ნაწარმოებები



ავტორი: არია
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2018


* * *


ჩვენ, შესაძლოა, უკვე ჩამქრალ ვარსკვლავებს ვუმზერთ.
მაგრამ ფიქრი, რომ ის ვარსკვლავი, რომელსაც ხედავ
დიდი ხნის წინათ ან სულაც ამ წამს გარდაიცვალა,
შემზარავია.
ამიტომ მოდი, არ ვიფიქროთ, რომ ღამღამობით,
როცა ალერსით დაღლილები გულაღმა ვწევართ
და ერთმანეთის გულისცემას ან სიგარეტის მწარე ღრუბელს თანაბრად ვიყოფთ,
ცასმიყრდნობილი თვალები ჩვენი უმზერენ სიკვდილს,
შორეული გალაქტიკების და სხვა მზეების სამზეოში დამდგარ ტკივილებს.
და ნუ ვიფიქრებთ, რომ კვდებიან სხვა პლანეტები, სხვა მზეები და მთვარეები გუშინ ან ახლა.
და რძისფერ ზოლად გამოტყორცნილ პოპულაციას,
რომელიც ალბათ არ იქნება უკანასკნელი
და არც პირველი,
არ ჰყავს უფალი, ვისაც ჩვენთვის გული შესტკივა,
ვინც არ დაუშვებს, რომ ჩვენც ერთხელ
როცა ალერსით დაღლილები ისევ ვიწვებით უღრუბლო ცის ქვეშ
და როცა სუნთქვებს დაგვითვლიან მთვარის ფაზები,
მზე ჩაგვიქრება და სიცივე დაგვისაკუთრებს,
მზე ჩაგვიქრება და უთვალავი სინათლის წლებში ისე გავქრებით,
რომ რომელიღაც შორეული გალაქტიკიდან
თვალს შეგვავლებენ საერთო ქაოსს მიშტერებული
და სიყვარულს მიცემული უცნაური პლანეტელები
და ორგაზმსა და ორგაზმს შორის გაიფიქრებენ,
რომ შესაძლოა გუშინ ან ახლა ჩვენი მზე ჩაქრა
და არაფერი არ ყოფილა ჩვენი ცხოვრება.
შენ ნუ იფიქრებ, რომ აზრი არ აქვს.
მოდი და სანამ ცოცხლები ვართ, ხელი შემახე,
როგორ ფეთქავენ საფეთქლებში ცხელი ქარები,
როგორ მწყურიხარ და მინდები, როცა მარტო ვარ,
როცა ქარია და აზრი არ აქვს ლოცვას და ყვირილს,
რადგან ბგერები კვლავ იცვლიან მიმართულებას
და ბრუნდებიან ტკივილების ბუდეებში,
როგორც დაღლილი და შემცივნული ზამთრის ჩიტები.
როგორ მინდები,
როცა ქარია და აზრი არ აქვს, ვინ იქნები, საიდან მოხვალ,
ოღონდ სიკვდილზე არ ვიფიქრო,
ოღონდ ტკივილზე არ ვიფიქრო...
და სიცოცხლეს და სიკვდილს შორის ვიპოვო წამი.
ვიცხოვრო წამი.
შემახე ხელი. მომეცი ხელი.
წამო..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები