ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 დეკემბერი, 2018


ფერეიდნელ ქართველებზე

ფერეიდნელი ქართველები ჩვენზე დიდი ქართველები არიან, ოთხი საუკუნეა ქართულ ენას ინარჩუნებენ. ფერეიდნელმა ქართველებმა ირანში „ქართული ანბანის“ ძეგლი დადგეს. ჩვენ კი... ჩვენ-საქართველოში დაბადებული ქართველები, ქართულ სიტყვებს ნელ-ნელა საუბრიდან ვაგდებთ, უცხოური სიტყვები შემოგვაქვს ხმარებაში.

2006 წელს წილად მხვდა ბედნიერება ერთ ფერეიდნელ ქართველს გავსაუბრებოდი... ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრა, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი პატრიარქის სიტყვებში: „ფერეიდნელ ქართველებში სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულია“.

ოთხი წლის შემდეგ იყო ფერეიდნული პოეზიის საღამო თბილისში „ლექსები ფერეიდანზე“. ეს იყო მართლაც ისტორიული საღამო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვარ!

2010 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, ეგზოტიკურ ჩაიხანა „გულანშაროში“, მიხეილ ღანიშაშვილისა და გიორგი ალავერდაშვილის ინიციატივით გაიმართა სპარსული პოეზიის საღამო „ლექსები ფერეიდანზე“, რომელიც 3 საათი გაგრძელდა. 3 საათი პოეზიისთვის ძალიან დიდი დროა.

საღამოზე მონაწილეობდნენ როგორც ძველი თაობის პოეტები, ასევე ახალი თაობის პოეტები. საღამოზე რა თქმა უნდა მონაწილეობა მიიღეს ასევე ფერეიდნელმა ქართველებმაც.

ისტორიული სამშობლოსგან მოწყვეტილ ქართველებს გული გავუთბეთ, ყველას სიხარულის ცრემლები გვაჩნდა თვალებზე, სევდიანი სიხარულის. ბედის უკუღმართობამ, ქართველები თავის სამშობლოს მოსწყვიტა და სპარსეთში (ირანში) გადახვეწა. 1614-1617 წლებში შაჰ-აბასმა 200 000-მდე ქართველი წაასხა ირანში.

ვიდრე ჩვენ - მათი სისხლი და ხორცი, მათი გულშემატკივრები ვიარსებებთ, ვიდრე ამქვეყნად დავიარებით, ფერეიდნელი ქართველები დავიწყებას არ მიეცემიან. დიდი მადლობა მიხეილ ღანიშაშვილს, დიდი მადლობა გიორგი ალავერდაშვილს, რომელსაც თავისი საიტი აქვს ფერეიდნელ ქართველებზე, ჩვენი ისტორიული საღამოს სურათები სწორედ გიორგის საიტზეა განთავსებული:

http://fereidani.ge/articles/174_qnari/174_qnari.html

გიორგი ალავერდაშვილი ხშირად მოგზაურობს ირანში, ხშირი ურთიერთობა აქვს ირანში მცხოვრებ ქართველებთან.

რამდენიმე წლის წინ ფერეიდანში იმოგზაურა ასევე მიხეილ ღანიშაშვილმა. მას თავისი მოგზაურობა აღწერილი აქვს თავისსავე წიგნში, რომელსაც „ყველაზე დიდი გული“ დაარქვა.

რაც შემეხება მე, არასოდეს ვყოფილვარ ფერეიდანში, არასოდეს მიმოგზაურია ირანში. ფერეიდანში სტუმრობა ჩემთვის ჯერჯერობით ოცნებად რჩება, მაგრამ მთავარია, მომეცა შესაძლებლობა რამდენიმე ფერეიდნელ ქართველთან გასაუბრებისა, მე იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ თბილისში გამართულ სპარსული პოეზიის საღამოზე მაქვს მონაწილეობა მიღებული.

ვისურვებდი, რომ მომავალში ჩვენი ეს შთაბეჭდილებები ერთ წიგნად გამოგვეცა. კარგი იქნება თუ ამ ყველაფერზე ერთი მთლიანი წიგნი გამოიცემა, ფერეიდნელ ქართველებთან და სპარსული პოეზიის საღამოზე მიღებული შთაბეჭდილებებისა.

დაბოლოს, ჩემი ლექსით მინდა დავასრულო ჩემი ეს ვრცელი წერილი:

ფერეიდნელი ქართველის მონოლოგი

ფერეიდნიდან გურჯისტანში როცა ჩავდივარ
ძგერას უმატებს სიხარულით თანდათან გული,
სიყვარულით და ამავე დროს რწმენით დავდივარ,
ქართველების მზით მიხარია ვარ გათანგული.

ფერეიდნიდან გურჯისტანში როცა ჩავდივარ
ვკოცნი ცრემლებით მორწყულ მიწას როგორც ღიღილოს,
ვიცი: გიყვარვარ ქართველობავ... შენი დარდი ვარ,
სანამ მოვკვდები, ბედნიერი მინდა გიხილო.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები