ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2019


EMOTION

emotion
*********
მიწას მსურდა მივფერებოდი და
ხელები დამიგრძელდა.
ხელები დამიგრძელდა და
მიწას შევეზარდე.
შევეზარდე და ხელები
ფესვებად მექცა და
ათივე თითი
დამიფესვიანდა.
ჩემს მხრებზე ჩიტებმა
ბუდეები გაიკეთეს
ჩემი თმის ღერებით.
ბუდეები გაიკეთეს და
თვალებიდან ცრემლებს მიკენკავენ
და ისინი ნაყრდებიან
ჩემი ცრემლებით,
მაინც რომ აღწევს
ჩემს ფესვებადქცეულ
ხელებამდე და
ხელები გრძნობენ
რა მძიმეა ცრემლი...
ბაგეები დავიკბინე და
სისხლი შემახმა.
სისხლი შემახმა და
ჩიტებმა აითვალწუნეს
ოდესღაც მარწყვისფერი ბაგეები.
ლოცვის წარმოთქმა მინდა
და ძალა არ მყოფნის კი
არადა,
ხმა არ ამომდის
და ჩიტები ჭიჭიკებენ ჩემს სათქმელს,
რომ როგორმე
ღმერთს გააგებინონ.
მუხლებზე ვეცემი და მიწასშეზრდილი ხელები
მტკივდება,
რადგან სად წავიღო,
არ ვიცი,
მე კი მუხლებზე ვეცემი.და ვცდილობ
დავისვენო.
დავწვებოდი,
მთელი სხეულით რომ მეგრძნო მიწა,
მაგრამ ხელებით
მიწას ჩავეზარდე...
ცულის ტარიო...
ცულის ტარზეც დავეტეოდით...
სველია მიწა და
წვიმა კი არა,
ჩემი ცრემლებია,
ჩიტებმა ამოკენკვა
რომ ვერ მოასწრეს.
ჩემი მხრები ბუდეებია
და ქარს მიაქვს გაწეწილი თმა,
რომლის ღერები
ბუდეებში ჩააშენეს ჩემმა ჩიტებმა.
ქარს მიაქვს ზამთრის ღამესავით შავი თმა
და მოკლე, როგორც
თებერვალი...
მიწად ქცეული ვარ
და ვეღარ ვადამიანობ.
მიწადქცეული ვარ
და მხრებზე ბუდეები
აიშენეს ჩიტებმა...
და თუ ხელ-ფეხი მიწისკენ მიიწევს,
ჩიტები ცისკენ მექაჩებიან...
მიწას მინდოდა მივფერებოდი და
ხელები დამიგრძელდა.
ხელები დამიგრძელდა და
მიწას ჩავეზარდე.
მიწა ვიყავი და
მიწად ვიქეცი...
მხრებზე ბუდეებით და
თვალებიდან ამოკენკილი ცრემლებით...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები