ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2019


ხეები

ხეებს არ შეუძლიათ ზურგი გაქციონ...
ადამიანები აღარ ჰგვანან ხეებს...
ხეებს მიეყრდნობი, როცა დაიღლები,
როცა გეტკინება, ხელებსაც შემოხვევ...
ხეებს არ შეუძლიათ გაქციონ ზურგი
და უზარმაზარი სამყაროს პირისპირ
დაგტოვონ მარტო...
ადამიანები აღარ ჰგვანან ხეებს...
ხეები მოგისმენენ
და მათი ფოთლების შრიალი
მათი პასუხია...
პასუხი შენს ყველა კითხვაზე,
რომელსაც ვერასოდეს ჰკითხავ ადამიანებს
იმიტომ, რომ
სულერთია,
ვერასოდეს მიიღებ მათგან პასუხს,
რადგან პასუხი არა აქვთ და
რაკი არ სურთ გაიგო,
რომ პასუხი არა აქვთ,
ამიტომ უხეშობენ...
ხეები არასოდეს გეტყვიან უარს ჩახუტებაზე,
ისინი დგანან და გიტანენ,
ისინი გულში გიკრავენ ისეთს,
როგორიც ხარ,
ყველა შენი ნაკლით:
ფიზიკურით თუ სულიერით,
შენი ხასიათის ყველა გამოვლინებით,
შენი ახირებებით,
სიგიჟეებით,
სისულელეებით,
წინდაუხედაობით,
შენი ისტერიკით,
სიანცით,
სიცელქით,
შეცდომებით,
მარადიული ბავშვურობით...
ხეებს არ შეუძლიათ გაქციონ ზურგი,
ადამიანები აღარ ჰგვანან ხეებს...
ადამიანები მიდიან,
აი, ასე, მარტივად:
ზურგს შეგაქცევენ,
თითქოს არც არასოდეს ყოფილხარ მათ ცხოვრებაში,
თითქოს არასოდეს გადაგიკვეთავთ ერთმანეთის გზები,
თითქოს არასოდეს გაგიწოდებიათ ერთმანეთისათვის
დახმარების ხელი,
თითქოს არასოდეს ყოფილხართ...
ჰო, მიდიან...
ზურგს გაჩვენებენ და მიდიან...
და შენ გიტოვებენ ამოუვსებ ტკივილს,
იმ ზურგის გამო,
რომელიც გაქციეს,
ტკივილს,
რომელიც არასოდეს ნელდება...
ტკივილს, რომელიც სულ გახსოვს...
ზურგი...
ზურგი...
შენთვის შექცეული ზურგი...
ადამიანები აღარ ჰგვანან ხეებს...
ხეებს არ შეუძლიათ გაქციონ ზურგი...
ხეები არასოდეს დაგტოვებენ მარტო...
ხეები არასოდეს დაგტუქსავენ,
რაც უნდა უთხრა მათ...
ხეები...
ხეები...
ხეები...
ზურგშექცევა ადამიანთა ჩვევაა...
მე ხე ვარ და ზურგი მაქციეს...
მე ხე ვარ და მარტო დამტოვეს...
მე ხე ვარ და ის ზურგი მტკივა, რომელიც შემაქციეს...
მე ხე ვარ და
ვხმები...
ადამიანები აღარ ჰგვანან ხეებს...
თუმცა მეც აღარ ვარ ადამიანი...
მე ხე ვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები