ნაწარმოებები



ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2019


არა, ბიჭო და მეფეს დავეკითხები


დღე ტელევიზიებმა, როგორც ყოველთვის,  ცუდი ინფორმაციით დაიწყეს -  კარლსონს პოლიციაში  იბარებენო.  წითელქუდას ბებიას, ქალბატონ ელეონორას უჩივლია,    კარადიდან მურაბა ამწაპნაო.  მერე სამეფოს  ტელევიზიის მთავარი არხით  ისიც აჩვენეს, ფოსტალიონი როგორ მიდიოდა  სახურავზე კარლსონისთვის  რომ უწყება  ჩაებარებინა,  შემდეგ კადრში  გამოჩნდა  სახურავზე  ფეხი  როგორ დაუცდა  და  ის იყო თავ-პირის მტვრევით უნდა გადმოვარდნილიყო დაბლა, კარლსონმა  მოუსწრო,  ციმციმ ჩამოაფრინა ასფალტზე და ხალხის ტაშიც დაიმსახურა, მაგრამ არა ყველასი.  რამდენიმე შეშინებულ  მაყურებელს ამ ნიადაგზე კუჭის აშლილობაც კი დაემართა  და ქვეყნის მთავარ  ტელევიზიაში ზარები არ წყდებოდა, გაგიჟდით,  ამაში  გვახდევინებთ გადასახადებს თქვე დეგენერატებო, ამ დილაადრიან რას საშინელებებს გვაყურებინებთო.  ამასობაში  კი  თვითონ წითელქუდა გამოცხადდა პოლიციაში,  ის  მურაბა მე შევჭამე, თან ისე, ელეონორა  ბებიას არც ვუთხარიო  და ბებიას შეტანილი საჩივარი  უკან  გამოიტანა.    სიმართლე  რომ ვთქვათ,  ფრიად საფუძვლიანი ეჭვები მაინც კარლსონზე იყო,  ამაზე მეტყველებდა  თუნდაც  მურაბით მოთხვრილი მისი  პერანგი, მაგრამ წითელქუდა  საბავშვო ევროვიზიის სიმღერის  კონკურსში გამარჯვებული  გახლდათ და ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა  სამეფოში, რომ  კარლსონი  დიდი ბოდიშებით  გამოაფრინეს თუ გამოისტუმრეს შემინული შენობიდან,  დამატებით კი  პოლიციის უფროსმა ავტოგრაფიც  თხოვა წითელქუდასაც და კარლსონსაც,  ოღონდ ამ უკანასკნელმა იმ პირობას მოაწერა ხელი,  რომ  ელეონორა  ბებიას კარადას ერთ მეტრ მანძილზე არ გაეკარებოდა. ის რომ ფოსტალიონი  კისრის მოტეხვას გადაარჩინა, არც კი გახსენებიათ, იმიტომ, რომ ახლა უკვე ყველა არხი ერთდროულად გადასცემდა ახალი ამბების  სპეციალურ გამოშვებას,  რამაც  კუჭის აშლილობას ვინ ჩივის, ყველას თავზარი დასცა:  პრინცესას, ულამაზეს თეონას, მეორე დღეა არ ეღვიძება და ძილქუშად  არის  მივარდნილიო. 
სამეფოში  ათასგვარი საზეიმო მიღება თუ კონცერტი იყო დაგეგმილი,  პრინცესა ზუსტად დღეს ხდებოდა სრულწლოვანი, თუმცა ყველა ეს ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო.  მოიწყინეს წითელქუდამ და კარლსონმა,  თეონას სხვა მეგობრებმა და ყვავილებმაც კი.  ჩიტებიც ძველებურად აღარ ჭიკჭიკებდნენ, ხმა გაკმინდეს  და სამეფო ბაღის ნაკადულიც, თეონას მხიარულ კისკისს დანატრებული, კი არ მორაკრაკებდა, არამედ  მოწყენით  მოდუდუნებდა  თითქოს.  სამი დღე რომ ამაოდ ელოდნენ,  იქნებ თავისით გაიღვიძოსო, მეფემ  ქვეყნიერების  ყველა კუთხიდან დაიბარა ცნობილი ექიმები.  შეიკრიბა კონსილიუმი,    ათასგვარი აპარატურით ამოწმებდნენ  ტემპერატურას, პულსს,  წნევას, სისხლის საერთო ანალიზებს,  მაგრამ ყველა მონაცემი მიუთითებდა, რომ  პრინცესა აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.  მეფის კითხვაზე, თუ ჯანმრთელია, მაშ რატომღა სძინავსო, არც ერთს არ  ჰქონდა პასუხი და მხრებს  იჩეჩავდნენ  მხოლოდ. მეფეს მეფური მანერები კი ჰქონდა, მაგრამ არა მაშინ, როცა ოჯახის წევრის  სიცოცხლე  საფრთხეში იყო,  - თქვენ რას გერჩით, ვაი იმათ პატრონს, ვინც თქვენ ექიმობა დაგაბრალათ, მეორე ვაი კიდე თქვენ პატრონსო, - ყველას ერთად მიახალა  და  ისე დატოვა დარბაზი, დამშვიდობება არც უფიქრია.  ის კი გაიფიქრა, სულ კინწისკვრით  უნდა გამეყარა  ეს უმაქნისები,  მაგრამ  კინწისკვრა რაღა ჯანდაბაა, ეს მაინც ვიცოდეო. კაბინეტში შესულმა  ვეზირს ჰკითხა,    კინწისკვრა რა არის, თუ  იციო. -  ვეზირმა, აი, კისერში რომ წაუთაქებენ და ისე გააგდებენ გარეთ, ის არისო. ხოდა ის არამაზადა ექმიმბაშები ყველა  ასე გაყარეო, - დაავალა. - მეფევ ბატონო,  სასახლესთან უამრავი ჟურნალისტი და ტელევიზიაა, მერე  ხო იცით ხალხის ამბავი,  არაჰუმანურის იარლიყს  მოგაკერებენ და სულ დაივიწყებენ, რაც სიკეთე გაქვთ ნათესიო!  - და რა სიკეთე მაქვს ნათესიო?  - გაუკვირდა მეფეს. - ხო, მაგრამ ბოროტებაც რომ არ გაგიკეთებიათ, ხალხს ისიც მოსწონსო!  - უპასუხა ვეზირმა.  - კარგი, გაანებე თავი,  ორი მორიგე დარჩეს,  ყოველ ერთ საათში შეამოწმონ  პრინცესას მდგომარეობაო, - თქვა მეფემ და თეონას დასახედად წავიდა ისევ. მას კი ეძინა, მშვიდად, თითქოს ეს ესა ჩაეძინაო და პირს ღიმილიც კი დასთამაშებდა. არ ეღიმებოდა საწყალ დედოფალს,  რომელსაც ღვარ-ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები  და დარდმა  ისე შეცვალა, რომ  მეფეს  უბრალო მომვლელი ეგონა და ის იყო,  უნდა დაეყვირა,  სპეციალური ნებართვის გარეშე როგორ ბედავთ  რომ მძინარე პრინცესას ხელს ახლებთო,  რომ მეუღლის ლოყაზე პატარა ხალი ეცნო  და ხოლო ხალის მერე დედოფალიც. ნეტა არ გავგიჟდებოდეო,  გაიფიქრა მეფემ და  დაბნეულს თვითონაც ჩუმი ცრემლები წამოუვიდა და ასე აცრემლებული  მივიდა დედოფალთან, მხრებზე ხელი მოხვია და დაპირდა,  ყველაფერს გავაკეთებ, რომ  თეონამ  გაიღვიძოს და  ბედნიერი იყოსო.  მერე შუბლზე აკოცა მძინარე პრინცესას  და სამუშაო კაბინეტისკენ წავიდა, სადაც მინისტრთა კაბინეტი ელოდა. 
საერთოდ სამეფოს იმდენად მორცხვი მინისტრები ჰყავდა,  რომ ვერც ხალხს და  ვერც მეფეს ვერ უსწორებდნენ თვალს, მით უმეტეს, ახლა,  ამ უბედურებით  სასოწარკვეთილები, როცა  არ იცოდნენ თუ  რომელი მდინარისთვის  მიეცათ თავი.  ერთადერთი, რაც მათ შეძლეს,  დახრილი თავები  სამ-ოთხჯერ აქეთ- იქეთ  ჰარმონიულად  გადაარხიეს და რამდენიმე ხმაში  ,,ნწუ, ნწუ, ნწუო...“  - თქვეს. ამათ იმედზეა სამეფოო? -  თავის თავს ჩაეკითხა მეფე.  თათბირი დამთავრებულია, თუ დამჭირდებით, დაგირეკავთ მდივანიო,  -  გამოაცხადა  და    ვეზირს უბრძანა, შენ დარჩიო. 
- კაცო, სოლომონ,  მირჩიე რამე! 
- მეფეო,  როგორც ზღაპრებში ხდება, თეონაზე შეყვარებული პრინცები ხომ არ დავიბაროთ,  მით უმეტეს,  რომ  სრულწლოვანი გახდა უკვე.  ფეისბუკზე  პოსტს დავდებ,  თუ თქვენი ნებართვაც იქნება? 
- სოლომონ, არ მითხრა ახლა იცოდე,  ვიღაც  პრინცს ერთადერთი ქალიშვილი  ცოლად გაატანეო!
- მეფეო,  მესამე დღეა თეონა სრულწლოვანია უკვე, უნდა შეეგუოთ აზრს,  რომ  გათხოვების დრო მოუვიდა.  ცხოვრება ასეა, პრინცესები იზრდებიან და მერე თხოვდებიან! 
- არ თქვა,  არ თქვა სოლომონ,  ეჰ, არადა,  იძულებული ვარ დაგეთანხმო, ოღონდ თეონა ბედნიერი იყოს, ოღონდ გაიღვიძოს...  ცალკე ხო თეონა  მადარდებს, ცალკე დედოფალიც,  სამი  დღეა თვალი არ მოუხუჭავს.  დღეს, წარმოიდგინე,  ვერც კი ვიცანი, ვიღაც მომვლელი  მეგონა!
- მესმის თქვენი,  მეფეო!
- კარგია სოლომონ, ერთ ადამიანს მაინც თუ ესმის ჩემი...  აქამდე  ყველას ესმოდა მეგონა, რა მწარედ ვცდებოდი...  მისმინე,  მართლაც რომ გააღვიძოს რომელიმე პრინცმა და თეონამ უარი თქვას ცოლობაზე, რა ვქნათ?! 
- კარგით რა მეფეო,  ჯერ გაიღვიძოს და..
ვეზირმა  სამეფოს  ოფიციალურ გვერდზე სიახლე განათავსა თუ არა,  ქვეყნიერების ყოველი  კუთხიდან იწყეს სასახლეში ულამაზეს თეონაზე შეყვარებულმა პრინცებმა მოსვლა.  აეროპორტები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების მიღებას ვეღარ აუდიოდა.    შემოვიდა პირველი  პრინცი, დაფხრეწილი  ჯინსებით,  ყურებსა და ცხვირში რგოლი  უკონწიალობდა და იმდენი ტატუ ჰქონდა,  ადამიანური  სახე და კანი ალაგ-ალაგ ჰქონდა მხოლოდ შერჩენილი.  ამან ვინ უნდა გააღვიძოს, თვითონ გასაღვიძებელია, ამას  რომ თეონა ცოლად გავაყოლო,  ის მირჩევნია, ახლა რომ სძინავსო, - მეფემ გაიფიქრა, თქმით  კი ეს უთხრა, აბა როგორ აპირებ პრინცესის გაღვიძებასო.  -  ვაკოცებ და  გაეღვიძებაო!  -  იმან უპასუხა. ნეტა ახლა უფლება მქონდეს ამას კინწი ვკრაო, - მეფემ  გაიფიქრა და  სოლომონს ანიშნა, სხვა შემოვიდესო. შემოვიდა მეორე, მესამე...  მეორმოცე, ყველა ერთი და იმავეს იმეორებდა შეთანხმებულივით. მეორმოცემ ისიც დაამატა,  ისეთი კოცნა ვიცი, მძინარეს კი არა,  მკვდარს  გავაღვიძებო. მეფემ მიღება შეწყვიტა,  ვეზირს უბრძანა,  ის პოსტი აიღე,  თუ კაცი ხარ, უკან გაისტუმრე ყველა, მომაცილე ეს აკუნტრუშებული ხალხი,  სანამ რაიმე ცუდი არ ვქენი და საერთაშორისო სკანდალში არ გავებითო.  ის დღე ისე დამთავრდა.  ღამით  კი დარდსა და ვაებაში  ჩავარდნილი  მეფე  და დედოფალი  პრინცესას საწოლთან  ისხდნენ და ერთად  ყოფნითღა ანუგეშებდნენ ერთმანეთს. გათენდა  თუ არა,  ისევ  ვეზირი იხმო მეფემ, რაიმე ახალი  ხომ არ არისო. 
- მეფეო, ვარსკვლავთმრიცხველს ხომ არ ვკითხოთ რჩევა? 
- კაცო, ეს შტატი ხო გავაუქმეთ  იმის  შემდეგ, რაც დედაქალაქის ცაზე ვარსკვლავები გაქრნენ!
- შეგიძლიათ,  აღადგინოთ შტატი, თქვენი ნება არ არის?
- დაიწყებენ მერე ეს ოპოზიციური პარტიები, ვარსკვლავთმრიცხველი ჰყავთ,  ვარსკლავები კი არ აქვთო! 
- სამაგიეროდ სოფლების თავზე ბჟუტავს ჯერ კიდევ რამდენიმე!
- გახსოვს  გალაკტიონი,  კი დაგვტოვა, მაგრამ არ იყო ცუდი კაცი?!
ვეზირს ახსოვდა  მოხუცი ვარსკვლავთმრიცხველი გალაკტიონი,  უცნაური კაცი, რომელსაც  ან წიგნებში ჰქონდა თავი ჩარგული,  ან  ტელესკოპში.  სხვა საქმე მისთვის არ არსებობდა.  მერე თანდათან ქალაქის თავზე ვარსკვლავებმა რომ გაქრობა იწყეს, პატაკს პატაკზე აგზავნიდა  მეფის სამდივნოში,  ვარსკვლავები გადავარჩინოთ, ქვეყანა გადავარჩინოთო,  მაგრამ ამ პატაკებს არავინ კითხულობდა. მერე ბოლო პატაკიც დაწერა, დაკავებული  თანამდებობიდან გამანთავისუფლეთო. მეფეს სულ უნდოდა  გასაუბრებოდა მოხუც ვარსკვლავმრიცხველს,  რადგან ის ყოველთვის აღძრავდა  მასში ადამიანურ სიმპატიებს, მაგრამ ვერ იცლიდა:  ხან ნადირობდა,  ხან თევზაობდა,  ხან უცხოურ დელეგაციებს ხვდებოდა, ხანაც თვითონ დადიოდა უცხოეთში.  მეფეს დროარ ჰქონდა და სოლომონმა სთხოვა  დარჩი, მერე რა რომ ვარსკვლავები არ ჩანს,  შენი ბრალი  ხომ არ არის და რადგან ასეთი პატიოსანი კაცი ხარ, თუ დარჩები,  მეფესთან შთანხმებულია, ხელფასსაც გაგიორმაგებთ და ყოველი  წლის ბოლოს მეცამეტე ჯამაგირსაც  გამოგიწერთო,  მაგრამ  ვარსკლვავთმრიცხველმა ერთხელ ნათქვამი  აღარ გადათქვა. 
- მეფეო, მე მაქვს  ტელეფონის ნომერი,  იმედია არ შეუცვლია, ახლავე დავურეკავ!  - თქვა ვეზირმა.  ისე მოხდა რომ ტელეფონი ხმამაღლა მოლაპარაკეზე ჰქონდა  ჩართული. მესამე ზარზე პასუხიც გაისმა.
- ალო!
- ბატონო გალაკტიონ, თქვენა ხართ?
- ვარ! 
- სოლომონი ვარ, მეფის  ვეზირი!
- იყავით!
- სად ხართ? 
- სუფთა ჰაერზე!
- მართლა?!  -  გაკვირვებული ინტონაციით დაეკითხა ვეზირი, თუმცა რა გაუკვირდა ძნელად გაარჩევდი, ის რომ  სუფთა ჰაერი იპოვა,  იმან, ვისაც  გალაკტიონი ერქვა, თუ  ის, რომ სეირნობდა.  არადა მთავარი რაც  გაუკვირდა, ხმა იყო,  ხმა ეუცნაურა, თითქოს.
-   არა ბიჭო და მეფეს დავეკითხები! -  გაისმა  პასუხი. 
სამწუხაროდ, ხმა მეფესაც ესმოდა,  სხვა დროს, ალბათ,  რაიმე მკაცრ განაჩენს გამოუტანდა თავხედს,  მაგრამ ახლა მძინარე თეონაზე ფიქრი არ ასვენებდა. შვეულმფრენი გაგზავნე, სასწრაფოდ  ჩამოვიდეს დედაქალაქში, თან სიტუაციის სიმძიმე გააცანიო, - ვეზირს უთხრა.  ვარსკვლავთმრიცხველმაც  გაიგონა მეფის ხმა,    ,,არა, ბიჭო და მეფეს დავეკითხები!“ -ზე  დიდად არ უნერვიულია,    როდის იყო  მეფეს ხალხის  ხმა ესმოდა, ახლა რომ გაეგონა.  უბრალოდ,  რა სიტუაციის სიმძიმეზე საუბრობს მეფე, ალბათ, თეონაზეო, -  გაიფიქრა.  მერე შვეულმფრენის ხმაც  გაიგონა, და ცოტა ხანში უკვე სპეცრაზმელის ფორმაში გამოწყობილ ორ ჯეელსა და მფრინავთან ერთად ცაში იყო და იქიდან აკვირდებოდა  საყვარელი  სამშობლოს სანახებს,  რომელიც  ისე ბუნდოვნად ჩანდა, ცუდი ხილვადობის გამო თუ ჩანდა საერთოდ, იმასაც ვერ  მიხვდებოდი. 
შვეულმფრენი სასახლის წინ არც თუ მთლად მწვანე მინდორზე დაეშვა.  ვეზირი თვითონ  გამოვიდა შესახვედრად და ხედავდა, რომ  საფრენი აპარატის კიბეზე  სპეცრაზმელებთან ერთად ვიღაც ჭაბუკი ჩამოვიდა.  ეუცნაურა. შვეულმფრენს შესცქეროდა, იქნებ  ის გადმოვიდეს  ვისაც ველითო, მაგრამ  კარი მიიხურა.  სოლომონი  სპეცრაზმელებს მიუბრუნდა, ეს ვინ მოიყვანეთო. იმათმა, მითითებულ მისამართზე ეს კაცი დაგვხვდა,  სახელი და გვარი რაც გვითხარით იგივეა და ჩვენ რა ვიცითო.
-     ახალგაზრდავ, თქვენ  გალაკტიონ მთვარაძე ხართ?  -  ჰკითხა პირველმა ვეზირმა სტუმარს. 
- ვარ!
- მეფის  მთავარი ვარსკვლავთმრიცხველი  გალაკტიონ მთვარაძე?
- მეფის არა, ისე კი მეც იგივე პროფესია მაქვს!  რა ვქნა, მამაჩემს ხათრი ვერ  გავუტეხე, ისე კი მე ფეხბურთელობა მინდოდა, მაგრამ... 
- ანუ მეფის  ყოფილი მთავარი ვარსკვლავთმრიცხველი,  გალაკტიონ მთვარაძე, თქვენი მამაა? 
- კი,  დეენემის ანალიზი ხომ არ გნებავთ?
- არა, ყველაფერი გასაგებია,  მამათქვენი სად არის?
- ცაშია,  დედაჩემთან და  ვარსკვლავებთან!
- ანუ გარდაიცვალა...  საწყენია...  როდის?
- სამი წელი შესრულდა სამი დღის წინ.
- საწყენია... საწყენია... დიდ პატივს ვცემდი მამათქვენს!
- თქვენზედაც  კარგი აზრის იყო... ამბობდა, რა ეშველებოდა მეფეს და სამეფოს,  რომ არა სოლომონიო.
ამასობაში მეფეს მოთმინების ფიალა აევსო,  ფანჯრიდან უყურებდა როგორ ესაუბრებოდა  ვეზირი ვიღაც ახალგაზრდას. ,,არა, ბიჭო და მეფეს დავეკითხები“ - ფრაზა ამოუტივტივდა უცებ მეხსიერებაში, ალბათ ეს იყოო. მერე ტელეფონი აიღო და ვეზირს დაურეკა.
- რას შვებით, რატომ არ შემოდიხართ?
- მეფეო,  თვითონ გალაკტიონი  გარდაცვლილა, უკვე მესამე წელია! 
- მაშ ეს კაცი ვინ არის?!
- ესეც გალაკტიონ მთვარაძეა, ოღონდ ჩვენი ვარსკვლავთმრიცხველის შვილი.  ისე მეც იგივე პროფესია მაქვსო, ამბობს. რა ვქნა, მეფეო,  უკან გავუშვა თუ ინებებთ მის ნახვას?
- ეს  ის არის,  ,,არა, ბიჭო და მეფეს დავეკითხები“-ო რომ თქვა?
- ვერ ვიხსენებ,    მეფეო!  - ისე უპასუხა ვეზირმა, არც გაწითლებულა.
- სამაგიეროდ მე ვიხსენებ! შემოდით ორივე ჩემთან!
ეს რა შარში გავეხვიეო, კი გაიფიქრა ახალგაზრდა გალაკტიონ მთვარაძემ,  მაგრამ  თან გაუხარდა კიდეც,  რა გინდა, მეფეს თურმე ხალხის  ხმა ესმისო.
სასახლეში შესულს მეტისმეტად გულმოდგინედ მოკრიალებულ პარკეტზე ფეხი მოუცურდა,  წაქცევით არ წაქცეულა,  ოღონდ  ვერ შენიშნა, ჯიბიდან როგორ ამოუვარდა გაზეთიდან ამოჭრილი პრინცესას სურათი, სამაგიეროდ შენიშნა ვეზირმა და  სურათი სტუმრისგან შუმჩნევლად  ჩაიდო ჯიბეში.    დარბაზში შესულებმა მეფე თავიდან ვერც შენიშნეს. იგი ფანჯარასთან იდგა და ნაღვლიანად გასცქეროდა თითქოსდა ბურუსში გახვეულ  მიდამოს. 
- მამათქვენი კარგი ადამიანი იყო, გისამძიმრებთ!  - თქვა უცებ მეფემ.  გაუკვირდა ვეზირს, მეფე არავის არ ესაუბრებოდა თქვენობით.
- გმადლობთ!
მეფე შემობრუნდა.  ესიამოვნა,  არც რგოლები ჰქონდა ყურებსა და ცხვირში გაყრილი ახალგაზრდა  მთვარაძეს,  არც ტატუთ ჰქონდა დაფარული სხეული და არც დახეული  ჯინსები  ეცვა.
- მისი რჩევა ძალიან  დამეხმარებოდა ახლა,  იცით ალბათ, რა უბედურებაც დაგვატყდა თავს! 
- ვიცი!
- ვინც შვილს  გადამირჩენს, ცოლად ვატან... ესეც იცი?
- ვიცი!
- შენ რა ყველაფერი იცი, აბა ისიც გეცოდინება,  როგორ უნდა გაიღვიძოს თეონამ!
- ვიცი!
ახლა ამანაც თუ მითხრა,  ვაკოცებ და გაიღვიძებსო, სულ კინწისკვრით უნდა გავაძევო,  არც იმას  დავეძებ, რომ მამამისს დიდ პატივს ვცემდიო,  -  უჩურჩულა გვერდით მდგომ ვეზირს  მეფემ.  იმან,  - ნახე ჯიბიდან რა ამოუვარდაო, - და  ხელში ჩუმად ჩაუდო გაზეთიდან ამოჭრილი თეონას სურათი.  მეფემ მაგიდის ქვეშ სურათს დახედა და ჯერ ჩაეღიმა,  მერე იფიქრა, ახლა ცრემლები წამომივაო  და ფოტო  შუმჩნეველი მოძრაობით გულის ჯიბეში ჩაიდო, -  ეს არ უშველის, მაინც კინწისკვრით ვისვრი გარეთო,  - ვეზირს უჩურჩულა, ხმამაღლა კი ეს თქვა:
- იცის ამან,  ყველაფერი იცის! აბა თქვი, ერთი რა იცი?! 
- აქ, ამ ქალაქის ღამეულ ცაზე,  სანამ ვარსკვლავები არ დაბრუნდებიან, თეონა არ გაიღვიძებს! 
-   ვარსკვლავები, ვარსკვლავები,  შენც  მამაშენივით საუბრობ, ვის რად უნდა ეს ვარსკვლავები?
-   თეონას უნდა!
-   პრინცესა თეონას!
არაფერი თქვა. მიხვდა  გალაკტიონი, მეფის არა, მშობლის სიტყვები იყო ეს.  მეფემ  ვეზირს გადახედა, ის გაკვირვებული  და  მამობრივი, თბილი  მზერით უცქეროდა გალაკტიონს.  სახელოზე მოსწია, -  აქეთ მოიხედე,  რა გჭირსო. 
- იცის ამან,  ,,მეფეს არც დაეკითხება ისე იცის ყველაფერი“,  იქნებ ისიც ბრძანოთ, ვარსკვლავები  როგორ დავაბრუნოთ!  - სიბრაზე მოერია მეფეს.
- უნდა შემცირდეს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა, აიკრძალოს შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებაც და ექსპლოატაციაც.  მხოლოდ ელექტროძრავებიანი მანქანები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. 
- კარგი ვთქვათ და ავკრძალეთ,  რა ქნას ხალხმა, ან სამუშაოზე როგორ იარონ,  ან მაღაზიები როგორ მომარაგდნენ პროდუქტებით? - საუბარში ჩაერთო ვეზირი.
- ელექტროძრავებიანი მანქანებით, რომელიც  აბსოლუტურად უსაფრთხოა,  სამუშაოზე წასასვლელად შეიძლება ცხენებიც გამოვიყენოთ, ან ველოსიპედები, მით უმეტეს რომ გამოგონება არ არის საჭირო, გამოგონიალია...
- ხო, მაგრამ ეყოფა ქვეყანას მხოლოდ ელქტროძრავებიანი  მანქანები და ველოსიპედები?
- თავიდან გაგვიჭირდება ცოტა, მაგრამ მერწმუნეთ ეს შედეგს გამოიღებს. ამასობაში დავიწყოთ ავტომობილების ელექტროძრავების წარმოება,  სხვა ნაწილები არც ექნება შესაცვლელი, მხოლოდ ძრავები. ქვეყანამ უარი უნდა თქვას შიგაწვის ძრავებზე.  ავაშენოთ ელექტრომობილების ქარხანა...
- და დრო? კარგი ახლავე  აიკრძალება  ეს დამღუპველი ძრავები თუ რაც არის?  შედეგი, შედეგი  როდის გვექნება.  - ახლა უკვე მეფე ჩაერია საუბარში.
-     სამ დღეში! 
კარგი, მოვიფიქრებთ, სასახლის ბაღში დაგველოდეთო, - ისევ თავაზიანი გახდა მეფე. რა ვქნათო,  - ვეზირს ჰკითხა, როცა მარტონი დარჩნენ.  უნდა დავუჯეროთ, სხვა გზა არ გვაქვსო, - უპასუხა ვეზირმა.  აბა მიდი დეკრეტი გამოეცი, სამი დღე არცერთი შიგაწვის ძრავიანი მანქანა არ გამოვიდეს ქუჩაში. სასწრაფოდ მომზადდეს ელექტრომობილების  ქარხნის პროექტი, ეს  ყმაწვილი კი სამეფო სასტუმროში მოათავსეთ სამი დღით,  ერთი თეონას არ გაუღვიძია, სულ კინწისკვრით უნდა მოვისროლო, არა ბიჭო და... -  შეჩერდა,  ვერ მოიფიქრა უცებ ვის უნდა დაკითხვოდა ამ ამბავს თვითონ მეფე.   
ორ დღე გადაუღებლად წვიმდა სამეფოში. მეფემ, ვეზირის რჩევით,  სანამ ახლა რეალობას შეეჩვეოდა ხალხი, სამდღიანი დასვენება გამოაცხადა.  თითქოს ამოისუნთქა ქალაქმა და ქვეყანამ, არც საცობები იყო გზებზე, ჰაერიც სულ სხვანაირი, სუფთა და გამჭვირვალე გახდა. მესამე დღეს მზიანი, ნათელი დარი დადგა.  შებინდებისას აღმოსავლეთის ცაზე პირველი ვარსკვლავი გამოჩნდა, მერე თანდათან გაიზარდა ვარსკვლავების რაოდენობა... მეფე და დედოფალი  თეონას საწოლთან ისხდნენ, იქვე იყო წითელქუდა და კარლსონიც.  თეონამ  ჯერ ერთი  მადიანად გაიზმორა და უცებ თვალები გაახილა...
საწოლთან რომ დედ-მამა, წითელქუდა,  კარლსონი და პირველი ვეზირი დაინახა, გაუკვირდა, რამე მოხდაო? - იკითხა. გახარებულები, ნაწილ-ნაწილ, ეპიზოდებად უყვებოდნენ ერთი კვირის განმავლობაში სამეფოში  მომხდარ ამბებს... როცა ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ,  თეონამ ფანჯრებთან მიირბინა, მაღლა აიხედა და  სიხარულისაგან სახე გაუბრწინდა,  პირველად ხედავდა,  მთელი  ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი.  მერე  გალაკტიონი სად არისო? - იკითხა.  მეფემ ვეზირს ანიშნა, დაურეკეო.
ვეზირმა  სამეფო სასტუმროში გადარეკა, გალაკტიონ მთვარაძეა თქვენთან, ელექტროლიმუზინში ჩასვით და სასახლეში მოაბრძანეთო. ,,ბატონო სოლომონ,  ის მთვარაძე, ერთი დღეც არ დარჩენილა ჩვენთან. რომ ვუთხარით სად მიდიხართ, ყველა ხარჯებს სამეფო ხაზინა იხდის-თქო, ასე გვითხრა, სოფელში ვბრუნდები, ,,არა ბიჭო და მეფეს დავეკითხებიო“.  სასტუმროს მენეჯერის ხმა ყველას ესმოდა.  მე მინდა ვნახო და მადლობა ვუთხრა, გამიშვებთ, მამა მასთან? -  ისე თხოვა პრინცესამ, მეფეს კი არა ქვას გაუდნობდა გულს. წადი შვილო, წადი, ოღონდ შენ ბედნიერი იყავი და...  - გული აუჩვილდა მეფეს. მერე გულის ჯიბიდან სურათი ამოიღო,  და თეონას მიაწოდა,  - ეს  ჯიბიდან ამოუვარდა,  მისია,  წაუღეო!  თეონამ სურათს დახედა და თავის თავი რომ იცნო, ლოყები გაუწითლდა...
სასახლე არა, მაგრამ მშობლების დანატოვარი  მშვენიერი ოდა სახლი ედგა  გალაკტიონს სოფელში, ბუხარში ცეცხლი ენთო, იქვე დოქით  ღვინო ედგა  და სავახშმოდ ემზადებოდა, როცა შვეულმფრენის  სუსტი ხმა გაიგო, მერე ხმა თანდათან გაძლიერდა. ეზოში გამოვიდა,  მაღლა აიხედა, ვარსკვლავებიან ციდან მისკენ ერთი ვარსკვლავი ეშვებოდა თითქოს,  რომელიც თანდათან შვეულმფრენად იქცა და მის ეზოში დაეშვა.    იქიდან ჯერ ორი სპეცრაზმელი გადმოვიდა, მერე ვეზირი, სულ ბოლოს კი ულამაზესი თეონა,  ხელში  იმ ფოტოთი, რომელზედაც დარდობდა, ნეტა სად დავკარგეო. პრინცესამ, თქვენ ხართ გალაკტიონი,  მადლობის სათქმელად მოვედი, თან აი ეს სურათიც ჩვენთან დაგრჩენიათო,  - ისეთი ნაზი ხმით უთხრა,  ახლა ფეხები არ მომეკეცოს, მთავარიაო  და ბავშვებო, ცოტა ხნით  იქით მიიხედეთ, გალაკტიონმა  თეონა  ჯერ გულში ჩაიხუტა, მერე  აკოცა, თან    გაიფიქრა: ,,არა, ბიჭო და მეფეს დავეკითხებიო“...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები