ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: ზამთრის თალია
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2018


გოგლიკა


_ ოოო, ეს ლანაილი პულია. მე მთლიანი მინდა!
_ გოგლიკ, არ გვაქვს ახლა მეტი. ცოტა ხანში ბექა მოვა და სნიკერსებს გიყიდის. ჭამე ეს მანამდე და ნუ იბუტები!
გოგლიკა უკმაყოფილოდ აქნევს თავს, მერე ბეჭებში ჩააძვრენს და ბუზღუნებს:
_ ოოო, კალგი, მაგლამ შემწვალი ქათამი მაინც ალ გვაქ? _ და ნოემბრის ცივ, წვიმიან დღეს ბირჟის გადახურულს ბიჭებთან ერთად აწურული აფარებს თავს. ზოგჯერ ცას ახედავს, ენას ყოფს და წვიმას უსინჯავს მწკლარტე გემოს.
_ ცხვრის დუმა არ გინდა, გოგლიკ? _ ეკითხებიან ბიჭები და იცინიან.
გოგლიკამ არ იცის, რა არის ცხვრის დუმა. გოგლიკამ ბევრი რამ არ იცის. არ იცის, მაგალითად, ის, რომ დაიბადა დაუნის სინდრომით, სხვანაირი გულით, რომელიც მარჯვნივ აქვს, თვალების სხვანაირი ჭრილით, სხვანაირად ფუმფულა ხელისგულებით. გოგლიკამ არ იცის, რომ დედამ დღეებისა მიიყვანა ბავშვთა სახლში, რადგან ექიმებმა დაარწმუნეს, რომ მისგან სრულფასოვანი ადამიანი ვერასოდეს დადგებოდა, ლაპარაკს ვერ დაიწყებდა და გულიც მალე უმტყუნებდა. ბევრი იტირა, არ ეთმობოდა, მაგრამ ბავშვთა სახლში ერთხელს მეტად აღარ უნახავს, ცხოვრება აერია ავადმყოფი შვილის გაჩენის გამო. ქმარმა და დედამთილმა სახლიდან გამოაგდეს, შინაც ვეღარ დაბრუნდა. დარჩა ქუჩაში სულ მთლად ახლგაზრდა, უსწავლელი, უპატრონო და უბინაო. მერე იმდენი იმუშავა, იმდენი ივაჭრა თავისი გამოწურული სხეულის თითოეული ნერვითა და თითოეული უჯრედით, რომ გარეუბანში პატარა ბარაკი იყიდა და იქ დასახლდა. წლების მერე სხვა ორი შვილიც გაუჩნდა სხვადასხვა მამებისგან, საღები და ჯანმრთელები. უვლიდა, ზრდიდა და ხანდახან, წამიერად, ბედნიერიც კი იყო ხოლმე. სანამ გაახსენდებოდა მიტოვებული ახალშობილი და  გულის წასვლამდე ატკივებული, რძით შედედებული ძუძუები.
ამასობაში გოგლიკა იზრდებოდა სიყვარულით სავსე ბიჭი. სრულწლოვანი რომ გახდა, სხვა გზა აღარ იყო და ისევ დედასთან დააბრუნეს. დედამ ისეთივე ტკივილითა და ცრემლით მიიღო, როგორც 18 წლის წინ ტოვებდა. რცხვენოდა და ეშინოდა უარყოფილი პირმშოსი.
გოგლიკა ახლა 20 წლისაა. უკვე ნამდვილ დედასთან ცხოვრობს, მაგრამ ვერ ხვდება, რა მოხდა მის თავს. დედას თუ აქამდე თავის მომვლელ ქალებს ეძახდა, ახლა ნამდვილ დედას მიეპარება უკნიდან, თავს ბეჭებზე მიაყრდნობს, ტკბილად გაიღიმებს, ხელისგულებს მუცელზე აუტარ-ჩამოუტარებს, მერე ძუძუებთან ჩაუყუჩებს უთბილეს ხელისგულებს და ასე ეტყვის: "რა თბილი ხალ, მანანიკო, ჩენ გენათვალე!"
მანანა უსიტყვოდ იშორებს და თვალსა და გულს არიდებს.
_ საჭმელს გიკეთებ. მიდი, ცოტა ხნით, ბიჭებთან ითამაშე. ოღონდ არაფერი არ მოსთხოვო, კარგი? გოგლიკა იფარებს ყურებიან ქუდს, გაივლის ეზოს, სადაც მისი და-ძმა და სხვა ბავშვები თამაშობენ და მას არასდროს ეთამაშებიან. გავა ქუჩაში. იქ უბნის ბიჭები ყოველთვის სიყვარულით ხვდებიან. ფეხსაცმლის შეხსნილ თასმებს შეუკრავენ, ქუდის ამინდი თუ არაა, მოხდიან, თუ ცივა, ჟაკეტს მოაცმეცენ და საქმიანად ამოიყენებნენ გვერდით. დგანან, ლაპარაკობნენ. აბა გოგლიკა, რომელი მანქანა გაასწრებს, აბა შეყვარებული ხო არ გაგიჩენია, აბა დედა უფრო გიყვარს თუ მთლიანი პური? გოგლიკაც, მუდამ ხალისიანი, სიამოვნებისგან ცმუკავს და ელოდება მორიგ შეკითხვას, როგორც ყოვლად განსწავლული მეცნიერი.
ხანდახან, ბიჭები რომ მოიწყენენ, ფული რომ აღარ აქვთ და სალაპარაკო თემებიც აღარაა, რომელიმე დინჯი სახით იტყვის:
_ გოგლიკ, აბა გვანახე შენი პასპორტი.
გოგლიკაც ეშმაკურად ჩაიცინებს და სანამ ბიჭები მოასწრებენ თქმას, რომ ეხუმრნენ, შარვალს ელვის უსწრაფესად ჩაიწევს და კმაყოფილი გადაავლებს ბიჭებს თვალს.
ბექა _ მათგან ყველაზე დიდი და ძლიერი _ თავში მსუბუქად წამოარტყამს ხელს და ეუბნება:
_ ბიჭო, რამდენჯერ გითხარი, რო არ შეიძლება ასე! ამხელა კაცი ხარ! ჩქარა აიწიე შარვალი! არავის აღარ ანახო! გაიგე? ეეე, შე დონდლო. რით ვეღარ ისწავლე... _ და თავს დანანებით გადააქნევს.
გოგლიკა დასჯილი ძაღლივით მოიწურება. თითქოს მიხვდა, რაც დააშავა. თითქოს უნდა, რომ მიწა გაუსკდეს. პატარავდება, პატარავდება, ბექას ეკვრის და იქამდე წკმუტუნებს, სანამ ბექა არ მოეფერება.
_ წამო, წამო, სნიკერსები გიყიდო, შე დონდლო, შენა.
_ მიყიდე სნიკელსები, ბექუ, თენ თემოგევლე. ლამდენი ხანია, ალ მიტამია სნიკელსები.
სინამდვილეში გოგლიკა ყოველდღე ჭამს სნიკერსებს. ლუდზე მისაყოლებლის ან სიგარეტის ფულიც რომ არ ჰქონდეთ  ბიჭებს, გოგლიკასთვის მაინც ყიდულობებ სასუსნავებს და აბედნიერებენ. თვითონ სიგარეტსაც ეწევიან და სხვა რამესაც. გოგლიკას ახლოს არ აკარებენ. "გოგლიკ, ეს შენთვის არ შეიძლება", ეტყვიან და გოგლიკასთვისაც მათი სიტყვა კანონია.
გოგლიკა ბევრს ჭამს. სულ შია და ზომას ვერ გრძნობს. მანანა ვერ აუდის სადილების კეთებას. შინიდან რომ დანაყრებული გავა, გარეთ ისევ შია.
გოგლიკა იშვიათად ბრაზობს, მაგრამ თუ გაბრაზდა, საშიში გაბრაზება იცის, გამხეცება და გაველურება. არავისი ეშინია, უშვერი სიტყვებით ლანძღავს ყველას, ამტვრევს, რაც ხელში მოჰყვება, არ ინდობს არავის და არაფერს. ამ დროს ბიჭები შორიახლოს დგანან და დარაჯობენ, რომ თავს არაფერი დაუშავოს. რომ დამშვიდდება, მხრებში შეუდგებიან, მიიყვანენ შინ და დააძინებენ. დედა ტანსაცმელს ხდის და ოთახიდან ისე გადის, როგორც გადიან მთვრალ ქმარზე გამწყრალი ცოლები.
გოგლიკამ არ იცის, რომ დედამისი ბოზია და თავისი და-ძმა ბავშვთა სახლის მეგობრები ჰგონია.
ხანდახან ხდება, რომ გოგლიკა მარტოა და არავინ ეთამაშება. ხანდახან შივდება და არ იცის რა ჭამოს. ბირჟაზე არავინაა. ქურდულად გაიხედავს მეზობელი სახლისკენ, ამირანის ნაგაზს დიდი ჯამით უდგას საჭმელი. უჩუმრად შეიპარება, ძაღლს მოეფერება და მის საჭმელს მადიანად ჩაახრამუნებს. ნაწილს ჯიბეში იტენის. ამირანმა ეს იცის, მაგრამ არ ამბობს. ამირანს არ უყვარს გოგლიკა. თვლის, რომ "ასეთები" არ უნდა იბადებოდნენ, მაგრამ ამას ხმამაღლა ხომ არ იტყვის... მარტო თვალებში ეტყობა უცნაური გაბოროტება. ამირანს არავინ უყვარს. მარტო თავისი მკვდარი შვილის საფლავი.
ნაშუადღევია. ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ. გოგლიკა კარში დგას და არცერთ გოლს არ უშვებს. ბიჭები ბურთს პირდაპირ ხელში აძლევენ. მასაც სიგიჟემდე უხარია.
მერე სწყინდება. შიმშილი მოსვენებას აკარგვინებს. ითხოვს სნიკერსს და მთლიან პურს. უხსნიან, რომ სნიკერსის ფული არ აქვთ და მხოლოდ პურის ყიდვა შეუძლიათ. გოგლიკა ბრაზობს.
_ მომიტანეთ სნიკელსები, მე თქვენი დედები მოვატირე!!! _ ყვირის და მთელი ძალით იქნევს ბურთს. ისმის მსხვრევის ხმა და ჩამსხვრეულ ფანჯარაში ამირანის გინება.
ბიჭები ამირანს ბოდიშს უხდიან და განზე დგებიან, რომ გოგლიკას დამშვიდება აცადონ. მაგრამ გოგლიკა ვერ მშვიდდება. ახლა ქვას დაავლებს ხელს და ამირანის გარაჟის შესასვლელში ნათურა ხმაურით იფშვნება. ამირანი გარაჟის შესასვლელთან რაღაცნაირად დამშვიდებული მიდის, ნათურის ნამსხვრევებს აგროვებს და უხმოდ შედის შინ. სახლის სიღრმიდან მხოლოდ მინების მსხვრევის ყრუ ხმა ისმის. ბიჭები ფიქრობენ, რომ ალბათ ამირანი ნერვებს იწყნარებს. მართლაც სრულიად წყნარი და მშვიდი გამოდის ამირანი მალე სახლიდან, აივნიდან დაგმოდგება და ბიჭებს ეძახის:
_ აბა, ჯიგრებო, სანამ დაბნელებულა, ჩამასმევინეთ ფანჯარა და მერე ცოტა ლუდი დავლიოთ.
ვინ იტყვის უარს ლუდზე...
სვამენ ახალ მინას, მხიარულობენ.
გოგლიკამ არ იცის მინის ჩასმა. გოგლიკას შია. არავინ უყიდა მთლიანი პური. მხიარული საზოგადოებიდან ჩუმად იპარება. სახლის მეორე მხარეს რომ ძაღლის საჭმელი ეგულება, იქით მიდის. ჯამი იქ დგას. ძაღლი სხვაგანაა დაბმული. უკვირს. ჯამს იღებს და თითქმის მთლიანად ჩაახრაშუნებს იმას, რაც ჯამშია. გემო უცნაური აქვს, მაგრამ ხარბად ყლაპავს და ჯიბეებსაც იტენის.
ფანჯარასთან მხიარული ხმები ისმის. მალე მორჩებიან და ლუდს დალევენ. თევზსაც გამოიტანს ამირანი. პურზე გოგლიკა უნდა გაგზავნონ. აქვე, შორს კი არა... თვითონაც გაუხარდება.
სადაა გოგლიკა? გოგლიკა არ ჩანს.
ეძახიან, ყვირიან.
მთელი ეზო ეძებს. მთელი ქუჩა ეძებს.
მარტო ამირანმა იცის, სად შეიძლება იყოს გოგლიკა. მაგრამ არ ჩქარობს. მხოლოდ თვალები უელავს ძალიან ცუდად.
ბექა ძაღლის ასაშვებად მიდის, რომ სუნი ააღებინოს. ძაღლი სხვაგანაა დაბმული და გაავებული ყეფს. ბექას უკვირს. საყელურს ხსნის. ძაღლი მაშინვე საჭმლისკენ იწევს. "რატომ დაავიწყდა ამირანს ჯამის გადადება იქ, სადაც ბონი გადააბა?" _ თავისთვის ფიქრობს ბექა და გუნებაში ძალიან ბრაზობს გოგლიკაზე, რომ სადღაც ჯანდაბაში ემალება და ყველას აწვალებს... ბონი ხელიდან უსხლტება და ჯამთან  შორიახლოს მოუსვენრად წკმუტუნებს. მერე ბექასთან მირბის, ორ ფეხზე იწევა და სისხლიანი დრუნჩით სახეში შეჰყმუვლებს. ბექა მიჰყვება. ჯამთან გოგლიკაა ჩამხობილი. ორივე ხელი მუცელზე აქვს შემოხვეული და სისხლს აღებინებს. ამბობს, რომ მუცელი სტკივა და ითხოვს მთლიან პურს.
ბექა თავს აწევინებს და სისხლის გუბეს ხედავს. სისხლი უცნაურად ბრჭყვიალებს. ჯამში ჩაიხედავს, ძაღლის საჭმელთან ერთად მინის ნამსხვრევები ყრია. გოგლიკა ჩუმად ამბობს: "ცხვლის დუმა მაინც მომიტანე, ბექო, თენ გენაცვალე, თენი დედა მოვატილე, ბექა!"
_ ეს რა ქენი, გოგლიკ, რატო შეჭამე ბონის საჭმელი?!
გოგლიკა პასუხის გაცემას ცდილობს. ბექა აჩუმებს.
"არა, ვერ გაუძლებს ამას გოგლიკა, მას სხვანაირი მოსაფრთხებელი გული აქვს. ვერ გაუძლებს," _ ფიქრობს ბექა და შიშისგან თვალებში უბნელდება.
გოგლიკა ხუჭავს თვალებს და მკვდარია.
ბექა სიკვდილს არ ანებებს.
_ გოგლიკ, გოგლიკ, ხო იცი, არავის არ ვაპატიებ შენს სიკვდილს! არ მოკვდე, გოგლიკ, გემუდარები, რა! ცოცხალი ხარ, გოგლიკ, ცოცხალი! არ მომკვდარხარ, ნუ გეშინია!
გოგლიკა მკვდარია. ბექა ქუჩისკენ მიათრევს და ყვირის:
_ მოკლეს, მოკლეს. ძაღლივით დაკლა იმ დამპალმა! ამირან, გამოეთრიე სახლიდან! ძაღლივით დაგლავ, გოგლიკა თუ ვერ გადარჩა! გაიგე, შე დამპალო, შენი მკვლელი დედა მოვტყან! შენი ფარისეველი დედა მოვტყან! გამოდი გარეთ და ნახე, რა გააკეთე! შენ იცოდი, რო გოგლიკა ბონის საჭმელს ჭამდა და შუშები ჩაუყარე. ილოცე რო გადარჩეს, თორე ვერსად ვერ დამემალები! შენი შვილის საფლავზე დაგაკლავ, შე მათხოვარო!
ბექა მუხლებზე იწვენს გოგლიკას, ქალივით ტირის, ეფერება. ხალხიც იქაა. შუახნის კაცი წინ გამოდის და ყვირის:
_ ამირან, გამოეთრიე!
ამირანი ისევ იმალება.
მაშინ ის კაცი ისვრის ქვას თავიანთი ჩასმული მინისკენ. მის ნასროლს ერთ წამში მიჰყვება ქვების მთელი ნაკადი. ამსხვრევენ ყველა ფანჯარას.
ხალხი არის სამართალი.
მაგრამ გოგლიკა მკვდარია.
მანანა მოდის ქუჩის მეორე ბოლოდან, დამჭკნარი სხეულით მოვაჭრე მანანა. ხელში უჭირავს სამი დიდი პური და მეორე ხელით ბოსტნეულით სავსე პარკს მოათრევს. "გოგლიკას ეშიება. ალბათ ისევ შეაწუხა ბიჭები, ეგ მოუკვდეს თავის დედას!"_ ფიქრობს და უახლოვდება შეჯგუფებულ ხალხს.
ყველა ჩუმადაა. მანანა ნაბიჯს უჩქარებს. მერე ჩერდება. მერე ისევ მოდის. ყველა დუმს. თავები დახრილი აქვთ.
მანანა ხედავს თავის პირმშოს, ბექას მუხლებში დასვენებულს, სისხლით მოსვრილს და უსიცოცხლოს. პურები უცვივა ხელიდან. ერთი პური მკვდარს ზედვე რჩება, გულზე.
მანანა სიტყვას ვერ ამბობს. არც ტირის, არც გული მისდის. დგას ხესავით და დაჰყურებს გოგლიკას, სისხლიან პურებს, გაქვავებულ ბექას, ბექას გვერდით _ ამირანის სევდიან ნაგაზს.
ხალხი ისევ დუმს. ბნელდება. პოლიციისა და სასწრაფოს მანქანების ციმციმა შუქები ანათებენ.
ამირანს იჭერენ და მიჰყავთ.
ექიმი გარდაცვალების დროს აფიქსირებს.
ბექა შეშლილი სახით, დგება და მიდის. ამირანის ნაგაზიც მიჰყვება.
მანანა ისევ დგას. თვალებში კვლავ სისხლიანი პურები უელავს ხან წითლად, ხანაც _ ლურჯად. ვერ ტირის თავის შვილს, რომელიც უარყო, რომელიც გვიან შეიყვარა. ტირილი უნდა, მაგრამ რცხვენია. შინ სხვა შვილები ელოდებიან. იმათაც ეშიებათ. ბოსტნეულით სავსე პარკს მიათრევს და ტორტმანით მიდის.
ქუჩაზე სიჩუმეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები