რამდენიმე ყუთი კლასიფიკაციის მიხედვითაა დალაგებული და სახელიც შესაბამისად აქვს. დანარჩენი - ჩემი ცხოვრების ნათლად აღსაწერი ხელოვნების ნიმუშებია. ყველაფერი პარადოქსის დონეზეა და არ იცი, რა ნივთი შეიძლება იყოს თითოეულ მუყაოს ყუთში. შენი ცხოვრება არის გალაქტიკაში უგზო-უკვლოდ დაკარგული სკაფანდრი, ფერფლით სავსე.
ყველა ადამიანს აქვს შინაგანი, ღრმა მწუხარების საიდუმლოებანი, რომელიც მის გარდა არავინ იცის, და ხშირად, როცა მას ცივს ეძახიან, რეალურად ის უბრალოდ მოწყენილია.
აი ზუსტად ეს არის გონებრივი რეგრესი. გონებაში ქაოსია და ყოვლისმომცველი აზრებიც ნელ-ნელა მუყაოს მსგავს ყუთებში იმალება, იკარგება და ქრება. მერე ვერც იმას გაიხსენებ, რომ მსგავს თემაზე ოდესღაც გიფიქრია.
გაზეთში ახალი სახლი ვიპოვე, აუცილებლად ამაზე უკეთესი და უფრო კომფორტული იქნება, რადგან ამ სახლის პატრონმა მითხრა, რომ სამ დღეში ოთახი უნდა დავცალო.
ნაცრისფერ ოთახში ჭრელი სკამი ნაკლებად კონტრასტულია, თუმცა გაუძლო ემოციებით დატვირთულ ჩემს სხეულს. წამოვიწიე სკამზე და ოთახს თვალი მოვავლე.
ყუთების სვეტები კედლებს სუროსავით მოედო და შპალერს შეერწყა.
ნივთების დახარისხება მინდა დავამთავრო, მაგრამ კედლის კუთხეში წამოწოლილი მატრასის ლეიბი მაჰიპნოზებს და მახსენებს, რომ დღეს ადრე გამეღვიძა.
ქურთუკის ჯიბიდან წამალს ვიღებ და ორ აბს წყალთან ერთად ვსვამ.
„ ხვალ გავაგრძელებთ“ ოთახს ვუთხარი და დასაძინებლად დავწექი. 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები