ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: ზამთრის თალია
ჟანრი: პროზა
16 ნოემბერი, 2018


მესამე იოსები


_ რა ქენი, მოუხერხე რამე?
_ ააარა, ძმაო, კიარა და, ისა, ირაკლი ბიძია, მე მაგ ქალთან მეორედ მიმსვლელი აღარ ვარ! _ ავტომობილში ორნი ისხდნენ, ერთი ახალგაზრდა და მეორე მხცოვანი, ერთ ღერ სიგარეტს რიგრიგობით ეწეოდნენ ფიქრებში ღრმად წასული თვალებით და აღარ ლაპარაკობდნენ. ანკი რაღა იყო სალაპარაკო. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მათი საქმე კი _ წასული. ხვალვე მოუწევდათ გათავისუფლებაზე განცხადების დაწერა, რადგან მისია ვერ შეასრულეს. ორივე დარდობდა. სიგარეტი კი სწრაფად იწვებოდა, ბოლო ღერი სიგარეტი. მოუწევდათ უკაპიკოდ დარჩენა, შვილების, შვილიშვილების, ცოლების კმაყოფაზე. ჩაიწვა ის ბოლო ღერი. ირაკლიმ ნამწვი თითებით მოსრისა, ხელში დაატრიალა, კარგად დაყნოსა და, მონაცრისფრო საღამოს ჰაერში გატყორცნილს, ბეტონზე დავარდნამდე გააყოლა დაჟინებული მზერა, დაემშვიდობა.
წავიდნენ.
_ არ მინდა, ბიჭო, აგერ გამიჩერე და ჩემით წავალ.
_ მოიცა, რა, ირაკლი ბიძია, ბოლო სამუშაო დღე გვაქვს ერთად და შუა გზაში ჩამოგსვა?!
_ იქნება რამე კიდე გვეცადა, ა, ბიჭო?
_ რაღა ვცადოთ, ირაკლი ბიძია, იარაღით ხო არ შევაშინებ, ცოდვაა ეგ საწყალი, _ თქვა ახალგაზრდამ და შუქნიშანზე ბოლო წამსღა დაამუხრუჭა ავტომანქანა.
_ კი, ცოდვაა, ეგ ჩემისა, მართლა ცოდვაა, ნახევრად ბრმაა და თან ძაან ბებერი, მაგრამ ჩვენ ხო იმას ვთხოვთ, რაც სწორია? ჩვენ ხო თავისას არაფერს არ ვართმევთ?
ახალგაზრდამ მცირეოდენი პაუზის შემდეგ გაუბედავად თქვა:
_ რა ვიცი, ირაკლი ბიძია, ხანდახან მეჩვენება, რო ზუსტადაც ვართმევთ და მომკალი ახლა, თუ გინდა, _ თქვა და ხმა აუკანკალდა. უკნიდან გაბმული სიგნალები შემოესმათ, მწვანე ანთებულიყო. ახალგაზრდამ ფანჯრიდან ხელი გადაყო, რაღაც ანიშნა სხვა მძღოლებს და გზის სავალი ნაწილიდან ნერვიულად გადავიყვანა მანქანა.
_ მისი წერილი თუ წაიკითხე, ირაკლი ბიძია?
_ ვიცი, რაც წერია მაგ წერილში.
_ არა, პირადად თუ წაიკითხე? სიტყვა-სიტყვით თუ წაიკითხე, რას წერს, როგორ წერს, რას ყვება? _ და უბიდან წიგნაკში ჩაწყობილი ოთხად გაკეცილი ყვითელი პერგამენტის ფურცლები ამოაძვრინა.
_ წაიკითხე, ირაკლი ბიძია, აგერ ჩემ თვალწინ წაიკითხე! ხმამაღლა!
_ სათვალე დამრჩა, ბიჭო, საკითხავი და ვერ წავიკითხავ. გამატანე, სახლში გადავხედავ.
_ მე ის გითხარი, ირაკლი ბიძია, გადახედე-მეთქი? მისმინე, მე წაგიკითხავ და ამის მერე შენ მითხარი, რო ცუდი პოლიციელი ვარ და იმიტო ვერ გავაკეთე საქმე.
შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.
მანქანაში სინათლე აანთო და შეუდგა კითხვას.
"მივმართავ ქალბატონ კულტურის მინისტრს.
გამარჯობა, ქალბატონო მინისტრო. მე ვარ ვენერა შველიძე. მე ვარ ხუთი შვილის, ცხრა შვილიშვილის და თექვსმეტი შვილთაშვილის მშობელი. მე ვარ ქვრივი. ქმარი რო მომიკვდა, ვიყავ ოცდათორმეტი წლისა. დავრჩი წვრილშვილით, ძუძუთა ბავშვით. მე არ შევშინდი და ქვეყანას ყველა შვილი გავუზარდე. კი უნდოდათ ჩემი წაყვანა, არ გავყე. ვიწვალე, ვიწვალე, გამჩენმა ღმერთმა ნუ გაწვალოთ, ქალბატონო კულტურის მინისტრო. ხო ქალი ხართ? ასე მითხრეს, რო ქალი ხართ. მანდ ვიყავ მოსული, არც გვარი მითხრეს თქვენი, არც სახელი, ვიღაც გოგო-ბიჭები შემხვდნენ, გამიცინეს და მითხრეს, არარი საჭირო, ისე დაწერეო, ბებოო.
სანამდის გავთხოვდებოდი, იმ ამბებსაც გეტყვით.
მე გავიზარდე თბილისში ბავშვთა სახლში, სადაც ჩამომიყვანა ერთმა კეთილმა კაცმა, რომელმაც მიპოვა ტყის შუაგულში სულ მარტო დაგდებული სამი წლისა. მახსოვს ყველაფერი, თუ როგორ დამტოვა მშობელმა დედამ, მაგრამ ვერ გამიხსენებია, ისეთი რა დავუშავე, რო ასე მომექცა. აპრილის თვეში წამიყვანა ტყეში, ვიარეთ, ვიარეთ, არც არაფერი დაგვიკრეფია, ჩქარა მივყავდი, ფეხები მიცურავდა ხის პრიალა ფესვებზე, წავიფორხილებდი, წავიქცეოდი, ჩქარა ამაყენებდა. მერე მითხრა აქ დაჯექიო და კუნძზე დამსვა. თვალები დახუჭეო, დამალობანა ვითამაშოთო. მე ტირილი დავიწყე, არ მინდა დამალობანა, არ დამემალო-მეთქი. მიყვირა, მაშინ მე ყვავილებს დავკრეფავ და ახლავე დავბრუნდებიო. შენ მანამდე რამე სიმღერა იმღერეო. არც დაელოდა ჩემს დაწყნარებას. დამტოვა ასე აბღავლებული და ბოლო სიტყვა იყო, ფეხი არ მოიცვალო, თორე სახლში მიგიყვან და მაგრად გცემო.
მე ავიფარე თვალებზე ხელები, ვეღარ გამეგო, დამალობანას ვთამაშობდით თუ არა. იმ კუნძზე ვიჯექი, ფეხებს ვაქანებდი და სიმღერებს ვმღეროდი. ბევრი სიმღერა ვიმღერე და რო დაღამდა და რო ძალიან მომშივდა პური, მაშინღა მივხვდი, დედაჩემი აღარ მოვიდოდა. ვიტირე დილამდე. კიდევ კარგი და ღმერთს მადლობა, აპრილი იყო და დიდად არ ციოდა, არც ნადირი დამსხმია თავს. დილით ხელახლა გამახსენდა ყველაფერი და დავიწყე სირბილი იმოდენა ტყეში. დავრბოდი, ვყვიროდი, ხეებს ვეხუტებოდი, ვტიროდი, პური მშიოდა. იმ კაცმა ჩაძინებული მიპოვა მოკუნტული, ზურგზე შემისვა და მიმიყვანა თავის ცხრა შვილთან. ცოლმა უთხრა, ცოტა ხანს გვყავდეს, მოვაღონივროთ, ეგებ ვინმეც ეძებდესო. თუ არავინ გამოჩნდა, წაიყვანე და ჩააბარეო.
კარგი ხალხი იყო, ერთი წელი შვილივით მიპატრონეს. არავინ მოსულა ჩემს წასაყვანად. მე, ასე პატარამ, ვიცოდი, არავინ მოვიდოდა, მაგრამ მაინც მინდოდა დედა. ვტიროდი ხოლმე ღამე და იმ ღამეებში ნინა, ჩემი დედობილი, ჩემ გვერდით იძინებდა. მერე გაუჭირდათ და ჩამაბარეს. მე მაინც ვემადლიერები. კარგი ხალხი იყო, მხეცის საგლეჯად კი არ დამტოვეს, თბილისს ჩამომიყვანეს და თვალებცრემლიანებმა დამაბინავეს. ცხრავე ბალღი გამომეტირა, მაგრამ, აბა, იმათ ხო არ ჩააბარებდნენ და მე დამიტოვდნენ... უპატრონოთა სახლში მე შევიტყვე, რომ მქონდა თვალის დაავადება და მალე სინათლეს დავკარგავდი. ეს იყო, ათი წლისა რომ გავხდი. მას შემდეგ თანდათან მაკლდებოდა. ბოლოს მარტო ლანდებსღა ვხედავდი. გადამიყვანეს უსინათლოთა სკოლაში. იქ მე ვისწავლე ხელსაქმე, ბნელში სიარული, ბრაილის დამწერლობა. იქ მე მყვანდა მეგობრები. იქ გავიცანი ჩემი ქმარი, ცხონებული იოსები. კარგი ვაშკაცი იყო. ბევრს ვმუშაობდით და ერთხელაც გავიგეთ, პეტერბურგიდან ხირურგი ჩამოდიოდა და ხალხს თვალებს უხელდა. ჩემმა იოსებმა, რაც კი ფული გვქონდა, მოკიდა ხელი და ოპერაცია გამიკეთა. მომატყუილა, დღეს შენ, ხვალ კიდე _ მეო. თურმე სულ ბოლო კაპიკი დამახარჯა და თვალი ამიხილა, თვითონ დამირჩა ისევ ისე, ცალი თვალით ბრმა, ცალით ლანდებსღა ხედავდა. მე დავინახე ყველაფერი თავიდან და თავიდან შევიყვარე სიცოცხლე. ჩემი იოსები სახლში დავსვი, აღარ ვამუშავებდი, დღედაღამ ვმუშაობდი და ასე ვცდილობდი მადლობის თქმას. ხუთი შვილი გვეყოლა. ხუთივე კარგები, საღები. ბოლო გოგო, თამუნა ძუძუზე მყვანდა, ჩემი იოსები რომ გზაზე მომიკლეს ყაჩაღებმა და რო უნახავთ, არაფერი ჰქონდა წასართმევი, მკვდარი უწამებიათ და უწვალებიათ, მე მის სულს ვენაცვალე.
რო დავქვრივდი, დავავლე ხელი ბალღებსა და იოსების მამულში დავბრუნდი, რომელიც არის ვანში. იქ დამეზარდნენ ყველანი კარგები, კარგი განათლება მივეცი, უფროსი მეღვინე მყავს, ზურაბი, მერე ორი გოგო, ექიმები, მერე ღვდელი სიმეონი, ჩემი მოძღვარი და ჩემი შვილი, დედა ენაცვალოს. და სულ ბოლო თამუნა, ჩემი ჯავრისგან გამშრალი ძუძუებით გამოზრდილი, სკოლის მასწავლებელი. ყველა თბილისს მყვანან. აქ დავათხოვე და დავაცოლშვილე, შვილიშვილებიცა და იმათი შვილებიც სულ კარგები, ლამაზები. კარგი თვალები გამოადგათ, ჯვარი ეწეროთ. ერთი შვილთაშვილი იოსები მყავს, იმის იმედი მაქვს იმის ნათელი თვალებისა, საარტისტოზე სწავლობს ისეთია, გოგოებს სულ ელეთმელეთს მართებს. ერთხელ თბილისს ვიყავ და წამიყვანეს მაგის თეატრზე და მე კი ვერაფერი გავიგე, მაგრამ იოსები ლამაზად არტისტობდა, რას ცეკვავდა, რას მღეროდა, რა ხმით ლაპარაკობდა, ჩემი იოსები გამიცოცხლა.
ქალბატონო კულტურის მინისტრო, მე შვილიშვილები რო დავაზრდევინე შვილებსა, ვანში დავბრუნდი და დავიწყე მარტო ცხოვრება, არავინ შევაწუხე, შაოსანი ქალი რა საყურებელია ყოველდღე...
მერე იყო და შევიტყე, თვალებს ისევ ვკარგავდი. ექიმთან ჩამოვედი, გლაუკომაო. ვიწვეთე, არაფერი მიშველა. ძვირიანი იყო წამლები, ქალბატონო კულტურის მინისტრო. ვითხოვე დახმარება თავრობისგან, არავინ მე არ დამეხმარა. ვანის მერიიდან გამომაგდეს, ჯანდაცვიდანაც გამომაგდეს. ვერ ჩავიწვეთე წვეთები. ჩემი პენსია მარტო მაგეებზე არ მეყოფოდა. შვილები არ შევაწუხე. თავიდან დავკარგე თვალები, ქალბატონო შენ გენაცვალე და კულტურის მინისტრო. მარტო შუაშიღა ვხედავ და ისიც მალე აღარ იქნებაო. ჩემმა  შვილიშვილებმა რო გაიგეს, კიდე ოპერაცია გამიკეთეს და ახლა წვეთი აღარ მჭირდება. დავდივარ ასე, ნახევრად ბნელში, ვუვლი ბოსტანს, ორ ძროხას. შიმშილით არა მშია, მე ვინ მომაშიებს, მაგრამ აღარ მინდა მე ცხოვრება. დიდხანს ვიცხოვრე, ბევრი ვნახე. ღმერთს ვუყვარდი, დედაჩემს არა. მე კიდე მერჩივნა, რო დედასა ვყვარებოდი.
ახლა, ჩემო მინისტრო, ჩემი იოსების ქორწილია. კარგი ბალღი უპოვნია, ლამაზი, მოხდენილი, ეშხიანი. ერთხელაც ვხედავ, მოდის ვინმე ბიჭურად გაკრეჭილი გოგო ჩემს ჭისკარზე. მეო, ქალბატონო ვენერაო, ევენტ მენეჯერი გახლავარო და შენი ეზო ქორწილისთვის უნდა მოვაწყოო. მე ვეკითხები, ვისი ქორწილისთვინ, შენი ჭირიმე, ბებო გენაცვალოს. შენი შვილიშვილი იოსებისაო. შვილთაშვილია ეგა-მეთქი. აბაო, ქალბატონო ვენერა, თქვენ ყოფილხართ ნამდვილი გმირი ქალიო. მე ეს სიტყვები გამიხარდა და შემოვუშვი რო ევენტი გაეკეთებინა. დაათვარიელა ეზო-კარი. ყველაფერი ლამაზიაო, მაშ-მეთქი... მაგრამა აი ესაო, ეს კაქტუსიო აქ არ უნდა იყოსო, ამოვათხრევინებო. ჩემი აგავა იყო. არ ამოვათხრეინე. მიწა გავჭრა ჯერა და ხვალ მოდი და გადმოიტანე-მეთქი. ავდექი დილიდანა. გავჭერი სხვა მხარეს მიწა, ბარს ძლივსღა ვეჭიდებოდი, მაგრამ მაინცა ვთხრიდი. გავიხედე და რაც მე დავინახე, ეს უკვე ჩემზე კარგათ მოგეხსენებათ, ჩემო ქალბატონო. მე მასეთი ლამაზი არაფერი მინახავს და ეზოში კი მქონია დაფლული ამდენი საუკუნე. მე ერთსა გთხოვ, ჩემო კარგო მინისტრო: ქალი ქალად აღარა ვარ, თვალი თვალად აღარ შემრჩა, მე რად უნდა გამოვიყენო ეგ კომპენსაცია, პური არა მშია, მეტი რაღა უნდა მინდოდეს მე ბებერსა...
ორ კვირაში ჩემი იოსების, ჩემი თვალის შერჩენილი სინათლის ქორწილია. მომეცი ჩემს ეზოში ნაპოვნი გვირგვინი, დავიხურავ ქორწილში, შენი ჭირიმე, არაფერს დავუშავებ, ძალიან გავუფრთხილდები, მექნება ის დღე, ერთს ვიცეკვებ, თავს მოვიწონებ, გოგო-ბიჭებს ვახალისებ და ეგებ მეორე დღეს აღარცა ვიყო, შენი ჭირიმე. მიყავი სიკეთე და მომეცი ის ერთი დღე ჩემი იოსების მიწაში ნაპოვნი გვირგვინი. ფული დაიტოვე, არ გეკითხები, რამდენია, სულ შენ დაიტოვე, მომყიდე ერთი დღით ჩემი გვირგვინი. ჩემი იოსებისთვის მე დედოფალი ვიყავ. ეგებ დედოფლადაც წავიდე მეორ-მესამე დღეს.
პატივისცემით ვენერა შველიძე".
იოსებმა წერილის კითხვა დაასრულა, ლამაზად შეკრეჭილ წითურ წვერებში ცრემლების ზღვა ჩაჰგუბებოდა და ირაკლი ბიძიას მვედრებელი თვალებით უყურებდა.
_ ამისთვის ჩამოვიდა ეს მოხუცი ქალი, მატარებლით ჩამოვიდა, ირაკლი ბიძია, მინისტრისთვის ეს წერილი უნდა მიეცა. ეგებ დავეხმაროთ. მე მივუტან მინისტრს, მე შევალ და ვაჩვენებ. იოსები მაინც არ დაგერქმია ჩემთვის, ირაკლი ბიძია, ხო შენ დამარქვი... ვაჩუქოთ ერთი ბედნიერი დღე ჩვენ, ჩვენ ორმა. ჩემს კაცობას გეფიცები, ჩემს ნუციკოს გეფიცები, ესაა სწორი. მუზეუმში იქნება აწი ის გვირგვინი, აქამდე ხო სულ მიწაში იყო და...
ირაკლი გადაეხვია იოსებს და უთხრა:
_ ჩემი და ყველაზე მაგარი ქალია, შენ რომ გაგზარდა!
_ ჩათვალე, რომ შენს დას ადგამ იმ გვირგვინს.
_ ჩავთვლი! _ თქვა ირაკლიმ ჩუმად და დიდი ხნის ნაგროვები ცრემლები ცხვირის გვერდითა ნაოჭებზე ერთმანეთის მიყოლებით გადმოუგორდა.
ღამე იყო უკვე.
მეორე დილით ბატონ კულტურის მინისტრთან ახალგაზრდა იოსები შევიდა. ირაკლი გარეთ მოუსვენრად ელოდა და უსიგარეტო თითები მალ-მალე მიჰქონდა ტუჩებთან.
გამოვიდა იოსები და სანამ ქუჩაში არ გავიდნენ, ირაკლიმ მის სახეზე ემოცია ვერ ამოიკითხა. გავიდნენ და  უცებ იოსებმა მაგრად შემოხვია ხელები, ჰაერში ასწია და დააბზრიალა.
ირაკლი დაიბნა და ქალივით დაიწყო ფეხების ქნევა, მაგრამ მერე სიხარულმა სძლია და დანებდა, როგორც ქალები ნებდებიან ხოლმე.
_ დამსვი, შე მამაძაღლო, ყველა ჩვენ გვიყურებს! _ უთხრა ბოლოს.
_ წამო, ირაკლი ბიძია, დავლიოთ, ნუციკოს დაბადების დღის ნასუფრალზე გეპატიჟები.
წავიდნენ.
ორ კვირაში ვანის გარეუბანში, ძველი ხის სახლის ლამაზ ეზოში, ყვავილების თოვასა და ლამაზი მუსიკის ხმებში, სუფრასთან ისხდა ოთხი თაობა. იდგა ჟრიამული ნეფე-პატარძლის ირგვლივ. და თბილისელ სტუმრებს შორის საპატიო ადგილას მჯდარ ბატონ კულტურის მინისტრს სახეზე ღიმილი არ შორდებოდა, ისე ძალიან მოსწონდა ლურჯ კაბასა და კაშკაშა ოქროს გვირგვინში გაპრანჭული ნამდვილი დედოფალი ვენერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები