ჭექა-ქუხილმა გამოაღვიძა, ერთხანს საწოლში იწრიალა, მერე ცოლის საბნის ქვეშ ფრთხილად შეაცოცა ხელი და მოეჩვენა, რომ ბალნიან ტყავზე მოუხვდა თითები და ელდანაკრავმა ხელი უკან გამოწია. გაიელვა და შოთამ საბნის უცნაურ კონტურს მოჰკრა თვალი. შეუძლებელია, ელენე ამ ამობურცულში მოთავსებულიყო. გადასწორებული საბანი შუაში ისე ამოწეულიყო, რომ ლეკვს თუ დაიტევდა. ხელი ზევიდან გადაუსვა და მოეჩვენა, რომ საბნის ქვეშიდან წკმუტუნის ხმა შემოესმა. დააპირა ერთხელ კიდევ ხელით მოესინჯა, მაგრამ შეშინდა და სინათლის ასანთებად წამოხტა. კიდევ გაიელვა. ფანჯრიდან შემოსულმა სინათლემ საბნის უცნაური მოხაზულობა ისევ გამოაჩინა. კაცმა აკანკალებული ხელით ჩამრთველი ძლივს მოძებნა და ჭაღი აანთო. ქალი საბანში თავფეხიანად გახვეულიყო. საბნის ამობურცულის მოხაზულობა ელენეს ფორმებს იმეორებდა. ისევ გაიელვა და სინათლე ჩაქრა. შოთა კედელს აეკრა. ალბათ ცუდად ვარ, თვალი მატყუებსო, გაიფიქრა და მკერდზე დაიდო ხელი - თითქოს ქუხილის რიტმს აჰყვაო, გული ამოვარდნას ჰქონდა. კიდევ ერთხელ დაიგრუხუნა და კაცს საბნის ქვეშიდან შემოესმა უცნაური ხმა, რომელმაც ქუხილი გადაფარა. გარდერობის უკან თოფის გამოსაღებად შეყო ხელი, როცა ელვამ ოთახი კვლავ გაანათა. კაცმა დაინახა, რომ ელენეს საბნიდან თავი ამოეყო და შეშლილი სახით მისჩერებოდა ქმარს. - შოთა, ფარდები გაწიე, მეშინია, - თქვა ქალმა და საბანი თავზე გადაიფარა. ისევ გაიელვა და კაცმა თვალი მოჰკრა, რომ საბნის კონტური პატარავდებოდა. მაგიდის უჯრაში ხელის ფათურით სანთელს დაუწყო ძებნა. ვერ იპოვა და ხელი კვლავ გარდერობის უკან შეყო, თოფი გამოიღო და პატრონტაშსაც მაშინვე მიაგნო. ვაზნა ამოიღო, თოფი გადატენა და საწოლისკენ წავიდა. - მგლად იქცა, მგლის ლეკვად იქცა, მგელივით ყმუის, უნდა დავასწრო, სანამ საბნიდან გამოხტება და ყელს გამომღადრის, - თოფის ლულა საბნის სიმაღლეზე დაწია და შეშინებულმა თვალები დააჭყიტა, რომ სიბნელეში რამე გაერჩია. ისევ დაიგრუხუნა და გაიელვა, გამოჩნდა ამობურცული ადგილი, რომელშიც ძაღლის ლეკვი თუ დაეტეოდა. შოთამ თოფის ლულით საბანს პირი აუწია და ქვეშიდან ღრენის ხმა შემოესმა. გაიელვა და დაიქუხა. - ხომ ვეჭობდი, რომ მაქციაა?! მაქციაა! აი, რატომ უყვარს კბენა! საწოლში ხომ მუდამ მგლის სუნს ვგრძნობდი! გიჟი ხარო! მე ვარ გიჟი და ზაპოისტი?! წუხელ არაფერი დამილევია! ხვალ ყველა გაიგებს, ეს ერთი წელი ვისთან ვიცხოვრე, - არწმუნებდა თავს და თოფით საბანს ჩეჩავდა. ისევ დაიქუხა... ისევ გაისმა საბნის ქვეშიდან ღრენა. დაბნელდა. უკუნი ჩამოწვა. შოთამ უკან დაიხია და თოფის ლულა წამოწია. - ელენე, ელენე! - დაიძახა, მერე საბნის შრიალის ხმა მოესმა და ნაბიჯი უკან გადადგა. კვლავ გაიელვა. საბანი ამოიბურცა, წამოიწია, ორმა ფოსფორულმა ნათებამ სიბნელე გაკვეთა და მისკენ წამოვიდა. - ელენე, ელენე! - დაიძახა და თოფმაც იგრიალა. გაისმა ჩხავილი და შოთა შეკრთა, ერთხელ კიდევ გადატენა თოფი, ერთხელ კიდევ გაიელვა და ნათურაც აინთო. ქალი იატაკზე ეგდო, წიოდა და ბარძაყიდან სისხლი სდიოდა. შოთას თოფი ხელიდან გაუვარდა. - ახლავე, საყვარელო! მაპატიე! გიშველი! - დაიძახა და ცოლის გასისხლიანებულ ფეხს ძრწოლვით დახედა. - მიშველეთ! - ტკივილისგან გონდაკარგულმა ქალმა ძლივს ამოიღო ხმა.
სასამართლო-ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ შოთა ჯანმრთელად სცნო. მან არამც და არამც არ შეისმინა ადვოკატის რჩევა - გასროლა შემთხვევითობისთვის დაებრალებინა და ამაოდ ამტკიცებდა, რომ ელენე მგელაძე მაქციაა, რომ მან მგელს ესროლა და არა ქალს. ბრალმდებელმა, დაბალმა, მელოტმა კაცმა, რომელსაც ყელზე ძარღვები ებერებოდა, ისტერიულ ტონზე წაიკითხა სიტყვა, შოთას ლოთი და მანიაკი უწოდა. ესეც უეჭველად მაქციაა, - ფიქრობდა ამ დროს კაცი და ძრწოლვით უცქერდა მის საცეცებივით თითებს, რომელსაც შიგადაშიგ შოთასკენ იშვერდა.
ორჯერ ჰქონდა ცოლთან ციხეში პაემანი. მარტო რომ დარჩნენ, ქალმა ნაზად შეხედა, კაბა აიწია და ბარძაყი აჩვენა: - აი, შოთიკო, შენი ნახელავი, მაგრამ მაინც მიყვარხარ... - ... და გაიცინა. - რა ლამაზი ყოფილა, - გაიფიქრა შოთამ, ნაიარევზე ხელი ფრთხილად დაადო, შემდეგ ნელ-ნელა ზევით აუცურა, მეორე ხელი წელზე შემოხვია და მკერდზე მიიკრა. ქალმა ყურთან აკოცა, შემდეგ მისი ტუჩები დაბლა ჩაცურდა და საძილე არტერიას ჩაეჭიდა. ახლა მიკბენს, - გაიფიქრა შოთამ, ქალმა ყელში კბილები მსუბუქად მოუჭირა, შოთამ ნაზად გააშვებინა და მარჯვენა ხელი, პულოვერის ქვეშ ძუძუზე აუცურა. - არა, ეგ მერე, ჯერ სალაპარაკო მაქვს, - თქვა ქალმა და კაცი მოიცილა. - შოთა, საყვარელო, მაგარ საქმეს ვიწყებ, კრედიტის აღებას ვფიქრობ და მინდობილობა მინდა, რომ სახლი გირაოდ ჩავდო. ამ სიტყვებზე კაცს მოზღვავებული ვნებები დაეწრიტა და უხეში ხმით თქვა: - არა, სისულელეა! რა კრედიტი?! ქალს ნაზი სახე შეეცვალა, მკაცრი იერი გადაეკრა, სქელი გამობურცული ტუჩები გაუთხელდა და თვალები მოეწურა. - ინანებ, შოთა! - თქვა და პაემანი დაამთავრა.
შოთა საკანში თავის ამბავს ბიჭებს რომ უყვებოდა, ისინი ჯერ ხარხარებდნენ, მერე კი დანანებით ეუბნებოდნენ: - ამოიგდე ეგ სისულელეები თავიდან. ზაპოი გქონდა, ცუდად იყავი, მოგეჩვენა... და შოთაც თანდათან რწმუნდებოდა მათ სიტყვებში. მერე კი მთლად დაიჯერა.
მეორედ ელენე ადვოკატთან ერთად მივიდა. კაცი პაემნების ოთახში რომ შევიდა და ელენეს გვერდით მდგომ უცხო ქალს მოჰკრა თვალი, ჯერ შეცბა, მერე, რა გინდათო, უხეშად იკითხა. - შოთა, კარგო ადამიანო, - დაიწყო ადვოკატმა, - საკანში, სადაც შენ ზიხარ, როგორ ფიქრობ, შხამიანი გველი ვერ შემოძვრება?.. ან მორიელი? ქალმა გამხდარი, დაძარღვული საჩვენებელი თითი მისკენ გაიშვირა, ოდნავ მოხარა და შოთამ მორიელის კუდი აშკარად დაინახა. - დაფიქრდი, შოთა, გიურზას ერთი კბენა და ცოცხალი აღარ ხარ. ქალმა გველისებრი ორკაპა ენა გამოაჩინა. - შოთა, თუ გინდა გადარჩე, მინდობილობას ხელი უნდა მოაწერო! შოთამ თვალები დახუჭა, მერე გაახილა და ქალს წარბებქვეშიდან შეხედა. ის უკვე ჩვეულებრივ ქალად ქცეულიყო. მაშინებენ, არ უნდა ავვარდე, გაიფიქრა და გაიცინა: - წადი, შენი დედაც, მაგ სისულელეებით გინდა ამაგდო?! მინდობილობას არ დავწერ!.. - შოთა, საყვარელო, არაფერი საშიში არაა, - ახლაღა ამოიღო ხმა ელენემ, - როგორ მიხარია, რომ განიკურნე და როგორ მენატრები... ალბათ, ბავშვებიც გვეყოლება, ჩვენ ხომ ერთად უნდა დავბერდეთ. ქალმა ხელები მხრებზე დააწყო და ტუჩები მის ტუჩებთან მიიტანა. - არ მოგენატრე?- ჩასჩურჩულა და ხელი შარვალში ჩაუცურა. - მომენატრე, - უნებლიედ წამოსცდა შოთას. ამდენი ხნის ქალუნახავი, საშინლად აღეგზნო. ცოლს ხელი ბარძაყზე მოხვია და მიიკრა. მერე უცებ ადვოკატს მოჰკრა თვალი და გამოფხიზლდა. ¬ესენი მკერავენ, არ უნდა დავიკერო, - თავს შემოუძახა, მაგრამ ვნებას ვეღარ მოერია. ადვოკატმა საქაღალდედან ფურცლები ამოიღო. - მოდი, ხელი მოაწერე. შოთამ თავს ძალა დაატანა, ცოლი მოიცილა და გადაიხარხარა: - შენ არ მევასები, ეგ შენი გველაძუა ადვოკატი თუ მახმარინებს თავს, ხელს მოვაწერ. ელენეს რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ენა დაება და ადვოკატს შეხედა. - ხუმრობ? - თქვა ადვოკატმა. - არა, არ ვხუმრობ. ეს ბინას მიიღებს, შენი ჰონორარი კი ოცდაათი ლარით გაზარდება, ბოზი მეტი არ ღირს. - გვეყო ხუმრობა, დავწყნარდეთ! - თავდაჭერილი ხმით თქვა ადვოკატმა და კაცს კალამი გაუწოდა. შოთა კი აგრძელებდა: - ეს ლოგინში ტურასავით ჩხავის, შენ ალბათ კატასავით კნავიხარ. მე მიყვარს კატები! კატები მიყვარს! კატები მიყვარს! კატები მიყვარს! კაცი თანდათან ხმას უწევდა და ბოლოს ღრიალზე გადავიდა. ზედამხედველმა კარი შემოხსნა. - პაემანი დამთავრდა! დამთავრდა! - გადაიხარხარა შოთამ და კარისკენ წავიდა.
ციხეში კიდევ ერთი წელი იჯდა. ამნისტიით გამოვიდა. მართალია, მაქციების აღარ სჯეროდა, მაგრამ სახლში მარტო დარჩენა მაინც ზარავდა, ელენესთან შეხვედრას გაურბოდა, მაკლერი დაიქირავა და ბინა გაყიდა. ძველ ნაცნობებთან ურთიერთობა არ უნდოდა. გუდრუხში მდინარის პირას იყიდა პატარა სახლი, ცოტაოდენი ფულიც დარჩა და თევზაობასა და ნადირობით ირთობდა თავს. თოფს არ იშორებდა. შეიძლება შიში - არა, მაგრამ, როცა მარტო იყო და უიარაღო, რაღაცა უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა, სასმელს სათოფეზე არ ეკარებოდა: მაგან ამირია ცხოვრება, ჯერ ეგ უნამუსო ქალი მომაყვანინა და მერე მოჩვენებები დამმართაო, ამბობდა გულისგულში. მეზობლებში კარგი სახელი ჰქონდა - არა სვამს და ყველას დამხმარეაო... ცოლის მოყვანასაც აპირებდა - შინდარჩენილი ქალი იყო, ზაქათ ლელა... იმას ურიგებდნენ ქალები, მაგრამ ვიღაცამ ამბავი მოიტანა, ციხეშია ნაჯდომიო, და ეგ საქმეც ჩაიშალა. ერთ დღეს ტყიდან შინ დაბრუნდა და ფანჯარა ღია დახვდა, მაგრამ არაფერი იყო მოპარული. იფიქრა, ალბათ, მე დამრჩაო და მეორე დღეს, სანამ გავიდოდა, სახლი საგულდაგულოდ გამოკეტა. რომ დაბრუნდა, მინა დახვდა ჩამსხვრეული და ფანჯარა - ღია. ჩასვა შუშა და მეზობლებში დაიბარა, თუ ვინმეს მივასწარი, იცოდეთ, დავთოფავო. იმ სამშაბათს თივის სახვეტად გაჰყვა მეზობელს, რომ დაბრუნდა, ნახა, ახლა კარი შეემტვრიათ. ამ ჯერზე უკვე არეული დახვდა სახლი, მაგრამ წასაღები ვერაფერი ეპოვათ. ნიშნობის ბეჭედისთვის, ოქროს საათისა და ფულისთვის ვერ მიეგნოთ. მეორე დღეს ამ ნივთებს ადგილი შეუცვალა და ეზოში საგულდაგულოდ დამალა. საშინლად იყო გაბრაზებული, მეზობლებს ასეთი არასოდეს ენახათ. იმ საღამოს გიგლიაანთ თედოსთან არაყიც დალია. ცოტა გულს გადაეყარა, იმღერა და იმხიარულა, მაგრამ დილით ნამთვრალევზე ბოღმა გაუორმაგდა. შოთას სახლს ორსაფეხურიანი კიბე ედგა. მეორე საფეხური ამოჭრა, მგლის ხაფანგი ოსტატურად ჩაამაგრა, ზედ ტილო გადააფარა და კარს დიდი ასოებით მიაწერა: „კარი ღიაა, სახლში მოსაპარი არაფერია.” პარასკევ საღამოს ისევ გიგლიაანთ თედოსთან იქეიფა და ღიღინით დაბრუნდა შინ. ძირს არ დაუხედია, სანამ ფეხი არ წამოჰკრა. ფანარი დაანათა და ხედავს, ტურას შეუყვია თათი ტილოს ქვეშ და ხაფანგში გაბმულა. შეათვალიერა და ნახა, რომ ცხოველს ფეხის მოჭმა უცდია, მაგრამ ძვალი ვერ გადაუკვნეტია და სისხლად დაცლილა. ქამრიდან გასაღები მოიხსნა, ხაფანგის კლიტე გახსნა, ტურა ეზოში მოისროლა, გეტირა დედაო, წაიღრინა და შინ შევიდა. როგორც კი წასთვლიმა, ელენე ესიზმრა. - შე გულძაღლო, რატომ მომკალი?! რატომ მომკალი?! - წიოდა ქალი. ელდანაკრავი წამოხტა შოთა. სინათლე აანთო, სახლი შიშნეულად მოათვალიერა, ფანარი აიღო და ეზოში გავიდა. მსხლის ძირას გულაღმა ეგდო ტურა. ფანარი მიანათა, წიხლი წაჰკრა და გვერდზე გადააბრუნა. მარჯვენა უკანა ბარკალზე ცხოველს ბეწვი გასცვენოდა და ნატყვიარი ეტყობოდა. სახე შეეცვალა, თვალები გადმოკარკლა და -ელენე!.. - ხრიალით აღმოხდა. კიდევ ერთხელ გულდასმით მოუსინჯა ცხოველს ნატყვიარი. - კი, ის არის. ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც მაშინ დავჭერი... არ მომეშვა, თავი არ გამანება და მაინც ჩემი ანაწერი გახდა, რატომ ვარ ასეთი უბედური?! შოთა თავში ხელებს იშენდა და ხარივით ზმუოდა. ცხოველის ლეში სახლში შეიტანა და საწოლზე დააწვინა. თავთან სანთლები დაუნთო და მოუნდა ლოცვები წაეკითხა, მაგრამ ვერაფერი გაიხსენა. ცოტა ხანს თავი იწვალა, შემდეგ მოაგონდა, რომ ლოცვა არასოდეს სცოდნია და ბედს დანებდა. სამი დღე სახლ-კარს არ გასცილებია. როგორ უნდოდა, ვინმე ჭირისუფალი მოსულიყო, დარდი და ტკივილი გაეზიარებინა, მაგრამ ვერავინ გაუგებდა, მეზობლები არ დაიჯერებდნენ, დასცინებდნენ და გიჟს დაუძახებდნენ. რაც გინდა დაეძახათ, ოღონდ გიჟი არა! - შოთას ეს სიტყვა აცოფებდა. მესამე დღეს სხვენში ავიდა და ფიცრები ჩამოიტანა. ეს საქმე არ ეხერხებოდა, უშნო ყუთი შეკრა და ცხოველის ლეში შიგ ჩადო. ეზოში ღრმა ორმო გაჭრა და დამარხა. ჭიშკრის კუთხიდან ვარდები ამოთხარა და საფლავზე გადმორგო. ფილმი ჰქონდა ნანახი, სავსე მთვარობისას მაქციები საფლავიდან რომ ამოდიან. ამისა მაინცდამაინც არ სჯეროდა, მაგრამ ეს აზრი ხანდახან გულში როცა გაკენწლავდა, ფიქრობდა, ნეტა ელენე საფლავიდან საკუთარი სახით ამოვა, თუ იმ გაქუცული ტურის სახითაო. დაკრძალვის მესამე დღეს შებინდებულზე გიგლიაათ თედო ესტუმრა. სადახარ, კაცო, სად დაიკარგე, რო აღარ ჩანხარო, ჭიშკრიდანვე დაიწყო ძახილი. - ჰო, ვიავადე, სიცხე მომცა, - ხმაზე იცნო მეზობელი, მხარზე ქურთუკი მოისხა და კიბე ჩამოიარა. - სტუმარი მოგიყვანე, შოთა! თედო დაწინაურებულიყო, სტუმარს კი Eჭიშკართან ვარდის ბუჩქები ჰფარავდა. ნეტა ვინ უნდა იყოსო, გაივლო გულში და ჩქარი ნაბიჯით წავიდა. უცებ ელდა ეცა, დატორტმანდა, თედომ შეაშველა ხელი. ჭიშკართან ელენე იდგა. თხელი ცისფერი მოსასხამი ეცვა და შავი ჯინსის შარვალი. ადრე მუქი თმა ჰქონდა, ახლა კი ტურის გაქუცული ბეწვივით გაეღიავებინა. შოთა წამით თედოს დაეყრდნო შემდეგ შემობრუნდა და სახლისკენ გაიქცა. ოთახში შევიდა. თოფის აღება დააპირა, უცებ გადაიფიქრა და კარიდან გარეთ გაყო თავი. ის არის, არ შეშლია, ელენეა. - ნუ გარბიხარ, დალაპარაკება მინდა, - გასძახა ელენემ მახვეწარის ხმით. - დამელაპარაკე! თქვი! თქვი! - შეშლილის სახით ჩაიბურდღუნა შოთამ და ისევ სახლში შეყო თავი. ელენე შეჰყვა. უკმაყოფილო სახით თვალი მოავლო მიყრილ-მოყრილ, არეულ ოთახს, გახრწნილი ხორცის სუნი შეისუნთქა და ფანჯრები მაინც გააღეო, ცხვირაბზეკილმა თქვა. კაცი ფანჯრებს ეცა. სიჩქარისგან ტაბურეტს გამოედო და კინაღამ წაიქცა. - შოთა, - დაიწყო ქალმა წყნარი ხმით, - რაც იყო, იყო... ამაზე ლაპარაკს მოვრჩეთ, განქორწინება მჭირდება, სასამართლოს გზით დრო გაიწელება, პირდაპირ რეესტრში შეგვეძლო გაგვეკეთებინა. უბრალო ხელმოწერა უნდა და ეგ არის. - განქორწინება, განქორწინება? - ანგარიშმიუცემლად ბუტბუტებდა კაცი ისე, რომ გაცნობიერებული არ ჰქონდა, რას ითხოვდა მისგან ქალი. - ახლავე, ახლავე... ახლავე შემოვალ, - თქვა უცებ, ეზოში გავიდა და საფლავს დაუწყო სინჯვა. - მიწას ნაპრალი არა აქვს, მე შევიშალე, სულელი ვარ, რითი ვერ ამოვიგდე ეს მაქცია თავიდან? შემობრუნდა, ჭიშკრისკენ მიმავალ თედოს მოჰკრა თვალი და დაუძახა: - თედო, სოფელში გიჟს ხომ არ მეძახიან? თედომ მხრები აიჩეჩა, თავი გააქნია და გზა განაგრძო. შოთას უნებურად ყელში სიცილი მოაწვა, ახარხარდა და შინ ისე შევიდა, არ შეუწყვეტია. - რა გაცინებს, აქ სასაცილო არაფერია. ყველაფრისთვის მადლობას გიხდი, გიყვარდი და კარგი ქმარი იყავი, მაგრამ ახლა განქორწინება მჭირდება და არ შემიშალო ხელი, - თქვა ქალმა, ფანჯარასთან მივიდა და გააგრძელა, - რა ლამაზი ვარდებია, ვინატრებდი, რომ ასეთი ვარდები ჩემს საფლავზე დარგონ. - გინდა ეს ვარდები შენს საფლავზე დარგონ? ხა-ხა-ხა-ხა... - გაჩერდი! რაა სასაცილო?! - იყვირა ქალმა. შოთას ქალის მკაცრ ხმაზე სიცილი ყელში გაეჩხირა, რამდენჯერმე დაახველა და თვითონაც ფანჯარასთან მივიდა. - ეს ვარდები გინდა, რომ შენს საფლავზე იყოს? - შოთას, ის იყო, სიცილი კვლავ მოაწვა, უნდა ახარხარებულიყო, რომ დაბლა ჭალიდან ტურამ დაიჩხავლა და შეკრთა, კედელზე მიყუდებულ თოფს გახედა, თავი გააქნია, ერთი წუთითო, თქვა, გარეთ გავიდა და მალევე დაბრუნდა. - ვარდები მოგიკრიფე, წითელი, თეთრი, შავი, ყველა მოვკრიფე, არ მახსოვს, რა ფერი გიყვარდა. ელენე შემობრუნდა, გაუღიმა და თქვა: - შავი, ყოველთვის შავი ვარდები მომწონდა. ისევ დაიჩხავლა ჭალაში ტურამ და შოთას მოეჩვენა, რომ ელენე აფორიაქდა. - წუხელ სავსემთვარეობა იყო ამ დღეს მაქციები საფლავებიდან დგებიან, -თქვა და მოჭუტული თვალებით შეხედა ქალს, - იქნებ, ის შენ გეძახის? ქალმა სინანულის ნიშნად თავი გააქნია. - შოთა, მე ჩემი ცხოვრება მაქვს, განქორწინება მინდა, ნუ გამაწვალებ სასამართლოში სირბილით! ჭალაში ისევ აჩხავლდა ტურა. შოთამ თოფი აიღო. - გინდა, ეგ ნეხვიანი აქ მოგითრიო? ქალი შეკრთა სახეზე რუხმა ფერმა გადაჰკრა. -შოთა, მე განქორწინება მინდა! - თქვა მკაცრად და ხმას ჩხავილი ამოაყოლა. - ეხლა გასაპარს-დასაბანი ვარ და გვიანიცაა, - დადინჯდა შოთა, - ხვალ თორმეტზე ვიქნები რეესტრთან. - მადლობა, არ დამაღალატო, - კარისკენ წავიდა ელენე. კიბე ჩაიარა და შემობრუნდა: - იცი, შოთა...- რაღაცის თქმას აპირებდა, მერე გადაიფიქრა და ჭიშკრიდან გავიდა. შოთამ თოფი მხარზე მოიგდო და უკან, სახლისკენ შემობრუნდა და ამ დროს ჭალაში ისევ აჩხავლდა ტურა. ეზოს ბოლოდან კი სხვამ მისცა ბანი. ნეტა რამდენ ხანს გრძელდება სავსემთვარეობა? - ჰკითხა თავს კაცმა, ვარდებს იქით ჩაცუცქდა, ცას ახედა, ღრუბლებში მთვარეს დაუწყო ძებნა და მიაგნო. შედედებული სისხლის ფერი იყო მნათობი. რა ლამაზიაო, გაივლო გულში, ტანზე ბეწვი აეშალა, პირი გააღო და ცას შეჰყმუვლა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. პორტალს ძალიან აკლია კარგი პროზაიკოსები!
ხზზეაო თვალი მოგკარი,იმედს დავიტოვებ რაიმე ახალს და "გემრლიეს" დაგვიტოვებ აქ! პორტალს ძალიან აკლია კარგი პროზაიკოსები!
ხზზეაო თვალი მოგკარი,იმედს დავიტოვებ რაიმე ახალს და "გემრლიეს" დაგვიტოვებ აქ!
14. კარგი პროზის წაკითხვა თუ გინდაო ერთ დროს მირჩიეს ეს ავტორი, მართლაც რომ )) კარგი პროზის წაკითხვა თუ გინდაო ერთ დროს მირჩიეს ეს ავტორი, მართლაც რომ ))
13. კარგია ძალიან)+5 კარგია ძალიან)+5
12. ტყუილად არ მოუსწავლებიათ აქეთ :)) ტყუილად არ მოუსწავლებიათ აქეთ :))
11. ფინალი ქმნის ამ მოთხრობას. ფინალი ქმნის ამ მოთხრობას.
10. კრედიტი და ვალები ჩემი აზრით არ მოუხდა, ანუ, სხვა რამით ჩანაცვლება შეიძლებოდა, თუმცა ეს თქვენი საქმეა. ფინალი მართლაც კარგია. კრედიტი და ვალები ჩემი აზრით არ მოუხდა, ანუ, სხვა რამით ჩანაცვლება შეიძლებოდა, თუმცა ეს თქვენი საქმეა. ფინალი მართლაც კარგია.
9. აბა აქ რა უნდა დავწერო? მაგარი ხარ მეუდაბნოევ ძალიან კარგი რამეა, ძალიან კარგი ფინალით ახლა არ წამიკითხავს დადებისთანავე წავიკითხე ჯონათანსაც კი დავასწარი მახსოვს :))
კარგად წერ ზოგადადაც და ეს ხომ კარგზე კარგია
რაც ვერ გავიგე, განქორწინება რაღად უნდოდა? რა აზრი დევს?
ცოტა ხელი შეევლება ალბათ მაგრამ ის რაც არის უკვე, სიუჟეტი და ფინალი 5-იანს იმსახურებს და თავფურცელსაც
ალალად ჩემგან მონიშნული 5
აბა აქ რა უნდა დავწერო? მაგარი ხარ მეუდაბნოევ ძალიან კარგი რამეა, ძალიან კარგი ფინალით ახლა არ წამიკითხავს დადებისთანავე წავიკითხე ჯონათანსაც კი დავასწარი მახსოვს :))
კარგად წერ ზოგადადაც და ეს ხომ კარგზე კარგია
რაც ვერ გავიგე, განქორწინება რაღად უნდოდა? რა აზრი დევს?
ცოტა ხელი შეევლება ალბათ მაგრამ ის რაც არის უკვე, სიუჟეტი და ფინალი 5-იანს იმსახურებს და თავფურცელსაც
ალალად ჩემგან მონიშნული 5
8. მადლობა, არმენ. მადლობა, არმენ.
7. მასტერკლასი ახალბედა ავტორებისთვის!
სათავფურცლეა ჭეშმარიტად! მასტერკლასი ახალბედა ავტორებისთვის!
სათავფურცლეა ჭეშმარიტად!
6. მადლობა, ტენდი. მადლობა, ნეფერტარ. ვიღებ თქვენს შენიშვნას. მადლობა, ტენდი. მადლობა, ნეფერტარ. ვიღებ თქვენს შენიშვნას.
5. ცოტა ხომ არ იჩქარე ავტორო? პირველ ვარიანტად კარგია, თუ მიუბრუნდები და გადაამუშავებ - იქნება ოქრო. კავშირია გამოსაკვეთი >> პირველად რომ "მოელანდა" ლეკვი ლოგინში და თვითონ რომ ყოფილა მაქცია>> მაგ ორ მომენტს შორის.
ცოტა ხომ არ იჩქარე ავტორო? პირველ ვარიანტად კარგია, თუ მიუბრუნდები და გადაამუშავებ - იქნება ოქრო. კავშირია გამოსაკვეთი >> პირველად რომ "მოელანდა" ლეკვი ლოგინში და თვითონ რომ ყოფილა მაქცია>> მაგ ორ მომენტს შორის.
4. იცი, რამხელა კომენტარი დავწერე?! მაგრამ ვერ განვათავსე. ან "ურაკი" ურევს, ან ჩემი კომპი.
საწყალი ლოთები, მეუდაბნოვევ. :)
მომეწონა ძალიან. :) იცი, რამხელა კომენტარი დავწერე?! მაგრამ ვერ განვათავსე. ან "ურაკი" ურევს, ან ჩემი კომპი.
საწყალი ლოთები, მეუდაბნოვევ. :)
მომეწონა ძალიან. :)
3. მადლობა, ჯონათან, მადლობა, ლელა. მადლობა, ჯონათან, მადლობა, ლელა.
2. გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე თოფისგან და ნადირობისგან შორსაა. :))
კარგად იკითხება. გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე თოფისგან და ნადირობისგან შორსაა. :))
კარგად იკითხება.
1. ჰორორისა და ფენტეზის კარგი სინთეზია, მით უფრო, რომ თანამედროვე ქართულ პროზაში, ფაქტობრივად, ეს ჟანრები ვერ განვითარდა.
განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია ის, რომ არ ტოვებს უკვე წაკითხული თუ ნანახის განცდას, ორიგინალურია და საინტერესოდ იკითხება.
ჰორორისა და ფენტეზის კარგი სინთეზია, მით უფრო, რომ თანამედროვე ქართულ პროზაში, ფაქტობრივად, ეს ჟანრები ვერ განვითარდა.
განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია ის, რომ არ ტოვებს უკვე წაკითხული თუ ნანახის განცდას, ორიგინალურია და საინტერესოდ იკითხება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|