ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2018


თუთიყუშის საჩივარი

მოტყუებით დაჭერილი, სვე საწყალი,
გაყიდული და გაცვლილი სული - ფულში,
გაგეცნობით: მე ვარ ერთი, ბედზე მწყრალი,
გალიაში დამწყვდეული თუთიყუში.

მარტო ჩამსვეს, მეტყველებას რადგან თურმე
ვერ ვისწავლი, სხვასთან ერთად თუ ვიჯდები?!
ამათ ხელში, ნუ გაგიკვირდებათ თუ მე
გავგიჟდები, გავგიჟდები, გავგიჟდები!!!

სამი დღეა ახალ სახელს მასწავლიან,
მაწამებენ თითქოს პატიმარი ვიყო.
ერთ-ერთს ასე მოუნდა და ახლა მქვია -
"ჩიკო-რიკო", "ჩიკო-რიკო", "ჩიკო-რიკო"...

სხვა რა გზა მაქვს - შევისწავლი ამათ ენას.
ახალ სახელსაც ავიტან მოთმინებით.
მაგრამ ერთ დღეს, კარი ღია რომ დარჩებათ,
გავფრინდები, გავფრინდები, გავფრინდები!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები