ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზამთრის თალია
ჟანრი: პროზა
25 ნოემბერი, 2018


* * *


მერე რა არი იმაში ცუდი, რო ქალმა ბალღი გაჰყიდოს და იმისი ფული თავი ქმართან გაჩენილ წვრილშვილს მოახმაროს, პური აჭამოს, ჩააცვას, დაახუროს?! _ ყვიროდა ახალგაზრდა ქალი და მუხლებზე იცემდა ლამაზ ხელებს. თავადაც ლამაზი იყო. თეთრი, მაღალი ყელით, შავი, ოდნავ ჭაღარაშეპარული თმით, მაღალი ყვრიმალებით და ცერად გაჭრილი თვალებით. მაგრამ თვალები ჰქონდა შეშლილზე შეშლილი და არსად არ იყურებოდა, თითქოს ბრმა იყო. და ნიკაპიდანაც ისე უსიამოვნოდ ამოსჩროდა შავი თმის მსხვილი ღერები, როგორც სიყმაწვილეში ახლადშესულ ბიჭს. თეთრ, ნათელ ოთახში მის გარდა არავინ იყო, რომ პასუხი გაეცა. ქალი ტიროდა და ბარძაყებს იკაწრავდა გრძელი, მოუვლელი ფრჩხილებით. ითხოვდა შვილების ნახვას. ამბობდა: "გემუდარებით, ყველასა გთხოვთ, ხალხი არა ხართ?! მომიყვათ ჩემი შვილები, გულში ჩავიკრა! ჩემი ცხოვრების სიყვარულები! ნუ წამართმევთ! ნუ მომწყვეტთ!" მეორე წუთს სახე შეეცვლებოდა, საწოლიდან წამოიჭრებოდა, რკინის კარს მთელი ძალით მიეხლებოდა და ყვიროდა: "აახლავე სამივე აქ მომიყვათ! სამივე გველის წიწილი! ეშმაკის მოციქულები! დანით უნდა გამოვჭრა, აი, ამ ხელებით, აი, ამ ხელებით, ხალხოო, ყელი ჩემი ცხოვრების დანგრევისთვინ, ჩემი ქალობის დანგრევისთვინ!" და ასე მეორდებოდა.
დილის შემოვლაზე წამალს ყელში ღრმად ჩაუტენიდნენ ვაჟკაცურად ძლიერი მედდები. ის კი იფურთხებოდა. პირიდან ქაფი გადმოსდიოდა და საზარლად იღრინებოდა. ცოტა ხანში კი ნაცემი ძაღლივით მიიკუნტებოდა თავისი რკინის საწოლის კუთხეში.
შვილები თვეში ერთხელ ნახულობდნენ. ერთმანთს ეფარებოდნენ და შიშჩამდგარი თვალებით შორიდან უყურებდნენ გიჟ ქალს, რომელიც ერთ დროს ლამაზი და ალერსიანი დედა იყო. ახლოს არ ეკარებოდნენ და ისიც, სადღაც მიშტერებული თვალებით, ვერც ამჩნევდა თავის ნაშიერებს, რომლების გამოც ორი სხვა შვილი გაყიდა, ხოლო ორი მკვდრადშობილი ტყუპი დილით ჩამოთვლილ ნაგვის მანქანას გაატანა შავ ცელოფნის პარკში დაკლული ქათმებივით ჩაწყობილი.
პირველი შვილი მაშინ გაუჩინა სხვა ოჯახს, როცა ახლობელმა ქალმა მეზობელი სოფლიდან უცნობი ჭაღარა მამაკაცი მოუყვანა და სანამ ერთმანეთს შეახვედრებდა, იმათი სევდიანი ისტორია უამბო. ბევრი ჩურჩულისა და თითების მტვრევის შემდეგ ქმარმაც, წესიერმა გლეხმა კაცმა, თანხმობა უთხრა, კიო, მართალი ხარო, გვიჭირს და ამ ოხერ მიწას ჩაჩერებულები ვერსაიდან ვშოულობთ ფულს, ზამთარი რომ გადავიტანოთო.
შეთანხმების მიხედვით, ფულის ნაწილი მაშინვე გადაუხადეს.
ის ზამთარი გადაიტანეს.
დაიბადა გოგონა. თეთრი და შავთვალა. გრძელი თმით და ცერად გაჭრილი თვალებით. მამამ დაბადებისთანავე წაიყვანა და მადლიერების ნიშნად დაპირებულ ფულთან ერთად დიდი ძღვენი მიართვა სახლში ოჯახის უფროსს, რომელიც ბნელ ოთახში იჯდა და თავის წინ მდგარ არყიან ჭიქას თითებით ნერვიულად აწვალებდა. უთხრა, რომ ამ სიკეთისთვის ღმერთი გაახარებდათ და სიკეთე უსურვა მათ შვილებს. კაცმა მადლობა უთხრა და უხერხულად ბედნიერი სტუმარი ჭიშკრამდე გამოაცილა.
ყველაფერი კარგად იყო. ქალი მალე მორჩა, შინ დაბრუნდა, ძუძუები აიკრა, რძე გაიშრო, დაივიწყა თავისი გაჩენილი გოგონა. შეუდგა საჭმლის კეთებას, შვილები სასკოლედ გამოაწყო, სახლის კედლებიც შეათეთრეს, გადაქცეული ღობეც შეაკეთეს და ზამთრისთვის შეშაც არ დაჰკლებიათ.
მხოლოდ ხანდახან, როცა მისი ქმარი შინ ფხიზელი დაბრუნდებოდა, უჭირდათ ერთად ყოფნა, ერთად წოლა. და მაშინ ქმარი, საქმეების მომიზეზებით, მეზობლებთან მიდიოდა, დალევდა, დაბრუნდებოდა და შემთვრალი უწვებოდა ცოლს. ცოლი სხვაგან იყურებოდა და ისე ეფერებოდა.
მაგრამ ყველაფერი იყო თითქმის კარგად. შვილები კარგად იყვნენ, აღარ სციოდათ, გამძლე ფეხსაცმელები, ახალი წიგნები, კვირაში ერთი დღე ხორცს ან თევზსაც ჭამდნენ.
მეორე შვილი მაშინ გააჩინა, როცა...
დედამიწის ზურგზე მისი, ბავშვის მამისა და კიდევ შუამავლის გარდა არავინ იცის, რატომ ან ვისგან გააჩინა მეორე შვილი.
მეოთხე თვეზე რომ მუცელი დაეტყო და სრული ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო, ქმარმა რაღაც იეჭვა, მაგრამ არაფერი უთქვამს, კიდევ უფრო მიეძალა სასმელს. ხელებშიც ღონე გამოეცალა, მიწას ვეღარ ამუშავებდა. გაჩნდა გოგონა. გამხდარი, სუსტი. იშვიათად ტიროდა. წაიყვანა შუამავალმა და ფულიც გადაუხადა.
შინ რომ დაბრუნდა, ქმარი და შვილები აღარ დახვდნენ. წასულიყვნენ ქმრის დასთან და დაებარებინათ, ნუ მოხვალო.
მაინც მივიდა. ჯერ ქალაქში წავიდა, იყიდა უამრავი ტკბილეული, ხილი და საზამთრო. მივიდა, ქმარს დაუჩოქა და უთხრა:
_ უმცროსმა შარშან ამ დროს საზამთრო მომთხოვა და ვერ ვუყიდე. სისხლი ამეწვა. აი, ეს საზამთროები. ნახე, რამდენი მოვიტანე. სულ კარგები, ტკბილები. ზოგი უკურკოებიცაა.
ქმარს არ უპასუხია. მიხვდა, რომ უკვე შეშლილი ქალის ქმარი იყო. წამოაყენა და უთხრა:
_ დაწექი, დაისვენე.
სისხლნაკლულმა მალე მკვდარივით დაიძინა.
მხოლოდ ბავშვები, პატარა და უბოროტო ბავშვები, სიხარულით მიესივნენ საზამთროებს. მათგან ყველაზე დიდი ამოარჩიეს და მტირალ მამიდას შეევედრნენ, გაგვიჭერიო. დასხდნენ, შეჭამეს.
მამამ დანარჩენი საზამთროები ურიკაზე დააწყო ტკბილეულთან ერთად და სახლის უკან, მდინარეში ჩაყარა. ბავშვები მისდევდნენ და ევედრებოდნენ, თითო შოკოლადი მაინც გაემეტებინა. არ მოუსმინა. მდინარეს გაატანა ყველაფერი. შვილებს ხელი დაავლო და შინ წაიყვანა.
ქალმა რომ გაიღვიძა, მულმა უთხრა, ახლა დაბრუნდი, მაგრამ თუ კიდევ მსგავს რამეს ჩაიდენ, ბავშვებს წაგართმევ და მერე ჩემი ხელით დაგახრჩობო.
დაბრუნდა.
ქმარი გომურში გადასახლდა. შვილების დედას ვერ ვაცხოვრებ გომურშიო, გაიტანა ერთი რკინის საწოლი, ლეიბი, საბან-ბალიში და წავიდა. მეორე დღეს ექიმი მიუყვანა. ქალმა უთხრა, კარგად ვარ
ვაცნობიერებ ჩემს დანაშაულს და აღარ ვაპირებ მსგავსის გამეორებასო.
ქმარი შინ აღარ შედიოდა. სულ სვამდა და მიწას წვალებით ამუშავებდა. ქალი მეორე ბავშვის გაყიდვიდან აღებული ფულით ლამაზ კაბებს ყიდულობდა და შვილებს სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე დაჰყვებოდა. არავინ იცის, რას აკეთებდა, გაკვეთილების დროს. დადიოდა ლამაზი კაბებით, ლამაზი თვალებით...
და ერთხელაც, როცა მუცელი უკვე მერამდენედ გამოებერა, უკვე თავადაც აღარ იცოდა, ვინ იყო მორიგი ბავშვის მამა. შეეშინდა. გაიხსენა პირველი გაყიდული შვილი. მოძებნა მამამისი, სკოლაში დახვდა და უთხრა, რომ ფულს თუ არ მისცემდნენ, გოგონას ყველაფერს ეტყოდა. კაცმა უთხრა, რომ ფული არ ჰქონდათ და შეევედრა, იმ შენი სიკეთის და იმ შენი ქმრის პატიოსნების გამო ამას ნუ გამიკეთებ და მონად დაგიდგებიო. მართლა არ ჰქონდა იმდენი, რამდენსაც სთხოვდა. რაც ჰქონდა, ის მიუტანა მეორე დღეს, მაგრამ ქალს არ ეყო აბორტისთვის. დარჩენილი თვეები შინ გამოკეტილმა გაატარა. სულ მთლად მოიშალა. შეიშალა. თვალები ჩაუბნელდა, ნიკაპი თმით დაეფარა, მზე არ უნახავს რამდენი თვე... კანი გაუმიტკლისფერდა, თმა აებურდა და სველი ხავსივით დაეტკეპნა. საბოლოოდ გაგიჟდა. კაცი გალოთდა და აღარავინ იყო არავის პატრონი და მომკითხველი. სახლის ღობე ისევ წაიქცა. კედლები გაიმურა. ფანჯრებში ჩამოღამდა. ბავშვები გაველურდნენ.
დროზე ადრე ეტკინა მუცელი, მაგრამ, აბა, რაღა იცოდა, რა დრო იყო... ეტკინა და გააჩინა. ჯერ ერთი. იმ ერთს მეორე მოჰყვა. ბიჭები იყვნენ. ჩუმად იყვნენ. პატარები, ლურჯები, ჩუმები. სულ ცოტა იტირეს, ერთმანეთს ჩაეხვივნენ ბინძურ ქვეშაგებზე, დაიძინეს და აღარც გაუღვიძიათ.
რომ გათენდა და ნაგავმა ჩამოიარა, ქალმა ამდენი თვის შემდეგ პირველად გამოაღო სახლის კარი და გარეთ ფეხათრევით გამოვიდა. ხელში მკვდარი შვილები ეჭირა და ნაგვის მანქანას თავზარდამცემი სიმშვიდით ელოდა.
მენაგვეებმა რაღაც იეჭვეს, როცა ამ მკვდარივით თეთრი ქალის სისხლით დასვრილ ბარძაყებს შეხედეს.
გაისმა ზარების გაბმული ხმა _ ნაგვის მანქანის ზარების. მთელი სოფელი მოგროვდა.
ქალი წაიყვანეს და მას შემდეგ თეთრი ოთახის კედლებს უყვება თავის ამბებს. ხან რას იტყვის, ხან რით იმართლებს თავს. ამბობენ, იმდენად ძლიერ შეიშალა, წამლები არ შველისო.
ზის და ელოდება, როდის აპატიებენ. ზის და ელოდება, როდის სთხოვენ პატიებას.
ქმარი მკვდარი ჰყავს. არ იცის. მამიდას მიჰყავს შვილები. ვალს იხდის.
შვილები იზრდებიან.
გაყიდული შვილებიც.
პატიების დრო ახლოვდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები