ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პროზა
17 იანვარი, 2019


ზინა (გაგრძელება)

- ცუმბუშ, წყალი მომიტანე!
ზინა ადგა, ისტორიის წიგნში სანიშნი ჩადო  და მამინაცვალს წყალი მიართვა.

მარტივი მოქმედებაა ორი სიტყვით რომ ვთქვა, მაგრამ ანიმაციის ჩართვა რომ შემეძლოს აქ, გაჩვენებდით, როგორ მოწყდა საგულეს გული „ცუმბუშას“ გაგონებაზე და ჟელატინის მასასავით ჩავარდა მუცლის ღუში - ტყლუმპ!
წყალი მიუტანა და ისევ სკამს დაუბრუნდა.

- საიდან მოიგონე ეგ სიტყვა?
სხვათაშორის იკითხა დედამ.
- რა მოგონება უნდა? ცუმ და ბუშ! ცუმ - ბუშ, ცუმ - ბუშ. - თან მხიარული ხითხითიც მიაყოლა.
- ადექი გოგო, ეგ წიგნი ფეხზე მდგომმაც შეიძლება რომ წაიკითხო, ან გაიარ - გამოიარე და ისე, გაგისივდა ტრაკი, ვერ ხედავ?!
ჩაერთო დედა საქმეში.
- ჯერ თორმეტისაა, მაიცა, ერთი ბავშვი გააგდოს და ორ სკამზე ვეღარ დაეტევა.
კვერი დაუკრა ახლადშეძენილმა ქმარმა.

სამი თვე არც ისეთი დიდი დროა ცოცხისთვის, მაგრამ ეს, როგორც გვიდა თავიდან, ისევ ისე აგრძელებდა, ანუ , არც ისე კარგად. საქორწინო ბიჭმა, ბევრით არა, მაგრამ მაინც, თავისზე უფროსი,  ორშვილიანი ქალი შეირთო ცოლად და შესაბამისად, არც კატის გაფხრეწვა დასჭირვებია და არც სხვა რამ. იყო არხეინად. არ მუშაობდა, მარცხნიდან მარჯვნივ, მერე პირიქით გადმოგორდებოდა, წიგნიდან წიგნზე გადადიოდა, საპირფარეშოშიც კი არ შედიოდა საკითხავის გარეშე,  მაგრამ...
და ამ მაგრამს რომ სიტყვები მოსდევს, ისინი მხოლოდ ახლა შეეძლო ეთქვა ზინას. მაშინ არც კი იცოდა თუ რაოდენობა არაფერს ნიშნავდა ზოგ შემთხვევაში.

დიდი არაფერი მომხდარა, მორიგი ინგრედიენტი ჩავარდა მოთმინების ფიალაში, მორიგი კომპლექსის მოსახარშ-ჩამოსაყალიბებლად, რომლის სახელიც იყო სიტყვა „მსუქანი“ , ოღონდ ეს სიტყვა კატეგორიული ძახილის ნიშნით მთავრდებოდა . არავითარი ცრემლი და ოხვრა, ან გონებაში ამ წინადადების გამეორება  : _ „მე მსუქანი ვარ, მსუქანი!“.-
არა!
განაჩენი მიღებულია გასაჩივრების გარეშე და წერტილი!
იმიტომ რომ მანამდე რაც იყო, იმას სჯობდა, ბევრად სჯობდა. დაე, იყოს ასე!

- გოგო, რომ დატოვებ ხოლმე იმ ფანჯარას ღიად, ან არ გცივა ამ ზამთარში?! რამდენჯერაც შემოვედი გადახდილს გძინავს, სულ მე უნდა გაფარებდე? შე მართლა ცუბუშა.

ზინას  თვალები გაუფართოვდა და სანამ წინადადებას დაამთავრებდა მამინაცვალი, არ დაუხამხამებია. პასუხის გარეშე, უღიმღამოდ გაუღიმა და თავისი ოთახისკენ გაბრუნდა....

ჰო, აი ეს კარგია, კარგი! ცოტა გაცვეთილია, მაგრამ სამაგიეროდ გრძელსახლებაა.
კალგოტკაც ხომ არ ჩამეცვა ნეტა? არა, კალგოტკა არ ღირს, აიბურძგლება და  ფორმის ქვეშ უშნოდ გამოჩნდება, თანაც ფეხებია რა, აი დარდი! ლიფი? უჶ, როგორ მეზიზღება, მაგრამ ისეთი გაცრეცილია ეს ოხერი ღამის პერანგი რომ...
მაინც ჩავიცმევ, რომც არ დამაძინოს მთელი ღამე, სამაგიეროდ თუ შემოვა და გადახდილი ვიქნები, ვერაფერს დამინახავს!

ჰეჰ, არ გეგონოს მკითხველო რომ იმ ღამეს ცუდად ეძინა ზინას, პირიქით, ბედნიერს ჩაეძინა,  არც სიცივის და არც სხვა რამის შიში ჩაჰყოლია ძილში, იმიტომ რომ ხვალიდან ახლადდასახული გეგმის შესრულების მოლოდინით ფანჯარა ისევ ღია დატოვა და მადლიერების გრძნობით დახუჭა თვალები, მადლიერებით იმის გამო, რომ ასეთი ყოფა ჯობდა, ვიდრე უწინდელი.

ახლა იცოდა სტაბილურად ეყოლება სახლში „მამა“. როგორიც არის, სხვების აღარ შეეშინდება, მოულოდნელი არაფერი არ ელოდება, დედა აღარ დაეკარგება დროდადრო და მერე ნასვამ გოგო-ბიჭებთან ერთად აღარ აღმოაჩენს სპორტულ დარბაზში.

უყვარდა და ებრალებოდა დედა. მასზე არასდროს ბრაზობდა, იმიტომ რომ იცოდა,  არ გაუმეტებია საკუთარი შვილები ინტერნატში ჩასაბარებლად, არც მოშივნიათ მას და მის პატარა ძმას და არც შესცივნიათ. მერე რა, თუ იმდენს ვერ ხვდებოდა რომ , თუ ქმარი მიგატოვებს ორ შვილთან ერთად, რა თქმა უნდა იტირებ, მაგრამ ამას არ უნდა აკეთებდე  პატარების თვალწინ მუდმივად და როცა ისინიც შენთან ერთად იწყებენ ტირილს, მაშინ მაინც უნდა შეჩერდე.

პატარა იყო ზინა და მაშინ არ ფიქრობდა ბედნიერებასა თუ უბედურებაზე, არავის თავს არ ადრიდა და არავისი შურდა, სანამ ერთ დღეს, ჩვეულებისამებრ სკოლაში წასასვლელად მომზადებული, ძამიკომ არ შეაჩერა.
- ნახე, ზინ, განჯინაში რა ვიპოვე.
და გამოიტანა ვებერთელა  ყუთი , შიგ  ასაწყობი, იალქნიანი , უმშვენიერესი გემით, რომლის აწყობილი ვერსიის ფოტოც ყუთს ამშვენებდა.

აბა, რვა და ცხრა წლის ბავშვებისთვის ამხელა სიხარული როგორი გადასალახი იქნებოდა?! ჰოდა, ვერ შეძლეს მიეტოვებინათ ყველაფერი ხელუხლებლად და სკოლაში წასულიყვნენ.

- ზინ , ეს დედიკომ მე მიყიდა, ჩემი დაბადების დღე ხომ მალეა. - სიხარულით ხტუნავდა აჩი.
- მაგრამ მარტო ჩემი კი არ იქნება, რო ავაწყობთ აქ დავდოთ, პრაიგრევაწელის თავზე, ამ საათს  სადმე სხვაგან დავდებ.
-ოჰ, აქ არა რა! პლასტინკებს ვეღარ დაუკრავ, სერვანდის თავზე ჯობია, თან თუ ვინმე ბავშვი მოვა, ვერ მიწვდება და არ გააფუჭებს.
-მოდი მაშინ ჯერ ერბოკვერცხი შევიწვათ რა, ვჭამოთ და მერე ავაწყოთ , კარგი!  ოღონდ წესიერად შემიწვი, კარგი?
-კარგი, რამდენი გინდა?
- ხუთი შენ, ხუთი მე!
- დედა იჩხუბებს მერე სოუზი რო არ დახვდება შეჭმული.
-აუ , არ მინდა ეგ სოუზი, რა!

სანამ სამზარეულოში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, შემოსასვლელი კარი გასაღებით გაიღო და სახლში დედა შემოვიდა. მარტო არ იყო, მას შარვალკოსტუმში გამოწყობილი სიმპატიური მამაკაცი ახლდა.

ბავშვები დაიბნენ, დედა სასტიკად გაბრაზდა, არც კი ახსოვს ზინას სხვა დროს თუ მოხვედრია დედის ხელი, ეს ერთი და ყველაზე მწარე იყო მისთვის, იმიტომ რომ ერთდროულად მოხვდა: მოუწესრიგებლობისთვის.
უპასუხისმგებლობისთვის,
ცნობისმოყვარეობისთვის. მაგრამ ეს სიტყვები კი არ უთქვამს დედას მისთვის, არამედ:
- შე საზიზღარო, რატომ გააცდინე სკოლა? რატომ არ გაასწორე ლოგინები? რას გავს აქაურობა? რატომ მოკიდეთ ხელი ამას? და ხელს კონსტრუქტორისკენ იშვერდა.

...და არ მთავრდებოდა ეს სიტყვები: „ საზიზღარო“, „ დამპალო ბავშვებო“, „სკოლა გამიცდინეს“ „ მოიცადეთ, მე თქვენ მოგივლით“,
„გაგყრით მამათქვენთან“,
„მოგიაროთ დამპალმა მანჩომ“. ერთიდაიგივე წინადადებები მეორდებოდა დაუსრულებლად.

„ის არ უნდა დაბრუნებულიყო, მორიგე იყო, ხვალ შუადღემდე, არ უნდა დაბრუნებულიყო.“ -ფიქრობდა ზინა იმ წუთებში როცა დედა ჩხუბობდა, მერე კი, როცა მან და მისმა საყვარელმა, ძვირფასი ყუთითურთ სახლი დატოვეს, შერცხვენილმა დაიწყო სახლის ლაგება და თვითგვემა: „დედა მართალია, მე საზიზღარი ვარ, საზიზღარი! “. მაგრამ , როგორც კი ცრემლიან ძამიკოს გახედა, იმ წუთიდან იგრძნო რა არის შური, იმ ბავშვის მიმართ, რომელიც თვალით არასდროს უნახავს, მაგრამ რომელთანაც დედას ღიმილით მიჰქონდა  საჩუქარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები