ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ზამთრის თალია
ჟანრი: პროზა
7 ნოემბერი, 2018


ბათუ

შემოდგომობით, როცა მთებზე ჩამოთოვდა და შემცივნული ტყეებიდან საჩქაროდ ეზიდებოდნენ კაცები დიდ ხეებს, ბათუ თბილ კაშნეს ცხვირამდე აიწევდა და აივანზე ჩუმად გაეხეტებოდა, თეთრი, გამხდარი ხელებით ფრთხილად გადმოფერთხავდა სარწეველადან ხმელ ფოთლებს და ჩაჯდებოდა, გახედავდა შენისლულ მწვერვალებს, პირიდან ორთქლის გუნდებს გამოუშვებდა და მიაყურადებდა ირმის ძახილს. ირემი იძახდა ტყის მეორე ბოლოდან და ნათელი იყო, რასაც იძახდა. ბათუს ესმოდა და ფიქრობდა: "რა ცოტანი დარჩნენ ეს საბრალოები. ვისთვის რა დაუშავებიათ რომ ერთმანეთს ვეღარ  პოულობენ ჩვენი შიშით..." მერე ფიქრებით ტყის გაღმეთს გასცდებოდა. ხელებს მოიფშვნეტდა, ჯიბეებში ჩაიწყობდა, წვეტიან მუხლებს მჭიდროდ მიაბჯენდა ერთმანეთს, სიცივე აიტანდა, ცოტას აკანკალდებოდა გასათბობად და თავის თავს ეტყოდა: "ტბა მალე გაიყინება და თევზებსა და ბაყაყებსაც ქვეშ დაიტანს. რა ვიღონო..." თვალებს დახუჭავდა და დადარდიანდებოდა. ყველაფერი უყვარდა.
ბათუ ავად იყო და როცა ჩამოთოვდა, ეზოს გარეთ არ უშვებდნენ. ჯერ კიდევ პატარას დაუსვეს ტუბერკულოზის დიაგნოზი და საცხოვრებლად მთაში გადმოიხვეწნენ. ვერ იქნა და ვერ მორჩა. ამასობაში ქალაქის სახლის გაყიდვა მოუხდათ, მთაში შემორჩნენ და ლიას ოცნებებს ქალაქში ცხოვრებასა და მასწავლებლობაზე ათასი ფენა თოვლი დაედო, ათასმა მზემ დაადნო და ათასმა ქარმა გამოქარა.
მთის სახლის პატარა ეზოს ღობემ რომ რღვევა დაიწყო, იმ წელიწადს ბათუს მამა მგლებმა დაგლიჯეს. დაურჩნენ ბათუ და ლია მკაცრ სიცივეებს ლიას ქალურად სუსტი ხელებისა და ბათუს ავადმყოფბავშვურად სუსტი ფილტვების ამარა. ლია სახლიდან სახლში დადიოდა და მეზობლის ქალებს ყველა საოჯახო საქმეში ეხმარებოდა, რომ როგორმე თავი გაეტანათ, არ შესცივნოდათ და საჭმელი ჰქონოდათ. უჭირდა ლიას ცხოვრება, მაგრამ მაინც სულ იღიმოდა. ამასობაში ბათუ იზრდებოდა და დიდ, ჭკვიან თვალებში ეტყობოდა რაღაც სხვა სევდა, რომელიც იქაურ ბიჭებს არ ჰქონდათ. მაღლდებოდა და წვრილი ფეხებით ცისკენ იზიდებოდა. დედა სულ საჭმლით ხელში დაჰყვებოდა და ემუდარებოდა, ჭამეო. ისიც ერთ ლუკმას დედის ხათრით შეჭამდა, ერთს _ ირმის, ერთს _ მურა დათვის, ერთს _ თეთრი დათვის, ერთსაც _ მელიისა და მისი ლეკვების და მეტი აღარ შეეძლო, იღლებოდა.
დედის თანამგრძნობი და მეგობარი გაიზარდა, ერთად იყვნენ მარტოობაში. უყვარდა თავისი ლია, მაგრამ გრძნობდა, რომ გოგონები არ მოსწონდა. შიშველი ქალებით დასურათებული წიგნების თვალიერებისას კლასელების მხიარული შეყმუვლებები აშინებდა.
ისეთი თვალებნათელი ბიჭი გაიზარდა, გრძელი წამწამებით, უბეში შეხიზნული ჩიტებით, დიდი გულით და ფილტვებში ჩაკირული ჩუმი ტკივილებით. სტკიოდა, რომ წვერი არ გაეზარდა ანუ არ იყო სხვებისნაირი, სტკიოდა, რომ მეზობლის ბიჭებმა ჯოხით მოკლეს დედა ძაღლი და აწკავწკავებული ლეკვები ჭაში ჩაყარეს. სტკიოდა, რომ მისი კანი ცისფერი იყო, ხოლო მხრები უსაშველოდ ასთენიური. სტკიოდა, რომ ირმები ზამთრობით ერთმანეთს სამუდამოდ კარგავდნენ. სტკიოდა, რომ სილამაზე რჩებოდა შეუმჩნეველი, ხოლო ადამიანთა უკეთური ბუნება ცამდე აღწევდა და იქიდან საშინელ ხარხარად ჩაესმოდა ყურებში. ეს ხმები მის გარდა არავის ესმოდა, ეს ტკივილები მის გარდა არავის სტკიოდა.
ბათუმ რომ მეზობლების დედოფალა თოჯინებით დაიწყო თამაში, ლიამ გაიღიმა და თქვა, რომ ყველაფერი კარგად იყო.
ბათუმ რომ ვარია არ დაკლა, ლიამ გაიღიმა და თქვა, რომ ყველაფერი კარგად იყო.
ბათუს კლასელებმა რომ გოგონები გაიჩინეს და ბათუ კი ამ გოგონებს თავისი ცისფერი ხელებით კაბებზე მაქმანებიან საყელოებს უკერებდა, ლიამ გაიღიმა და თქვა, რომ ყველაფერი მაინც კარგად იყო.
ბათუმ რომ ლიას უთხრა, დედა, მე არასოდეს შევირთავ ცოლს და სულ მარტო ვიქნებიო, მაშინ კი ლიას აღარ გაუღიმა და აღარ უთქვამს, რომ ყველაფერი იყო კარგად. თავისი ნაწვალები ცხოვრება ერთიანად აუზვავდა გულში და ბათუს რისხვად დაატეხა.
ბათუს მხოლოდ ის ახსოვს, როგორ ჩაყარა ლიამ ღორის სალაფავში მთელი ყუთი ფერადი ნაჭრების ნაკუწები, ძაფები, ღილები და ბრჭყვიალა მძივები და ყველა სილამაზე, რაც თვითონვე ეყიდა წვალებით ნაგროვები ფულით ბათუსთვის. და ახსოვს ლიას ხმა: "ამისთვის გაგზარდე?!" მერე ახსოვს, რომ ორივე ღორი ავად გახდა ამ ფერადი სალაფავით. მალევე დაიხოცნენ დამანჭული სახეებით და ლურჯი დინგებით. დედამ დაუძახა მეზობლის კაცებს, ღორები ფეხებით ჩამოკიდეს. ხორცები სათუთად ჩამოათალეს. გაკეთდა ბევრი საჭმელი. ბათუმ პირი არ მიაკარა და მას შემდეგაც არასოდეს უჭამია ღორის ხორცი. ნაწილი გაყიდეს და იმ ფულით ლიამ ბათუ ექიმთან მიიყვანა ქალაქში. ბათუს ქალაქი მოეწონა. უკვე დიდი იყო, მაგრამ არასდროს ენახა ქალაქი. ექიმთან არაფერი უთქვამს. მარტო ლია ლაპარაკობდა. ექიმმა უთხრა, რომ ვერაფრით დაეხმარებოდა და საერთოდაც, აქ დასახმარებელს ვერაფერს ხედავდა. ლიას ურჩია, რომ გაეგო თავისი შვილისთვის, ყოფილიყო მისი მეგობარი და არა დამსჯელი. ზუსტად ამ სიტყვებით უთხრა. ლიამ იფიქრა, ეს კაცი ალბათ უფრო მეტადაა ჭკუაზე შემცდარი, ვიდრე ბათუო, გამოეცალა და რადგან სხვა ექიმისთვის ფული აღარ ეყოფოდათ, დაუბრუნდნენ სოფელს.
იმ დღიდან ლია ჩაფიქრებული დადიოდა და ვინ იცის, რას ხარშავდა თავის ნაწვალებ გონებაში.
ბათუ დედასთან ლაპარაკს ერიდებოდა, რომ გული არ ეტკინა მისთვის. საღამოობით აივანზე გამოდიოდა და ოცნებობდა შორეულ ქვეყნებზე, სადაც მარტოობა არ იქნებოდა დანაშაული.
ბათუ რომ 17 წლის გახდა, ლიამ იფიქრა, უკვე დროაო და მართალია, ბათუს საცოლო კაცობის არაფერი ეტყობოდა, მეორე სოფლიდან მოუყვანა და დაუსვა სალომე, 14 წლის უპატრონო გოგო. მეზობლებში ჩამოიარა, ყველას უთხრა, ჩემს ბათუს ცოლი მოჰყავს და ყველას გეპატიჟებითო. იყო რაღაც სუფრა. შემაღლებულზე ბათუ და სალომე ისხდნენ და ერთმანეთს უცხოებივით ათვალიერებდნენ. სალომე ლამაზი იყო. ჭრელი თვალები ჰქონდა, მაგრამ მშიშრები. ლია დაძინების წინ გვერდით მოუჯდებოდა ხოლმე მას და არიგებდა, როგორ უნდა მოქცეულიყო საძინებელში ბათუსთან. სალომე ტირილით ეუბნებოდა, რომ ყველაფერს აწორედ ასე აკეთებდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
ბათუ არაფერს ამბობდა. ჩუმად იტანჯებოდა.
დედა-შვილს შორის ყველაფერი მოკვდა. მაგრამ ბათუ და სალომე დამეგობრდნენ. ლია კიდევ უფრო ივსებოდა რისხვით, როცა ხედავდა, როგორ გამოაწყობდა ბათუ სალომეს ახალ კაბებში, ლამაზ ქუდებში, დედოფალივით დასვამდა მინდორში, უყვებოდა წიგნებში ამოკითხულ საოცარ ამბებს და მის ბავშვურ აღტაცებას იწვევდა.
იმ ღამით, როცა ლიამ სალომე სტუმრად მოსულ უსიამოვნო კაცთან მარტო დატოვა, ბათუს სხვანაირი ძილით ეძინა. ძილის წამალი ჩაუყარა ლიამ საჭმელში, რომ მისი გეგმებისთვის ხელი არ შეეშალა. სალომე მამაკაცს თავის ძმისშვილად გააცნო და დაჰპირდა, რომ მოემსახურებოდა გასამრჯელოს სანაცვლოდ. კმაყოფილი სტუმარი კიდევ რამდენიმე დღით დარჩა.
სალომემ ჩუმი ტირილით აიტანა პირველი ტკივილები და ბათუსთვის არაფერი უთქვამს. უბრალოდ, აღარ იცვამდა ჭრელ კაბებს და ბათუს ნაამბობებზე აღარ კისკისებდა.
რამდენიმე კვირაში სალომემ საჭმელი შეიზიზღა. ხშირად აზიდებდა ხორცისა და რძის სუნზე და მალმალე გარბოდა სახლის უკან, ტუალეტში. ლია ამ ამბავმა გაახარა. სალომე კი ფიქრობდა, რომ კვდებოდა. საღამოობით ლია სულ მთლად გააშიშვლებდა ხოლმე სალომეს და მუცელსა და მკერდს უსინჯავდა.
ერთხელაც ორივეს ახარა, გილოცავთ, მალე შვილი გეყოლებათო.
ბათუ მას შემდეგ აღარ ლაპარაკობდა. სალომე კი ებრალებოდა, მაგრამ მისთვის არაფერი ჰქონდა სათქმელი. გადიოდა დღეები. ლია მეზობლებთან დადიოდა და ყველას უამბობდა, რომ მალე ბათუს ვაჟი ეყოლებოდა.
ცხრა თვის თავზე სალომე მუცლის ძლიერმა ტლივილმა გააღვიძა და ბათუს დაუძახა. ბათუ ხვდებოდა, რაც უნდა მომხდარიყო. ლიამ სალომე გომურში შეაგდო, თავად გამოვიდა, რომ გარედან ედარაჯა, მაგრამ ბათუ მასთან შევიდა და გვერდიდან არ მოშორებია, ეფერებოდა და სულის მობრუნებაში ეხმარებოდა.
როცა სალომემ ბოლოჯერ გაბმულად ამოიკივლა, გაბმული ტირილით დაიბადა პატარა ლურჯი გოგონა, მაგრამ დაიბადა უმამო და ორ დღეში დედამაც დატოვა. მტირალი ახალშობილი მკვდარი სალომეს ძუძუს ისე მაგრად მიჰკვროდა, რომ ლიას ძალიან გაუჭირდა მათი დაშორება.
სალომე დამარხეს. ბევრი ტირილი არ ყოფილა. ტიროდნენ მხოლოდ ბათუ და პატარა გოგონა. ბათუ მხოლოდ ღამით და მხოლოდ ჩუმად. გოგონა _ ხმამაღლა, გაბმულად და  მაშინ, როცა მოისურვებდა.
ძროხის ძუძუ ასვეს, შიგადაშიგ _ თხის.
გოგონა იზრდებოდა. ბათუ ანებივრებდა. ლია შორიდან უყურებდა მათ სიყვარულს და არ იცოდა, სად წაეღო გულში ნაგროვები რისხვა. ეზიზღებოდა ორივე შეთქმული.
ბათუ ჩუმად იყო.
პატარა ლია რომ 6 წლის გახდა, ერთ ღამით ბათუმ ჩუმად გამოხვია ზეწარში მისი ზღაპრულად ლამაზი კაბები, ბავშვი გააღვიძა და ქალაქისკენ გზას დაადგნენ.
მიდიოდა ბათუ, ყელზე მაგრად შემოხვეული პატარა ხელები ერთდროულად ძალას აცლიდა და ახალი ძალებითაც ავსებდა. და ფიქრობდა: "ქალაქი დიდია, რამე გამოჩნდება."
და არ იცოდა, სად მიდიოდა.
ყველა უყვარდა
სალომე უყვარდა.
ლიაც უყვარდა.
და ეს პატარა ლიაც, ეს ობოლი, თავის უბეში შეფარებული სხვისი შვილი, სხვისი სისხლი და ხორცი.
ქალაქი კი იყო დიდზე დიდი და ჩვენ ამ ქალაქის ხალხმრავალ და სახლმრავალ ქუჩებში მათი კვალი დავკარგეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები