ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პროზა
20 იანვარი, 2019


ზინა (გაგრძელება)

შემოსწრებულზე -  სადღეგრძელოო! ჰოდა, არც შენ დაგტოვებ მაგის გარეშე, ძვირფასო მკითხველო. არ თქვა ახლა, სადაა ღვინო და სუფრაო, მართალი ხარ, არ არის, მაგრამ დალოცვა ხომ მაგის გარეშეც შეიძლება?! კარგად მეყოლე, გაძლება მოგცეს ღმერთმა. ნუ გაიკვირვებ ჩემს საქციელს, უბრალოდ მინდა გაგაღიმო, თუნდაც თქვა ეს ცოტა ვერ არისო, რა უშავს, სიმართლისგან არც ისე შორს ხარ. თითო-ოროლა მკითხველი ამედევნა შენამდე და მათაც მინდა ვთხოვო, რომ ჩემი ეს „ღლიცინი“ უპატივცემულობად კი არ  ჩათვალოს, არამედ ამ სევდიანი ამბის დაბალანსების მცდელობად მიიღოს. შეცდომებისგან დაზღვეული არვინაა და მათ შორის  მეც,  მაგრამ შესაძლებლობა უკვე სხვა საკითხი რომაა, ესეც კარგად მოგეხსენება. ამიტომ დიდად ნუ გამიწყრები.

თანაც რჩევა წამომეწია გზაში, ნუ ჩქარობო. ნელა წერეო,  ანუ დაწვრილებითო. მე ჩემებურად მოვთარგმნე ეს რჩევა და ვფიქრობ არცთუ უსიამოვნოა ჩემთან ურთიერთობა. დიახ, საჩემოდ ვიფიქერე, იმიტომ რომ სტიმული არავის აწყენს და მითუმეტეს მე, რომელიც ალალად ვაღიარებ, რომ არაა ეს ჩემი საქმე და ამიტომ უფრო მეტი გამხნევება  მჭირდება  ვიდრე სხვას.

ტყუილად კი არ ვლაპარაკობ ამდენს, ჩემო ძვირფასო, ადევნებულო, თუ აქ შემთხვევით მოხვედრილო მკითხველო. იქით მიმყავხარ, რომ  მიამიტობაზე მინდა გელაპარაკო.

იმდენად ალალი იყო ზინა,  რომ ზოგჯერ საკუთარ თავს ვერ იტანდა ამის გამო. ეს ახლა, მაგრამ ბავშვობაში ძალიანაც უყვარდა სიმართლე. არა, განა სულელი იყო? ზოგჯერ გაჩუმება რომ ჯობდა ისიც იცოდა, მაგრამ რაც შეეხება  ტყუილს, ტკივილამდე ვერ იტანდა. განსაკუთრებით მას მერე, რაც  პაპა-ბებო გარდაეცვალა, თან  იმდენად მცირე ინტერვალით, რომ ბავშვისთვისაც რთული გადასატანი გამოდგა.

ტიროდა ზინა, ენატრებოდა მოხუცები. ტიროდა და იყო მთელი დღე თვალებდაწითლებული და მოღუშული. იმდენად შეწუხდნენ მისი ყურებით  თანატოლები, რომ ერთმა თითქოს უწყინარი ტყუილიც კი შეუთხზა:„ კი არ უნდა იტიროო, უნდა იფიქრო მათზე, ოღონდ ისე, რომ ფიქრი სხვა რამისკენ არ გაგექცეს, არც საჭმლისკენ, არც სასმლისკენ და ისინი გაცოცხლდებიანო.  ერთ ბავშვს დედა მოუკვდა, მთელი დღეები სულ მასზე რომ ფიქრობდა, გაცოცხლდა და სახლში მოვიდაო“.

საჯილდაო ქვად ექცა ფიქრი ზინას, ვერაფრით ახერხებდა კონცეტრირებას. სკოლა, გაკვეთილების მომზადება , დედა, „მამა“, აჩია, ყველა ხელს უშლიდა ფიქრში, ამიტომ გადაწყვიტა ეზოში, სპორტული მოედნის სკამზე ჩამომჯდარიყო, მარტო,  და ეფიქრა, ეფიქრა, ეფიქრა!

საამისოდ შაბათ-კვირა შეარჩია.
ამინდი შესაფერისი დაუდგა. ნოემბრის ბოლო იყო, ქარი ქროდა. წვრილად, არასასიამოვნოდ ცრიდა და წვიმის წვრილ წვეთებს ნემსებივით ასობდა ყველას, ვინც კი გამოჩნდებოდა.  ეზოში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, თითო-ოროლა ადამიანი თუ გაირბენდა სახლში შესაყუჟებლად აჩქარებული.
ზინა სკამზე ჩამოჯდა, ქურთუკის საყელო აიწია, ბებოს ნაქონი წითელი ვარდებით დაჩითული თავსაფარი შუბლზე ჩამოიფხატა, მერე ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და გამორჩეული ფიქრისთვის მოემზადა, მაგრამ...

წითელლაბადიან გოგოს ქარი ქოლგას აგლეჯდა ხელიდან. ამ ბრძოლით დაღლი შეჩერდა, ქოლგა მოკეცა, ორივე ხელი ჩასჭიდა , მოიბუზა და ნაბიჯს კიდევ უფრო აუჩქარა, ვიდრე მანამდე. სანამ ასფალტზე მიიჩქაროდა ქუსლებს რითმულად მიაკაკუნებდა, მერე მიწიანზე მოუწია გავლა და წვრილმა ქუსლებმა ჩაფლობა რომ დაიწყეს მანაც მოუკლო ტემპს. მიდიოდა და უფრო მეტად იბუზებოდა.
კორპუსის ეზოდან ძაღლები გამოცვივდნენ, ერთმანეთს უღრენდნენ და კბენდნენ, ხან შედგებოდნენ ხმაურზე, ყურებს აცქვეტდნენ და აქეთ-იქით დაიწყებდნენ ყურებას ისე, რომ ენები გარეთ რჩებოდათ გადმოგდებული. მერე ისევ აგრძელებდნენ ღლაბუცს და თამაშობდნენ ასე, სანამ შესახვევიდან სხვა ძაღლების ყეფა არ შემოესმათ. უმალ საქმიანად  აყვნენ საერთო ხმაურს, ყეფა-ყეფით გაქანდნენ მათკენ და მოსახვევში გაუჩინარდნენ.
ქარი მატულობდა, თან  ისე ახერხებდა ქროლვას რომ, საითაც არ უნდა მიბრუნებულიყავი, მაინც სახეში გასხამდა წვიმას. ხიდან შემორჩენილ ფოთლებს აყრიდა ასფალტს. ძველებთან ერთად ჯერ ატრიალებდა, მერე რომელი კუთხეც მოეწონებოდა იქ შეაქუჩებდა,  ან რომელ მარადმწვანე ბუჩქებსაც მოისურვებდა, იმათ გაულამაზებდა ძირებს წითელ-ყვითელი ფოთლებით.

შეწუხდა ზინა, ჯერ თვალები დახუჭა, მერე ყურებზეც აიფარა ხელი და მაინც, არ გამოსდიოდა მხოლოდ გარდაცვლილ პაპა-ბებოზე ფიქრი, თან გაუჭირდა ორივეზე ერთდროულად, ამიტომ ჯერ  პაპა გაიმეტა არგასაცოცხლებლად. ბებოს დიდხანს ვერ თმობდა, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდიოდა. სამმა შაბათ-კვირამ ასე უშედეგოდ ჩაიარა. დაღონდა ზინა, საკუთარ სიყვარულში ლამის ეჭვი შეეპარა. „იქნებ ისე არ მიყვარს, როგორც მგონიაო“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები