ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
5 ნოემბერი, 2018


ზარდახშის ბალერინა 5

            მეხუთე თავი
    არასდროს იარო იმაზე სწრაფად, ვიდრე გზის განჭვრეტა შეგიძლია. შენ შეიძლება, მიხვიდე სხვებზე სწრაფად დანიშნულების ადგილას, მაგრამ მასპინძელი ჯერ მზად არ დაგხვდეს. სანამ ნაბიჯს გადადგამ, გზა უნდა დაზვერო, ცხოვრება სავსეა ღრმულებით და არ ღირს რისკზე წასვლა. ვინც ჩქარობს გზაზე ნაკვალევს სტოვებს და მერე უფრო მეტი დრო ეკარგება მის წასაშლელად, ვინც ნელი, მოზომილი ნაბიჯით მიდის, გამარჯვებულია. არ ღირს სირბილში სხვას შეეჯიბრო, ყველა ადამიანი ინდივიდია, თითოეულ ჩვენგანს ტვინი სხვაგვარად გვაქვს  მოწყობილი და იქნება მისი მზერა უსწრებს ნაბიჯს და ჩვენი ზარმაცი თვალი  - ვერა.
  ბრძოლა კარგია, რა სჯობია, როცა არ ნებდები, მაგრამ გონი იმისთვის მოგვცა უფალმა, საკუთარი ასპარეზი მოვნახოთ. ბრძოლა ბრძოლისთვის არ უნდა შედგეს, მას შედეგი სჭირდება. შესაძლოა, ემსხვერპლო ომს, მაგრამ უაზრო ომებში მონაწილება არ ღირს. საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა, რომ გმირად გვაქცევდეს, დღესვე ჩავუხტებოდით მშიერ ლომებს გალიაში.
  ცხოვრება ხშირად შეცდომის გამოსწორების საშუალებას არ გვაძლევს. რა მარტივია თავდაყირა დადგეს სამყარო, რა ადვილია წამებში შეიცვალოს ბედისწერა.
  რამდენი ლეგენდა იქმნება სიკვდილის შესახებ, რამდენს ვფიქრობთ და ვემზადებით მასთან შესახვედრად, რამდენს ვცდილობთ იმ გზით ვიაროთ, რომლითაც გვერდს ავუვლით დასასრულს, რამდენს ვწვალობთ სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მაინც არასდროს ვართ სიკვდილისთვის მზად, რადგან ის ზარ-ზეიმით არ მოდის, ის მოდის ფეხაკრებით, ზურგიდან გვეპარება და ისე სწრაფად შეიძლება დასრულდეს ყველაფერი, ვერც მივხვდეთ, რომ  დადგა ის წამიც. არც სინანულის საშუალება მოგვეცეს და არც - შიშის. ასე იყო ეთუნას შემთხვევაშიც, ტანჯვით, ქვა-ღორღიან გზაზე მუხლისჩოქვით ამოვლილი გზები, ცრემლით დასველებული დღეები, წამში შეიძლებოდა დასრულებულიყო. რა დიდი ვინმე გვგონია საკუთარი თავები და რა უცბად და უბრალოდ სრულდება ჩვენი ცხოვრება.
  როცა ეთუნამ დამძიმებული ქუთუთოები გაახილა, მიხვდა, სულ ტყუილად სთხოვდა ამდენი წელი უფალს, დავიღალე წამიყვანეო, სულ ამაოდ ფიქრობდა, რომ მისი ცხოვრება დასასრულის მოლოდინი იყო. როგორი სასტიკიც არ უნდა იყოს სამყარო, ჩვენ მაინც არ გვინდა მისი დათმობა იმ იმედით, რომ ერთ დღეს კოშმარი დასრულდება და გაზაფხულის ნათელი დღეები დადგება. რამდენი წელი იღვიძებდა საყვედურით, კიდევ ერთი დღე რატომ გამითენე ამ დაწყევლილ სამყაროში, ღმერთოვო, მაგრამ უფალი, საბედნიეროდ, ჩვენი სურვილებით არ მართავს ცხოვრებას, ჩვენს თხოვნას ყოველთვის არ ითვალისწინებს, თორემ ერთ დღეში დაგვექცეოდა ქვეყანა თავზე.
-ცოცხალი ხარ? - დაეკითხა ხმა საჭეზე გადამხობილ ქალს.
-ცოცხალი ვარ?!- დაეკითხა ეთუნა საკუთარ თავს და სანამ პასუხს მოძებნიდა მხრებში ჩააფრინდა უცნობი და ისეთი ძალით შეაჯანჯღარა, კინაღამ ძვლებში დაამტვრია. ძლივს გაახილა დამძიმებული ქუთუთოები. დამცავი ბალიში გახეთქილიყო და ახლა თეთრი ნისლი სალონში დაცურავდა. ძლიერი დარტყმისაგან მკერდი სტკიოდა. მტვერივით გადაეცალა ბინდი ხსოვნას და ყველაფერი დალაგდა გონებაში.
-ვაიმე, მოვკალი, მგონი, მოვკალი,- განწირული ხმით აყვირდა ეთუნა, მისი ხმა  ქარიშხალივით მოედო  დათოვლილ ტყეს და სიმშვიდე შეარხია.
-დამშვიდდი, არაფერია, არავინ მოგიკლავს,- ფოლადივით გახმაურდა უცნობი მამაკაცის ხმა.
ეთუნას ღრმად ამოსუნთქვა უნდოდა, მაგრამ მკერდი სტკიოდა და შეგუბებული ჰაერი ისევ ფილტვებში დაბრუნდა, თავად კი შუბლი მიაყრდო საჭეს და ატირდა.
  თითქმის ძალით გადმოიყვანა უცნობმა ეთუნას აკანკალებული სხეული მანქანიდან და იქვე, გზის პირას დასვა.
  თოვლი ანათებდა რაჭის ტყეებს და ნაძვების გაფითრებული ღაწვებიდან არეკლილ შუქზე ეთუნამ თვალი მიადევნა მამაკაცის მოძრობას, რომელიც ძრავას  ჩასჩერებოდა.
-უჰ, არაა კარგი ამბავი, - ამცნო უცნობმა, მაგრამ ახლა მანქანა ყველაზე ნაკლებად ადარდებდა, ერთადერთი რაზე ფიქრიც შეეძლო ის იყო, რომ შეიძლებოდა, მომკვდარიყო, ან კიდევ უარესი, ვინმე მოეკლა. 
  -არაფერია, მთავარია, არ დაგეჯახე, მანქანას ეშველება,- ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს.
-ძნელია თოვლზე სიარული, პანტა-პუნტით ცვივა მანქანები,- გაამხნევა უცნობმა.
  თოვდა გადაუღებლად და წამწამებს მარგალიტებივით ეკიდებოდა ფიფქები. შიში კი ზურგიდან მოჰპარვოდა ქალს და კისერზე შემოეხვია ხელები: გადარჩა, გადარჩა, არ დაიღუპა, არავინ მოუკლავს! მაგრამ ახლა ტყეშია, რაჭის მიუვალ ნაძვნარში, მის გვერდით უცნობი კაცი და მის უკან, ტყის სიღრმეში, მტაცებელი ცხოველებია, ახლა რა უნდა ქნას? როგორ გაიტანოს ყინვისგან დატუსაღებული ღამე? მეგობრები წამოაგონდა.
-უკაცრავად, ვერ დამარეკინებთ? ტელეფონი არ მაქვს და ...- სთხოვა ეთომ.
-ვააჰ, ჩვენს დროში და ტელეფონი არ გაქვს? საოცრებაა ნამდვილი, როგორ არსებობ ასეთი აუცილებლობის გარეშე?- ირონიამ ჩვილის საჩხაკუნო სათამაშოსავით გაიჟღარუნა მამაკაცის ხმაში.
-ახლა არ მაქვს, თორემ ისე როგორ არ  მაქვს,- თავი იმართლასავით ეთომ.
-  ტელეფონი სახლში მაქვს და სანამ იქამდე მივალთ, იქნება ეს მანქანა ამოვათრიოთ.
-შორს ცხოვრობთ?
-არც ისე.
  მამაკაცი დაუკითხავად მიუჯდა საჭეს, მარტოდ დარჩენის საფრთხის შეგრძნებამ აიძულა ეთუნა, მძღოლის გვერდით სავარძელზე ნაჩქარევად მოთავსებულიყო.  რამდენიმე მცდელობის შემდეგ,  მანქანა ადგილიდან დაიძრა. სალონის მკრთალ განათებაში ქალმა ახალი ნაცნობი შეათვალიერა:
    ასე 40 წლის იქნებოდა, მუქი ხორბლისფერი კანი და მუგუზალივით შავი თვალები ჰქონდა. ძლიერი, მამაკაცური,  ცოტა არ იყოს და მკაცრი ნაკვთები  ქართულ გენს უსვამდა ხაზს.  სქელი, უხეში ქსოვილის ქურთუკი  განიერ მხრებსა და ძლიერ მკლავებს ვერ მალავდა.
    ეთუნას ახალმა ნაცნობმა  დიდი წვალების შედეგად მანქანა გზაზე დააყენა, ძრავაში სკოლის ზარივით ხმაურობდა რაღაც .
-ოოჰ, მგონი საქმე უფრო ცუდადაა, ვიდრე წარმომედგინა,- თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა, დაახლოებით 20 მეტრში მარჯვნივ გადაუხვია და ტყეს შერეულ გზას დაადგა.
-სად მივდივართ?
-ტყეში მიმყავხარ, უნდა შეგწვა და შეგჭამო, - გაეღიმა კაცს. ეთოსაც გაეღიმა, მაგრამ უფრო სიმწრით:
-მეეჭვება, გემრიელი ხორცი მქონდეს.
-არა და მე პირიქით მგონია, ძალიან გემრიელად გამოიყურები,- ეს კომპლიმენტს გავდა და ეთოს ახლაღა გაახსენდა, რომ რაც თვითმფრინავიდან ჩამოვიდა სარკეში არ ჩაუხედავს. ალბათ როგორი გაწეწილი და თვალებამოღამებული ვარ, გაკიცხა თავი.
-მართლა, სად მივდივართ?
-ტელეფონზე დარეკვა ხომ გინდა, ასე რომ, სახლში მიმყავხარ, ნუ გეშინია!
  ნუ გეშინიაო, რომ უთხრა კაცმა, ახლა უკეთ მიხვდა ეთო, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა, ძალიანაც საშიში ყოფილიყო.  ვინმემ ყელი რომ გამოღადროს და მიაგდოს ტყეში, მომკითხველი არავინ ეყოლება. საერთოდ არავის დააკლდება, არავინ დაიწყებს მის ძებნას - ნაკადულივით გაიკლაკნა შიში სხეულში. მანქანის კარს ჩაეჭიდა, იფიქრა თუ საფრთხე ვიგრძენი, კარს გავაღებ და გადავხტებიო.  ქალის დაძაბულობა სალონში გაიფანტა და კაცს თვალებში მოებლანდა. თანამგზავრს გახედა, კაკანათში გამომწყვდეულ ჩიტს გავდა ქალი და მახიდან მისი გამოხსნა მოუნდა.
-სულ  დამავიწყდა, მეთქვა, მე სანდრო ვარ.
-ეთო,- გაუბედავად, ძლივსგასაგონად წარმოთქვა.
-ახალი წლის  ღამეს საით  გაგიწევია?
-მეგობრებთან, სოფელ ღებში, - თქვა და უცბად წამოაგონდა, რომ ახალი წელია და გაუხარდა, რადგან ბავშვობიდანვე სწამდა, რომ ამ დღეს  ადამიანები უფრო კეთილები და დამთმობები ხდებოდნენ,- ახალ წელს გილოცავთ.
-ამ აურზაურში  ეგ სულ დამავიწყდა.  მეც გილოცავ.
  დაახლოებით 15 წუთი სიარულის შემდეგ  სოფელში შევიდნენ. აქა-იქ ციცინათელებივით ანათებდა ხის აივნებიანი სახლებიდან გამოპარული სინათლე. ორღობის ბოლოს ხის დაბალ  მესერთან მიაჩერა მანქანა და ეთო სახლში მიიპატიჟა. თოვდა გადაუღებლად. ფრთხილი ნაბიჯით გადავიდა, მუხლამდე თოვლში ძლივს მიიკვლევდა გზას. თვალებზე ეცემოდა თოვლი და მხედველობაში ხელს უშლიდა. ეუცნაურა, რომ წინ სრული სიბნელე იყო და სახლიდან სინათლე არ გამოდიოდა.  დაეჭვდა, მაგრამ ახლა უკან დახევა აღარ შეიძლებოდა, აქ ამ სამყაროს დასასრულში, მისი მშველელი მაინც არავინ იქნებოდა და ამიტომ ბედს მიენდო. ეზოში შესვლისთანავე ძაღლი აყეფთა, ბობა როგორ ხვდები სტუმარსო, თავზე მიეფერა პატრონი, კრემისფერმა, ბომბორა ძაღლმა კუდის ქიცინი დაიწყო.
  სანდრომ  კარი შეაღო და ჩამრთველს დაუდევრად მისცხო ხელი.  ოთახი განათდა.
-შედი და ახლავე მოვალ,- უთხრა და ეზოში გაბრუნდა.
  ეთო  ისეთი ფრთხილი ნაბიჯით შევიდა, თითქოს დანაღმულ ველზე მიაბიჯებდა.  ორი სავარძელი, ხის მრგვალი მაგიდა, წყლის დოქი, 4 სკამი და დიდი, შინდისფერი ნოხი - სახლში სითბო და მყუდროება წინსაფარაკრული დიასახლისივით გაბატონებულიყო. კუთხეში დაყენებულ, დასჯილ ბავშვს ჰგავდა მინავლებული ბუხარი.
-კაცი, რომელსაც ეზოში ვენახი და სახლში ბუხარი აქვს, ცუდი ადამიანი არ იქნება,- გაიფიქრა ეთუნამ,- კაცის საზომი ალბათ მისი ვაზისადმი დამოკიდებულებაა, - დაუკითხავად  გაჩნდა აზრი ქალის თავში.  ვაზი და არა ღვინოო, იქვე განმარტა საკუთარი სიტყვები,- ვაზი თითქოს სამშობლოა და როგორც მისი გესმის და აფასებ, ასევე, შეგეძლება  მშობლიური მიწის დაცვაცო. იქნებ ვაზი სულაც არ აქვს და არ უვლისო, შეეპასუხა ეჭვიანი ნახევარი. ლოგიკური ჩანდა კითხვა, მაგრამ გული უგრძნობდა, ექნებაო. ტყის პირას რომ ცხოვრობ კაცი, ხის აივნიანი სახლი გაქვს, იმ სახლში კიდევ ბუხარი გინთია და მაგიდაზე დოქით მთის წყაროს წყალი გიდგას, ვინმე შეციებული და მწყურვალი რომ შემოვიდეს, მისი წყურვილის მოკვლა და ხელების გათბობა რომ შესძლო, როგორ შეიძლება ვენახი არ გქონდეს, ჰა?!- გამოაჯავრა ოპონენტი. 
  ფიქრებიდან სანდროს  ფეხის ხმამ გამოიყვანა. იღლიით შეშა შემოიტანა,  ბუხრის წინ დაყარა,  ჩაიმუხლა და მინავლებული ნაკვერჩლის გაღვივება დაიწყო. ახლაღა მიხვდა ეთო, რომ ხელები და ცხვირი ისე გაჰყინვოდა, ვეღარ გრძნობდა, მიუპატიჟებლად მიიწია ცეცხლთან და ხელები მიუფიცხა.
-ჩამოჯექი,- უთხრა სანდრომ საქმეს რომ მორჩა.
-იყოს, მადლობა, იქნებ დამარეკინოთ.
სანდრომ ტელეფონი იქვე კუთხეში, დენის ჩამრთველიდან გამოაცალა და სტუმარს გაუწოდა.
  ეთუნამ ნაჩქარევად აკრიფა ნომერი, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო. 
-სად უგდია, - ჩაილაპარაკა თავისთვის და გამეორებას მისცა. 5 ზარის შემდეგ უპასუხეს. 
-ნათი, ეთო ვარ.
-ეთუნაა, ჩემი გოგო, ელენე ვარ,- გამოიჭრა ყურმილიდან ელენეს წიკვინა ხმა.
-ელე, სოფელში ჩავრჩი, მანქანა გამიფუჭ...
-მოღალატე, მოღალატე, მოღალატეეე, ვერ გიტანთ!! რატომ არ ჩამოხვედი? აუტანელი ხარ, საზიზღარი!- მიაყარა სიტყვები ელენემ.
-მთვრალი ხარ?
-ეთი, შენ თავს გეფიცები, ძაან დავთვერით ყველა, გონზე არ ვართ, დაეძინათ, აუ, ნათია, უნდა ნახო,- და ისეთი სიცილი აუტყდა ელენეს, კარგა ხანი ვერ მოიტრიალა სული,- გოგო, ცუდი ხარ, რომ არ ჩამოხვედი რა.
-ელე, მანდ შენ მეტი არავინაა, რომ დამალაპარაკო?
-არა, შენ თავს გეფიცები, ყველაას სძინავს, ვაფშე, გაიგუდნენ რა. მე ვარ მარტო ფეხზე. მიყვარხარ ძაან.
ეთომ ტელეფონი გათიშა და ხელები უღონოდ ჩამოუშვა.
-აქედან სოფელი ღები შორსაა?
-ასე 20 კილომეტრი მაინც იქნება, მაგრამ ძალიან ცუდი გზაა. რა ხდება?
-ღებში მივდივარ, მეგობრები მელოდებიან, ახლა დავრეკე და ყველას სძინავს, გათიშულები არიან.
-ამ შუაღამისას თან იმ მანქანით წასვლა - არც იფიქრო!
  ბრძანებას ჰგავდა სანდროს ნათქვამი. თვალებმა შობა გაოცება და მერე წარბები ბიჭის მამასავით წამოყელყელავდნენ. ღიმილიანი მზერა სხივივით ესროლა მასპინძელს, ეგონა კაცის კუშტ სახეს მოათბობდა, ყინულის  ლოლოსავით ჩამოღვენთავდა სიჯიუტეს, მაგრამ შესცდა.
-დაშლილი მანქანით, თან ამ მოყინულ გზაზე, იმ საშინელი საბურავებით, გამორიცხულია!  დღეს ვერსად წახვალ და დილით შევხედოთ მანქანას, ვეცდები, რამე მოვუხერხო! 
  უღონოდ ჩამოუშვა ხელები ქალმა, გატყდა, მართალი იყო სანდრო, სიკვდილზე წასვლას ნიშნავს მანქანით მგზავრობა - დანებდა.
    სანდრომ მარნიდან თიხის დოქით ღვინო გამოიტანა, მოხარშული ღორის თავი დადო მაგიდის შუაგულში, ყველი ჩაჭრა, მწნილი ამოიღო ქილიდან, ხელითვე დაამტვრია თონის პური. ნერწყვი მოადგა სტუმარს. ისეთი ქართული იყო ყველაფერი,  მიხვდა, რომ ძალიან შიოდა და ბევრი პატიჟი არ დასჭირვებია, ისე მიუჯდა სუფრას. ხვანჭკარა პირს შაბავდა, როგორც ჩანს, დიდხანს გაეჩერებინა სანდროს ქვევრში ჭაჭასთან ერთად. ცივი იყო და მოწყურებულივით დალია რამდენიმე ჭიქა ეთუნამ. ძალა ჰქონდა ღვინოს და სისხლი გაუთბა, სიმსუბუქე იგრძნო, ლოყები შეუწითლდა.
-ამ ახალ წელს სახლში მარტო რატომ ხარ? - დაეკითხა შეთამამებული ქალი.
-და შენ ამ ახალ წელს აქ რა გინდა? - გაეღიმა სანდროს.
-დიდი ისტორიაა, ამ დილით ჩამოვედი ევროპიდან.
-ვაჰ, ევროპა კარგია! საინტერესოა, რომ ჩამოხვედი, ძირითადად იქ ვინც მიდის, აღარ ბრუნდება ჩვენს საწყალ ქვეყანაში.
-არაფერია იქ ისეთი, რაც საქართველოში დაბრუნების სურვილს დაგაკარგვინებს.
-ჰო? აბა, რატომ მიდის მთელი ქვეყანა ნათელი მხარისკენ ამ ბნელი 90-იანების ეპოქიდან?
-უსამართლობაა, სხვის ნაცვლად საუბარი. იქნება ქვეყნიდან კი არ მირბის ხალხი, ქვეყანა წიხლის კვრით აგდებს თავისი მიწიდან?
-საწყენად არ მითქვამს, მაგრამ ვეჭვობ, ქვეყანა მასეთი უსამართლო იყოს.
-სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო,- როგორც ამბობდა დიდი რუსთველი,- სიმწრით ჩაეღიმა ეთოს.
-შორს წაგვიყვანს ეს კამათი, მოგილოცავ ახალ წელს,- ეთუნას შემოგებებულ ჭიქას მსუბუქად მიუჭახუნა სანდრომ,- სიმართლე ითქვას, ახალი წელი ჩემთვის დიდი ვერაფერი დღესასწაულია, მაგრამ მაინც სიკეთე და სიხარული მოეტანოს.
-პირველი ადამიანი ხარ, ჩემს ნაცნობებს შორის, ვისთვისაც  ეს დღე  დღესასწაული არაა. არც ბავშვობაში გიყვარდა ახალი წელი?
-მე ბავშვი არ ვყოფილვარ, პირდაპირ დიდი დავიბადე.
-სიმართლე ითქვას, მეც დიდად არ დამცალდა ბავშვობა, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარდა.
-ახალი წელი პირდაპირ საჩვენო დღესასწაულია, ერთთვიან სმა-ჭამასა და დასვენებაზე რომ  აღარაფერი ვთქვათ, მთელ ჩვენს საკეთებელს ახალ წელს მივანდობთ ხოლმე და მერე, ჩვენდა გასაკვირად, ახლი წელი რომ ვერ მოახდენს სასწაულს, ცუდი წელი იყოვო და მომავალ  წელს ველოდებით, რომ ოცნებები აგვისულოს.
-ოცნებების რა გითხრა, რაც დრო გადის ისინი სულ უფრო მცირდება და ბოლოს ალბათ, საერთოდაც ქრება, მაგრამ ახალი წელი, თითქოს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ რაიმე შევცვალო და გამოვასწორო, რომ გადავხედო, რაც წინა წელს ვერ შევძელი და ახალი გეგმები დავისახო, ახალი ბრძოლა დავიწყო. ახლა რომ გითხრა, დიდად ვარ ომების მოგების განწყობაზე-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ ბავშვობაში ასე ვხვდებოდი ახალ წელს. ახალი წლის ღამე დედა გეგმას მაწერინება, ძირითადად 13 პუნქტიან გეგმას ვწერდი, რა მინდოდა გამეკეთებინა მომავალ წელს, ეს სურვილები რეალური უნდა ყოფილიყო, მაგალითად, წელს უნდა დავიკლო 2 კილო, ან ვისწავლო ინგლისური ენა და რაღაც მსგავსი, ჯადოსნურ ხალიჩებსა და პრინცებს არ ვითხოვდი, ესეც დედამ მასწავლა, სულ იმას მეუბნებოდა, მხოლოდ ხელმისაწვდომის აღება მოინდომე, თორემ მაგიდის ბოლომდე ხელი არ მიგიწვდება და რაც შენი ცხვირის წინაა, იმასაც სხვა შეგიჭამსო. მოკლედ, ამ სურვილებს ვინახავდით. მომავალ ახალ წელს ვამოწმებდით, რისი გაკეთება შევძელი და რისი არა, თუ ნახევარზე მეტი გაკეთებული მექნებოდა, ესე იგი  ნაყოფიერი წელი იყო და ახალი გეგმების შედგენას ვიწყებდით.
-ჭკვიანი დედა გყოლია.
-კი, ძალიან ჭკვიანი ქალი იყო, მხოლოდ ერთ რამეში შესცდა:  დამოუკიდებელ და ძლიერ გოგოდ მზრდიდა, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი მტირალა ქალი გავიზარდე.
  სანდრომ ჩანგალი თეფშზე დადო და ინტერესით შეათვალიერა ქალი. სუსტი იყო, კისერთან დაუდევრად გადაჭრილი ჟღალი თმით, თეთრი და დაჭორფლილი კანი ჰქონდა და თაფლისფერი, ოდნავ ამღვრეული თვალები, თითქოს ცრემლების შეკავებას ცდილობდა.
  სანდროს  მოეჩვენა, რომ არც ისე სუსტი უნდა ყოფილიყო ეთო, მეტიც, ძალიან ძლიერი ეჩვენა, მით უფრო, რომ თვალებზე ეტყობოდა წლები ცემენტის ტომარასავით მოეგდო მხრებზე, მძიმე და მტკივნეული წარსული დამჩნეოდა მზერას, მაგრამ ამის მიუხედავად, ღიმილს არ იშურებდა, თითქოს საკუთარ თავს არ ეპუებოდა, დასცინოდა ტკივილს. ძალიან ლამაზია, საინტერესოა, მარტო რატომაა, რა შეემთხვა?- ფიქრობდა სანდრო.
  ეთო მასპინძლის მზერას გრძნობდა და თავდახრილი იჯდა, ჭიქას ჩაჰყურებდა, დუმილი საკმარისზე მეტ ხანს გაგრძელდა და ჰაერი უხერხულობამ კუთხესთან მიიმწყვდია.
  ქალი ყოველთვის გრძნობს საკუთარ ძალას.  უხილავი ძაფები, რაც მამაკაცსა და ქალს შორის ჩნდება, ქალისთვის ყოველთვის ნათელია და ამ წუთას, ეთუნამ თვალები  დახარა და თითქოს ყულფში გაყო თავიო, ისე მინებდა ამ ძაფებს. ღვინომ, წარსულის მძიმე წლებმა თუ ამ უცნაურ სახლში ახალი წლის ჯადოსნურმა ღამემ თავისი ქნა და მოუნდა თამაშში ჩაბმა, სულ რამდენიმე წუთით მაინც თავი საჭიროდ და სასურველად უნდოდა ეგრძნო და საკუთარ თავს წინააღმდეგობა არ გაუწია. თავი ნაზად ასწია და თვალები შეანათა შემთვრალ კაცს.
  ამღვრეოდა სურვილით მზერა სანდროს.  ეთუნას თვალები მას თითქოს სულში ჩასძვრომოდნენ და  ფიქრები  დღის სინათლეზე გამოეტანათ. ახლა  თითქოს შიშველი იდგა და სურვილი შემონთებოდა, თითქოს გრძნობდა კიდევაც ეთო კაცის ძლიერი ხელების შეხებას, ჯერ თმაზე, მერე მხრებზე,  წელზე...
  სახეზე მოაწვა, ჯერ სურვილი და მერე სირცხვილი, წამოენთო. ბროწეულები ელავდნენ ქალის ჭორფლიან კანზე და უფრო მეტად მოესურვილა სანდროს. ეთოს ისეთი თვალები ჰქონდა, ჩამადნებაო, ალბათ, ხელში. თვალებით მოეალერსა კაცი. მზერა ღაწვებიდან ტუჩებისაკენ გაექცა.  ღვინოსმული ქალი აჰყვა კაცის სურვილს და ოდნავ ღიად დარჩენილ, დაბურცულ ტუჩებს ბორკილები დაადო - კბილებში მოიქცია,  თითქოს მარწუხებს ადებდა, თითქოს უკრძალავდა უფრო შორს წასვლას. 
  ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა კაცმა და თვალები ახლა უკვე მის დაუკითხავად ყელს რომ ჩაჰყვა, ალაგ-ალაგ აწითლებულმა კანმა ქალის მღელვარება გათქვა. თანხმობას ჰგავდა  ჩუტყვავილასავით, ალაგ-ალაგ ამოსული ყაყაჩოები, გეგონებოდა, გამომშრალ მიწას წვიმა მონატრებოდა, ისე სურდა ამ ყელს სანდროს ტუჩების შეხება.
  ქალმა ვეღარ გაუძლო და თვალი  მოარიდა, საკუთარ თითებს დახედა, ამ თითებისაკენ გაიწია კაცის  მზერამაც. თეთრი, გრძელი, გამჭვირვალე თითები ჰქონდა.  წვიმაში გაწუწული, პატარა ბეღურასავით  აფართხალდებაო  ეს თითები ჩემს ხელებში, იფიქრა სანდრომ და მუჭი ისე შეკრა, თითქოს საკუთარი ვნება ჩაემწყვდიოს ხელში და მის დახრჩობას აპირებდესო. სურვილმა დასჯაბნა სანდროს ძლიერი ხელები და თითები გააშლევინა, მერე ეს თითები, დათვის ტორებს რომ უფრო ჰგავდა, ჯერ მხარზე შეეხო ქალს, მერე ყელზე მოეალერსა, მერე წელისკენ გაიწია.
  უხმაუროდ, ნელა, აუჩქარებლად, ნაზად მიუყვებოდა ქალის აკანკალებულ, შიშისა თუ სიამოვნებისაგან შემკრთალ კანს. თითები ერთმანეთში აიხლართა, ღილის გახსნა გაუჭირდა, მკერდი ბობოქრობდა და განთავისუფებას ითხოვდა, რაც მეტი იყო სურვილი, მით უფრო ჯიუტობდა ღილი და ბოლოს, როცა გამოჩნდა, მღელვარებისაგან ატმის კანივით დაბუსუსებული, ეკალდაყრილი მკერდი და სანდროს  მუჭაში ვერ ჩაეტია, ვერ მოთავსდა მისი ხელისგულზე, დაავიწყდა სად იყო და ვინ იყო, გაქრა დრო და სივრცე, თითქოს დედამიწა ეცოტავა და ჰაერში აფარფატდა, თითქოს, სამყარო გამქრალიყო და იყო მხოლოდ ერთადერთი ქალი, რომელიც  უდაბნოდან დაბრუნებული, მოწყურებული ეწაფებოდა წყალს და წყალი არ იყო საკარისი, ის ვერ სძლევდა საკუთარ წყურვილს და თითქოს ის იყო პირველი ქალი მის ცხოვრებაში.
  რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ხილული, რაღაც ძალიან ბუნდოვანს მოეფინა ნათელი და მერე როცა ქალის მძინარე სხეული, საკუთარ მკერდზე მიაწვინა, მიხვდა, ამისთვის ვცხოვრობდიო ალბათ, ამ ქალის ლოდინში გაიარაო 40-მა წელმა და მისი მკლავები შიშველ ზურგს ბორკილივით შემოეჭდო, თითქოს, მასთან შერწყმა, საკუთარი ნეკნის ადგილზე დაბრუნება ესურვებინოს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები