ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თამუნა.გელიტაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 ნოემბერი, 2018


ანდეგრაუნდული ქრონიკები (ლუკა ბაქანიძის „მესამე ნაპირის” ინტერპრეტაციისთვის)

თამარ გელიტაშვილი


ანდეგრაუნდული ქრონიკები

ლუკა ბაქანიძის „მესამე ნაპირის” ინტერპრეტაციისათვის


აქ ვერ შეხვდებით ცისფერყანწელთა „აქტიორულ სულს”, აქ ცხოვრებისეული წარმოდგენები თეატრალური კოსტიუმების გარეშე იმართება; ამ სამყაროში ყველა ნიღბის გარეშე დაიარება - შიშველი სულითა და გამჭვირვალე ქმედებით. ეს „გაღმა” ნაპირია, ადგილი ლუკა ბაქანიძის, ერთი შეხედვით, სათავგადასავლო ჟანრის წიგნიდან „მესამე ნაპირი”.
საკუთარ თავსა და საზოგადოებასთან გაუცხოება, ყოვლისმომცველი ნიჰილიზმი და ყოფიერების მოშლა, ცხოვრების დუნე რიტმი და ეგზისტენციალური არსის კრიზისი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზთაგან, რომლებიც „მესამე ნაპირის” პერსონაჟებს აიძულებს, უარი თქვან ჩვეულ ცხოვრებაზე და გამოეყონ გარშემომყოფთ, ზურგი აქციონ მათ დოგმატურ მსოფლმხედველობას და მეორე, მათთვის სრულიად უცხო, მაგრამ მიმზიდველი სამყაროსკენ გაცურონ. იქ, სადაც, უკიდეგანო თავისუფლების მიღმა, თამამად და ხალისით ამსხვრევენ მოსაწყენ, ვიწრო სტერეოტიპულ კონსტრუქციებს.
ნაწარმოებში მოქმედების არეალი ორ ნაწილად არის გაყოფილი - გაღმა და გამოღმა. ამ პირობითობას ჩვენს ყოველდღიურობაში წამოჭრილი ყოფითი თუ ფსიქოლოგიური პრობლემების სიჭარბე ქმნის, რომლის ამოხსნასაც ემსახურება ლუკა ბაქანიძის წიგნი. ამიტომაც მთელი ნარატივი ამ „ორი ნაპირის” შედარება-შეპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ეს „ორი ნაპირი” ადამიანური ყოფის ორი ძირითადი მოდელია, სქემაა ურთიერთსაპირისპირო, ამბივალენტური ქმედებებითა და კარდინალურად განსხვავებული ცნებებით. პირველი (გაღმა), თავისი რაციონალურობით, მიზეზთა მიზეზთაგანია არსობრივი გაუცხოებისა, რა დროსაც ადამიანი ორიენტირების უნარს კარგავს სამყაროში, სადაც ყველაფერი უაზრო და აბსურდულია, მეორე კი (გამოღმა) - ამ რაციონალური აბსურდულობისგან გაქცევის, მისგან თავდახსნის მცდელობა.
რა წარმოშობს ერთ ქვეყანაში, ერთ ქალაქში, თუნდაც ერთ ვიწრო დასახლებულ პუნქტში „გაღმა-გამოღმა ნაპირებს”, რომლებიც არქიპელაგებივით ამომართულა ჩვენს უკიდეგანო ოკეანეში, ყოფიერებას რომ ვუწოდებთ და რომელთა მენტალურ ორიენტაციასაც ციებიანივით გაურბის სოციუმი?
ამ კითხვებზე პასუხგასაცემად, ვფიქრობ, ნაწარმოების სიუჟეტური ხაზის სწორხაზოვნებისთვის თვალის მიდევნება დაგვეხმარება.

მაშ ასე... „გაღმა” ნაპირი ჩვეულებრივ ცხოვრებას ასახვს, სადაც მთავარი პერსონაჟი, ჯიოლენდი ცხოვრობდა ისეთივე ყოველდღიურობით, როგორც ცხოვრობს ჩვენი პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი: სიცელქით გამორჩეული გამუდმებულ თავგადასავლებში ეხვეოდა, ემართებოდა გრიპი, რომელსაც ჟოლოს ჩაითა და აფთიაქის წამლებით მკურნალობდა; უყვარდა და სწამდა, სწყინდა და უხაროდა... მაგრამ თანდათან ჯიოლენდის სულიერი მდგომარეობა შეიცვალა, მისმა ცნობიერებამ და სამყაროსეულმა აღქმამ ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა. უფრო და უფრო გახუნდნენ და გაფერმკრთალდნენ იმ ადამიანთა ხატები, რომელთა გვერდითაც ცხოვრობდა... და მიხვდა ახალგაზრდა, რომ მისი მშობლიური სამყარო სულაც არ იყო მისი, რომ ის ისეთივე უცხო და მიუღებელი გამხდარიყო, როგორც მოზრდილი გერისთვის მოულოდნელად გამოცხადებული დედინაცვალი.
რა გახდა ჯიოლენდის სულიერი მღელვარებისა და საზოგადოებასთან გაუცხოების მიზეზი?
დასმულ შეკითხვას მეტ-ნაკლებად მაინც რომ ვუპასუხოთ, ორიოდე სიტყვით ჩვენს ქვეყანაში დატრიალებული, ჩვენს თავს დატეხილი მოვლენები გავიხსენოთ.
წიგნში მტკივნეულად არის გადმოცემული ჩვენი ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური რეგრესი, დაცემა-გადაგვარება, 90-იანი წლებიდან რომ დაიწყო და თავის ქვედა ნიშნულს კარგა ხანია, გადააჭარბა. ყველას კარგად ახსოვს ლამის ყველა კორპუსსა თუ კიბის უჯრედში გახსნილი „ინსტიტუტები” და „უნივერსიტეტები” და ამ „განათლების კერებში” მიმდინარე სასწავლო პროცესები. ლუკა ბაქანიძის მიერ გროტესკულად ასახული ეს „ინსტიტუტები” და მათი ლექტორები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ერთ გაუკუღმართებულ „ფრაგმენტს” ჩვენი უახლესი წარსულისა. სკეპსისი და იმედგაცრუება მთავარ პერსონაჟს სწორედ ამ პერიოდიდან ეწყება. მან არ იცის, არ ესმის, რას აძლევს ამგვარი „უმაღლესი განათლება” თავისი აზრსმოკლებული და არაფრისმომცემი ლექციებით.
ძიების პროცესი მეტად მტკივნეული აღმოჩნდა ჯიოლენდისთვის. ქვეყნის კულტურული პროგრესის რყევამ უგემოვნობისა და მარაზმის მორევში ჩაძირა სოციუმი. ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს კრეატიული პრესა, ყვითელი, ბულვარული პერიოდიკის მეხოტბედ ქცეულა და სხვისი პირადი ცხოვრების ქექვით გონაბადაჩლუნგებულს ამ ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები გაუღმერთებია.
„ჭრელაჭრულა ჟურნალი, რომლის ერთ ყდაზე ტიტველა ქალი ახატია და მეორეზე ტიტველა კაცი, შიგნით კი ადგილობრივი ბოიფრენდის ინტერვიუებითაა გამოტენილი და სწორედ ამიტომ ეს ჟურნალი ყველაზე დიდი ტირაჟითა და რეიტინგით გრიმიტობს ჩემს სამშობლოში, იმას კი აღარ უყურებენ - რა ჯანდაბას და როგორ რედაქტორობ”.
მწერლის ირონია აშკარა და შეუფარავია. კულტურას ცვლის მასკულტურა; ლიტერატურა და ხელოვნება ბრბოს ინტელექტზეა გათვლილი, ხალხი უმეცრებისა და სიყალბის ტყვეა, ამ სიყალბის მამაღმერთად კი ერთ-ერთი გაურკვეველი ორიენტაციის ჟურნალის რედაქტორი, ბორია გვევლინება - ჯიოლენდის დეიდის ქმარი - გარეთ „ინტელიგენტი” საქმოსანი, შინ უზნეობისა და უმაქნისი ადამიანის სახე. სწორედ ასეთები წარმართავან ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების რიტმს. ამიტომაც გვიხატავს მწერალი ამ პერსონაჟს გროტესკულად, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „მესამე ნაპირი” ერთი დიდი პროტესტია ჩვენს თანამედროვეობაში გამეფებული სულიერი დეკადანსისა.
სიყალბისა და სიცრუის შეგრძნება, ადამიანური საზრისის მოშლა, ეგზისტენციალური პრობლემები - ეს ის ფაქტორებია, რამაც „მესამე ნაპირის” პერსონაჟთა გარესამყაროსთან გაუცხოება გამოიწვია. ადამიანთა მსოფლმხედველობრივი შეზღუდულობა და არსობრივი სიჩლუნგე ათქმევინებს მთავარ პერსონაჟს, რაც არ უნდა ჰარვარდები და ოქსფორდები დაამთავრონ, რაც არ უნდა სერთიფიკატები მიიღონ, მაინც აკვარიუმში იცხოვრებენო მთელი ცხოვრება. ისე უჭირს ჯიოლენდს ამ სამყაროში, როგორც წყლით დაცლილ აკვარიუმში ლაყუჩებდაბერილ თევზს, განწირული რომ აწყდება შუშის კედლებს და უკანასკნელი ძალით ცდილობს თავდახსნას. ჰაერი სჭირდება ჯიოლენდს, გამჭვირვალე ჰაერი, ანუ სხვა სამყარო - სიწრფელითა და სიალალით აღსავსე.
ასე ტოვებს ერთი „გაღმელი” ბიჭი მშობლიურ ნაპირს და მიდის სრულიად სხვა, უცხო შეგრძნებებითა და მსოფლგანცდით სავსე ნაპირისაკენ, იქ, სადაც ადამიანური ყოფა არ განისაზღვრება უაზრო ვალდებულებებით, სტიგმებითა და კლიშეებით, სადაც ყველა დაცლილია ქვენა გრძნობებისგან, სადაც არავინ ითხოვს ბოროტების წილ სიკეთის ქმნადობას და, მორჩილების ნიშნად, მარცხენა ლოყის მიშვერას, სადაც ბოროტება არასუბსტანციურია - არავინ არავის ერჩის, სადაც თავისუფლების უკიდეგანო და პირდაღებული უფსკრულია.
ასე ხდება „გაღმელი” ჯიოლენდი „ბიტნიკი” - „გამოღმა” ნაპირის მკვიდრი და კონტრკულტურის წარმომადგენელი.

სრულიად სხვა დროში, ტემპსა და დინამიკაში, სხვა განზომილებაში არიან „გამოღმელები”. აქ, ერთი შეხედვით, ვერც კი ხვდები, სად, რომელ ქვეყანაში, დედამიწის რომელ პოლუსზე ხდება მოქმედება; წაშლილია დრო-სივრცული ქრონოტოპიც. არც თუ რომელიმე კონკრეტული პერსონაჟის ეროვნებაა გამოკვეთილი, ვინაიდან ეს პერსონაჟები „ბიტ-თაობის” ზოგად სახეს განასახიერებენ. აქ ყველას საკუთარი „სპიდი” აქვს, ანუ პრობლემა, რამაც ისინი აიძულა „გამოღმა” გადმოსახლებულიყვნენ. ამ საერთო „სპიდით” დაავადებულ პროტესტანტებს უსაზღვრო თავისუფლების ნიშნით შემკული „გამოღმა ნაპირი” აერთიანებს თავისი ნარკოტიკებით, ალკოჰოლით, სლენგებით, ზღვარგადასული სექსუალური ორგიებითა თუ გაუგონარი ბილწსიტყვაობით, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ეს „ნაპირი” ერთფეროვანია. ეს არის მრავალწახნაგა სამყარო „ანდეგრაუდის ლოთი მხედრებით” დასახლებული. გოთები, პანკები, მეტალისტები, სადომაზოხისტები, სატანისტები და ათასი სხვა ჯურის მიმდევრები ბინადრობენ „მეორე ნაპირზე”. თვით ბევრისმნახველ ჯიოლენდსაც რომ აკვირვებს მათი ცხოვრების სტილიცა და შემოქმედებითი ფანტაზიებიც. ამიტომაც უწოდებს ყველას და მათ შორის საკუთარ თავსაც „ფსევდობიტნიკებს”. „გამოღმა” არავის აწუხებს ყოფიერების კანონზომიერებანი, რადგან ზნეობრივი ღირებულებები აღვირახსნილმა ცხოვრებამ ჩაანაცვლა, გონების კარნახი - გაუკუღმართებულმა გულისთქმამ... და რა შერჩა სიცარიელის შეგრძნებით „მეორე ნაპირისაკენ” გადაბარგებულ ჯიოლენდს? ჭუჭყში, ჭაობსა და სიბინძურეში ჩაყურყუმელავება, ჯანსაღი განსჯის უნარისა და ადამიანური სახის დაკარგვა.
ნიშანდობლივია, რომ მოქმედ პირთა უმეტესობას გაურკვეველი წარმოშობის სახელი თუ მეტსახელი აქვს, ზოგს კი მითოლოგიური  პერსონაჟების სახელით მოიხსენიებს ავტორი. ეს, ალბათ, კიდევ ერთი მინიშნებაა იმაზე, რომ სამყარო, მთელი თავისი „გაღმა-გამოღმა” ნაპირებით, ზღაპრული და ილუზიურია. კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს ამაზე: წიგნს თითქოს რეფრენივით გასდევს მიმართვა გერმანელი მეზღაპრეების, ძმები გრიმებისადმი. მთხრობელი მალიმალ ახსენებს მათ გვარებს და ამ მიმართვის ფორმაში მისი შეფარული ირონია იმალება  - ცხოვრება ზღაპარივითაა, მოჩვენებით სიკეთესა და მტკნარ სიყალბეზე აგებული.
ორაზროვანია პროტაგონისტის სახელიც - ჯიოლენდი. „Gეო” - საქართველოს გულისხმობს, „ლანდ” კი - მიწას. „Gეოლანდ” - ქართული მიწა. ასე რომ, ამ წიგნის მთავარი მოქმედი პირის სახელი გარკვეული ქვეტექსტის შემცველია. ჯიოლენდი ზოგადი სახეა ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი თანამედროვეობისა, ამიტომაც ჰქვია ასეთი სახელი - „ქართული მიწა”.
სიმბოლურია, რომ ამ პროფანირებულ ახალგაზრდებს ერთი „მოძღვარი” ჰყავთ - მამაო, ყოფილი მღვდელი და ამჟამად როკკლუბის მეპატრონე.
„მესამე ნაპირში” ყველაფერი ყირაზეა. გაღმა გამეფებული ღვთაებრივი რწმენა და სულის პრიმატი გამოღმა ურწმუნოებას, უღმერთობას, ხორციელ ლტოლვასა და ქაოსს გადაუფარავს. ამიტომაც იმ როკკლუბსაც, ამ ზნედაცემული ახალგაზრდების თავშყრის ადგილს „ტაძარს” უწოდებს ავტორი, ხოლო ბებერ დრამერ მამაოს - ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი ხალხის ნომერ პირველ მტერს, რომელიც ზეციდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჩამოგდებულ ლუციფერს გვაგონებს თავისი ცხოვრების წესით. პროფანირებულია მისი მრწამსიც - ათასი ჯურის გამოღმელს აქტიურად ეხმარება, მოიპოვონ პური მათი არსობისა - სიგარეტი, ლიმონი, არაყი და ნარკოტიკი (ლიმონი შიმშილის გრძნობას უკლავს მიწისქვეშეთში თავშეფარებულ ახალგაზრდებს და ამიტომაც სუბტროპიკული მცენარის ეს ნაყოფი მათი განუყრელი ატრიბუტია).
მითოლოგიური ტატუც აქვს მამაოდყოფილს ზურგზე ამოსვირინგებული: „ყალყზე შემდგარი კენტავრი, თავადაც ტატუირებული და საყურეებიანი, ხელში კომბალივით მომარჯვებული ელექტროგიტარით. მოკლედ, სუფთა მამაო, ოღონდ ოთხფეხა - ოცდამეერთე საუკუნის ქირონი, ანდეგრაუნდის გმირთა და უპოვართა აღმზრდელი და მეგობარი”.
ქირონი მითოლოგიური პერსონაჟია - კენტავრის ერთ-ერთი სახეობა; აპოლონისა და არტემიდეს მოსწავლე, თავის მხრივ, მასწავლებელი იყო იასონისა და აქილევსისა. მან ასწავლა აქილევსს ლირაზე დაკვრა. ჯიოლენდსაც „მამაომ” ასწავლა ტუჩის გარმონზე დაკვრა.
ყოფილი მღვდლის ბარი საკუთარ „სპიდს” გამოქცეული გამოღმელების „სემინარიაა”. როდესაც უჩინარი პერსონაჟი ეკითხება მამაოს: „რასა ზრდიო, კაცო, ალკაგოლიკებისა და ნარკომანების ბანდააო, ჩემი თვალით მაინც არა ვხედავდეო”, ამაზე „მამაოს” ეცინება და პასუხობს: „არასოდეს, არც ერთ ეპოქაში არ სდებია ადამიანს ამხელა ბორკილები, გამოქვაბულის ბინაშიც კი არა ყოფილა ასეთი უმწეო, როგორც დღეს არისო; შველა სჭირდებაო ახლა ადამიანს... დღევანდელი ადამიანის მიღმა და გარშემო სიცარიელე იწყებაო... ეგე, რატომ ვზრდი ასეთ როჟებს, ჯიოლენდი რომ არისო”. აღნიშნული სტრიქონები „ბიტნიკთა” ცხოვრებისეულ სტილს - ყოველგვარი პირობითობის მსხვრევასა და სიცოცხლის საზრისის პოვნის სურვილს ასახავს, მაგრამ ამაზე ქვემოთ...

ასე მოსდებია გამოღმელების რწმენას ჭანგი, „მოძღვრით” დაწყებული და „მრევლით” დამთავრებული. სწორედ ადამიანური საზრისის დაკარგვა ათქმევინებს ჯიოლენდსაც: „რა უცნაური ვეშია ცხოვრება - ერთსა და იმავე ცეცხლზე ერთი ლოცულობს, მეორე ნარკოტიკს ხარშავს”. ასე ითესება, ყოველწამიერად, ამ ახალგაზრდების სულში, რწმენის ნაცვალად, ეჭვი და უიმედობა, სკეპსისი და ნიჰილიზმი.
ანდეგრაუნდთა თავშეყრის ადგილია რაშიდას სახლიც, სადაც ნამდვილი სოდომ-გომორის ცოდვა ტრიალებს. რაც კი ქვეყანაზე ცოდვით დაცემა მოუგონია ეშმაკს, ყველა სახეობის ცოდვა აქ იყრის თავს: ლოთობა თუ ნარკომანია, ჰომოსექსუალიზმი თუ პედოფილია, მაზოხიზმი თუ ათასი ჯურის უბედურება. რაშიდა სრულიად დედაქალაქის გოთების, პანკების, სადომაზოხისტებისა თუ სატანისტების მთავარი და მაყურადებელია, რომელიც სექსუალურ ორგიებს ჩუმად იღებს და თურქეთში ჰყიდის. არც „ვიაიპი ტუსოვკები” აკლია რაშიდას სოდომ-გომორას. „ჰალსტუხმოშვებული პოლიტიკოსებით, დილით ენა-მამული-სარწმუნოებაზე რომ ღრიალებენ ეკრანებიდან და სრულიად ქვეყნის გამოქლიავებული მოსახლეობის გულებს ათრთოლებენ ეროვნულ ამბავში, საღამოს კი რაშიდას სახლში, მავან დაბოლილ თინეიჯერს მიათრევენ ოთახში, სულერთია - ბიჭსა თუ გოგოს”.

ლუკა ბაქანიძის წიგნის ყდაზე ახალგაზრდა ბიჭის ფოტოა გამოსახული, რომელსაც სახე აქვს წაშლილი. სწორედ ეს ქვეტექსტი იკითხება ნაწარმოებშიც - ახალგაზრებს დაუკარგავთ საკუთარი სახე და ამორალური ინსტინქტებისა და ქმედებების ტყვეობაში მოქცეულან. სახე(ლ)დაკარგულ ჯიოლენდს თავისი ნამდვილი სახელიც აღარ ახსოვს, მეგობრების გვარ-სახელებს ვინ დაეძებს: „ამათი ნაღდი სახელებიც კი არ ვიცი, გვარი და მისამართობა კი არა...”, ოღონდ ეგ კია, რომ ჯიოლენდი და მისი მეგობრები მაინც განსხვავდებიან სხვა ანდეგრაუდელებისგან. ესენი „კარუსელის მარაქის” სახელით ცნობილი „გამოღმელები” არიან, მათ კიდევ თავიანთი მიკროსამყარო აქვთ ამ უსახო ნაპირზე და, სხვებთან შედარებით, არცთუ მთლად ხელიდან არიან წასული. ისინი ერთურთს ეთაყვანებიან და ზრუნავენ ერთმანეთზე. მათ ჯერ კიდევ შერჩენიათ ადამიანური საზრისი და რწმენა. ჯიოლენდს მეგობრები უყვარს და კიდევ ნეი უყვარს წრფელი და ფაქიზი გრძნობით, მისი სიყვარულით საზრდოობს და არსებობს;
ალექსანდერი - ოჯახური უზურპაციის, ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლია (ამიტომაც გამოვიდა „გამოღმა”). მასაც წმინდა გრძნობით უყვარს რუსი მეძავი, რომლის უმცროსი დის მეურვეობასაც იკისრებს და მის აღზრდას მიჰყოფს ხელს. იმისათვის, რომ გზასაცდენილი ბავშვი ნორმალური ცხოვრების ფარვატერში დააბრუნოს, ბევრ „სიამოვნებაზე” იტყვის უარს;
მარკო - ოდესღაც კონსერვატორიის სტუდენტი და მძიმე სენით, „შიდსით” დაავადებული;
ნეი - თავისი ცხოვრების სტილის მიუხედავად, სიყვარულის ერთგული.
ამ ოთხეულს მუსიკისა და სიყვარულის უდიდესი ნიჭი აერთიანებს.

...და მობეზრდა ჯიოლენდს მეორე ნაპირიც - თავისი თავისუფალი კანონებით, წესებითა თუ ლექსიკით. მას „გამოღმა” მხარესაც გამოეცალა ფსიქოლოგიური საყრდენი, სამყარო, რომელიც ყველაზე სანდო და თავისიანი ეგონა მთელ გალაკტიკაში, ერბაშად გაიცრიცა და გაფერმკრთალდა; ერთბაშად შესძაგდა ადგილი, სადაც იდეადაკარგული ადამიანები სახლობდნენ, რომელთაც მთლიანად წაშლოდათ შინაგანი თუ გარეგანი ფორმა.
კვლავ სკეპსისი და უიმედობა... ისევ დაიბნა ბიჭი და ამ სამყაროშიც დაიკარგა. უკვე აღარ იცის, რომელი მხარის წარმომადგენლად ჩათვალოს თავი. მიხვდა ჯიოლენდი, რომ არც აქ, ამ პირობით ქვეყანაში ყოფილა მისი ადგილი, რადგან ქვეყნის „ორივე ნაპირზე” ადამიანი ნულის ტოლფასია, რომ ალკოჰოლითა და ნარკოტიკით გამშრალ-გამოფიტული მისი სხეული ბევრს ვეღარ გაუძლებდა. ასე გაუცხოვდა მისთვის „გამოღმა” ნაპირიც. ამას ისიც დაერთო, რომ მიწისქვეშეთში, მის კუთვნილ ადგილზე თინეიჯერთა ახალი თაობა დაუხვდა, რომლებიც ზუსტად იმეორებდნენ კარუსელის მეგობრების ცხოვრებისეულ მრწამსსა და ტემპს, ანუ პრობლემა პრობლემად რჩება, მხოლოდ სახეები იცვლებიან.
ამ ფაქტს, ისევე როგორც კარუსელს, თავისი ქვეტექსტი აქვს: ეს პრობლემა - გუცხოვება საკუთარ საზოგადოებასთან და მისგან გაქცევის მცდელობა თავისუფალი სამყაროსკენ, მუდმივად აქტუალური პრობლემაა. კარუსელიც ხომ დაუსრულებლობის სიმბოლოდ მოიაზრება, რომელიც გამუდმებით ტრიალებს ჩვენი აზვირთებული ცხოვრების მდინარებაში, მხოლოდ მგზავრები ჰყავს ხოლმე სხვადასხვა. ამდენად, „გამოღმა ნაპირზე” მხოლოდ თაობები იცვლებიან ჯიოლენდის მსგავსი ფსიქოლოგიური პრობლემებითა და ეგზისტენციალური გაუცხოებით. ასე ეძახის სცილასა და ქარიბდას შორის მოქცეულ ჯიოლენდს სხვა სამყარო, ოღონდ არც „გაღმიდან” და არც „გამოღმიდან”, არამედ სულ სხვა კუნძულიდან, იქიდან, სადაც ადამიანი ფასობს მთელი თავისი არსითა და შემოქმედებით. ეს „მასამე ნაპირია” - უცხო ქვეყანა თავისი ახალი, სრულიად უცხო და ჯერაც შეუცნობელი გამოწვევებითა და მისწრაფებებით. „აღარაა-მეთქი ამ მხარეს ჩემი ადგილი და რატომ არ უნდა წავიდე?!” - ამბობს შავბნელ ცხოვრებაგამოვლილი ბიჭი, რომელსაც სულის სინატიფე წრფელმა სიყვარულმა შეუნარჩუნა და სწორედ ამ შემორჩენილი სინატიფის გადასარჩენად მიიჩქრის წინ, მესამე ნაპირისაკენ.

აქ ვერ შეხვდებით ცხოვრების ნორმალურ რიტმს. აქაურთა ყოფა ერთი დიდი ანომალიაა. ეს „გამოღმა ნაპირია”, თითქოს ძალზე ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად, ძალზე უცნობი და შორეული, როგორც ოკეანის შუაწელიდან ამომართული ბოროტი არქიპელაგი, რომელიც ხელს უშლის გემების სწორი კურსით მოძრაობას და თავის მახრჩობელა მორევში მიათრევს უმრავ გზააბნეულ მგზავრს.

ზემოთ რამდენჯერმე ვახსენე სიტყვა „ბიტნიკი”. ეს, რასაკვირველია, შემთხვევითი არ არის. ლუკა ბაქანიძის „მესმე ნაპირს” XX საუკუნის ამერიკელი მწერლის, „ბიტნიკთა” მამამთავრის, ჯეკ კერუაკის გავლენა ატყვია, რომლის მწერლური თუ ცხოვრებისეული მრწამსი საზოგადოებრივი პირობითობის მსხვრევასა და სიცოცხლის საზრისის პოვნის სურვილს ემყარება. შეუძლებელია, „მესამე ნაპირის” კითხვისას არ გაგახსენდეს კერუაკის რომანები: „გზაზე”, „დჰარმის მაწანწალები”, „დიდი სური”, „მიწისქვეშელები” და სხვ.
„ბიტნიკები” „დამსხვრეული თაობის” წამომადგენლები იყვნენ, რომელთა იდეებზეც 60-იან წლებში აღმოცენდნენ „ჰიპები”. BEAთ - სიტყვასიტყვით მსხვრევას, დაცემას ნიშნავს. ისინი ძირითადად მწერლები, პოეტები და მუსიკოსები იყვნენ. ბიტნიკტთა მოძრაობა 1944 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტიდან დაიწყო და შემდეგ ევროპაშიც, კერძოდ ინგლისში დამკვიდრდა. მისი მთავარი წარმომადგენლები იყვნენ: ჯეკ კერუაკი (რომელსაც ეკუთვნის ტერმინი „ბიტთაობა”), ალენ გინსბერგი და უილიამ ბაროუზი. „დამსხვრეულ თაობას” პროტესტი ჰქონდა ამერიკელი საზოგადოების მიმართ, ისინი რადიკალ-მემარცხენეები იყვნენ, მოსწონდათ მარქსიზმი, ტროცკიზმი, ლენინი; უარს ამბობდნენ ტაბუებზე, უპირისპირდებოდნენ ორგანიზებულ და კორუმპირებულ, მერკანტილურ საზოგადოებას, უარყოფდნენ ერთფეროვნებასა და ზედაპირულობას; აღმერთებდნენ ხეტიალს, მოგზაურობასა და ბუნებაში გაქცევას, ღია ცისქვეშ ღამეების თენებას. სწორედ ბიტნიკებმა წამოიწყეს პირველად ავტოსტოპით მოგზაურობა. ბიტნიკები - ეს ნიჰილისტურად განწყობილი ახალგაზრდები ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდნენ და თავისუფალი იყვნენ ყოველგვარი საზოგადოებრივი პირობითობისაგან; უარს ამბობდნენ ტრადიციულ ღირებულებებზე და სურდათ ბუნებრივი, ყოველგვარი სტიგმებისა და ცრურწმენებისგან თავისუფალი ცხოვრება; მათი შემოქმედება სპონტანური, ავტომატური იყო; გატაცებული იყვნენ ბუდიზმით, ჯაზით, ბიბოპითა და სიურრეალისტური პოეზიით.
„მესამე ნაპირის” პერსონაჟთა ცხოვრებისეული წესი „ბიტნიკთა” იდენტურია. იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ჯეკ კერუაკის გარკვეული გავლენას განიცდის, ლუკა ბაქანიძის წიგნიც სპონტანურ-აღმსარებლობითი ხასიათისაა და, „ბიტნიკთა თაობის მეფის” მსგავსად, ისეთ სტილს მიეკუთვნება, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით შექმნილს უწოდებენ. მსგავსება ზოგჯერ ნიუანსებშიც იჩენს თავს. გაღვიძებით დაწყებული („მესამე ნაპირის” პერსონაჟი ზუსტად ისევე იღვიძებს, როგორც კერუაკის „დიდი სურის” მთავარი მოქმედი პირი), გაგრძელებული წანწალის, ხეტიალის სიყვარულით, ჯაზით, ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით გატაცებით, პესიმიზმითა და სკეპსისით, დამთავრებული წიგნის ყდაზე გამოსახული სახედაკარგული ახალგაზრდით (ამერიკელი მწერლის ერთ-ერთ წიგნზე გამოსახულია სახედამალული, ანუ სახედაკარგული ჯეკ კერუაკის ფოტო). „ბიტნიკთა მეფის” პერსონაჟები „მესამე ნაპირს”, ანუ ახალი, შინაარსიანი ცხოვრების საწყისს მთაში, ბუნებაში ეძიებენ: „მოასწარი, თორემ ჩაგითრია!”, „დროზე, თორემ დაიღუპები!” - ასე მოუწოდებს საკუთარ თავს „დიდი სურის” მოქმედი პირი ლოთობის, ნარკოტიკების, აღვირახსნილობის ჭაობიდან თავდასაღწევად. ანალოგიური სწრაფვა აქვს ჯიოლენდსაც - სწრაფვა ახალი, ხსნის ნაპირისაკენ, მაგრამ განსხვავება მაინც არსებითია - ქართველმა მწერალმა ჩვენი სამწუხარო რეალობა ასახა, საინტერესოდ და საკმაო სიმძაფრით წარმოგვიდგინა ეს გლობალური, ძალზე აქტუალური და მტკივნეული, მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ტაბუდადებული თემა თანამედროვეობისა. ისე, გავლენას რაც შეეხება, მისგან მწერლები იშვიათად არიან თავისუფალი. ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, თავის მხრივ, ჯეკ კერუაკიც, როგორც მწერალი, მარკ ტვენის გავლენას განიცდის.

ლუკა ბაქანიძის ავანგარდულ სტილში შექმნილი ნაწარმოები კიდევ ერთხელ ჩააფიქრებს მკითხველს - საით მიექანებიან საკუთარ „მე”-ში დაკარგული მოზარდები და რას ჰპირდება მათ ქუჩაში გათენებული ხვალინდელი დღე.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები