ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2018


შვიდი ფოტოფირი

***
ზამთრის ღამეში
ეშმაკი გაიყინა და
თმა მივაფარე.

***
ღია ფანჯრიდან ჯერ
ფოთოლი გადმოაგდო,
შემდეგ  შემოდგომა.

***
ერთ კვირტზე იწყებს
გაზაფხული ტირილს,
მერე ეჩვევა.

***
წლისთავზე მოვალ.
როცა, აგვისტო შენს
საფლავს დაწვავს.

***
დილას, შიშველი...
ლურჯ ქვაფენილზე წვიმს, მე
მგზავრებს  ვაცინებ.

***
ცოტას სუნთქავდა,
დედა იყო. ასე სჯეროდა
ბოლო წუთამდე.

***
მოკვდა მერცხალი.
მარტი თოთხმეტი გრამით
დამძიმდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები