ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: არია
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2018


* * *

შემშლიან ამ კაცის შეშლილი თვალები, სავსე მთვარეები,
მისი მძიმე სუნთქვა მიწისკენ მიმათრევს და ვიცი, ჩამიტანს.
გათხრილ სამარეს ჰგავს ჩემკენ მომართული ძლიერი მკლავებით.
მისი ბარიტონი _ ხარირმის ძახილი,
მოდის, მოქშინავს და პირიდან ეღვრება სხვა ქალის სახელი, ღალატის სამხილი.
და პაუზები სუნთქვებს შორის ისე მწველია,
თითქოს ვკვდები და ლაქად ვრჩები მტვრიან პალიტრას.

დავმარხე ყველა გზა, ჩავაქრე სანთლები, თვალებიც დავხუჭე,
მაინც ჩანს, აქ არის და ვიცი, ვევნები,
ვიქნები ტუსაღი და სიკვდილმისჯილი მე მისი თვალების და მისი ხელების.

რა ვუყო ამ კაცის ვერნათქვამ სიყვარულს,
რომ არ მეხსნებიან ტკბილი და გულშავი დემონები...
ან ახლა სადაა, ვის თვალებს სწვდებიან მისი მთვარეები,
როცა მე მცივა და უმთვარო ღამეებს ტუჩებზე კბენით და დუმილით ვეომები...

წავალ შუაღამით, იარაღს ავისხამ ტყეებს დავივლი და დათვზე ვინადირებ,
ლომებს გავუმწკრივებ ალაყაფთან, გარეულ ტახებს და რქებგადახლართულ მიწისფერ ხარირმებს.
რომ არ წამივიდეს ცალთვალა დევკაცი,
რომ არ გამიძვირდეს,
წავალ ალივით და ყველა სამიკიტნოს ღვინოს დავუძმარებ,
ტრაქტირებს დავუვლი და ყველა მეძავთან მე თავად დავწვები.
ოღონდ არ წავიდეს, არ გაიშვიათდეს, არ გამილოდინდეს,
ოღონდ ჩემთან იყოს თითებში სურნელით ველური ანწლების.

მძიმეა და მეტად არასაზეიმო შეცნობა სიმცირის.
მე მომკლავს სურვილი ამ კაცთან განცდილი პატარა სიკვდილის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები