ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: ზამთრის თალია
ჟანრი: პროზა
4 დეკემბერი, 2018


ჩემი მოხუცები


ზამთრები სოფლად სულ სხვანაირია. შეიძლება თოვდეს, შეიძლება არც თოვდეს. მაინც სხვანაირია ზამთრები, ცივი, მკაცრი, სახლებს შორის ჩაწყვეტილი ბილიკებით. ადამიანები მარტო არიან, არავინ არავის სტუმრობს, თავის გატანის, გამოზამთრების რეჟიმზე გადაეწყობიან ხოლმე ზამთრობით სოფლებში, მეტადრე მოხუცები, მარტოკები, ერთმანეთს შეჩერებულები.
ამ სახლშიც ასე იყო.
იმ ზამთარს თოვდა. კაცი იწვა. გამხდარი იყო და უღონო. ქალი იჯდა ღუმელთან და ფიქრობდა. ითბობდა დამჭკნარ, დაღლილ ხელებს, მტკივან მუხლებს. თვალს აყოლებდა, როგორ ერეოდა საკვამურიდან გასული კვამლი ცივ ჰაერს. იჯდა და ღონეს იკრებდა.
_თინა, წყალი მამიტანე! _ მიუტანა.
_აჰა, შენი წნევის წამლები, ნუ გავიწყდება, კაცო, დალევა!
_რა გინდა, ქალო, ჩემგან, რათ არ დამაცდი სიკვდილს! გამიშვი!
_ნეტა კი ჩაგიწყდებოდეს ხმა და წამლებს დალევდე! აბა, წამოიწიე. აი, ეგრე. ინდე, ეს მეორეც. მალე დალიე, ვეღარ გიჭერ!
_კი არ უნდა დამიჭირო, უნდა გამიშვა. აგე ბალიში და რო დავიძინებ, ჩუმად გამგუდე.
_შენი ხმის წყვეტა იყოს, შოთა, დალიე ეს მეორეც და მერე გაჭმევ რამესა.
_არა მშია, თინა. ინდე, გუშინდელებიც გულზე მადგია.
_შენი სიკვდილი გადგია გულზე! პირი დამიღე. აი, ეგრე. ჩაგიკუწე, ბევრი ღეჭვა აღარ უნდა, გადაყლაპე. სარეცხი მაქვს დასარეცხი, უნდა მოვასწრო დაბინდებამდე, ორი პირია.
_გაუშვი, გაანებე, თინა, თავი. ჩემები აღარ დარეცხო. ხვალ-ზეგ ან ვიქნები, ან არა.
_კაცო, არ გეშინია, ეგეთი ღმერთის უმადური რო ხარ?! შვილები გვყავს, შვილიშვილები, შვილთაშვილიცა გვყავს. ადგები მალე, ფეხს გამართავ, კარგად იქნები.
_ქალო, რათ მინდა ეგეთი ძაღლუმადური სიცოცხლე? გტანჯამ!
_რასა მტანჯამ, ჩემი კაცი ხარ, განა სხვისა! ხო ხაარ ჩემი კაცი?
_ვარ, მაშ! _ შეიფერა კაცმა და ულვაშებთან ღრმა ნაოჭები თითქოს გაუქრა.
მორჩნენ ჭამას. თინამ დასვრილ თეფშში ცხელი წყალი ჩააყენა, ქურთუკი შემოიცვა, ფეხები მაღალყელიან ბოტებში ჩადგა, გავიდა ეზოში და ცეცხლზე შემოდგმულ დიდ ქვაბს ჯოხით ამოურია. სარეცხი იხარშებოდა. სულ ქათქათა თეთრეული.
იდგა თინა სიცივეში, უყურებდა თოვლიან გზას და ფიქრობდა, ნეტაი ეხლა აემ გზაზე გოგო ჩამოივლიდეს. რა ხანია, არა ყოფილა. ჩამაიყვანდეს ჩემი სიძე და ბარემ კაცსაც ვაჩვენებდი, იქნება იცოდეი რამე ამი ფეხზე დასაყენებელი. ქალაქში იქნება გამაიგონეი რამე სხვანაირი წნევის წამალი. შვილიშვილებსაც ჩამამიყვანდა, ბიჭსა და ჩემს სეხნიას, მამენატრნენ, დაეწამლოთ ბაბო. ჩულქებს ან რამეს სხვასაც ჩამამიტანდა. მე გავატანდი ვაშლებს, აემ ხისას, ცალკე რომ გადავინახე მარანში, სხვასაც ყველაფერს გავატანდი. აბა მე რად მინდა ამოდენა. სახლსაც ცოტას მიმილაგებდა. ჩხუბით, მაგრამ მაინც ხო მიმილაგებდა. ნეტაი ქვემოდანაც ამოვიდოდეს გოგო, ბიჭებსაც ამაიყვანდეს, ანასაც მაჩვენებდნენ, იმ თოჯინას ვაჩუქებდი, გაიხარებდა. მაგრამ აბა როგორა, ზამთარია, ყველას თავისი საქმე აქ. დაიცათ, მოვიდეს გაზაფხული და ყველანი ჩამამივლენ. ე კაციც ადგება.
კიდევ ერთხელ ღონივრად ამოურია სარეცხის ქვაბს თინამ და უეცრად მარცხნივ, სადაც გულია, ძლიერი ტკივილი იგრძნო. გააშეშა. დაყვირებაც ვერ მოასწრო. ერთხანს ასე იყო. მერე შეძლო მოძრაობა. შეეშინდა. ფეხაკრეფით შეიპარა სახლში. შოთას საწოლს გვერდით ჩაუარა, არაფერი უთხრა, შეიძლება ეძინა კიდეც. შევიდა სხვა ოთახში. ჩუმად დაწვა, ერთი გაფიქრება კი გაიფიქრა, ნუთუ პირველი მე?... საბანი წაიფარა და გულზე დაისვენა დაღლილი მკლავები. ტკივილი ისევ მოვიდა, ამჯერად უფრო ძლიერი და გაუსაძლისი. იყვირა თინამ საბნის ქვეშიდან მოგუდულად, ყრუდ. ხმა არავის გაუგია.
პირველი თინა იყო.
ეზოში ცეცხლი ჩაქრა.
შოთამ დაიძახა, თინა, თინა, თინა! ზამთარში ხმა ცუდად ისმის, ფიზიკის კანონია. მეზობლებმა ვერაფერი გაიგეს. დიდი ხნის მერე შეაღო ერთმა მეზობელმა კარი.
_თინა, სახლში ხარ? აბა ერთი,წნევა გამიზომე და თუ დაბალი მაქ, ყავა დავლიოთ.
_ვეძახი და არა ჩანს. სად წავიდა, ვერა გავიგე რა. გაგონილა ამდენი ხნით წასვლა?!_ხელებს შლიდა და ჩხუბობდა გაავებული შოთა.
_თინა, ქალო, სადა ხარ?_შეშფოთდა მეზობელი, მისი ბოტები და ქურთუკი რომ სახლში დაინახა.
შევიდა მეორე ოთახში და იყვირა.
ჩაწყვეტილი ბილიკები ერთმანეთს გადაება. ყველანი ჩამოვიდნენ.
პირველი თინა იყო.
ერთი თვის თავზე მისი კაციც გაჰყვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები