ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: დოლიძე
ჟანრი: პროზა
5 ნოემბერი, 2018


რაჟდენას ვალი

"რას გააჩმახე კაცო, რომ დამდგარხარ ყოველ ალიონზე და ყიჟინებ, შენს გამო ძილი ვერ შეგვირგია- დილაობით ასე ამკობდნენ ეზოს ბინადარნი რაჟდენას.
- გამაგიჟებს ეს ხალხი, თუ არ გინდათ ეს ჩემი მაწონი, რას გამოდიხართ დილაუთენია და რიგს მიყენებთ?- ხელებს შლიდა რაჟდენა. უკმაყოფილოდ ჩადებდა მაწვნის საფასურს ძველებურ, გაცრეცილ ქისაში და ბუზღუნით მიატრიალებდა მაწვნის ქილებით ავსებულ ურიკას.
- ცოტა გვიან რომ მოხვიდე, არ შეიძლება? მაინცდამაინც დილის 7 საათზე უნდა დაიწყო " სოფლის მაწონის" ყვირილი და ბავშვები გაუთენებელზე წამომიყარო ლოგინიდან? - კაპასობდა ნანა, ამოიღებდა დაკუჭულ ქაღალდის ფულს ლიფიდან და რაჟდენას ხელში საგულდაგულოდ ჩაუდებდა. რაჟდენა ღიმილით მოუჭერდა დაძარღვულ მუშტს თბილ ფულს და ნანას თვალს ჩაუკრავდა. ქალი პარკში ჩადებდა ორ ქილა მაწონს და კეკლუცი რხევით ხის კიბეს აირბენდა.
- მაიტა, რაჟდენ, სამი ცალი, დღეს მაინც დავიწყო ეს ოხერი დიეტა - წელს ზემოთ შიშველი გადმოდგებოდა ვახო აივანზე - ეს მუცელი ისე უნდა დავაგდო,
როგორც ხუთი წლის უკან მქონდა, თორემ ცოლი აღარ დამიწვება გვერდით- წამოზრდილ ღიპზე მიიტყაპუნებდა ხელს.
-ხუთი წლის უკანაც ეგ ღიპი გამშვენებდა ვახოჯან და არც რვა წლის უკან ყოფილხარ საროს ტანის- ჩაიღიმებდა რაჟდენა და მაწვნის სამ ქილას დაამწკრივებდა მოაჯირზე.
- იი, შენი გამოსწორება არ იქნება, მაწვნის მეტი შენ რა იცი - აღშფოთდებოდა ვახო და ფულს ესროდა რაჟდენას.
ისიც, უკვე კარგად გაწაფული, ჰაერშივე იჭერდა აფრიალებულ ქაღალდებს და კვლავ განაგრძობდა: "სოფლის მაწონი"!
ვახო უმალ დანთქავდა სამივე ქილას და როცა ცოლს გარეთ დაიგულებდა, მაცივარს მიადგებოდა
- შენ კი დაგაყარე მიწა, ისევ მაცივარში ძვრები, ვერა ხედავ რას დაემსგავსე?- ძუ ლომივით ეკვეთებოდა ცოლი ფაქტზე დაჭერილ ვახოს და " სამოთხის კარიც "იხურებოდა.
როცა ყველა ქილას გაყიდდა, ამჩატებული ურიკით რაჟდენა პირველ სართულზე, პატარა, ღარიბულ კარს მიადგებოდა.
- უიმე, ისევ შენ, რაჟდენ? ამდენ ვალს ვერ გადავიხდი -თვალების ფშვნეტით გააღებდა კარს ლალი და სახეზე სიწითლე მოედებოდა.
- გადაიხდი ქალო, გადაიხდი, ხომ იცი, არ გაჩქარებ, მაგ მჭყივანა ჩვილს საჭმელი არ უნდა? - დაუტატანებდა რაჟდენა და საგანგებოდ გადანახულ ერთ ქილას მიაწოდებდა მორცხვად მომღიმარ ქალს.
ამასობაში ჩვილი წამოიზარდა, უკვე რვა წლისაც გახდა, მაგრამ რაჟდენა ყოველ დილით მაინც მიადგებოდა ლალის კარს და ამდენი წლის დაგროვილი ვალიც "არ ეჩქარებოდა".
დრო ნელა, აუჩქარებლად გადიოდა პატარა, ქალაქურ ეზოში.
ერთ დილას ნანამ რომ გაიღვიძა, მზე დიდი ხნის ამოსული იყო. ბავშვებს გადახედა. მშვიდად ეძინათ.
- რა ხდება?- გაუკვირდა უნებურად. - უიმე, რაჟდენას მაწონი...სად დაიკარგა ეს კაცი დღეს, ალბათ ისე ღრმად ჩამეძინა, მაგის ოპერის ბარიტონმაც ვერ გამაღვიძა.
მეტი რა გზა იყო, დედა და შვილები უგემურად შეექცნენ ჩაის.
ვახო, ჩვეულებისამებრ, ადრიანად გადმოდგა აივანზე, მაგრამ მისდა გასაკვირად, ეზოში უჩვეულო სიჩუმე იდგა.ცოტა ხანში შინ შებრუნდა, მაცივრიდან ნოყიერი საჭმელი გამოიღო და თამამად შეექცა.
- რას შვრები, კაცო?- შემოვარდა ოთახში ცოლი.
-- როგორ დავიწყო დიეტა? რაჟდენა არ მოსულა--გაკვეთილის მცოდნე ბავშვივით, თამამად ჩაიბურტყუნა საჭმლით პირგამოტენილმა ვახომ.
- არ მოსულა? - შეცბა ცოლი - ახლა ტყუილებიც დაიწყე?
გარეთ გავიდა,მაგრამ გაღვიძების გამო აწუწუნებული მეზობლები ვერსად დალანდა.
დილის 11 საათისთვის მთელმა ეზომ გაიღვიძა.ბავშვებს ტუჩის კუთხეებში მაწვნის კვალი არ ემჩნეოდათ. მეზობლები უჩვეულოდ მოთენთილად გრძნობდნენ თავს.
ჩვეულებრისამებრ, ამ დროისთვის რაჟდენაც წასული იყო ,მაწონიც შეჭმული და ეზოც აყაყანებული.
რამდენიმე დღე გავიდა. დილაობით ყველა გაფაციცებით ელოდა "მაღვიძარას",თუმცა ამაოდ.
ერთ დღეს ეზო წკრიალა ხმამ გააღვიძა:
-"სოფლის მაწონი", "სოფლის მაწონი"...
ქალი, კაცი, ბავშვი, ყველანი აივნებს მიაწყდნენ.
- მაწონი არ გინდათ? სოფლის კარგი მაწონი - ომახიანად ყვიროდა 9-10 წლის, შავტუხა ბიჭი და გაძეძგილ ურიკას სუსტი ხელებით აწვებოდა.
-მე მინდა -ფრთხილად თქვა ვახომ და ბიჭს დააკვირდა - ვისი ხარ?
--რაჟდენასი--არხეინად უპასუხა ბიჭმა და ქილების გადმოღება დაიწყო.
- და ...რაჟდენა სად არის? -საკუთარი ხმა თითქოს შეცვლილი ეჩვენა ნანას.
- ბაბუა ერთი კვირის წინ დავასაფლავეთ. - შედგა ბიჭი და ციმციმა თვალებში სევდა შეეპარა, მაგრამ უმალ გადაიყარა ღრუბელი და ხმამაღლა იკითხა:
- აქ მჭყივანა ჩვილი ხომ არ გყავთ?
--ჩვილი? - მახსოვრობა დაძაბა
ეზომ.
- აი, ეს არის- ლალიმ წინ წასწია 8-9 წლის ბავშვი.
- ესა? ბიჭმა უნდობლად შეათვალიერა თანატოლი.- ..ჰოო, ბაბუაჩემს თქვენი ვალი ჰქონია, დამიბარა ყოველდღე თითო მაწონი დაგიტოვოთ - მტკიცედ თქვა და თეთრი ქილა საქმიანი იერით გაუწოდა ლალის.
ქალს ცრემლით დაენამა თვალები. გაახსენდა ქმრის სიკვდილის შემდეგ აღარცერთხელ ატირებულა.
ეზო გარინდულიყო...."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები