ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2019


ამ საახალწლო





წარმოვიდგინოთ,
როგორი 2019 გვექნებოდა:
საღამოს დავსხდებოდით,
ჩამოვწერდით.
დილით,
შენ წახვიდოდი საყიდლებზე,
მე სახლის მილაგებას მოვამთავრებდი,
ლიკა ნაძვისხეს თვითონ მორთავდა...

ამასობაში დაბრუნდებოდი და
ახმაურდებოდა სახლი,
განსაკუთრებით სამზარეულო.

ლიკას უკვე კარგა ხანია ეცოდინებოდა,
რომ საჩუქრებს მშობლები ყიდულობენ.
ამიტომ, ალბათ
ერთად  შეარჩევდით  რამეს-
შეიძლება ახალ მობილურს...

მე?
არც კი ვიცი...
(ახლა მგონია, რომ სურვილები უკვე გამიქრა)
მაგრამ შენ მათ
უსათუოდ აღმოაჩენდი...
ჰო,
ალბათ რამე -
მართლა გულით  მენდომებოდა...

ჩვენ ( მე და ლიკა) გაჩუქებდით ახალ გიტარას.

ბევრს ვიცინებდით.
ცოტას დავლევდით.

და ერთ უბრალო სადღეგრძელოში,
შენ იტყოდი,
რომ ჩვენ უნდა გვეცოცხლა დიდხანს,
ვყოფილიყავით ჯანმრთელები, ბედნიერები...

ლიკას ალბათ მეგობრები შემოუვლიდნენ,
ჩვენც გავუშვებდით...

შენ წარბს შეკრავდი,
მგონი ერთ-ერთს
ჩემი გოგო უყვარსო...
მე გეტყოდი,
რომ ამის დრო უკვე მოვიდა...

ჩვენ დავრჩებოდით მერე ორნი
და ჩვენი სახლი
დაიტევდა სულმთლად სამყაროს...
და  არსად წასვლა
აღარასდროს მოგინდებოდა...
...........
შენ რომ ჩვენგან
მანამდე  არ  წასულიყავი...

2018. 30 დეკემბერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები