ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: თამუნა.გელიტაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
23 დეკემბერი, 2018


ლურჯა ცხენების კონცეპტი გალაკტიონის შემოქმედებაში

თამარ გელიტაშვილი

„ლურჯა ცხენების” კონცეპტი გალაკტიონის შემოქმედებაში


„მე არაერთხელ მქონია ფრთები
თავბრუდამხვევი სიმღერით მქროლი”.
გ. ტაბიძე

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების უკიდურესი ექსპრესიულობისა და მხატვრული მრავალფეროვნების კვალდაკვალ მკაფიოდ საცნაურდება სინტაქსური ერთეულის – ლურჯა ცხენების – ჭარბი გმოყენება, თუმც ქართული ლიტერატურის მკვლევართა უმეტესობის ყურადღება მხოლოდ ლექს „ლურჯა ცხენების” ინტერპრეტაციისკენ, მისი აზრობრივი შინაარსის ძიებისა და ამოკითხვა-ამოცნობისკენ იყო მიმართული. ასე გრძელდება დღესაც.
ლექსში „ლურჯა ცხენები” ზოგი ლიტერატურათმცოდნე „გალაკტიონის პოეზიის უკვდავ ბუნებას” ხედავდა (გურამ კანკავა); ზოგი – „ბედისწერით დადგენილი საზღვრების გარღვევასა” და „ადამიანური შეზღუდულობის დაძლევის პათოსს” (მიხეილ კვესელავა); ზოგი – „სულის უკვდავებას, სულის მარადიულ ქროლვას” (ირაკლი კენჭოშვილი).
რევაზ სირაძის აზრით, გალაკტიონის „ლურჯა ცხენებში” აშკარად  შეიმჩნევა რუსი მხატვრის, ვასილი კანდინსკის, ნახატის „ლურჯი მხედრების” გავლენა, თუმც წერილში „გალაკტიონის „ლურჯა ცხენები” და ვ. კანდინსკის „ლურჯი მხედარი” მკვლევარი იმასაც აღნიშნავდა, რომ: „გალაკტიონის ლურჯა ცხენებისა” და მხატვარ ვასილი კანდინსკის „ლურჯი მხედრების” ინტერტექსტუალური წაკითხვის საფუძველს ქმნის არა იმდენად ურთიერთმსგავსი სახეები (ლურჯა ცხენები – ლურჯი მხედარი), არამედ განსახოვნების არასაგნობრიობა და განყენებულობა”.
რა თქმა უნდა, გალაკტიონისთვის, როგორც სიმბოლისტი პოეტისთვის, უცხო არ არის გამოსახვისა და აზროვნების აბსტრაქტული მანერა, მაგრამ ჩემს მიზანს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ამ აბსტრაქციის შინაარსის ამოხსნა წარმოადგენს, მხატვრული სახის, „ლურჯა ცხენებისა” და ამავე სახელწოდების ლექსის მაგალითზე.
სინტაგმა „ლურჯა ცხენები” გალაკტიონმა პირველად ზემოდასახელებულ ლექსში გამოიყენა, 1915 წელს (ლექსი ამ წლით თარიღდება, პირველი პუბლიკაცია კი – 1916 წლით. [ჟურნალი „ცისფერი ყანწები”, №1]) და მას შემდეგ აღნიშნულ ლექსიკურ ერთეულს საკმაო სიხშირით იყენებს მგოსანი, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, გალაკტიონისეული სიტყვათქმნადობის ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული პოეტური სახეა, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ მისი სახისმეტყველებითი შინაარსი მხოლოდ ერთი ლექსის განხილვა-გაანალიზებასა და კონცეფციურ მსჯელობაზე არ დავიყვანოთ.
გალაკტიონი რომ არ იყო შექმნილი მიწიერი, რაციონალური ყოფისთვის („ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა” – „ეფემერა”), ის ფაქტი, რომ ემპირიული სამყარო მისთვის ხშირად უდაბნოს (= სიცარიელეს), ქაოსს, ანუ, როგორც თვითონ უწოდებდა, „ღრიანცელს” („ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული” – „ეფემერა”) წარმოადგენდა, ეს არც უცხოა ვინმესთვის და არც ახალია. ამიტომაც ამ საკითხზე აღარ შევჩერდები. მხოლოდ მისი შემოქმედებიდან რამდენიმე სტრიქონს შევახსენებ მკითხველს:

სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი,
ობოლი ვიყავ მე მაშინაც სულით ობოლი.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – –
დღესაც მარტო ვარ, სიყვარულის არ მესმის ნანა.
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – –
ო, სად ხარ, სადა უჩვეულო რაიმე ძალო,
სიცარიელის შავი ნისლი რომ გამაცალო.
(„უდაბნო”)

ან:
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
(„სად?”)

პოეტური ჰანგებით „დასნეულებული” მგოსნის ეგზისტენციალური სულისკვეთებისთვის ხშირდ მეტად უინტერესო, უშინაარსო იყო მიწიერი ყოფის კონცეფციური არსი (ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მას სიყმაწვილიდანვე ჰქონდა მისწრაფება სუიციდისკენ) და ისიც შთაგონებით, ილუზიური წარმოსახვით ქმნიდა მხოლოდ მისეულ, მისთვის სასურველ იდეალურ სამყაროს: „ერთი შეხედვითაც შეატყობდით სხვა კაცი იყო. როდესაც გესაუბრებოდათ, თითქოს სხვაგან იმყოფებოდა და ეს „სხვაგან” იყო მისი სავანე” (ვახტანგ ჯავახაძე). ამიტომაც ხშირად ეფემერული, ამავდროულად ვიზიონერული ხედვით იყო გამსჭვალული მთელი მისი შინაგანი მსოფლგანცდის არეალი. ამბობდა კიდეც:

მოხდება ხოლმე, ცა მიზიდავს
განუსაზღვრელი,
ვარსკვლვთა შორის, სხივთა ტბაში
არა მყავს ტოლი.
ვბრძანებ: ტყის შქერში გაჩუმდება
ნიავი ნელი.
ვიტყვი და თრთოლვად გადიქცევა
ვერხვის ფოთოლი.
(„შემოქმედება”)

მიღმიურისკენ, ტრანსცენდენტულისკენ ლტოლვა წარმართავდა გალაკტიონის გრძნობათა ბუნების ჰარმონიულობას („ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული, / ლანდი არაქვეყნიურ დარდით გადამწვარისა” – „ეფემერა” ).
დაკვირვებული მკითხველი ადვილად შეამჩნევს, რომ მგოსნის დაუოკებელი სწრაფვა მიკროკოსმიურ საზღვრებს მიღმა ხშირად ლურჯა ცხენებით ხორციელდება. სწორედ ეს ფაქტი მაფიქრებინებს, რომ მხატვრული სახე – ლურჯა ცხენები – გალაკტიონის შემოქმედებაში ღვთაებრივი ნიჭით მადლფენილი პოეტური ზეშთაგონებაა, პოეტური აღმაფრენის უკიდეგანო გამოვლინებაა. ამგვარი მოსაზრების მართებულობაში გალაკტიონის შემოქმედებიდან რამდენიმე მაგალითის მოხმობა და მათი აზრობრივი შინაარსის სკრუპულოზური განხილვა-გაანალიზება დაგვეხმარება.
ლექსში „ეფემერა” შთაგონებამოგვრილი მგოსნის პათოსი პოეტური დიდებისა და გამარჯვების ემოციური მუხტით არის აღბეჭდილი:

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით...

მოცემულ სტრიქონებში „ცხენთა შეჯიბრება” საუკეთესო ლექსის, შედევრის შექმნის აღტკინებულ პროცესსა და მხატვრულ პაექრობაში ჩაბმას აღნიშნავს, სადაც, გალკტიონის ხედვით, თავისი ლურჯა ცხენების, ანუ შთაგონების რიტმულობით, ტემპერამენტით, გრძნობათა დინამიკურობით, სტილური ორიგინალობითა თუ ემოციური მუხტის ამაღლებული ჰარმონიულობით მხოლოდ ის არის გამარჯვებული:

იყვნენ საუკუნენი, მაგრამ მე ვიხსენები
ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
ლექსთა შეჯიბრებაზე – მხოლოდ ინტეგრალები
ცხენთა შეჯიბრებაზე – ისევ ლურჯა ცხენები.

პოეტის ეგზალტაცია აშკარაა. ის უზომოდ კმაყოფილია და ამავდროულად „ძლიერ წუხს” („ვწუხვარ: ერთადერთი ვარ...”), რომ საუკუნეების მანძილზე მისი მსგავსი პოეტური სიმაღლეები ჯერ არც ერთ მგოსანს არ დაუპყრია, მხოლოდ ისაა ერთადერთი. ამგვარი პათეტიკური, გნებავთ, ამბიციური ტონი გალაკტიონის მხრიდან უცხო არ არის. ასეთი პიროვნული პათოსითაა აღბეჭდილი მთელი მისი შემოქმედება. ეს არცაა გასაკვირი – ის ხომ საკუთარ თავს პოეტების (პოეზიის) მეფეს უწოდებდა. გავიხსენოთ „მთაწმინდის მთვარე”, სადაც საკმაოდ ხმამაღალ განაცხადს აკეთებს: „მე მეფე ვარ, და მგოსანი...” მეტიც, შთაგონების სანეტარო ბურუსში გახვეული, მიწიერ ღმერთადაც კი მიიჩნევს თავს:

მზე ჩემთვის ბრწყინავს და მეფე ვარ
ყოვლისმომქმედი...
ჩემს ხელში არის მაშინ ჩემი
მძვინვარე ბედი,
ქვეყნად ყოველი არსის სული
მემორჩილება...
ო, უძლეველო დიდო წამო
შემოქმედების,
ახლა ყველაფერს... ყველაფერს ვქმნი
ახალი ღმერთი!
(„შემოქმედება”)

ლექსში „ეფემერა” ვკითხულობთ:

ბედი – ქროლვის გარეშე – ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას...
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები.

მოცემული ფრაგმენტის უტრირებას თუ მოვახდენთ, ცხადი და ნათელი გახდება, რომ საუბარი მუზის წვევას, შთაგონებით აღმაფრენას შეეხება. „ბედი – ქროლვის გარეშე – ჩემთვის არაფერია”, – მიგვანიშნებს, რომ ცხოვრება გალაკტიონისთვის აზრსმოკლებულია ქროლვის, ე. ი. შთგონების (ლურჯა ცხენების) გარეშე – „ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები”. რაც შეეხება „ქაოსში დაკარგული” მგოსნის ვერმიგნებას, აქ მკაფიოდ საცნაურდება მეწყერივით მოვარდნილი პოეტური აღმაფრენის, შთაგონების ნისლით შებურვილი მიწიერი შემოქმედის წვა და დაგვა, ის ენერგეტიკული იმპულსი, რითაც აბსურდულ ქაოსს (ლექსის შექმნის პროცესს ვგულისხმობ) წესრიგის, მხატვრული ქმნილების ფორმა და სახე ეძლევა, რითაც მუზის დამორჩილება ხდება. ამიტომაც მოუწოდებს იგი საკუთარ პოეტურ ხმას, შთაგონებას, ანუ „ლურჯა ცხენებს” ახალი შედევრების შექმნისკენ – „ცხენთა შეჯიბრებისკენ”!

ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!

ანალოგიური დატვირთვა აქვს ლურჯა ცხენებს ლექსში „დრო”, სადაც ლირიკული გმირის მიერ პოეტური პარნასის დაპყრობა მხოლოდ შთაგონებაზეა დამყარებული:
მსუბუქი ტალღები და ლურჯა ცხენები!
შენ მხოლოდ მარადი სიმაღლე გიშველის,
როს შუქად მშობლიურ ცას შეეშენები.

როგორც ვხედავთ, ერთადერთი ფაქტორი განსაზღვრავს გალაკტიონის დიდებასა და უკვდავებას – ლექსი, რომელიც ცხადია, შთაგონების გარეშე ვერ შეიქმნება.
შთაგონებას, პოეტურ აღმაფრენას  აღნიშნავს აგრეთვე ლურჯა ცხენები ლექსებშიც: „ნუგეში”, სადაც მგოსანი ამბობს: „შევიდე უცხო სიმსუბუქეში, / გამომყვეს ლურჯა ცხენების მტვერი” და „ვინ არის ეს ქალი?” – „მიმაფრენდა ნაპირებზე ლურჯა ცხენი”.
თუ ლურჯა ცხენების სახისმეტყველებას შთაგონებასთან, ანუ პოეტურ აღმაფრენასთან მივყავართ, მაშინ ლოგიკურია ცხენების ფერიც – ლურჯი. განმარტებით ლექსიკონებში ლურჯა არის ისეთი ცხენი, რომელსაც ლურჯი ფერი გადაჰკრავს. ვინაიდან ზეშთაგონება ყოველთვის რომანტიკულობის უსამანო გამოვლინებაა, ამიტომაც ასოცირდება იგი ლურჯ ფერთან, რამეთუ ლურჯი და ცისფერი პოეზიაში, განსაკუთრებით კი რომანტიკოსებთან დ სიმბოლისტებთან  (მაგ. ბარათაშვილის „ცისა ფერს” და „ცისფერყანწელები”) გაბატონებულია, როგორც რომანტიკული ფერები. გალაკტიონიც ამ მისთვის სათაყვანო ფერებს იდეალური სამყაროს სიმბოლოდ სახავდა. მისი შემოქმედების მრავალფეროვან თემატიკაში, რომელიც აღსავსეა განუმეორებელი პოეტური ინტონაციებით, რიტმის უმახვილესი გრძნობით, მუსიკალური ფერადოვნებითა და ორიგინალური ფერთა მეტყველებით, განსაკუთრებულად არის აქცენტირებული ლურჯი ფერი. წინამდებარე ნარკვევი ვერ დაიტევდა, ყველა იმ ლექსის დასახელება რომ მეცადა, რომლის მხატვრულ გამომსახველობაშიც სტიქიურადაა შეჭრილი ლურჯი ფერი. მხოლოდ რამდენიმე ნიმუშის მოხმობით შემოვიფარგლები;

ცა ლურჯი, ასე უსაზღვროდ ლურჯი...
(„ციხის ნანგრევებთან”)

ლურჯ ზღაპარივით ხავსი ფარავს დაწეწილ წისქვლს...
(„ძველი წისქილი”)

იქ ლურჯ კუნძულებს დაენახვება
ხან სიზმარივით, ხან ნაფოტივით...
(„ძველი მოტივით”)

ველად ყრია ლურჯი კომში
და ცისფერი ატამი...
(„ომნიბუსით”)

ტბას დაეცა ლურჯი ნისლი, მსუბუქი და გამჭვირვალე...
(„განთიადზე”)

განთიადს სძინავს ლურჯ სარეცელზე...
(„ახალ ცისკართან”)

ლურჯ მთების ზოლი ლურჯ ცის სივრცეში
შორს, უსაზღვროდ შორს მიიკლაკნება,
ლურჯ ოკეანის ლურჯი ტალღები
ლურჯ ტყიან ნაპირს აქცევს, აკვდება...
(„გემზე”)


A ასევე მრავლად არის გამოყენებული ხატოვანი გამოთქმები: „ლურჯი იორი”; „ლურჯი ბურუსი”; „ლურჯი ნიავქარი”; „ლურჯი იალქნები”; „ლურჯი ანგელოზები”; „ლურჯი დღე”; „ლურჯი მერანი” და ა. შ. უამრავი ასეთი მხატვრული სახის დასახელება შეიძლება. გალაკტიონი ხომ სიტყვათქმნადობის ნამდვილი ჯადოქარი იყო. ასე რომ, შეიძლება ითქვას, გალაკტიონის შემოქმედების მთელ რომანტიკულ მგრძნობელობას ელფერს აძლევს ლურჯი ფონი.


***

როგორც ითქა, გალაკტიონის ეგზისტენციალური მსოფლგანცდა, მთელი მისი პიროვნული თუ პოეტური „მე” სხვა, მხოლოდ მისეული სამყაროს გამუდმებული ძიებით იყო აღბეჭდილი. რეალისტური ყოფის ამაოების ნისლს იგი ლურჯად შეფერილი ირაციონალური მიღმიურობისაკენ სწრაფვით ფანტავდა. მის შემოქმედებაში ხშირია ასეთი მისტიკური გარდასახვები. აქვე უნდა შევნიშნო, რომ გალაკტიონის პოეზიისათვის დამახასიათებელი არაა გრძნობათა ერთფეროვნება, თუ ზემოთ მოხმობილ ლექსებში აშკარაა პოეტის მგზნებარე, ოპტიმისტური პათოსი და კონკრეტული მიზნისკენ სწრაფვის სიცხადე, იმ მხატვრულ ნიმუშებში, რომელზედაც ქვემოთ გვექნება მსჯელობა, სკეპსისსა და იმედგაცრუებას ამოიკითხავს მკითხველი. გრძნობათა ასეთი გაორება მუდმივად შეინიშნება გალაკტიონის შემოქმედებაში. ეს ალბათ არცაა გასაკვირი, რადგანაც ზოგადად ლექსი პოეტის განწყობას, მის კონკრეტულ სიტუაციურ განცდას ამჟღავნებს. პოეტის გრძნობისა და განცდის იმპულსურობა, საკუთარ ვნებათა ტყვეობაში მოქცეული აზროვნების საზრისი ვერ იქნება ერთგვაროვანი, ის ვერ მოექცევა საგანგებოდ დამუშავებულ, რაფინირებულ ჩარჩოებში.
ლექსში „მგლოვიარე სერაფიმები” ნაჩვენებია სულთა სამყოფლიდან „მიწაზე დაბრუნებული” ლირიკული გმირის განცდები. ის ამქვეყნიურ ცხოვრებას „სამშობლოს” უწოდებს:

ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.
მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით,
ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები
და სასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით
მე მომყვებოდნენ და სტიროდნენ სერაფიმები.

ტრაგიკული სიმძაფრით ასახული სკეპსისი და ნიჰილიზმი აშკარაა. პოეტმა ვერც მიღმიურ და ვერც მატერიალურ სამყაროში ვერ მოიპოვა სულის სიმშვიდე, თუმც მგოსანი აქვე შენიშნავს, რომ მისთვის ამქვეყნიური ყოფის ერთადერთ სიამეს, სიცოცხლის ერთადერთ საზრისს მხოლოდ შემოქმედებითი პროცესი, შთაგონებით მოგვრილი ეგზალტაცია წარმოადგენს. ისევე, როგორც სხვა პოეტურ ნიმუშებში, „მგლოვიარე სერაფიმებშიც” ლურჯა ცხენები სწორედ შთგონებას აღნიშნავს. ამას ლექსის შემდეგი სრტიქონები ცხადყოფს:

ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრეს შხამით;
ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე.
იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით
და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე.

სწორედ წარმავლობის სევდით აღძრული დაეჭვება და პესიმიზმია გადმოცემული გალაკტიონის  სიმბოლისტურ ლექსშიც – „ლურჯა ცხენები”, რომელზე მსჯელობითაც დავიწყე წინამდებარე ნარკვევი და სადაც პოეტი დეტალურად აღწერს იმ სულისშემძვრელ მელანქოლიურ განწყობას, რაც მან „სამუდამო მხარეში”, ანუ საიქიოში წარმოსახვითი მოგზაურობის ჟამს განიცადა. ლექსი მთლიანად ეფემერული განწყობისაა და მასში გალაკტიონის ვიზიონერული ხედვის, პოეტური წარმოსახვის შთაბეჭდილებები აირეკლება. ამიტომაც ჰქვია მას „ლურჯა ცხენები”, ანუ პოეტური შთაგონება.
„ლურჯა ცხენების” პირველ ორ სტრიქონში თითქოს გამჟღავნებულია გალაკტიონის წარმოდგენა თუ სწრაფვა სამუდამო მხარის იდუმალებით მოცული მშვენიერებისაკენ: „როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, / ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!”, თუმცა მომდევნო ტაეპებში მთლიანად ქარწყლდება ეს მცდარი წარმოდგენა და პოეტური რეპორტაჟი ჯოჯოხეთის საშინელებათა ლაბირინთებიდან ხორციელდება:

შეშლილი სახეების ჩონხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
– – – – – – – – – – – – – – – – – – –
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოცნობ ქიმერებს!

მიუხედავად იმისა, რომ ლირიკულმა გმირმა სამოთხის ჩამავალი მზით ნაფერი სილამაზე იხილა („ელვარებდა ნაპირი”), რწმენის კრიზისით გამოწვეული სკეპსისი და უიმედობა აშკარა და თვალნათელია – სულთა საუფლოში, „სამუდამო მხარეში” მან ვერ იხილა ის დაპირებული, ენით აუწერელი ნეტარება („არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი”), რაც სასუფეველში მოხვედრის შემდეგ ელოდა. ამქვეყნიური ამაოებით მოგვრილ კაეშანს ვერც სულთა სამყოფელში გაიქარვებს პოეტი, ვერც იქ ჰპოვებს სულის სიმშვიდეს, ვინაიდან იქაც ისეთივე ცივი და მიუსაფარი მდუმარება დახვდა გამეფებული, ისეთივე სევდა-კაეშანი და უსასოება, რასაც რეალურ განზომილებაში განიცდის:

სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც გულს უხარია.

საიქიო ყოფის ამგვარი აღქმა, ერთი შეხედვით, მოულოდნელია სასულიერო სემინარიაგამოვლილ, ქრისტოლოგიაში გაწაფული პოეტისათვის, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად გასათვლისწინებელია: გალაკტიონი იმ ეპოქის შვილია, როცა საზოგადოება ერთი დილემის – ღმერთის არსებობა-არარსებობის – წინაშე აღმოჩნდა. ამიტომაც გალაკტიონის სიმბოლისტურ პოეზიასთან მკვეთრდ არის შენივთებული ნიცშესეული დებულება: „ღმერთი მოკვდა!” „ლურჯა ცხენებიც” ამ ყაიდის ლექსთა ციკლს მიეკუთვნება. ლექსის კონცეფციური შინაარსი თუ არქიტექტონიკა რწმენის კრიზისით არის გამსჭვალული. სასოწარკვეთილი პოეტი ორივე განზომილებაში ეძიებს ღმერთს, არაქვეყნიურ, უცხო, შორეულ ლანდს (როგორც თვითონ უწოდებს ლექსში „ლანდი არაქვეყნიური”). ასევე რწმენის კრიზისით მოგვრილი ყოვლისმომცველი ნიჰილიზმი და დაეჭვება ათქმევინებს გალაკტიონს 1922 წელს დაწერილ ლექსში „სამშობლო შავი ლიუციფერის” – „არასდროს ჩვენთან აქ არ ყოფილა ნაზარეველი”. ამიტომაც არის „ლურჯა ცხენებში” მის მიერ აღქმული საიქიო ასე მკვეთრად გამოხატული მწუხარე პოეტური მგრძნობელობით, თუმც, როგორც უკვე ითქვა, ღვთაებრივ ჭეშმარიტებაში დაეჭვება გალაკტიონთან მუდმივი არ არის, ამგვარ სკეპსისს მის შემოქმედებაში ხშირად ენაცვლება რწმენისა და სასოების ძიება. მაგალითად, იმავე „ლურჯა ცხენებში” ერთადერთი იმედი, რასაც კი „შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებითა” და უსულდგმულო დღეებით სავსე მწუხარე „სამუდამო მხარეში” განიცდის პოეტი, ღმერთის ძიება, ღვთაებრივი ნათლის მოლოდინია („მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა”). რწმენისა და სასოების პათოსია გამოხატული ლექსშიც „რაც უფრო შორს ხარ” („რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები! / მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი...”).
აღნიშნული საკითხის შესახებ ამირან გომართელი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: „ლურჯა ცხენები” პოლემიკაა „მერანის” ავტორთან. მაგრამ არც გალაკტიონის სკეპსისია მყარი და მუდმივი. Kიგი, ჟამიდან ჟამზე იტყვის: „თუ გინდა ჯვარს ეცვი, საშველი არ არის, არ არის, არ არის!” (ამ დროს მისი განცდა უფრო ტრაგიკულია, ვინემ ბარათაშვილისა), მაგრამ დროდადრო ღვთაებრივი სამყაროს არსებობის რწმენაც კიაფობს მასში”.


***

„ლურჯა ცხენებში” არის ასეთი ფრაზა: „მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!”, რაც უმალ ბადებს კითხვას: რას უნდა ნიშნავდეს ეს მშრალი რიცხვები? ლოგიკური თვალსაზრისით, ადამიანისგან სიკვდილის შემდეგ რაც რჩება სამუდამოდ, ეს არის ერთადერთი რამ, მცირე ინფორმაცია, საფლავის ქვაზე მიწერილი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ გალაკტიონი სწორედ ამ მშრალი, არცთუ ისე ბევრისმთქმელი ციფრების შესახებ საუბრობს.
როგორც ვხედავთ, გალაკტიონისთვის არც მეორე, მიღმიური, „სამუდამო მხარე” თუ სამყარო აღმოჩნდა მიმზიდველი. მისთვის მიწიერი ყოფაცა და ვიზიონერული წარმოსახვაც, ქვესკნელიცა და ზესკნელიც ერთნაირად წარმოადგენს ფატალურ, ბედისწერით შემოსაზღვრულ არეალს. ორივე ერთნაირად დაგმობილი, შენაჩვენები და მიუღებელია („ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები”).
ამდენად, როგორც ზემომოხმობილი პოეტური ნიმუშების ანალიზმა ცხადყო, მხატვრული სახის – ლურჯა ცხენების – შინაარსი შთაგონების ექსპრესიას აღნიშნავს. ის პოეტური აღმაფრენის სტიქიური ქაოსია, ისეთივე მგრგვინავი და წყვილად მქროლავი, როგროც ველური, გაუხედნავი და დაუმორჩილებელი ურა ულაყები. ამიტომაც გამოირჩევა ეს სახე, პოეტურ ლიცენციად (ოკაზიურ ფორმად) ქცეული ეს სინტაქსური წყვილი, არა მარტო ტევადი შინაარსით, არამედ ყველგან, ყველა შემთხვევაში, გასაოცარი მუსიკალური ჟღერადობითა და რიტმული ინტონაციით, გალაკტიონის ოკაზიონალიზმებით სავსე პოეზიისათვის დამახასიათებელი მეტყველების ფერადოვნებით.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები