ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2018


წერილებიდან შერონს

ჩვენ ერთად არ გვიცხოვრია
და მაინც გვეყოლა შვილი.
ის ჩემ სხეულში ჩაისახა, მამაკაცის სხეულში.
მირჩიეს მომეშორებინა, დაბადებამდე შეეშინდათ მისი.
შენ არც კი იცოდი მისი არსებობის შესახებ.
საკუთარ სხეულში ვზრდიდი ჩვენს შვილს.
მაფრთხილებდი, რომ შენგან თავი უნდა დამეცვა.
მჟავე კიტრის, საპნის, სამოთხის ვაშლის მურაბის ნაცვლად,
მე სიბნელე მინდებოდა. მოურჩენელი სიბნელე.
მარტოობის დესერტზე უარს ვერ ვამბობდი.
წონაში მოვიმატე.
მშობლებს ვუმალავდი, მეგობრებსაც…
ვერავინ ხვდებოდა.
ბოლო თვეებში საფეთქელთან ვგრძნობდი,
როგორ მაჭერდა თითებს, ცხელ და მძიმე თითებს.
მირჩიეს მომეშორებინა. ამჯერად ჩემი დაკარგვის შეეშინდათ.
მითხრეს, რომ ვერ გადავიტანდი.
ასეც მოხდა.
მე ვარსკვლავებს დავემსგავსე.
ადამიანები მხედავენ,
მაგრამ არ იციან, რომ მე დიდი ხნის ჩამქვრალი ვარ.
ჩვენ შვილს ადამიანები შეუყვარდა.
ის არავის მოსწონს.
ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
ის მაინც ცდილობს ადამიანებთან ახლოს ყოფნას.
შენ არც კი იცი, რომ შვილი გყავს.
შენ ისიც არ იცი, რომ შენი თვალები აქვს ჩვენს შვილს.
შენ აუცილებლად გაიცნობ ჩვენ შვილს.
მე შენგან შორს ვარ. აქ დრო არ არსებობს.
მე ვარსკლავი ვარ,
რომელსაც ადამიანები ხედავენ და
არ იციან, რომ ის დიდი ხანია ჩამქვრალია.
ჩვენი შვილის სახელი ადამიანებს არ მოსწონთ.
ეს სახელი მე შენი თვალების სიშორის გამო დავარქვი.
ჩვენი შვილი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
ჩვენი შვილი – იმედგაცრუება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები