ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
7 ნოემბერი, 2018


ტელევიზიის სარდაფში - 2სერია (ტელესპექტაკლი)

ერთი კვირის თავზე, ხუთშაბათს, სამსახურიდან შინ დაბრუნებულმა ბატონმა მიხეილმა ტელევიზორი ისეთ დროს ჩართო, როცა გადაცემა „ტელევიზიის სარდაფში“ ეთერში უნდა გასულიყო. ცოტა არ იყოს, უგუნებოდ იყო და „ახალი ამბების“ მოსმენისა და მითუმეტეს, რეკლამებზე თვალის გადევნების თავი არ ჰქონდა. გათვლა ზუსტი გამოდგა - ოდნავ მოგვიანებით რომ ჩაერთო ტელევიზორი, გადაცემის დასაწყისს გამოტოვებდა:

ეკრანზე მოსჩანს შეგირდი, რომელიც თავის სამუშაო მაგიდასთან თავაუღებლად მუშაობს; ოსტატიც იქვეა - ფიქრით გართული ბოლთას სცემს; წელზე ხელებშემოყრილი კედლის იმ მონაკვეთთან შეჩერდა, სადაც წინა დღეს პირველი სამუშაო დღის აღმნიშვნელი ნიშანი (იქსი) დასვა, მოიმარჯვა ფანქარი და ერთი იქსი მიამატა.
- ესეც, ტელევიზიაში ჩვენი მოღვაწეობის მეორე დღე! - თქვა და, გაიზმორა.
ის იყო ბოლთის ცემა უნდა განეგრძო, რომ კარებში შემოვიდა მეეზოვის ცოცხიანი, ახალგაზრდა, შავგრემანი გოგო და იქვე გაჩერდა.
- ისევ კუდიანი მოვიდა! ვიცანი! - დაფრთხა ოსტატი, - ის ბაბა იაგას ქალიშვილია - ბაბა იაგა უმცროსი!
- გამარჯობა! - თქვა სტუმარმა.
- სულ გამარჯვებულმა იარეთ! - მლიქვნელურად ამოღერღა ოსტატმა, - სიმართლე გითხრათ, დღეს არ გელოდით!
- გუშინწინაც ვიყავი თქვენთან, მაგრამ არ ბრძანდებოდით!
- გუშინ დედათქვენი იყო ჩვენთან - დიდი პატივით მივიღეთ...
- დედაჩემი?
- დიახ, ცოცხი შევურემონტეთ!
- დედაჩემი კანცელარიაში ალაგებს.
- კანცელარიაში?
- სახელმწიფო კანცელარიაში!
- სახელმწიფო კანცელარიაში?! საწყლები...
სტუმარი საამქროს თვალიერებით გაერთო, ოსტატმა დრო იხელთა და შეგირდს გადაუჩურჩულა:
- სიტყვა „დალაგება“ ამათ ენაზე ხომ ხვდები რას ნიშნავს?!
- რას? - არანაკლებ დამფრთხალმა კითხვა დაუბრუნა.
- რას და... კღ!!! - კისერზე ცერა თითი გამოისვა.
ისევ სტუმარს მიუბრუნდა.
- ახია მაგათზე! მე თუ მკითხავთ, სახელმწიფო კანცელარიას მარტო დალაგება კი არა, გენერალური „უბორკა“ სჭირდება!
სტუმარმა მხრები აიჩეჩა.
- თქვენ რა გაქვთ დასალაგებელი?
- ჩვენ არაფერი, გუშინ დედათქვენმა ისე საგულდაგულოდ „დაგვალაგა“, მეტი დალაგება აღარ გვჭირდება!
სტუმარმა კიდევ ერთხელ აიჩეჩა მხრები.
- ესე იგი, არ გჭირდებით?!
- ჩვენ არა! კარგი იქნება თქვენ და დედათქვენი სახელმწიფო კანცელარიის გარდა პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტსაც თუ „დაალაგებთ“!
- რას მიედ-მოედები?! თუ დასალაგებელი არაფერი გაქვს, განცხადება რატომ მიეცი - დამლაგებელი მესაჭიროებაო?!
გულმოსულმა სტუმარმა ცოცხის ტარი იატაკს დაჰრა და გასასვლელისკენ გაემართა. საამქროში დარჩენილებმა შეამჩნიეს, რომ სტუმარს ზურგზე მეეზოვის ემბლემა ეხატა - „ვარ ჩვენი ქალაქის მეეზოვე“; და ოსტატი მიხვდა, რაშიც იყო საქმე.
- ქალბატონო, ერთი წუთით თუ შეიძლება, თქვენ ჩვენი ქალაქის მეეზოვე ხართ?
- მე შენი ქალაქის პრეზიდენტი ვარ, აფერისტო!
მეეზოვე ქალი თვალს მიეფარა.
- ე, ბიჭო, დააბრუნე, უთხარი, რომ ვეხუმრე!
შეგირდი მეეზოვეს დაედევნა. მარტო დარჩენილი ოსტატი შეგირდის სამუშაო მაგიდასთან ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო...
- ტელევიზია ან ამაშენებს, ან მთლად დამაქცევს... - თავის ქანქარით დაასკვნა; რაღაც ხანს დაჰყო ასე და უცბად, თითქოს სხვა ადამიანი გახდა - გაიბღინძა, სკამის საზურგეს აეკრა და ფეხები წინ გაშალა. ფეხები კი გაშალა, მაგრამ ვერ გაიმართა, რადგან შეგირდის მაგიდა და სკამი მცირე ზომისა იყო; წამოვარდა და თავის სამუშაო კუთხეს მიაშურა.
- ჩემი საკადრისი მაგიდა ესაა! - ჩაილაპარაკა, ჭიქაში არაყი ჩაასხა და გადაჰრა.
შეგირდი და მეეზოვე საამქროში შემოვიდნენ.
- გავიცნოთ ერთმანეთი, მე ოსტატი ვარ! „ბატონო ოსტატო“ - ასე მომმართე!
- ბატონოს გარეშე რომ მოგმართო, ქვეყანა დაიქცევა?!
- ნუ, კარგი, ეგრე იყოს - ვაფასებ უბრალოებას... თაგუნია!
- რა თქვი?
- რა და... არაფერი!
- ვერ არის ეს კაცი! - ჩაილაპარაკა მეეზოვემ.
ოსტატმა პირი შეგირდისკენ იბრუნა და გადაუჩურჩულა.
- ამას ერთ წამში თაგვად გადავაქცევ, მაგრამ მე დამლაგებელი მჭირდება, თაგვი კი არა!
- რას ჩურჩულებთ, თქვით რა გაქვთ დასალაგებელი და ხელფასი რამდენი მექნება?!
- დასალაგებელი არც თუ ბევრი რამ გვაქვს - დღის ბოლოს მაგიდებს გადაწმენდ, იატაკს გამოგვი და სველი ტილოთი  მოწმენდ.
- ხელფასი?
- ხელფასი? ხელფასი... როგორ გითხრა, ტელევიზიის კადრების განყოფილების უფროსთან ერთი ომი გადავიტანე, რომ ჩვენი საამქროსთვის დამლაგებლის შტატი დაეშვა. შენც არ მომიკვდე, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - დამატებით მხოლოდ ერთი ან ორი  დამხმარე მუშის აყვანა შეგიძლიაო და ისიც, დროებითო, სანამ ტელევიზიაში სარესტავრაციო ავეჯის რაოდენობა შემცირდებაო! ეს იმას ნიშნავს, რომ ხელფასი ჩემი ჯიბიდან უნდა გადაგიხადო. მოკლედ, ასე მოვილაპარაკოთ: დღეს დაალაგე, ამასობაში, მე ყველაფერს დავითვლი, საბუღალტრო ხარჯთაღრიცხვა მიჩვენებს, თუ რა თანხის გადახდა შემიძლია. მშვიდად იყავი, გულს არ დაგწყვეტ - მე ის კაცი არ ვარ, ვინმეს შრომა არ დავუფასო!
- კარგი, სიტყვაზე გენდობი, ხვალ დილისთვის უკვე უნდა ვიცოდე ხელფასი რამდენი მექნება!
- კეთილი! - ეშმაკურად ჩაიღიმა ოსტატმა.
მეეზოვემ, უფრო სწორად, დამლაგებელმა, საამქრო დატოვა. მისი გასვლითანავე ოსტატს სახე შეეცვალა, მრისხანე გახდა.
- ო, რა კაპარჩხანა ვინმე ჩანს... სანამ ახალ დამლაგებელს ვიპოვი იმუშაოს და მერე, თაგვად გადავაქცევ!  - შეგირდს მიუბრუნდა, - საქმეს მიხედე... სეირს რომ მისჩერებიხარ, მიშკა!
- მიშკა? - გაიოცა შეგირდმა.
- ჰო, მიშკა!
- მე რომ მიშკა არ მქვია!
- მიშკა რუსულად თაგვს ნიშნავს! ამას ისე, უბრალოდ გეუბნები - შრომა რომ გიყვარდეს!  აგე, შენი შესაკეთებელი რამდენი სკამი დაგროვდა, ნელა მუშაობ!
ოსტატმა თავისი წილი „შესაკეთებელი“ სკამებიდან ერთი გამოარჩია, დინჯად შეათვალიერა, მაგიდაზე შედგა და დაზიანების იმიტაცია, ეგრეთწოდებული „საფირმო ნაკლეიკა“ ააფხრიწა.
- დავიღალე... - სკამზე ჩამოჯდა, - ამდენი ერთად ცხოვრებაში არ მიშრომია! - თქვა და თავის თავს საუბარი გაუბა, - რა ცუდია, რომ ადამიანს დაბადების დღე და ხელფასის დღე იშვიათად აქვს! ამიტომ, დამხმარე მუშებად ერთი-ორი მკვდარი სული უნდა ავიყვანო - თითოეულს თვეში ათ ლარს გადავუხდი, დანარჩენ თანხას მე ჩავიჯიბებ! ჩვენ ბუღალტერს შენზე ხელფასი ორასი ლარი ხომ დავანიშნინე, ჰოდა, იმ ორზეც იმდენივე დანიშნოს! მთავარია, დავაჯერო, რომ მუშახელი მაკლია - ჩემი მოკავშირე დამლაგებლის მეშვეობით ტელევიზიის მთელ ავეჯს ჩემი „საფირმო ნაკლეიკებით“ ავაჭრელებ! ორი „მკვდარი სულისგან“ თვიურად სამასოთხმოცი ლარი შემოსავალი მექნება!
- მე რომ მითხარით, ბუღალტერმა ხელფასი თვეში ასი ლარი დაგინიშნაო?! - აღშფოთდა შეგირდი.
- ასი ლარი კარგი ფულია! შენ შეგირდი ხარ, ორასი ლარი შეგირდისთვის იმდენად დიდი ხელფასია, რომ ასეთი თანხა სიზმარშიაც არ უნდა გესიზმროს!
შეგირდმა მხრები აიჩეჩა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და მუშაობა განაგრძო.
- მომინდომა აშენება... - ჩაიბურტყუნა ოსტატმა და შეგირდისაგან ფარულად კიდევ ერთი ჭიქა გადაჰკრა.
მცირე ხნის შემდეგ, საამქროში შემოვიდა ახმახი, წელში მოხრილი წითელარმიელი, ხელში გაზეთის ნაგლეჯი ეჭირა და დაბნეულმა, თვალების აქეთ-იქით ცეცება იწყო. როგორღაც, საზარელი შესახედაობისა იყო ეს კაცი - ვარსკვლავიანი ქუდით, შინელით. შეშინებულმა ოსტატმა, რადგან გასაქცევი არსად ჰქონდა, თავი მოიმძინარა. წითელარმიელი მიუახლოვდება „მთვლემარე“ ოსტატს და მისი გაღვიძება სცადა, თუმცა ხელით შეხება ვერ გაუბედა.
- Товарищ... Товарищ... (მეგობარო...)
ოსტატმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ამოიხვრინა... წითელარმიელი მას გაეცალა. ახლა შეგირდს მიუახლოვდა და გაუმართავი ქართულით მიმართა:
- ამხანაგო, შენ „პადსობნი რაბოჩი“ გჭირდება?
- ვინა?
- ნუ, „რაბოჩი“, მუშა!
- არ მჭირდება.
- ეს განცხადება შენ მიეცი გაზეთში?
- არაფერი ვიცი.
ოსტატი მათ საუბარს თვალებმოჭუტული უსმენდა, განცხადების ხსენებაზე, თითქოს იმ წუთას გაეღვიძაო, გამოცოცხლდა, წითელარმიელი თავისთან მიიხმო.
- სამსახურს ეძებ?
- ხო!
- ჩვენ, არც თუ იოლი სამუშაო გვაქვს! მითხარი, შეგიძლია თუ არა არაფრის კეთება?
წითელარმიელი ვერ მიხვდა კითხვას, მხრები აიჩეჩა.
- რა ვერ გაიგე, გეკითხები: შეგიძლია თუ არა მთელი დღის განმავლობაში არაფერი არ აკეთო?
- შემიძლია!
- ჰოდა, მოვილაპარაკეთ! შრომის წიგნაკი მომიტანე და ყოველი თვის ბოლოს ათი ლარი გარანტირებული გაქვს!
- სულ არაფერი არ უნდა გავაკეთო?
- სულ არა-ფ-ერი არ უნდა გა-ა-კე-თო! - გამოაჯავრა.
- ოცი ლარი მომეცი და იმას გავაკეთებ, რისი გაკეთებაც ვიცი!
- რისი გაკე-თ-ება იცი?
- ტყვიამპრქვევით რვიანებს ვხატავ!
- რვიანებს ხატავ?
- ხო, რვიანებს ვხატავ!
- მხატვარი ხარ?
- სნაიპერი ვარ!
- ესე იგი, სნაიპერი ხარ და რვიანებს ხატავ...
- ტყვიებით!
- მკაფიო რვიანებს?
- მკაფიოს!
- მერედა, ეგ მე რაში მჭირდება?
- თუ კი ვინმე გაგაბრაზებს, დაგხვრიტავ!
- მე დამხვრიტავ?
- იმას დაგხვრიტავ, ვინც შენ გაგაბრაზებს!
- აა, იმას დახვრიტავ?!
- ხო, იმას, შენ არა! მე ქართულად ცუდად ვლაპარაკობ.
- გასაგებია... ეგ საინტერესო წინადადებაა -  ტყვიამფრქვევი მაჩვენე!
- Мой пулемёт в музеи находится! (ჩემი ტყვიამფრქვევი მუზეუმშია)
- ვკაკომ მუზეი?
- საქარტველოს ოკუპაციის ვ მუზეი!
- აბა, შენა ხარ...
- Етат пулемёт и вправда мой! лична таварищ Будёни подорил!  (ის ტყვიამფრქვევი მართლაც ჩემია, პირადად ახანაგმა ბუდიონმა მაჩუქა)
- ოტკუდა ტი ზნაეშ ჩტო ეტა ტოტ პულემიოტ, კოტორი ტებე ბუდიონი პოდარილ, ჰა?!
-  Да там царапка стаит – „ЖАНА...“ и т.д.! (ზედ ამოჩხაპნილი მაქს _ „ჟანა...“ და კიდევ რაღაც სიტყვა)
- ჟანა?
- ხო, ჟანა!
- ჟანა ვინ არის?
- ჟანა ჩემი საცოლე იყო!
- ჟანა დარკი?
- დარკი არა! Козликова её фамилия! (მისი გვარი კოზლიკოვაა)
- კოზლიკოვა ჟანა?
- ხო, ჟანა კოზლიკოვა!
- არ გამიგია... - მხრები აიჩეჩა, - კარგი, ახლა ეს მითხარი: მუზეუმიდან ექსპონატს ვინ გამოგატანს?!
- როგორ თუ ვინ, მე მაგათ ვაჩვენებ, როგორ უნდა კერძო საკუთრების დაუკითხავად ვ მუზეი გამოფენა!
- შენ თვითონ ვინ ხარ, ასე რომ იმუქრები?
- მე კორჩაგინი ვარ!
- კორჩაგინი?
- ხო, კორჩაგინი!
- გამიგია...
ოსტატმა ფიქრს მისცა თავი, შემდეგ წითელარმიელს თითით ანიშნა სკამი მოიწიე, მომიჯექიო.
- ესე იგი, - ჩურჩულით წამოიწყო, - ტყვიამფრქვევს დაიბრუნებ და ვინც მე გამაბრაზებს...
- დავხვრიტავ!
- იცი რა, სიტყვა „დახვრეტა“ ყურს უხეშად ხვდება - XXI საუკუნეა... მოდი, ეს სიტყვა რამე სხვა სიტყვით შევცვალოთ!
- ტკვიამფრქვევით „დავამუშავებ“!
- მაგ ტერმინს ცოტა არა უშავს, მაგრამ... ეს „დამუშავებული“ ადამიანი რომ გადარჩეს და სამართალდამცავებთან გაიქცეს, გვიჩივლოს - სამუდამო კატორღა გარანტირებული გვაქვს! შენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე რაიმე მყარი გარანტია მჭირდება!
- გარანტია თუ გინდა, კანტროლკას მოგიყვან - ჩემ მიერ შესრულებულ სამუშაოს ის ცულით დაადასტურებს! მაგის ნახელავს შემოწმება არ სჩირდება, ის თვითონაა კანტროლკა!
- კანტროლკა ვინღაა?
- ჯალათია, დიდი ცული აქვს! შენ გამბრაზებელს მე ტყვიამფრქვევით რომ დავამუშავებ, ის თავისი დიდი ცულით ჩემ გაკეტებულ საკმეს დაადასტურებს - თავი მოჭრა!
- ვაა...
- მაგასაც ოცი ლარი გადაუხადე თვეში!
- ათ ლარზე არ იმუშავებს?
- არა, პროფესიონალია!
- რაც არის არის, მომიყვანე ეგ შენი „კანტროლკა“! ოღონდ, ერთი პირობა მაქვს: საქმე ისე გააკეთეთ, რომ მასში მე არ გამრიოთ, ვითომ მე არაფერი ვიცი.
- თუ შენ არ მეტყვი ვინ გაგაბრაზა, მე როგორ მივხვდე ვინ „დავამუშავო“ ტყვიამფრქვევით?
- რა უნდა მაგის მიხვედრას, კლიენტები როცა მოვლენ შენც ხომ აქ იქნები და დაინახავ ფული ვინ კარგად გადამიხადა და ვინ ცუდათ!
- ვაი თუ, შემეშალოს?
- ნუ ეხლა, ერთი-ორი კლიენტი აქეთ იქნება თუ იქით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს! ისე, მაინც ყურადღებით იყავი! წადი ახლა და ის შენი „კანტროლკა“ მომიყვანე!
- სანამ მოვიყვან, წამოდი ვ მუზეი ჩემი ტყვიამფრქვევი გაჩვენო.
- წავიდეთ! - საამქროდან გასვლის წინ შეგირდს მიმართა, - აბა, შენ იცი, საქმეს მიხედე, არ „ისაჩკაო“ -  მიშკა!

„მირაჟზე“ რეკლამა დაიწყო.

ახალ კადრში ოსტატი და წითელარმიელი საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში ტყვიამფრქვევის წინ დგანან.
- Во, надпис: „Жана + Павел = Любъов!“  я  же говорил!  (აი, ხომ ხედავ წარწერას - „ჟანას მივუმატოთ პაველი უდრის სიყვარულს“!
- მოიცა, წარწერაში გამარკვიე - ჟანა ჟანაა, მაგრამ პაველი ვინღაა?!
- პაველი მე ვარ!
- პაველი როგორ ხარ, შენ ხომ თქვი კორჩაგინი ვარო?!
- კორჩაგინი ჩემი გვარია!
- აა, მივხვდი! მაგრამ ამ ტყვიამფრქვევს აქედან როგორ გაიტან?!
- გავიტან! შენ ოღონდ ტაქსისტს ფული გადაუხადე, რომლითაც მოვიტან!
- ავტობუსით წამოიღე!
_ ავტობუსში არ ამატანინებენ!
ამასობაში, მათ პირველკლასელი გოგონა მიუახლოვდა.
- დედიკო, დედიკო, მოდი, ნახე, წითელარმიელი გაცოცხლდა.
- Погуляй детачка, погуляй...  - ბავშვი თავიდან მოიცილა, - ხვალ სამსახურში ტყვიამფრქვევთან და კანტროლკასტან ერთად გამოვცხადდები!
ისინი მუზეუმიდან გავიდნენ.
მეორე გამოშვების დასასრული.

გადაცემით „ტელევიზიის სარდაფში“ მოხიბლულმა მიხეილმა შეამჩნია, რომ სავარძელში მისთვის უჩვეულო პოზაში მოკალათებულიყო, წოლა მეტად ეთქმოდა ამას,  და მხიარულ მელოდიაზე ფეხის ბაკუნით ტიტრებს კითხულობდა. - „ვაჰ...“ - ღიმილით აღმოხდა მას; კითხვა კიდევ უფრო გულმოდგინედ განაგრძო: აღმოჩნდა, რომ „ტელევიზიის სარდაფში“ არ იყო რომელიმე უცხოური ტელეპროექტის ქართული გადამღერება და რომ მას მხოლოდ ერთი სცენარისტი ჰყავდა, რომელიც იმავდროს, მთავარი როლის შემსრულებელიც იყო - „ოსტატი“, ლოთი ხელოსანი. კიდევ უფრო ნიშანდობლივი ის აღმოჩნდა, რომ „ოსტატი“ ცხოვრებაში მართლაც ავეჯის რესტავრატორი ყოფილა, და აქედან გამომდინარე, გადაცემა „ტელევიზიის სარდაფში“ არა მხოლოდ საავტორო, არამედ მისი ავტობიოგრაფიული „პროდუქტიც“ ყოფილა.

მიხეილმა ერთი კვირით გამორთო ტელევიზორი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები