ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2009


თავი 5. მომღერალი ("გაცვლა")

თეონა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა!

ღმერთო, რა ბედნიერი იყო!

პირველივე სექტემბერს მიიპყრო ჯგუფელთა საერთო ყურადღება წელზე დაყრილი ოქროსფერი დალალებით.

3 სექტემბერს – თეონამ ყველა ჯგუფელის  სახელი და გვარი იცოდა, არადა 4 ჯგუფს ერთად უტარდებოდა ლექციები... და რომ არა სემინარები და ლაბორატორიული მეცადინეობები, - 100-ვე სტუდენტი თავისი ჯგუფელი ეგონებოდა.

სულ რამდენიმე დღის შემდეგ ალკკ კურსბიუროს მდივნად დაასახელეს.
მერე იქვე აღმოაჩინეს, რომ თურმე კარგად ხატავდა და ფაკულტეტის კედლის გაზეთის რედაქტორობა შესთავაზეს... თვითონ გახდა ამ კედლის გაზეთის რედაქტორიც და მხატვარ-გამფორმებელიც...

ოქტომბრის დასაწყისში გაიგო, რომ ფაკულტეტის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ვოკალისტს ეძებდა და შესარჩევ ტურში ჩაეწერა.

თეონას ჯერი მოვიდა.
- რომელი ხმა გაქვს, გოგონი? – ჰკთხა პარტერიდან ახალგაზრდა მამაკაცმა.
- არ ვიცი... ყველა!
- როგორ თუ ყველა? მაღალი ხმა გაქვს თუ დაბალი?
- ყველანაირი... – მხრები აიჩეჩა თეონამ.
- აბა, იმღერე რამე...
- რა გიმღეროთ?
- ჭრელო პეპელა... – ჩაეცინა იმ მამაკაცს.
- კი ბატონო... – თვალებში ჭინკები ჩაუსკუპდნენ თეონას და დაიწყო:
- ჭრეეეე-ლო პე-პე-ლააააა...
        ჭრეეეე-ლო პე-პე-ლააააა...
              ჭრეეეე-ლო პე-პე-ლააააა...
                    ჭრეეეე-ლო პე-პე-ლააააა...
                          ჭრეეეე-ლო პე-პე-ლააააა...
                                ჭრეეეე-ლო პე-პე-ლააააა...
                                      ჭრეეეე-ლო პე-პე-ლააააა...

ყოველი ახალი “ჭრეეეე-ლო პე-პე-ლააააა...” თითო ტონით მაღლა იყო დაწყებული!
და ამ გადასვლებს – ბოლო არ უჩანდა!

- გადავირიე, 2 ოქტავას გასცდა! – ჩაილაპარაკა იმ მამაკაცმა.
- ვაჟა, ამას რაღა შერჩევა უნდა? მარგალიტი ჩაგვივარდა ხელში... თვითნაბადი მსხვილი მარგალიტი...
- არა, ნიკო, აღარც ვარჩევ... უბრალოდ, მისი შესაძლებლობები მაოცებს!

ვაჟამ თვალებით მონახა ვიღაც და გასძახა:
- გია, ადით სცენაზე შენ და ცისანა. დანარჩენები – თავისუფლები ხართ! შერჩევა დამთავრებულია!

თეონამ თავი დაღუნა და კულისებისკენ წავიდა.
- გოგონა!... ჭრელო პეპელა... რა გქვია?
- მე მეკითხებით? – გაუბრწყინდა თვალები თეონას.
- ხო, შენ... რა გქვია?
- თეონა!
- ხოდა, დარჩი სცენაზე! გია, ცისანა... სად ხართ? მიდით ამ გოგონასთან! თეონა, რა შეგიძლია, რომ იმღერო?
- ყველაფერი...
- ვაახ, გადავირევი ახლა... - ჩაილაპარაკა ვაჟამ,  ხმამაღლა კი გასძახა, - ხოდა, ძალიან კარგი. ცისანა, “თბილისო” დაიწყე... ჯერ მეორე ხმა - შენ  და პირველი – თეონამ...
- ვაჟა, მე? - გაეცინა გიას.
- შენ კრინში იმღერე ბანი!

პირველივე ნამღერით მიხვდა ვაჟა, რომ თეონა ნამდვილად ყველაფერს იმღერებდა,
ნებისმიერ სიმღერას და ნებისმიერ ხმაზე!...

მალე დამეგობრდნენ თეონა, ცისანა, გია და ანსამბლის სხვა წევრები: კიდევ 2 ვოკალისტი ვაჟი – ავთო და ფრიდონი და 4 ინსტრუმენტალისტი - მერაბი, ვახო, ბორისი და ნიკო. ანსამბლის ხელმძღვანელი – ვაჟა იყო.

ძალიან ადვილად ისწავლა თეონამ ყველა ის სიმღერა, რომელიც ანსამბლის პროგრამაში შედიოდა. ყოველ საღამოს ჰქონდათ რეპეტიციები... ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე – გასვლითი კონცერტებიც ჰქონდათ დაგეგმილი. მართალია, ახლო მანძილებზე გადიოდნენ, მაგრამ...

სპეციალურად სცენისთვის შეიკერეს გოგონებმა ერთნაირი, შავი, მბზინავი ქსოვილის კაბები. განსხვავება ის იყო, რომ თეონას შავი კაბა ლურჯად ბზინავდა და ცისანასი – მწვანედ.

და აი, დადგა პირველი კონცერტის ჩატარების დღე.

კონცერტის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე თეონას ერთიანად გაეყინა ხელები. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გული უნდა წასვლოდა!
- ციიის, მიშველე რამე... ცუდად ვარ!
- გადაირიე? ახლა მოგინდა ცუდად გახდომა? შეხედე, 500 კაცზე მეტია დარბაზში... – მაგრამ თეონას რომ შეხედა, თავადაც შეეშინდა.
- გიააა, მოხედე ამ უბედურს! კვდება მგონია!...

გია მივიდა თეონასთან, ხელზე ხელი მოჰკიდა და სწრაფად გაუშვა.
- მართლა კვდები, გოგო? მოიცა, რამეს ვიშოვი...

სულ რაღაც ორიოდე წუთში გიამ კონიაკის ბოთლი მოუტანა თეონას.
- აჰა, გადაჰკარი!...
- მე არ ვსვამ, გია!
- თეონა, დათვერი-მეთქი, კი არ გეუბნები? ერთი ყლუპი მოსვი! – და ძალით მიაჩეჩა ხელში.
- მერე სულ ვეღარ ვიმღერებ, გიიი... არ მინდა!
- ჯიუტი ხარ! ერთი ყლუპი რას გიზამს, გოგო?
- არ შეიძლება ჩემთვის დალევა!... – თქვა ეს და თავად გაუკვირდა, - “ვითომ, რატომ არ შეიძლებაო?”... მაგრამ დალევის სურვილიც რომ არ ჰქონდა, კარგად იცოდა.
გიამ ბოთლი პატრონს დაუბრუნა და მალევე დაბრუნდა.

უეცრად თეონამ რაღაც უცნაური იგრძნო მის გარშემო, - საიდანღაც მონაბერი თბილი ჰაერი შემოეხვია და სულში ჩაუძვრა თითქოს...
გათბა თეონა.
გათბა კი არა, - დამშვიდდა! სრულიად დამშვიდდა.
და გაიგო კიდეც ვაჟას ხმა:
- თეონა, ცისო, გია... მოემზადეთ, თქვენი სიმღერაა!

კარგად რომ იმღერეს, ამას მაშინ მიხვდა თეონა, როცა დარბაზში ტაშმა იქუხა.
შემდეგ გია და ცისანა კულისებში გავიდნენ და თეონა მარტო დარჩა სცენაზე სოლო სიმღერით.
და ისევ მქუხარე აპლოდისმენტები!...
შემდეგ სცენაზე ვიღაც პატარა, 5-6 წლის ბიჭუნა ამოვიდა და თეონას ყვავილების დიდი თაიგული მიაწოდა...
დაიბნა თეონა.
სულ ეგონა-ხოლმე, რომ ყვავილებს მხოლოდ ახლობლები ჩუქნიდნენ მომღერლებს... და აი, სრულიად უცნობმა ბავშვმა მიართვა უზარმაზარი თაიგული!
თვალი გააყოლა ბავშვს, რომ ენახა, სად დაბრუნდებოდა, - გარშემოც არავინ იჯდა ნაცნობი...
საოცრად ბედნიერი დაბრუნდა კულისებში.
პირველმა – გიამ მიულოცა, გულში ჩაიკრა და ლოყაზე აკოცა...
- გენიალური იყავი, თეეე!
შემდეგ სხვებიც შემოეხვივნენ...
მოკლედ, პირველმა კონცერტმა თეონას მონაწილეობით ტრიუმფით ჩაიარა.

ასევე ტრიუმფით ჩატარდა კიდევ 5 კონცერტი...

და აი, ხვალ დიდი კონცერტია!

კონცერტი, რომელსაც მხოლოდ მათი ანსამბლი კი არ მართავს, არამედ –მონაწილეობს, ერთ-ერთია სხვა უნივერსიტეტ-ინსტიტუტების 8 ანსამბლს შორის!..

სულ 6 სიმღერა ჰქონდათ სამღერი და აქედან 4 სიმღერაში – თეონა მღეროდა.
პირველ სიმღერას – 5-ვე ვოკალისტი ერთად მღეროდა: 5 ხმაში ჰქონდათ გაშლილი ვაჟა დურგლიშვილის “საქართველო”...  მეორე – ცისანას სოლო სიმღერა იყო, მესამე სიმღერას – თეონას, ცისანასა და გიას ტრიო ასრულებდა, მეოთხე – თეონას სოლო სიმღერა იყო, მეხუთე სიმღერას – ვაჟთა ტრიო მღეროდა და ბოლოს, მეექვსე სიმღერად რევაზ ლაღიძის “სიმღერა თბილისზე” იყო, ისიც 5 ხმაში გაშლილი!

მაგრამ, ეს უნდა იყოს მხოლოდ ხვალ!
დღეს კი თეონა მივიდა რეპეტიციაზე და...
- რა ხმაზე მღერიხარ, თეონა?
- რა ხმაზე, ვაჟა? – გაეცინა თეონას.
- ცისანა, გაჩუმდი შენ... იმღერეთ მხოლოდ შენ და გიამ...

ერთი სტროფიც არ ჰქონდათ ნამღერი, რომ...
- გია, გაჩუმდი შენც... იმღერე მარტო შენ, თეონა...

სულ რამდენიმე სიტყვა წაიმღერა თეონამ და...
- რა საჭირო ხართ ეს ორნი? სამივე ხმას ერთად მღერის!... გადავირევი ახლა!
სად მოასწარი, გოგო, გაცივება? მარტივ მამრავლებად გაქვს ხმა დაშლილი.
- ვაჟა, არ ინერვიულო, ხვალ ხმა მექნება!...  თუ გინდა ერთ საათშიც მექნება ხმა!
- მაშაყირებ, ხო?
- არა, არ გაშაყირებ!... კარგი, ჯერ სხვებმა გაიარონ რეპეტიცია!
- ვინ “სხვებმა”, თეონა?  6-დან 4 სიმღერა გვივარდება! გესმის შენ?
- კაი, ბატონო... მაშინ მოგვეცი 1 საათით შესვენება და მერე გავიაროთ რეპეტიცია.
- და ამ ერთ საათში რას აპირებ, ხორხის გადანერგვას?

გაეცინა თეონას.. ხმა არ გასცა ვაჟას და გარეთ გამოვიდა.
გია უკან გამოყვა.
- სად მიდიხარ, თეეეე?
- წამო, წამომყევი... ყელს უნდა ვუმკურნალო!
- აფთიაქში მიდიხარ?
- არა, სანაყინეში...

გია მიჩვეული იყო უკვე თეონას ხუმრობებს და იფიქრა, “აფთიაქში გავყვებიო”... მაგრამ თეონამ სანაყინის კარი შეაღო.

- აქ რა გინდა? ცხელი კაკაო უნდა დალიო?
- არა, გიიი, ცივი ნაყინი მჭირდება!
- მოკვდე გინდა, ხომ, ამ კონცერტის წინ?
- ნუ გეშინია, არ მოვკვდები... – თეონა მაგიდასთან დაჯდა და ოფიციანტს დაელოდა.

გიამ ამოიოხრა, თავი გადაიქნია და ისიც მაგიდას მიუჯდა.
- გიიი, ნამცხვარი და ცხელი კაკაო გირჩევნია თუ ჩაი? თუ ყავა? ჰეე, მითხარი ახლა... ვიცი, ფული არ გაქვს... მე გპატიჟებ!
- კაკაო იყოს... და ტორტის ნაჭერი...

ამასობაში ოფიციანტიც მოვიდა.
- ორი ნაჭერი ტორტი, ერთი კაკაო და 200 გრამი ნაყინი...

- გაგიჟდი, თეონა?
- მაცალე, გიიი, ხმა მომყავს!
- 50 გრამი მაინც აიღე?!
- 50 გრამად – ვერ მოვიტყუებ ხმას!

ოფიციანტმა შეკვეთა მოუტანათ.
- მოკვდები, შე უბედურო!...
- ნწუ... არ მოვკვდები! შენ დაწყნარდი!

ერთ საათში გია და თეონა სარეპეტიციოში ისხდნენ.
- დავიწყოთ, ვაჟა...

ყველა გაოგნებული უსმენდა თეონას, რომელიც კიდევ უფრო მაღალ ნოტებს იღებდა სრულიად თავისუფლად.

- სად იყავით, გია? ქუჩაში ეგდო ამის დაკარგული ხმა და იპოვეთ, ხომ? – ვაჟას გურული კილო და იუმორი ძალიან უყვარდა თეონას.
- არ მკითხო, ვაჟა... მაინც არ დაიჯერებ! და მე რომ ჩემი თვალით არ მენახა, არც მე ვიყავი რამის დამჯერებელი...
- მაინც?
- მაინც... 200 გრამი ნაყინი შეჭამა ამ ყინვაში!
- და?... კიდევ რა?
- მეტი არაფერი! ნაყინით მოირჩინა ყელი!
- გადავირევი!...  კაი, მთავარია, რომ ხმა აქვს და...

მეორე დღეს კვლავ ქუხარე აპლოდისმენტებით დაჯილდოვდა მათი ანსამბლი.

.......

გავიდა 2 კვირა...
დღეს ბოლო კონცერტი ჰქონდათ.
გიას დილიდან სტკიოდა ყელი. კიდევ კარგი, დაბალი ბანი ჰქონდა და მისი ეს ყელისტკივილი მხოლოდ მას აწუხებდა.

- თეონა, სანაყინეში წამომყვები?
- გიიი, გაგიჟდი? შენ “თეონა” კი არ ხარ? მოკვდები!...
- რატო, რა, შენ თუ არ მოკვდი, მე რატო მოვკვდები?
- ნუუუუ... არა, კი არა მოკვდები, მაგრამ... გიიი, ანგინა დაგემართება!

გიამ თავისი გაიტანა და თეონა სანაყინეში წაიყვანა.

მეორე დღიდან, მთელი კვირა, გია 39,5 გრადუსიანი სიცხით გათანგული იწვა ლოგინში.

სასესიო გამოცდები ახლოვდებოდა.


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები