ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2019


მატარებელი

ქუჩის მაწანწალების გაღვიძებისას -
როდესაც იზმორებიან და ჭუჭყიანი ხელებით
დილის წირპლებად შერჩენილ ღამეულ სიზმრებს იწმენდენ
ბუნაგებიდან გამოდიან და  გაცრეცილ, გაძვალტყავებულ ძაღლებს ესალმებიან,
ჩემი დღე იწყება.
თბილი სახლიდან ყავის ოხშივარი და თმებზე პატარა ბიჭის პატარა ხელების შეხება მომყვება. 
უპეებში ჩამჯდარი საგულდაგულოდ შენიღბული კოშმარები და ზაფხულის ყვავილებიანი კაბა,
რომელიც ზამთრის ამ სუსხიან დილას საერთოდ არ უხდება,
უფრო მეტიც სასაცილოც კია.
გახუნებულ საბჭოურ ვაგონებს მიწაში ჩავყვები,
გულში კი ვფიქრობ, რომ ყოველ დილას ინიციაციას გავდივარ და მიწიდან გაწმენდილი ამოვდივარ.
ერთი  ეგაა ფასკუნჯი არა მყავს-
ჩემი ხორცით რომ პირი ჩავუტკბარუნო.
მიწაში, ჩემს წინ მკვდარ ცხოველ ჩაცმული ქალი კოჭლობით მიდის.
მოუსხავს რომელიღაცა ცხოველის ლეში წითელ კოლგოტზე.
ხომ შეიძლება მიწიდან ამოსვლისას ცხოველი  გაცოცხლდეს,
ან იქნებ მიწაში დარჩეს
ჰპოვოს სიმშვიდე.
მაგრამ რეალობა
ბანალურად - ბანალურია.
მისი ადგილი ქალის გარდერობშია.
მატარებელი ჩერდება.
ამოვდივარ.
გათენებულა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები