ნაწარმოებები



ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2018


სიბრტყეზე

იზრდება სიცივის ესთეტიკა.
ჩვენ როცა ვწერდით, მაშინ ვერ ვწერდით.
- ყველაზე მეტად ეს დღე მიყვარს -
რითმისთვის ვამბობ და ვიკეტები
სახლში,
ნაჭუჭში,
სოროებში;
ზამთრის ფორმატზე გადავდივარ.
ქალაქი. ხმაურის სოლოები,
მუსიკის ნოტების ქაღალდი ვარ
და ძლივს მოძებნილი ხასიათი,
სარკესთან მორიგი უთანხმობა,
წიგნები,
სიძველის გაზეთები,
გაურკვეველი ოთახები -
ბალანსი სასწაული.
იმერული
სიტყვები. აქცენტები. მიხარია.
ამბობდა ის კაცი, რომ მიმეტური,
არადა პოეზია ტიხარია.

როგორი მუშა უნდა იყო; ხელები თავზე,
და აიზიდო იმისთვის, რომ დაეცე ისევ.
წითელი ღვინის სტრიქონებით ხასიათს ვავსებ,
ნერვებს ხვალინდელ უაზრობის ხველებით ვივსებ.

წყალი დალიე მეგობარო.
ხომ გაფრთხილებდი!
კაშნე აიღე. სიცივეა. მოთოვს ამ ღამით.
მგლებმა ყმუილი წამოიწყეს.
ჩვენ გავფრინდებით!
ამაში არის ბუხრის შეშის მთელი მუღამი.

ხელის გულებზე დაგისხამდი ოდნავ თბილ ღვინოს,
და ჩიბუხებში გავტენიდით ათასგვარ თრიფებს.
სუფრასთან ერთი სამოვარიც ხომ უნდა იდოს.
მერე ვიძახოთ, თაროები თუ რამდენს იტევს
გიჟებს. უჭკუოთ. ბოროტებსაც - სალამი ჩვენგან,
ეს მათ იცხოვრეს.
ერთხელ თქმული ვეღარ გადათქვეს.
სისულელეა.
როიალიც კი უნდა მედგას,
მაგრამ ფურცლებზე მინორულებს უკეთ ვაფეთქებ.
.
ვინ მოგიგონა, შე ოხერო,
ასევითარ გქმნეს?
ხელები ისე შემიკარი,
ვერ შევძლებ ცურვას.
შენი სიცილი სხვასაც მინდა
გადავუთარგმნო;
ვინ მოგიგონა. ეგ ოსტატი გიჟია სულაც.
.
ტლონი სიბრტყეზე საუბრობდა.
ტონი ბარონებს უგვარებდა.
სათუო გახდა სადაურობა,
გაურკვეველი - უგვარობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები