ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2019


რეკა ნეკერქალაქური

ნინო  დარბაისელი

რეკა ნეკერქალაქური
- - - -
    (ნ. ნეკერიშვილს)

ისე ცივა,
ციდან თოვლი კი არ მოდის, ანდა წვიმა,
სულ წვრილ-წვრილი ყინულები ცვივა
და ყინულის ალმასებით ისერება არე,
თითქოს ცაში მოძიძგილე პირატებმა
უშველებელ, ძველ კიდობანს ხელი უშვეს,
დაპირქვავდა მთლად  ნადავლი,
შორ სამალავს რაც კი მიაბარეს.

ალაქია, მალაქია, ცაში - ერთი ქალაქია,
იმ ქალაქში- მარტო-ქალი  იარება,
თან იცინის,
თან ცრემლებით გულისპირი დალაქვია.
რა ჰქვია და, ნინო.
ვხედავ მკვეთრად, ვხედავ ცხადად,
გულმა სრულად დაისრულმა შეიცხადა.
ხომ ვიცოდი, არის ცადა,
მიწად აღარ დაიცადა,
საყვედური ვუთხრა რადა,
როგორ უნდა ვაწყენინო...
ნინო-ოოო-ოოოო!

ვინ ნინოა,
ვეღარ ვარკვევ,
ასე ხდება,
როცა ხვდება სახელი და სარკე.

უტყვი - რაა?
სიტყვა - რაა?
სეტყვა  - რაა?
ჩამოყრის და გაათავებს,
ამ რაღაცა უსახელომ ჩიტი აღარ შეარჩინა ხეებს.
ყველას უნდა , იყოს  შინა,
ყინვამ  გული შეგვიშინა,
რასაც სწვდება, იქვე ცოცხლად გაახევებს.
ირემი კი ჩემს ეზოში ნეკერს ეძებს,
არ დაეძებს წვრილ ფეხებზე გამოდებულ ძეძვებს.
ნეკერიო?!
რახანია, ყველაფერი გამოლიეს ტყიდან დაბლა ჩამოსულმა ცხოველებმა,
რაღა უნდა ნეკერს!
რა ხმა მესმა,  რა ზარები აწკრიალდნენ ნეკერქალაქს?
აჟღარუნდნენ,
აგუგუნდნენ,
რეკენ,
რაო, ჩემო პატარაო,
რაზე რეკენ,
ნეკერ,
ნეკერ,
ნეკერ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები