ნაწარმოებები



ავტორი: ნათთია
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2019


იავნანა

ტკბილად იძინე ჩემო ბიჭო, ჩემო ნაადრევად გაზრდილო ნაშიერო,
ჩემო ხელებგადატყავებულო იმედო,
ტკბილად იძინე,
ფრთხილად ამოგიკეცავ მატყლგამოცლილ საბანს,
არგაწვდენილს  იქამდე , ვიდრე უნდა გვეყოს,
თითით ჩამოგიშლი წარბებში დარჩენილ ტალახებს, თორემ ცრემლებისგან ისე აიზილება , ერთ დღეს მეწყერად წამოვა და ყველას ჩაგვიყოლებს.
ტკბილად იძინე ჩემო ჩემო სოციალურად დაუცველო სტატუსის პირმშოვ ,
შენი მფარველი ანგელოზი  აქ გიზის თავთან და ჩვენი ფენის შავ სათვალიან ,შავ ჯიპიან , შავ პიჯაკიან, შავ ტელეფონიან ღმერთთან ლითონის ფასების მატებაზე გშუამდგომლობს,
რომ შენი ტკბილი ოფლით ნაშოვნ არსობის პურზე ხელისგულებში სამყოფი ფული გქონდეს,
იქნებ კუჭმა აღარ გიჟრუტუნოს სიცარიელისგან,
ტკბილად იძინე ჩემო უსწავლელო ბიჭო ,
წყეულიმც იყოს ოცდაცამეტივე ასო ანბანში, ყველა რიცხვი და ყველა გამრავლების მოქმედება, გონებაში რომ კილოს ფასზე და ხარისხზე გაანგარიშებინებს,
წყეულიმც იყოს ყველა სკოლის გზა, შენ რომ ვერ მიდიხარ.
წყეულიმც იყოს ყველა ჩვენსკენ მომავალი გზა, რომელზეც კარგა ხანია არავინ გამოჩენილა.
ტკბილად იძინე ჩემო ტარიგო ,
ჩემო ერის სალაპარაკო თემავ,
ჩემო გადაუჭრელო პრობლემის მიზეზო  ,
ჩემო სტატისტიკის წითელო ნიშნულო,
ტკბილად იძინე, რადგან მიწა ხარ და მიწად იქცევი ,
ოღონდ ხვალ არა,
ოღონდ ხვალ არა,
ოღონდ ხვალ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები