ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2018


მარტივად!

მეზობლად,
კორპუსის ერთ-ერთ აივანს,
გავხედავ, ვფიქრობ:
რა კარგი კაცია,
ცოლს ეხმარება,
გადმოკიდებს მძიმე ლეიბს,
საბანს და ბალიშს,
გაამზეურებს.
სხვა დღეს გავხედავ,
ისეთ ქათქათა თეთრეულს ფენს,
ქალს შეშურდება.
ვფიქრობ: არა,
ცოლი  არ ჰყავს!
თვითონ შუახნის, დედა - მოხუცი
და ეხმარება.
კიდევ გავხედავ - ჩასაცმელს ფენს,
მხოლოდ კაცისას.
დღესაც,
გაფინა მეეზოვის სპეცტანსაცმელი.
ახლა კი მივხვდი,
არავინ ჰყავს, მარტოხელაა.
გარედან რაც ჩანს
მეც იმას ვხედავ,
ანუ მარტივად.
მაგრამ ვინ იცის
კედლებს მიღმა
რა ზღვა ღელავს,
რა ქარი ტრიალებს.
...და დავულოცე:
დღე,
გზა,
სიცოცხლე -
შევიყვარე...
ვიცი,
დიდი სისულელეა ეს სიყვარული,
არაფერს არგებს.
...და დავაყენე ეჭვქვეშ გამოთქმა:
"სხვას მოექეცი სწორედ ისე,
როგორც თავად გსურს რომ მოგექცნენ".
ნეტავ შეძლებდა ის
ასეთივე უანგარობას?
და თუ შეძლებდა,
მსურდა კი მისგან?!
აი, ასე:
ერთი, უცნობი ადამიანის მაგალითზე
მარტივად მივხვდი:
არავის უნდა შენი სიყვარული,
თუ არ სჭირდები!
ეს ადრე მეგონა,
სავსეს,
რომ მზე ვიყავი,
ყველა მიყვარდა,
თურმე,
არა მხოლოდ შიშს,
სიცარიელესაც სცოდნია
თვალის ფართოდ გახელა
და კარგად ვხედავ,
რომ მზე კი არა,
წყალი ვყოფილვარ,
მაგრამ არა ზღვა,
ტბა,
ან მდინარე,
მხოლოდ გუბურა,
სუსტი გუბურა
და როცა ზამთარმა და ყინვამ
პირი შეკრეს ჩემს წინააღმდეგ,
მე კი სუნთქვა შემეკრა,
თავად გამიხდა მზე საძებნელი,
და მივხვდი:
სიყვარულშიც არ არსებობს უანგარობა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები