ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2018


სარდაფის ცოლები "მოდიან"

იქ კვამლი ჩანს
ბოლიან, ნისლებიდან ტოტებს უჩანთ
მკლავები და კისრები.
მოდიან, ცანაპირალ ფოთლებიდან
წვეთები და ჩამოლბა.

გალობა...
ეგ უბგერებო გალობაა
ნუ მღერი-
ეგ უბგერებო გალობაა,
რომ გაშინებს.
გადმოვა, მთელი ხროვა ჯადოქრების
მოდიან, მოათრევენ მგლისქონიან
დანას და
ნახშირს არა,
ბუტბუტით წყალს დანაყავ
გიშერს არა,
ბუტბუტით წყალს დანაყავ.

შიშებია, ყელში ქვები კირქვები
მუცელში რომ ბევრი შვილი ჩაგისვეს.
ქარისკენ, უმკლავებო მძიმე მოსასხამები
მიშვერილი გაქვს, რომ იქნებ ქარითვე

გაიქაროს შიში
შავი მუცლიდან
კაცი წითელწვერება
რომ დარაჯობს.
ნუ უმღერი,
უბგერებო გალობას
ხელზე შებმულ
ეშვებიან სამაჯურს.

"...ქარისკენ, უმკლავებო მძიმე მოსასხამები
მიშვერილი გაქვს, რომ იქნებ წაიქცე",

რომ თვალები აღარ გქონდეს შიგნიდან,
რომ უფხიზლო ჰიპნოზებში ჩაგთვლიმოს.
მგლების ქონებს საფეთქლებზე ისრესავ,
მამლებს სძინავთ ქანდარაზე ალიონს

არ აყივლებს შიშში გიწევს სახსრები,
მზე და მთვარე არ ამოგდის. ბოლიან
ნისლებს უჩანთ კისრები და რას ელი
ვეღარ გახვალ, გვიანია. მოდიან...



















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები