ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: შირო
ჟანრი: პროზა
4 დეკემბერი, 2018


მორევი II

***
ფეხაკრეფით შევიდა თამთიკე სახლში. კარმა გაიჭრიალა, უნებურად შეცბა და დოქი ხელიდან გაუვარდა. ნამსხვრევები აქეთ-იქით მიმოიფანტა.
- დაამტვრიე, დაამტვრიე.კიდევ ბევრი გვაქვს. დედაშენიც ეგეთი იყო, უხელთური. შენნაირი..
ორბელი აქეთ-იქით ქანაობდა, ღვინის სუნად ყარდა, ჭაღარა, დაფანჩული წარბები კუშტად შეეყარა და მრისხანედ უყურებდა გოგოს.
- შემეშინდა.
- მამის?!
- სად დალიე? ხომ თქვი, აღარ დავლევო.
მოწყვეტით მოქნეული ხელი მოხვდა, იქვე ჩაიკეცა. მაჯაზე შემოესალტა მამის კოჟრიანი, ღონიერი ხელი. თეთრი კანი მუქლურჯი ლაქებით დაიფარა.
- შენს დას უთხარი, არ გამაღვიძოთ.
უხმოდ ტიროდა თამთიკე, მერე ადგა, ნამტვრევები წამოკრიფა. ოთახში შევიდა, ნისა იჯდა და ქარგავდა. თეთრ ქსოვილზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდნენ ჩიტები და ყვავილები.
- მთვრალია, არ გააღვიძო.
- ისევ?
გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდნენ დები ერთმანეთს. მთელი სოფელი ტანსაცმლითღა ანსხვავებდა: ნისას თეთრი კაბები ეცვა ხოლმე, ფერადად ამოქარგული, თამთიკე კი შავ კაბებს სწყალობდა.
- მე მალე მოვალ.
- სად მიდიხარ?
- წყალს მოვიტან.
- წეღან არ მოიტანე? ვიცი მე შენი წყალი.
თვალები აუციმციმდა, თამთიკეს გაეღიმა.
- მოერიდე. დათვივითაა, ხომ იცი.
- ელიაზარს უთხარი, ჩემი ზარდახშა მალე დაამთავროს. ველოდები.
ცოტა ხანში მუქი ჩრდილი გასხლტა წყაროსკენ მიმავალ გზაზე.

***
დუდუნებდა მორევი, ძლიერად იქნევდა ყორნისფერ მხრებს. ვერაფრით ინელებდა მაისას მოთქმა-გოდებას. ყელში ამოსდიოდა მისი მლაშე ცრემლები. ღამე ჩამოდგა, ბინდის საბანი გადააფარა ქედებს.
- რა დავუშავე ამ ქალს. ცხრამეტი წელია, მოსვენებას არ მაძლევს. ღამევ, მე როგორ დავუბრუნო შვილი, მე წავართვი? შენც ხომ მოწმე ხარ, მე მიყვარდა დემნა. ცოტა ხნით ვინაბებოდი, როცა ჩემს ტალღებს ებრძოდა ხოლმე გასართობად. არც მანამდე და არც მის შემდეგ არავის არ გაუბედავს ჩემში ცურვა. ცაზე უფრო ლურჯი თვალები ჰქონდა და მზეზე ნათელი სიცილი. მე როგორ დავახრჩობდი, თავად მოინდომა...
ამაოდ დუდუნებდა შავწყალი. ღამე პასუხს არ სცემდა.
- მე მაბრალებს ეს შავ დღეზე გაჩენილი. მაინც მე მერჩის, ნეტავ იცოდეს, რა საიდუმლოს ვინახავ. ერთხელ მაინც შემეძლოს პასუხის გაცემა. მაშინ მიხვდებოდა...
ოხრავდა და გრგვინავდა. წალეკვით ემუქრებოდა ყველაფერს. ღამე კვლავ დუმდა, მხოლოდ ხანდახან მოიხურავდა მუქი ღრუბლებისგან შეკერილ რიდეს და აწვიმდა ღამის ცრემლები დედამიწას.

***
ელიაზარს ხის ძირში დასძინებოდა. სულ ახლოს ჩამოუჯდა თამთიკე. ბალახის ღერო მოწყვიტა და ტუჩთან შეუღიტინა. ოდნავ შეირხა, გაღვიძებას არ ჩქარობდა. ყელს ჩამოუყვა და ბიჭმა მაშინვე მაჯა დაუჭირა. ტკივილისგან დაიკვნესა.
- ეს რა არის?
მუქლურჯი ლაქები ახლა ჩაშავებულიყო.
- არაფერი, მამა მოვიდა მთვრალი.
კბილები გააკრაჭუნა ბრაზისგან, მაგრამ აღარაფერი თქვა, ფრთხილად აკოცა ნატკენ ადგილებზე.
- სძინავს?
- ჰო.
- შენი და სადაა?
- სახლში დავტოვე. აღარ გაიღვიძებს დილამდე. ნუ გეშინია.
თამთიკეს თმებში ჩარგო ცხვირი, ბალახების და ყვავილების სუნი ასდიოდა.
- როდის უნდა ვუთხრათ დედაჩემს?
- ჯერ არა.
- რატომ?
- ნისას იმ მხეცს ვერ დავუტოვებ. თან...
თამთიკეს ხმა აუკანკალდა და თვალები დაენისლა, ელიაზარი კისერში კოცნიდა და საკინძეს უხსნიდა.
- თან რა?
- ასეც კარგად ვარ...
ვარსკვლავები ბრწყინავდნენ ცაზე და თამთიკეს თვალებში.

***
გამთენიისას წყურვილმა გააღვიძა ორბელი, წამოდგა. დედამიწა ისევ დატრიალდა. ძლივს მოასწრო გარეთ გასვლა, გული აერია. ძლივს ადგა, ჩასისხლიანებული თვალები მოავლო ეზოს. ქალის მუქ ლანდს მოჰკრა თვალი, ეზო გაირბინა და სახლში შევარდა თითქოს.
- სიბილა!
ხაფი ხმით დაიღრიალა. წვიმის წვეთები დაეცა შუბლზე, ოდნავ გამოაფხიზლა. სიბილა, ცოლი, რომელიც არასოდეს არ გამხდარა მისი ქალი, აი, ამ ხელებით დაახრჩო ცხრამეტი წლის წინ. სულ ბავშვი მოიყვანა ამ სახლში თავად ჭაღარაშერეულმა. არავინ იცოდა სადაური იყო, ჰყავდა თუ არა ნათესავები. ორბელსაც ვერ ეკითხებოდნენ შიშით. ერთი თეთრი ცხენი მოჰყვა მზითევში, ეგ იყო და ეგ. მოიყვანა თუ არა, სახლში გამოკეტა. იფიქრა, თავის ჭკუაზე გამოზრდიდა, მაგრამ კლდის ნატეხი აღმოჩნდა. ურჩი, კლდის თხასავით ჯიუტი. ულამაზესი ველური. მაშინაც კი, როცა ლოგინზე ჰყავდა დალურსმული ღონიერი ხელებით, თვალებში უყურებდა და საშინელი ზიზღი ეხატა. გრძნობდა ორბელი არსიყვარულს, ზიზღს, ყველაფერს გრძნობდა შიშის გარდა და თანდათან უფრო სასტიკად სცემდა ცოლს. ქალს, რომელიც არასოდეს გამხდარა მისი. ტყუპების გაჩენის შემდეგ ცდილობდა უფრო ნაზად მოპყრობოდა, ერთხელ მინდვრის ყვავილებიც კი მოუტანა, მაგრამ ქალმა ზედაც არ შეხედა. ო, როგორ გამწარდა მაშინ. არ იყო თავისი ბრალი, ეკლიანი ჯოხი იქვე იყო მაინცდამაინც მიყუდებული...
სულ უფრო მოუხშირა მეზობლის ბიჭმა მის ორღობეში სიარულს. რა ერქვა? დემნა, ჰო, დემნა. არ ანაღვლებდა ეს ორბელს. ვერც კი წარმოიდგენდა, თუ... ერთ ღამეს მთვრალი დაბრუნდა შინ. ტყუპებს ეძინათ. სიბილა ცეცხლთან იჯდა და შავი თვალები ნაკვერჩხლებზე უფრო მეტად უღვიოდა. ხელი მოხვია ორბელმა, ქალი უნდოდა ნაღვინევს. სიბილამ ხელი ჰკრა.
- ჩემი ცოლი ხარ, გესმის? ჩემი ცოლი!
- არც ვყოფილვარ და არც ვიქნები! 
- ჩემი შვილების დედა ხარ!
- მე ვერასოდეს ვერ მიმიღებ, ლაჩარო, მკვლელო!!!
ორბელმა ხელი მოუქნია. სიბილა დაეცა, მაგრამ წამოხტა და გაიქცა. ღამის სიბნელეში ბრწყინავდა თეთრი კაბა. ორბელიც დაედევნა. მორევის პირას მიუსწრო. შემაღლებულ კლდესთან
- რას აკეთებ?
- იცოდე, თავს დავიხრჩობ. ხელი არ დამაკარო.
ორბელი სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა. სიბილაც უკან იწევდა. მისწვდა, ხელი დაუჭირა.
- მაკოცე! ერთხელ მაინც...
გაიბრძოლა სიბილამ, ამაოდ. მაგრად ეჭირა.
- მეზიზღები. მეზიზღები.
- რატომ არ გიყვარვარ?
- შენ როგორ უნდა მიყვარდე? ჩემი ოჯახი ამოხოცე, მკვლელო.
მხარში ჩააფრინდა კბილებით ორბელს. გამწარდა, წყლის პირას ჩაათრია და თავი ჩააყოფინა წყალში. ვეღარ აზროვნებდა. გონს რომ მოვიდა, სიბილა აღარ სუნთქავდა, ხმადაბლა შეიგინა და სახლში წავიდა. მეორე დღეს მეზობლები მოვიდნენ მოსასამძიმრებლად, შენს ცოლს თავი მოუკლავსო... ორბელმა შავები ჩაიცვა, მაგრამ მას შემდეგ სიფხიზლეშიც კი სიბილა ელანდებოდა. შვილების თვალებშიც მის ზიზღს ხედავდა, თითქოს ბავშვებმა დედის რძესთან ერთად შეიწოვეს მამის სიძულვილი. ერთ კვირაში მეზობლის ლამაზმა ბიჭმაც თავი დაიხრჩო. მორევი კი ისევ დუდუნებდა და შავ წყალს ატრიალებდა.

***
მაისა მზის სხივმა გააღვიძა. ცოტა ხანი უყურებდა ჰაერში ოქროსფრად აბრჭყვიალებულ მტვრის ნამცეცებს, შემდეგ ადგა, შალი წამოისხა. ალმასამ დაბალ ხმაზე ჩაიყეფა, კუდი ააქიცინა.
- აქ ვარ, არსად არ მივდივარ.
ბომბორა თავზე გადაუსვა ხელი. მერე ეზოში გავიდა, ესიამოვნა სუსხიანი ჰაერი. ქათმებს საკენკი დაუყარა, ძაღლს შრატი ჩაუსხა ჯამში. ახლა ნიშა ძროხამ შემოზმუვლა და ხელებში მიაჩერდა.
- ახლავე, ჩემო ლამაზო.
ჯერ ცური ჩამობანა თბილი წყლით, შემდეგ პატარა სკამი მოიმარჯვა და ახალმოწველილი რძის სუნიც დატრიალდა. როცა მორჩა, ჭიშკარი გააღო და ძროხაც ეზოდან მორჩილად გავიდა.
სახლში შეიტანა, შუაცეცხლზე შემოდგა. ელიაზარს ისევ ეძინა, ძილში იღიმებოდა, ალბათ სასიამოვნო სიზმარს ხედავდა. იქვე ჩამოჯდა მაისა, შუბლზე მიეფერა. უცებ შეკრთა, ჭაღარები გამორეოდა ელიაზარს, ვერცხლისფრად ბრწყინავდა ჩალისფერ თმაში.
,,მოგიკვდება დედა, შვილო. დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობ, როდის გაიზარდე ამხელა. ჯერ კიდევ გუშინ იყო თითქოს, ჩემი კაბის კალთას რომ არ შორდებოდი. როგორ გავიდა დრო, ვერც გავიგე. ჩემთვის იმ დღეს გაიყინა ყველაფერი. არაფერი აღარ იცვლება. იმ დღის მერე ვტირი და ვტირი, თვალები ჩამოვიდნე, შენ როგორ გაიზარდე ასეთი, ჩემო ობოლო. სიცილი საიდან ისწავლე, ჩემო იმედო. მე ხომ ტირილის მეტი არაფერი მიკეთებია. სულ პატარა იყავი მაშინ, ახალი ფეხადგმული. ჯერ მამაშენმა წაიღო ჩემი გული, მერე შენმა ძმამ. მაპატიე, შვილო. მე უნდა მომევლო შენთვის, შენ მოგიწია, შენს ადრე გაჩენილ ჭაღარას ენაცვალოს უბედური დედაშენი..."
16 წლისა გათხოვდა. შანშე მის ოჯახში იდგა მწყემსად. ძლივს გაბედა ქალის მამისთვის მაისას ხელის თხოვნა. ახლაც ახსოვდა მაისას, როგორ ააკანკალა, როცა მამამისმა, ფოცხვერამ ჟღალ წვერზე ჩამოისვა ხელი და დაბღვერილმა გახედა მოცინარ ბიჭს.
- შენ უნდა მოგათხოვო ჩემი ქალი?
- კი.
- რატომ?
- ჩემზე მეტად ვერავის ეყვარება.
ღიმილით თქვა შანშემ და მაისასკენ გაიხედა. ქალს ეგონა, მამა ცის რისხვას დაატეხდა მწყემსს თავზე, თუმცა ფოცხვერა ახლა მას მიუტრიალდა.
- შენა?
- მენა? მე რა?
ენა დაება.
- შენ გიყვარს?
გაოგნებულმა ვეღარაფერი თქვა. ფოცხვერამ კი კეთილად გაიღიმა.
- სიყვარულს მე კი არა, ათი უღელი ხარ-კამეჩი ვერ დაუდგება წინ!
ასე შეუღლდნენ. იმის მერე სიხარულის ვარდებით აივსო მაისას ცხოვრება. მუცელი რომ გამოებერა, შანშე წყლის დოქსაც კი არ აწევინებდა. ფეხდაფეხ დაჰყვებოდა, რამე რომ არ გასჭირვებოდა. დემნა გაჩნდა, დაბადებისას იღიმებოდა, ბეჭის თავზე კი მანათობელი მზე ეხატა.
- განსაკუთრებული ნიშანია, არავის უთხრა. არც ანახო.
შანშემ გააფრთხილა და ბავშვი თეთრ ტილოში შეახვია. მაისას მაშინ არ მიუქცევია ყურადღება, თუმცა მაინც ცდილობდა ეს ნიშანი არავის დაენახა.
ბევრი შვილები ძალიან უნდოდათ ორივეს, თუმცა 15 წელი ისე გავიდა, რომ ქალს აღარ გამოჰბერვია მუცელი. გაიზარდა ბიჭი, სიმაღლეში დედ-მამას გაასწრო. როცა მაისას ხელებს მოხვევდა და ჰაერში ააფრიალებდა, ქალს ეგონა რომ მზეც მასთან ერთად იცინოდა.
მამას დაჰყვებოდა ხოლმე ტყეში, შეშის საჩეხად. ის დღეც არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან. ტოტებზე შერჩენილი წითელ-ყვითელი ფოთლები ბზრიალით ცვიოდნენ ძირს. შანშემ ცული გაიდო მხარზე, ცისფერი თვალები შეანათა მაისას, შუბლზე აკოცა და ტყისკენ გაემართა. დემნაც უკან მიჰყვა.
- მალე მოვალთ, დე.
- რა დაგახვედროთ?
შანშე მოტრიალდა, გაუცინა.
- ქორწილის მეორე დღეს რომ კვერცხი შემიწვი, ის.
ლოყებზე ალმური მოედო მაისას, როგორ შეიძლებოდა... დიდი ბიჭი იყო უკვე დემნა, როგორ არ შერცხვა.
ხარხარით გაუდგნენ გზას მამა-შვილი, მაისამ კარგა ხანს უყურა, სანამ თვალს არ მიეფარნენ. მერე სახლისკენ შეტრიალდა და უჩვეულო სიმძიმე იგრძნო, თვალებში დაუბნელდა, ღობეს დაეყრდნო.
- ხომ კარგად ხარ, ქალო?
ცინუკი გამოსულიყო სახლიდან, ჭრელი თავშალი ეფარა.
- კი, კარგად ვარ. თავბრუ დამეხვა ცოტა.
- სახლში შედი, დაისვენე. გინდა მოვიდე?
- არა, წამოვწვები, გამივლის.
მიწვა ხის ტახტზე. თვალები დახუჭა. ცინუკის წივილ-კივილმა გააღვიძა. ხმა ნელნელა ეზოში უფრო მძლავრად შემოდიოდა და სახლს ავსებდა.
- როგორ ვუთხრა ამ უბედურს, როგორ გავაგებინო?!
,,ოღონდ დემნას არაფერი მოსვლოდა...ოღონდ დემნას არა..."
არ ემორჩილებოდა სხეული, ვერ დგებოდა. უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და გარეთ გალასლასდა. შავად მოირწეოდა სოფლის ხალხი, ხელით მოჰქონდათ თეთრად გადაფარებული საკაცე. თვალებით ქმარ-შვილს დაეძებდა.
,,ღმერთო, ოღონდ დემნა არა..."
იპოვა თვალებით დემნა, მხრებაწურული იდგა, თითქოს ვიღაც ხელს უჭერდა, დაპატარავებულიყო და შეკუმშულიყო. მაინც გაუხარდა ქალს, გაეღიმა თითქოს. ცინუკიმ შეამჩნია და უარესად დაიწყო მოთქმა.
- შე საწყალო, შე უბედურო...
უნდოდა ეთქვა, რატომ ვარ საწყალი, დემნა აქ დგას, მალე შანშეც მოვაო, რომ სახეში შემოაკივლა მეზობელმა:
- შანშე აღარა გვყავს, ქალო, ხე დაეცა ტყეში, ადგილზე გათავებულა ეს უბედურ დღეზე გაჩენილიიი...
კიდევ ერთხელ დატრიალდა ყველაფერი და მაისა ზღურბლზე ჩაიკეცა. სანამ გონებას დაკარგავდა, გაუელვა ,,ოღონდ დემნას არაფერი მოსვლოდა? და შანშეს?..."
7 თვის თავზე მაისას ბიჭი ეყოლა. ცისფერი თვალები რომ გაახილა ჩვილმა, ტირილი რომ დაიწყო, მაისა გვერდზე გადაბრუნდა. ცინუკი გამშრალი იდგა, თეთრ ნაჭერში გამოხვეული, მჩხავანა არსება ეჭირა ხელში.
- აიყვანე ხელში, ქალო...
ხმას არ იღებდა მაისა, უნდოდა დაპატარავებულიყო და გამქრალიყო. ისე უნდოდა შანშეს მეორე შვილი, ახლა ის ცივ მიწაში იწვა, მაისა კი ზემოთ დადიოდა.
- აიყვანე, ცოდვაა ბავშვი.
უცებ ჩვილის ტირილი შეწყდა. მაისამ ვეღარ გაუძლო და გადმობრუნდა, დემნას ეკავა ბავშვი, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
- დე...
- მომიყვანე.
ასე ზრდიდნენ ელიაზარს მაისა და დემნა. ძალიან უჭირდა ქალს, მაგრამ შვილების ხათრით ფეხზე იდგა სანამ... სანამ ის უბედურებაც არ მოხდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები