ნაწარმოებები



ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2018


ვისაც

ვისაც თვალები დაეხუჭა ჩემი დანახვით,
ან ვისაც გული შეეკუმშა ჩემი ცხოვრებით,
ვისაც კისერი წაუგრძელდა ჩემი წაქცევით,
ვისაც ჩურჩული ამოუძვრა ჩემი აღმა სვლით,
ვისაც ღიმილი ჩაეფინა ჩემი ხსენებით,
ვისაც ჩასუნთქვა გაუმძაფრდა ჩემი დუმილით,
ვისაც ნაფიქრი გაეფანტა ჩემი დამალვით
ვისაც ღუმელი ჩაუნელდა ჩემი სტუმრობით,
ვისაც კოცონი მიუნავლდა ჩემი სათხოვრით,
ვისაც ჰაერი შეეხუთა ჩემი შეხებით,
ან ვინც ხელები დაიბანა ჩემში  ჩაღვრილი
არ გამოჩენილ, უსინათლო ცრემლის წვეთებით,
ჩამოირეცხა სიახლოვის მცირე ნიშანიც
და ელვასავით უცაბედად გაუჩინარდა,
ვისაც სიმშვიდე შეეპარა ჩემი დაღმა სვლით,
ვინც დამინახა მომაკვდავი და გამითხარა
საფლავი, ნაცვლად იმისა რომ გადავერჩინე,
შემომისაზღვრა ადგილი და გაუჩინარდა,
შემომილაგა ქვა-ღორღი და გაუჩინარდა,
მახსოვრობიდან საბოლოოდ ამომიფერთხა,
ამბარის ფსკერზე ჩარჩენილი ძველი ფქვილივით,
არ ვიმალები, არ ვიფარავ სახეს ტალახით,
აქა ვარ ასე დარჩენილი საირმე გზასთან
და იფიტება უშობელი ნადირის ტანი.
ნეშომპალადან ამომძვრალი ნორჩი სხეულით
დასანაყრებლად, გვიმრის ფესვზე მოცოცავს ჭია.
ვერ დაინახავთ - როგორ დევნის შიშის ნიჟარა
ლორწოს, საფარზე რომლის მიღმაც არ დგას არავინ,
მაშინ იწყებენ გადაფრენას ლოკოკინები.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები