ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2018


BB Passport

შენი ძაღლი ვარ, ცოფიანი, მუდამ თავს გესხმი,
ასეთივეა ირგვლივ ჩემი წრეც,
სულ ცოფიანი ლეკვებით სავსე,

ვერ ამოუთხრის ვერავინ ფესვებს,
სისხლზე დაწერილს და გამჯდარს ძვალში,
ფურცელს დაკუწავ, ქარს გაატან, თუ ტყვიას ესვრი,

მე გეუბნები არ მოხვიდე, ძაღლსაშიშია,
მე გეუბნები, შენ კი არ გესმის.

თუ შემომისწრებ, ძვლებდამტვრეულს,
კანგადაგლეჯილს,
გაავებული ვარღვევ ყველა წესს,
რაც გახლავს ჩემი მსუბუქი ხემსი,
ხვლიკებს, ენა რომ ამოვაგლიჯო,
ხროვას, როგორმე ლუკმა ავართვა,

და მოვკლა ყველა ბილიკი ჩემგან,
და მოვკლა ყველა ბილიკი ჩემკენ,
და მოვკლა ყველა ბილიკი ჩემში,

მე გეუბნები არ მოხვიდე, როცა ბალახს ვწევ,
მე გეუბნები, შენ კი არ გესმის.

ჯაჭვით დამაბი დიდ ეზოში, ბაღის გასწვრივ კი,
მაგ წმინდა სისხლის ჩაფი დამიდგი,
ხმელი ფოთლები, ყვავილები,
ვთესო,
მოვიმკა,

ყურით დამკიდე, კუდიანის კუდი მომკვეთე,
მაპკურე შენი ციური გესლი,
მზიანი დარიც გიმკითხავო, ცუდი ამინდიც,
რომ მოვამრავლო პალმა ან გვიმრა,
და ჩავწვე მათი ფოთლების ჩრდილში,
გავმრავლდე, როგორც ბოროტი თესლი,

მე გეუბნები არ მოხვიდე, სისხლსაშიშია,
მე გეუბნები, შენ კი არ გესმის.

ათვინიერე შინაური ბუნების მქონე,
მე სხვა ტყიდან ვარ გამოვარდნილი,
ვერც ცირკის ჭია ვერ ვიქნები, ვერც ცირკის ლომი,
ჩემი გაწვრთნის დრო არ დადგება უკუნისამდე,

ყველაზე დიდმა განსაცდელმა დამიღოს პირი,
ყველა ცოცხალმა ომი დამიწყოს,
დიდხანს ეცადოს და არაფრით,
დიდხანს ეცადოს და ვერაფრით,
დიდხანს ეცადოს და ამაოდ,
ვერაფრით მომკლას,
და სადმე ბნელში, ბებერ მსხლის ქვეშ,
ფეხი ავიდგა,

არ მიმიჩნიო შენს მოკეთეთ, ზღაპრებს არ აჰყვე,
ნუ დამაყვედრი ველურ ყოფას, ტალახს ნუ მესვრი,
მე გეუბნები, არ მოხვიდე, ცოფსაშიშია,
მე გეუბნები, შენ კი არ გესმის.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები