ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არია
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2018


შენი პერანგი

ისე მარტოა კარადაში შენი პერანგი,
თითქოს გეკიდოს ჩამოთრეულ, მორყეულ მხრებზე.
მე კი კერტები მინდა უბეში ისევ მენთოს ლამპიონებად
და გამწვდებოდეს გაწელილი დროის ბოლომდე.
არ შემიწყალე, რომ შენი თმების _
შავი ყორნების
და წეროების წყლისფრად გაშლილ ფრთებად გყოლოდი.
ვიგლოვე წელი ორჯერ ათასი, და ვაჩინე დარდებისგან მკვდარი შვილები,
თალხი ჩავიცვი, მიწა ვჭამე შავი მიწა, მსუყე და სველი
ჩემი ცრემლისგან.
ვერ მივაყუჩე სულის ყმუილი, ვილოკე სისხლი, დახეთქილი მაჯებიდან გადმონაჟონი.
და არის დილა, არაერთხელ ნათენები მრუმეთვალება,
და არსად აღარ გავურბივარ მოსისინე, მსტვინავ ტკივილებს,
როგორც ზამთარში მწველი მზე და ივლისში თოვა, ისე ვარ.
როგორც ფუძის ცეცხლზე შემოდგმული შენი თვალების შეჭამანდი,
როგორც კაცის კვლა, ჩაქვავება და მერე იმავ კაცზე გოდება,
როგორც მხურვალე ღამეების გამოგლოვება და ხმით ტირილი.
ვდგავარ სიშორის და სიჩუმის ჩამონგრეულ ეკლესიაში,
მკვდარი ძაღლების ხროვა მიდგას ჩამქრალ სანთლებად.
და აღარაფრის, სულ არაფრის მე მომლოდინეს,
მხოლოდ შენს ცისფერ საფეთქლებთან დარხეული
მძლავრი ტაქტები
თავს მახსენებენ დროდადრო და კარადას ავსებს
შენი პერანგის მოშვებული თეთრი მკლავები
და მათ სიღრმეში შეხიზნული სიცარიელე.
დაბრუნდი! ძლიერი მაჯები საიმედოდ შეიბორკე თეთრი მანჟეტით.
დამირჩი, ლურჯი ნათითურები ყელზე და წელზე და კალთაზე შემომახვიე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები