ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნინია ყოჩიშვილი
ჟანრი: პროზა
5 ნოემბერი, 2018


აბლა, დაბლა და მაღლა


მე მივდიოდი და სად მივდიოდი, ჰეეჰ... რა იციან გიჟებმა. გიჟი რომ ვარ და აბლა და დაბლა და მაღლა, ეგ მე ვიცი ბევრი ჩურჩულებიდან. კარგად გავიგონე, თანაც დავიხსომე. რომ არ დამვიწყნოდა, ასოები რომ ვისწავლე, პირველი ეგ დავწერე. დახედეს, წაიკითხეს, არაფერი. არა მკითხეს, რატომ დასწერეო და რა ვიცი, დავიდე ბალიშქვეშ. მიდევს ჩემი ,,გიჟი“ ეგრე. რომ მივალ დასაწოლად, სიხარულით ჯერ ბალიშს ავწევ, იქნებ გაქრა-მეთქი, აღარ იყოს, მაგრამ სულ არის.

მე ვიყავი გიჟი ბალღი, ახლა გიჟი კაცი ვარ აბლა, დაბლა და მაღლა. მივდიოდი, მოვდიოდი და მდინარეზეც ჩავდიოდი. ახლა მივდივარ და სად მივდივარ და არვი.

მე რომ ვიყავ ბალღი, ეგ სიზმარი იყო. უბალიშო, უგიჟო და რაღაც ისე და კარგი. ჩემი ბავშვობა იყო დედის გულისპირი, დედის ბოლოკაბა, დედის გვერდით ძილი და აბლა, დაბლა და მაღლა.

სულ ეგრე რათ იძახიო და ეგრე დავიხსომე - ,,გიჟი" და ,,აბლა, დაბლა და მაღლა". ,,გიჟი" დავიწერე და ეს ეტყობა არც მინდოდა, ისე დავიხსომე თავისით.

დედას ტანსაცმელი რომ დაწვეს, დედას ბოლოკაბა რომ დაწვეს, ჩემი ბავშვობა დაწვეს და მე დედის გულისპირის ძებნაში ვიყავი, თურმე საფლავზე დაფლეს, მე რომ ვიცოდი დედა, ის ყველა მხრიდან მოდიოდა, საფლავზე აიყვანეს, თავისი ფეხით არ დადიოდა, მე გამოვიქე, დედა გამომკიდებოდა, ჩამოვსულიყავით შინ, არ გავიხედე, არ დავენახე, რომ ველოდი, ვითომ ისე გავრბოდი, ჩამოვირბოლე და თურმე დედა იქ დაფლეს, მე კი გავექეცი და ველოდე, როდის ჩამოვა, გულისპირზე დამიხუტებს და დამაძინებს. არ მძინებია. ბავშვობაც დაწვეს, ცარივლადაც ვერ ჩავეხუტე გულისპირს და ისე დაძინება და აბლა, დაბლა და მაღლა, კაბის ბოლოც და კვამლმა და სულ, სულ, სულ, სულ და გაქრა. აღარც ისა და ესა, სულ მარტო დავრჩი მენა და გავხდი კაცი. ჩურჩულებმა თქვეს, ჩურჩულებმა ბევრი რამეც თქვეს, მაშ მე ვიყავი კაცი და ბალიშის ქვეშ მაინც ეწერა გიჟი და არა - კაცი. მე ,,კაცი“ ფურცელს აღარ დავაწერე, იქნება კაცობაც აღარ მინდოდეს და აღარც ეგ გაქრეს-მეთქი.

ახლა მივდივარ და ბავშვები დაიმალნენ. არ მოვძებნი. განა ბალღი ვარ. აბლა, დაბლა და მაღლა.

მე ისე მინდა გულისპირი და კაბის ბოლო, იქნებ შევკერო, გამოვაქსოვო რასმე.

ჩემთვის რა იყო დღენი, ღამე და მთვარე. მზე კი აქ იყო, აბლა, გულჩი და მაღლა.

დღეს მე მივდივარ, მივდივარ იქ სამ ცაზე, აბლა არ იყო, დაბლა არ იყო, მაღლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები