ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შირო
ჟანრი: პროზა
10 იანვარი, 2019


მორევი VI

***

მოუსვენრად ეძინა ელიაზარს. წრიალებდა და შფოთავდა. ჯერ ისევ არ იყო გათენებული, რომ გაეღვიძა. წამოჯდა ლოგინში, შუბლიდან ოფლის წვეთები მოიწმინდა, ხელები შემოიჭდო საფეთქლებზე და თვალები დახუჭა. სულ ახლოს გაიგონა ხავერდოვანი და არაამქვეყნიურად ნაზი ხმა
- ელიაზარ, მოდი ჩემთან.
გააკანკალა, ალმასის ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან და მთვარის შუქზე დააცქერდა. ათასფერ ნაპერწკლებს ისვრიდა ქვა, თითქოს თეთრი ცეცხლი ენთო შიგნით და ცივად ციაგებდა.  ძლივს მოსწყვიტა მზერა და ახლაღა შეამჩნია, რომ ბეჭედი ორი, ერთმანეთზე გადახლართული, ზურმუხტისთვალება  გველისგან შედგებოდა.
- ელიაზარ, სად ხარ...
ფეხშიშველი გავიდა გარეთ. ღამის სიომ გამოაფხიზლა. ჭიშკრის ჭრიალით მაისა რომ არ გაეღვიძებინა, კატასავით გადაევლო ღობეს და მორევისკენ გაეშურა.
იმედი ჰქონდა, რომ ყინულის ქალი ისევ იქ დახვდებოდა, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ წყალი დუდუნებდა ხმადაბლა. ისევ ბეჭედს ჩააცქერდა, იგრძნო ალმასისგან გადმოღვრილი სიცივე და ის ის იყო, მორევში უნდა მოესროლა, რომ ზურგს უკან გაისმა:
- არ გადააგდო, დაგჭირდება.
შავთმიანი, თეთრი ქალი იღიმოდა, ირიბად აჭრილი თვალები ეშმაკურად უელავდა. გული გაეყინა ელიაზარს, დედისგან გაგონილი ზღაპრები გაახსენდა ალებზე, კაცებს რომ იტყუებდნენ მდინარეში და თავისი თმებით ახრჩობდნენ.
- ვინ ხარ, ან ეს ბეჭედი რად მინდა?
- აღარ გახსოვარ?
დალალები გადაიყარა სახიდან და შემოსცინა. ახლა აღარ ჩანდა საშიში, ისევ პატარა გოგოს ჰგავდა.
- მაშინ სახელი არ გითქვამს.
სულ ახლოს მოვიდა, ყვავილების სუნი ასდიოდა, გამყინავი სიცივე იღვრებოდა რძისფერი კანისგან. თითები ჩამოუსვა ლოყაზე.
- მედეა მქვია.
- მე საიდან მიცნობ? ან ჩემს ძმას?
- მე აქ იმაზე მეტხანს ვარ, ვიდრე შენ გგონია. ყველას ვიცნობ, ყველაფერს ვხედავ...
ენა ებმებოდა ბიჭს, ბინდი გადაეკრა თვალებზე.
- აქამდე რატომ არ გიცნობდი?
- ყველაფერს თავისი დრო აქვს, ელიაზარ. წამომყევი.
თოვლისფერი თითები ჩასჭიდა, მთვარით განათებულ ბილიკს გაუყვნენ.
- სულ გაყინული რატომ გაქვს ხელები?
- ველოდები იმას, ვინც გამითბობს. მოვედით...
ახლაღა გამოერკვა, შროშანებითა და მირტით მოფენილ მდელოზე იდგა. ჰაერში ტრიალებდა მათი ნაზი, მათრობელა სუნი. რაღაც უცხო ჩიტი უსტვენდა.
- სად ვართ? აქ არასოდეს ვყოფილვარ.
- ეს ჩემი ადგილია... ჩემი დასაწყისი და დასასრული.
- ბეჭედი უნდა დაგიბრუნო...
- გქონდეს, როგორც სახსოვარი ჩემგან.
ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს ელიაზარში, ერთი მხრივ, უნდოდა თოვლისფერ მხრებს შეხებოდა, მოხვეოდა. მეორე მხრივ, გონებაში სუსტად ისმოდა ხმა ,,თამთიკე?"
- უცნაური ხარ.
- ვიცი. შეგიძლია, უბრალოდ ჩემს გვერდზე წამოწვე?
ვარსკვლავიანი ცა დაჰნათოდათ, სიცივემ ბოლომდე აავსო ელიაზარის სხეული და ახლა ვეღარც ამჩნევდა. თითქოს უწონო გახდა, საოცარი სიმსუბუქე იგრძნო, ნეტარება დაეუფლა.
- ვინ ხარ?
- სულ ამას რატომ მეკითხები?
იღიმებოდა ქალი, ცას უღიმოდა.
- ვერ ვიგებ...
- მზე ამოდის, ელიაზარ... უყურე!
ცა ახავერდდა, ჯერ ატმისფრად შეიღება, მერე იმძლავრა წითელმა და უზარმაზარი, კაშკაშა დისკო ამოცურდა. ელიაზარი თვალის დაუხამხამებლად უყურებდა მზეს და საკუთარი ხმა სადღაც შორიდან მოესმა
- დემნა შენ დააბრუნე? შენ... შენ მოკალი?
შუბლი შეჭმუხნა, გადმობრუნდა და ლამის ლოყაზე მიადო პატარა ცხვირი.
- მე არ მომიკლავს. მე მხოლოდ დავაბრუნე. ოდესმე მოგიყვები, როგორ მოკლა სიყვარულმა შენი ძმა. დრო, ელიაზარ, დრო მოიტანს ყველაფერს. ერთადერთი, რაც უნდა იცოდე - მე შენ არასოდეს არაფერს დაგიშავებ, ვერასოდეს გავნებ.
- მომიყევი შენზე... ზოგჯერ მგონია, რომ სიზმარში გხედავ.
- ოდესმე მოგიყვები. მე ნამდვილი ვარ, დამიჯერე. აქ ვარ, შენთან. ახლა უბრალოდ მინდა, რომ ჩამეხუტო. მზე თვალებს მტკენს, ათასი წელია არ მინახავს, მომნატრებია...
გაუაზრებლად მოხვია ხელები და გაუკვირდა - ეგონა ისევ ყინულივით ცივი იქნებოდა ქალი, მაგრამ საოცარი სითბო ჩაეღვარა სხეულში. კატასავით მოიკუნტა მედეა, კისერში შეუძვრა და თითქმის ჩურჩულით თქვა:
- შენთან კარგად ვარ... მშვიდად.
ძილი მსუბუქი, თბილი საბანივით გადაეფარა ორივეს.

***

- ნეტავ, შიგნით რა არის? საერთოდ, იხსნება?
ნისა ხელში ატრიალებდა ხის კოლოფს, რომელსაც არც საკეტი ჰქონდა, არც ნაპრალი, რომ გაეტეხათ.
- თამთიკე, მისმენ?
უხმოდ იჯდა გოგო ლოგინზე. მკლავები მუხლებზე ჰქონდა შემოხვეული და რაღაცაზე ფიქრობდა. ხელი წაავლო დამ, ოდნავ შეანჯღრია.
- ჰა?... ააა... რას გაიგებ. რისთვის დაგვიტოვა, თუ მაინც ვერ გავხსნიდით.
- როგორ ფიქრობ, მართლა მოგვიხადა ბოდიში?
- ალბათ. ხომ იცი, ლაპარაკი დიდად არ უყვარდა. შეიძლება, სიკვდილის მოახლოება იგრძნო.
- შენ იცოდი, სხვა ცოლ-შვილიც რომ ჰყავდა?
- არა, საიდან. მეც შენსავით მაისასგან გავიგე, რომ დაატირა.
- ნეტავ, მართლა არსებობს საიქიო?
- იქ რომ წავალთ, მერე გავიგებთ.
- თურმე დედას ია-იები ჰყვარებია... ხვალ მივუტანოთ საფლავზე, კარგი?
- კარგი.
ისევ სიჩუმე ჩამოწვა. ნისამ საქარგი აიღო ხელში, უხმოდ ქარგავდა, სწრაფად.
- ნეტავ, შენსავით შემეძლოს ქარგვა.
- მე მეტი არაფერი შემიძლია, შენ კიდევ...
ძაღლი აყმუვლდა, ორივე შეკრთა.
- თამთიკე...
- ჰო
- ახლა რა იქნება? შენ და ელიაზარი...
ეშმაკუნები აუთამაშდნენ ნისას თვალებში.
- არ ვიცი, უცნაურად იქცევა.
- რას ჰქვია, უცნაურად?
- გამირბის. დღეს არც კი დამელაპარაკა... ვთხოვე, შემოიარე-თქო, იქნებ კოლოფი მაინც გაეხსნა. არც გახსენებია. დაღამდა და არსად ჩანს.
ცოტა ხნით ორივე გაჩუმდა.
- ნისა...
- რა?
- თმას დამვარცხნი?
- კარგად ხარ?
- არა... ნისა, შენ გიყვარდა მამა?
- არ ვიცი... ზოგჯერ მგონია, რომ მიყვარდა. ხანდახან მახსენდება, ბუნდოვანი სიზმარივით, რომ ვიძინებდით მოდიოდა და თმებზე გვეფერებოდა, ფრთხილად. მერე მთვრალი მახსენდება... შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და გძულდეს?
- ჩვენთვის შეიძლება, ტყუპები ვართ. სიყვარულიცა და სიძულვილიც ტყუპად დაგვყვა.
- მოდი ჩემთან, თმას დაგვარცხნი, დაიკო.
იმდენ ხანს უსვამდა შავი თმის ტალღებზე ხის სავარცხელს, სანამ თამთიკეს ტკბილად არ ჩაეძინა. მერე ადგა, ვერცხლისფერი კაბა ამოიღო სკივრიდან და სანთლის შუქზე გახედა. თევზები აცეკვდნენ კაბაზე, მხიარულად მოიქნიეს კუდები.
,,მაინც აკლია რაღაც...'' გაიფიქრა, უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი და დას მიუწვა გვერდზე.
იმ ღამით ისევ დაესიზმრა ნისას სიბილა. მორევის პირას იდგა, იღიმებოდა.
- დედა!
- დრო ახლოვდება, ნისა. მალე ყველაფერი შეიცვლება. მალე დაგჭირდება მთელი სიმამაცე და ძალა... იმ კოლოფს მოუფრთხილდით!
თამთიკეს ხმამ გამოაღვიძა.
- ნისა, ადექი, ნახე, ვინ მოვიდა...
კარებში იდგა სულხანი, თვალები უცინოდა.
- საბოლოოდ დავბრუნდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები